სამშაბათი, ოქტომბერი 1, 2024
1 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

მოზარდებსა და უფროსებზე…

ისწავლე წესიერად!

ზრდილობას მოუხმე!

დაუჯერე უფროსებს!

ცხრიანი რატომ გამოგყვა!

ათზე ნაკლები არ დავინახო ნიშნებში!

უმაქნისობას მოეშვი!

ზედმეტი არ მოგივიდეს!

ნუ მეპასუხები!

არ მაინტერესებს შენი აზრი!

ოთახში საღორე გაქვს!

გოგო ხარ თუ ღორი!

ტირილი არ გიშველის!

მიხედე შენს დას!

იმას თუ შეუძლია, შენ რა გჭირს!

ჭკუა გაქვს საერთოდ?

ყველა გჯობია!

ჯერ გაკვეთილები. მერე დალაგება. მერე თუ დაგრჩება თავისუფალი დრო – წაბრძანდი…

ყოველთვის ასე ხარ და არასდროს არ გცალია სწავლისთვის…

არაფრის გაგონება არ მინდა. ისე იქნება, როგორც ვთქვი.

იმიტომ!

არ დამიჯერებ და ნახავ რაც მოხდება!

მამაშენს ვეტყვი.

დებილი ხარ!

ამდენს გიკეთებ და ასე მიფასებ?!

შენგან მეტს ველოდებოდი!

 

 

იმ ფრაზებს მოვუყარე თავი, მოზარდებს რომ ესმით ხშირად მშობლებისა და მასწავლებლებისგან და ყველაზე უსარგებლო და მავნე ფრაზების კრებულად რომ შეგვიძლია ვაღიაროთ. ფრაზები მათგანვე შევკრიბე. ვთხოვე, ის დამიწერეთ, რაც ჩვენგან, უფროსებისგან გესმით, გაღიზიანებთ და თანაც, სახარბიელოს ვერაფერს ვაღწევთ მათი გამეორებით-მეთქი…

 

„ნიშნებზე მეტად ის მაინტერესებს, რისი გაგება სურს, რას მიიჩნევს საინტერესოდ, რითი აენთება ხოლმე, რა აფიქრებს, რას აზიარებს და როგორ ურთიერთობს კლასელებთან“…

 

„კლასში სოციალური უნარების გასაუმჯობესებელ რა აქტივობებს ახორციელებთ ხოლმე?“

 

„რა შემიძლია გავაკეთო ჩემი პროფესიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე კლასისთვის? სიამოვნებით დავგეგმავდი რაიმე ერთობლივ ღონისძიებას თქვენთან ერთად…“

 

„გუშინ ჩემმა შვილმა გამიმხილა, რომ მისი კლასელი ბოლო დროს ძალიან მოწყენილია. სულ ჩუმადაა, დაღვრემილია და აღარ ეთამაშება სხვებს. ხომ არ იცით, რა მოხდა და რით შეგვიძლია დავეხმაროთ?“

 

„ვიცი, რომ კლასში  კონფლიქტია და ახლა განსაკუთრებით მწვავეა სიტუაცია. რა შეგვიძლია მშობლებს გავაკეთოთ?“

 

„გთავაზობთ დახმარებას ლაშქრობის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის. იქნებ გამოვიყენოთ კარგი ამინდები, ბავშვებს სჭირდებათ ახალი შთაბეჭდილებები და სიამოვნებით დაგეხმარებოდით ამ მიმართულებით“.

 

აქ კი იმ წარმოსახვითი (სამწუხაროდ, მეტწილად სწორედ წარმოსახვითი) ფრაზების ნაკრებია, ნებისმიერი მასწავლებელი და დამრიგებელი რომ სიამოვნებით ( და, ჩვენი კონტექსტიდან გამომდინარე, გაკვირვებით) მოისმენდა მშობლებისგან.

ნაცვლად ტრადიციული – რა ნიშნები გამოჰყვა? ნიშნის ასამაღლებლად რა უნდა ჩაგაბაროთ? საგამოცდო პროგრამას გადიხართ? გამოცდების ჩაბარებას შეძლებს? რა აქვთ ხვალისთვის სასწავლი? ძალიან გთხოვთ, დატვირთეთ სამეცადინოთი, არ მინდა, თავისუფალი დრო ჰქონდეს…

 

მოზარდებსა და უფროსებს სხვადასხვა საფიქრალი, სატკივარი, სამეტყველო ენა და მიდრეკილებები გვაქვს.

ერთი მიმართულებით იშვიათად „მივექანებით“, საერთო მიზანს იშვიათად ვისახავთ, სხვადასხვა „ვარსკვლავებსა ვსდევთ“ და ორივეს უპირატესობის მკაფიო, ყოვლისმომცველი გრძნობა გვამოძრავებს.

 

ამ პირობებში ფეთქებადსაშიში სიტუაციები ხშირია.

გარდაუვალი.

საჭიროც.

დიახ, საჭირო.

კონფლიქტი ბუნებრივი და კანონზომიერია თაობათა შორის. კონფლიქტის კონსტრუქციულად გადაწყვეტის ვალდებულება და პასუხისმგებლობა კი მთლიანად ჩვენი, უფროსების პრეროგატივაა.

 

მასწავლებლის პროფესიისთვის სავალდებულო მახასიათებლებსა და თვისებებზე როცა ვწერდი, მაშინ ვიფიქრე, გარკვეული ვალდებულებები ზოგადად, უფროსებსაც გვაქვს მოზარდებისა და ბავშვების მიმართ-მეთქი. ამ ბლოგში ეს საფიქრალი მინდა გავაგრძელო.

 

რა სამარჯვები სჭირდება „ფეთქებად მოზარდთან“ კონსტრუქციული ურთიერთობისთვის უფროსს?

ჯერ ის გავარკვიოთ, რას ნიშნავს „კონსტრუქციული ურთიერთობა“.

რასაკვირველია, უფროსს აქვს შესაძლებლობა, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით უსწრაფესად მიიღოს სასურველი.

„არსენალი“ შეუზღუდავი შეიძლება იყოს – მუქარა, აკრძალვა, თავისუფლების შეზღუდვა, ზოგადად – შეზღუდვების დაწესება, ხმის ამაღლება, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ფიზიკური ძალა…

შედეგად სასურველის მიღება გარანტირებულია, მაგრამ მთავარი კითხვა აქ არის – რის ფასად!

რა კვალი შეიძლება დატოვოს ამან მოზარდზე, ადვილი მისახვედრია. გარდა ამისა, ამ „არსენალიდან“ გვარიანი ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

 

მაშ, სამარჯვები…სამ მნიშვნელოვან საყრდენზე დავწერ. ბევრი რამ ამ სამში მოიაზრება.

  1. აღვიჭურვოთ ცოდნით: რა ფიზიოლოგიური, ანატომიური, სხეულებრივი და ფსიქიკური ცვლილებები ხდება ადამიანის სხეულში მოზარდობის ხანაში? ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. ცოდნა – ძალაა. ამისთანა შეძახილები ძალიან გამოვადგება. მართლაც, თუ ვიცით რა ჰორმონალური კოქტეილი ჩუხჩუხებს მოზარდების სხეულში, როგორ უჭირთ იმ მოცემულობასთან და რეალობასთან შეგუება, რომელშიც უეცრად აღმოჩნდნენ, რომელშიც უზრუნველი ბავშვობიდან დურთეს თავი, მეტად გავუგებთ, მეტ მიმღებლობასა და მიმტევებლობას გამოვიმუშავებთ.
  2. ზრუნვა საკუთარ თავზე: თვითრეგულაციის მექანიზმებისა და ტექნიკების დასწავლა. ვარჯიში და გაწაფვა ემოციურ თვითრეგულაციაში. მწვავე მომენტებისთვის მისაღები, დასაშვები, კონსტრუქციული ქცევითი მოდელების შემუშავება და საჭირო დროს ამოქმედება.
  3. მოთმინება. ამ ფასდაუდებელი უნარის გამომუშავებასა და განვითარებაზე ზრუნვა. მოთმინების მარაგის შესავსებად ნებისმიერი ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი შესაძლებლობის გამოყენება. მანტრასავით დასწავლა და გამეორება – რომ შეეძლოს, კარგად მოიქცეოდა. ეს ნიშნავს, რომ პირადი შეურაცხყოფის, პირადი შეტევის ზონიდან გაგვყავს მოზარდის საქციელი და ქმედება, არ ვიღებთ პიროვნულ დარტყმად, პიროვნულ შეურაცხყოფად მათ ქმედებას, საქციელს. გვწამს და გვჯერა, რომ შეეძლოთ, ასე არ მოიქცეოდნენ. და ეს დანამდვილებით ასეა. რომ შეეძლოთ სხვაგვარად, უკეთ, კონსტრუქციულად, ასე არ მოიქცეოდნენ. მაგრამ (იხ. ზევით) – ამის ვალდებულება ჩვენ გვაქვს, უფროსებს.

 

 

წერილს მოზარდების კითხვებით, მათი გულითადი და გულწრფელი მონაწერის გაზიარებით დავასრულებ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამარჯვია – მოვისმინოთ ყურადღებით, გავიაზროთ, გულისყური მივაპყროთ იმას, რას გვეუბნებიან, რას ელიან ჩვენგან. ამ შემთხვევაში ახალი კლასის გასაცნობად მივმართე წერილობითი ინტერვიუს მეთოდს. ვთხოვე, ყველა კითხვა რაც ჩემთან დაკავშირებით გიჩნდებათ, ჩამოწერეთ და მომაწოდეთ-მეთქი. ასევე მაინტერესებდა, რას ელიან ქართულის გაკვეთილებისგან.

„მოისმინეთ“ ეს წკრიალა, ლაღი, საინტერესო ხმები:

 

„გყოლიათ თუ არა გამორჩეული მოსწავლე ოდესმე?“

„ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანი თავის ნათქვამს არ ამთავრებს“.

„იმედია, სიტყვების სწორად წარმოთქმას ვისწავლი!“

„ჩემზე უნდა იცოდეთ, რომ ყურადღება ადვილად მეფანტება. თან სოციოფობი ვარ. ხალხში გამოსვლის შიშია ეს“.

„როგორ გგონიათ, თქვენი პატარა „მე“ ამაყობს თქვენით?“

„ძალიან მინდა, ყურადღებით მოვუსმინო გაკვეთილს. მაგრამ ამავდროულად მალე მეფანტება ყურადღება“.

„ნეტავ, საიდან დაგებადათ თავში აზრი, რომ ქართული ლიტერატურა გესწავლებინათ?“

„როგორ გარემოში გიყვართ ყველაზე მეტად განმარტოება და ფიქრი?“

„შეიძლება ხოლმე აწმყოში რაც ხდება, იმის მოსმენა აღარ მომინდეს. შეიძლება აწმყოს შეგრძნება დამავიწდეს, დავკარგო!“

„ბევრი მოტეხილობა მაქვს, მაგრამ სპორტი მიყვარს. მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში. ეს უნდა იცოდეთ“.

„ბევრი სხვა ადამიანის ბიოგრაფიას ვისწავლით? მაინტერესებს ადამიანების ცხოვრება“.

„თქვენი აზრით, რა ფერის იქნებოდა ლიტერტურა?“

„ონკანის მხარეს ვზივარ, ბოლო მერხზე. იმედი მაქვს, სიტყვების მარაგი გამიუმჯობესდება!“

„მე ძალიან მხიარული ვარ. ჩემთან ურთიერთობაში არ გქონდეთ დიდი შეზღუდვები! თავისუფლად იყავით!“

„ მე მინდა ფიქრში ჩემი თავი ვიპოვო. უკეთ ვწერო. ყოველთვის უნდა გავიღიმო, თუ უსიამოვნების და ბრაზის არიდება მინდა!“

„ჩემს თავზე რომ მეკითხებიან რამეს, ისეთი შეგრნება მაქვს, რომ ვერაფერს ვერ ვიტყვი საინტერესოს, განსხვავებულს“.

„რომელი წიგნს ურჩევდით 14 წლის მოზარდს?“

„გრამატიკას მივაწვებით თუ ლიტერატურას? სულ ერთია, მე მინდა ჩავუღრმავდე ორივეს. მიყვარს ლიტერატურა. ჩუმი ვარ, მაგრამ ასევე თვითგამოხატვაც მჭირდება!“

„რაზე შეგიძლიათ ილაპარაკოთ საათობით?“

„მართალია, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ხანდახან ვკითხულობ ავტორებს, დიდებისთვის რომ წერენ. იმედი მაქვს, მათზე ვილაპარაკებთ“.

„მე მინდა ვიცოდე სიტყვები, რომლებიც ჯერ ცხოვრებაში არ გამიგია, მაგრამ ისინი არსებობენ“.

 

რა საინტერესოა, არა?

როგორი მრავალფეროვანი.

როგორი მრავლისმომცველი. არც ერთი კითხვა ნიშნებზე. ჯერჯერობით არც გამოცდებზე ( საბაზო საფეხურია).

ღია თვალსაწიერი, ცნობისწადილი, სამყაროს, საკუთარი თავის, სხვების მიმართ გამოხატული ინტერესი, ცნობისმოყვარე, „ხმამაღალი“ მზერა…რამდენი რამ იკითხება ამ ჩანაწერებში.

 

მთავარი ვალდებულება, ჩვენი, უფროსების უმთავრესი საფიქრალი ისიცაა, რომ ეს ცნობისწადილი, შემეცნების, სამყაროს შეცნობის, კვლევის, კითხვების დასმის ეს ვნება არ ჩავაქროთ. მოწიწებით, სიყვარულით, მოთმინებით აღვიჭურვოთ და ვიყოთ უფროსები, რომლებსაც ენდობიან, რომლებიც იმ გონჯ ფრაზებს არასდროს, არასდროს ამოთქვამენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“