სამშაბათი, სექტემბერი 17, 2024
17 სექტემბერი, სამშაბათი, 2024

„კარგი მასწავლებელი“ ნიშნავს…

10 წლის ბიჭუნა ბრტყელი თავით პროფესორს სტუმრობს.

პროფესორი მათემატიკოსია. ბიჭუნას ის რუტოს დაარქმევს მათემატიკური ფესვივით დაბრტყელებული თავის ფორმის გამო. დააყოლებს – „ეტყობა ამ თავს, რომ ჭკუითაა გატენილი“…

ამ ბიჭის, დედამისისა და პროფესორის ურთიერთობაა აღწერილი იოკო ოგავას წიგნში „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ და ეს წიგნი მასწავლებლის სამაგიდო წიგნად შეიძლება იქცეს, რადგან მთავარი გმირი სწორედ ისაა, ვისზეც შეგვიძლია ვთქვათ – საუკეთესო როლური მოდელია მასწავლებლებისთვისო.

 

ბევრი მიზეზის გამოა ასე. წიგნიდან ერთ პატარა ამონარიდს მოვიშველიებ ამ მოსაზრების დასადასტურებლად: „რუტო მისთვის მეტისმეტად მაღალ მაგიდასთან გაჭიმული იჯდა… პროფესორი მოსვენებული ჩანდა, ფეხები გადაეჯვარედინებინა. აღარც ნაადრევად დასუსტებულ მოხუცს ჰგავდა, აღარც ფიქრებისგან გადაღლილ მეცნიერს. ის ახლა პატარა ბავშვის მფარველი იყო.

  • ხომ შეიძლება რიგრიგობით გამოვთვალო? მასწავლებელი გვიბრაზდება, თუ ერთ მთლიან განტოლებად არ ვაერთიანებთ.
  • რა უცნაურია! თუ ცდილობ, სწორად და უშეცდომოდ ამოხსნა, რტომ ბრაზობს?
  • არ ვიცი…“.

 

ვინ არის მასწავლებელი და როგორია კარგი მასწავლებელი? რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს? რა არის უმთავრესი, განმსაზღვრელი ამ პროფესიაში? რა თვისებებისა და უნარების გამომუშავებაა სავალდებულო? დიახ, სავალდებულო.

მაგალითად, მთამსვლელი ვერ გახდები, თუ სიმაღლის შიში გაქვს და ვერ დაძლიე. ქირურგი ვერ გახდები, თუ ზედმეტად ემოციური ადამიანი ხარ, იმპულსური, სისხლის დანახვაზე ან ექსტრემალურ სიტუაციაში პანიკაში ვარდები. მეხანძრეს ნების სიმტკიცე და გამძლეობა, ამტანობა სჭირდება ფიზიკურ მომზადებასთან ერთად. რა სჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ პროფესიაში მუშაობის უფლება ჰქონდეს?

 

ეს საფიქრალი საგულისხმო და მნიშვნელოვანია. საგნობრივ კომპეტენციასა და ბიუროკრატიულ აკადემიურ მოთხოვნებზე ამ წერილში არ ვისაუბრებ. სხვა რამ მაინტერესებს.

 

ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო სემინარს დავესწარი. მომხსენებელი გერმანელი მასწავლებელი გახლდათ 40-წლიანი გამოცდილებით.

კრისტოფ იოჰანსენი ახლა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებში ვალდორფის პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის” წევრია, აქტიური პედაგოგიური პრაქტიკა აღარ აქვს, მასწავლებლებს ეხმარება პროფესიულ ლაბირინთებში გზის გასაგნებად. ხატოვნად, შთამბეჭდავად, დასამახსოვრებლად საუბრობს თავის გამოცდილებაზე. უსმენ და იტოვებ საფიქრალს, ასადაგებ მის ნათქვამს საკუთარ პრაქტიკასთან, ჩნდება იმპულსები, იდეები – „მე ამისგან გავაკეთებ“ – ამის მსგავსი.

სემინარზე ერთ-ერთი საკვანძო თემა იყო „თანამედროვე გამოწვევებით სავსე, შეცვლილი რეალობა – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი“.

 

ამ წერილში გიზიარებთ სემინარზე ჩანიშნულ თეზისებს:

 

ვინ არის მასწავლებელი?

მასწავლებელი არის ინიციატივის ადამიანი. ზოგადად – ცხოვრებაში და კონკრეტულად – სწავლებაში.

რას ნიშნავს ინიციატივიანი ადამიანი? ინიციატივა – ესაა შემოქმედებითობა.

სიახლის წყურვილი. ცნობისწადილი. ასეთი ადამიანის გაკვეთილი მოსაწყენი ვერ იქნება. მოსწავლეებთან ერთად უნდა იქმნებოდეს რაღაც ღირებული, ნაცვლად რუტინული გამეორებისა. ინიციატივის სრული საწინააღმდეგო მოცემულობაა რუტინა. როგორც იყო გუშინ და იმის წინ, ისევე იქნება დღეს და ხვალ. სასწავლო შინაარსების გამეორება, წიგნებიდან დასწავლა და მასალის რვეულებში გადატანა – არ ტოვებს ადგილს შემოქმედებისთვის.

მასწავლებლობა არ არის როლი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ითამაშო უცვლელად. ეს არის პროფესია, რომელიც ცვლილებების და მოქნილობისთვისაა ღია.

 

მასწავლებელი არის ინტერესიანი ადამიანი.

მას აქვს ინტერესი სამყაროსა და ადამიანის მიმართ. რას ნიშნავს ინტერესი? რაში და როგორ ვლინდება? გვაინტერესებს სიახლეები? მხოლოდ ჩვენს საგანში გვაინტერესებს თუ ზოგადად?

მნიშვნელოვანია ინტერესი სასწავლო გეგმის მიმართ. კითხვები, კითხვები, კითხვები. ინტერესიან ადამიანს თავს ვერ მოახვევ რაიმეს. ამ ყაიდის ადამიანი ხშირად უსვამს საკუთარ თავს კითხვებს, რადგან აინტერესებს: – რას მომცემს ეს გამოცდილება? რა ვისწავლე აქედან? რა დადებითი შემძინა ამ უარყოფითმა სიტუაციამ?

 

მასწავლებელი უკომპრომისოა. ეს ნიშნავს, რომ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებისაც სჯერა, რომლებიც პედაგოგიურად გამართლებულად მიაჩნია, რომლებიც მოსწავლისთვის სასიკეთოა, მტკიცედ დაიცავს. ვარ მართალი და გულწრფელი კოლეგების მიმართ? საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი? მოსწავლის წინაშე მდგომი? უფრო მარტივ და „უეკლო“ გზას ვჯერდები საქმის გასაიოლებლად თუ ძნელად სავალს ვარჩევ? თუ კომპრომისზე მივდივარ, რის საპირწონედ?

 

მასწავლებელი არ უნდა გახევდეს.

ნუ ჩარჩება წარსულში, გარდასულ, თუნდაც წარმატებულ გამოცდილებაში. მასწავლებელი ახალი სასიცოცხლო ძალებით აღსავსეა ყოველი სასწავლო წლისთვის, ყოველი გაკვეთილისთვის. ამას არაფერი აქვს საერთო მოტივაციასთან. მოტივაცია მიდის და მოდის. ეს შინაგანი მუდმივი მდგომარეობაა. რასაც გასცემ, მეტწილად იმასვე იღებ მოსწავლეებისგან.

 

მასწავლებელი ფანტაზიითა და შემოქმედებითობითაა განმსჭვალული. ამის ყოველდღიური ვარჯიში საჭიროა, სასარგებლო და აუცილებელი. შემოქმედებითობა ბუნებითადაც აქვს ადამიანს და ამასთან, ამას გაწაფვა, განვითარება სჭირდება, სახალისო ცვლილებები ყოველდღიურ რუტინაში. ახალი კადრის შესარჩევად ასეთ დავალებას მივცემდი კანდიდატს – ახლა ნახევარი საათი გაისეირნეთ აქვე, მიმდებარედ. რომ დაბრუნდებოდა სეირნობიდან, ვთხოვდი, აღეწერა ნანახი, გადმოეცა შთაბეჭდილებები. რა დაინახა? რა შეამჩნია? როგორ გადმოსცემს? რა ფორმას შეარჩევს ამის გადმოსაცემად?

 

მასწავლებელი არის გაბედული, მამაცი ადამიანი. ის დგას სიმართლის მხარეს. მოსწავლეების წინაშეც გაბედული უნდა ვიყოთ. საჭიროა გაბედულება – არცოდნის გამოვლენის, შეცდომის აღიარების.

 

მოსწავლეებთან აღმზრდელობითი, პედაგოგიური ურთიერთობისას ჩვენ გვაქვს მოლოდინი, სურვილი, რომ აი, ვასწავლი მას, გადავცემ ცოდნას, მაქვს რეაგირება მის ქმედებებზე, უსაქციელობის გამოვლენისას ჭკუას ვარიგებ და რაღაც ჯადოქრობით, რაღაც მანქანებით ბავშვი – ჰოპ, და შეიცვლება. არა მეგობრებო, ბავშვი კი არ უნდა შეიცვალოს, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. უნდა შევცვალოთ მიმართება, დამოკიდებულება, ქცევა. უმთავრესი მიზანი ესაა.

უნდა განვიმსჭვალოთ ემპათიით. მის კანში, მის ტყავში უნდა ვიგრძნოთ თავი.

 

მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარებისადმი მეტი ნდობა უნდა გამოვაცხადოთ. მათ დანამდვილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ავლენენ. დამოუკიდებელ აზროვნებაში გავარჯიშება, საფიქრალის აღძვრა, კითხვების მეშვეობით მათი პროვოცირება, ვარიაციულობაში გაწაფვა მნიშვნელოვანია. ნუ იარსებებს ერთი სწორი პასუხი. გაკვეთილზე შეიქმნას სივრცე თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნებისთვის. ნდობა ნამდვილად ქმნის განსხვავებულ მოცემულობას. ნდობით თუ ვარ განმსჭვალული მოსწავლის მიმართ, ის მეტი ალბათობით გაამართლებს მას.

 

სასწავლო გეგმებსა და სავალდებულო ცვლილებებზე

 

სასწავლო მასალა, გეგმა, გაკვეთილი უნდა მომზადდეს საუკეთესო მოსწავლის უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით. მხოლოდ ასე შევძლებთ იმის მიღწევას, რომ გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი, მხარ-თეძოზე წამოსაწოლად მოსწავლეებს არ უნდა „ეცალოთ“. „რატომ უნდა ვიყო ყურადღებით, თუკი ყველაფერი გასაგებია? თუ სააზროვნო კითხვებით არ იკვებება ჩემი აზროვნება? ჯობია, „წავუძინო“ – დაახლოებით ასეთ გადაწყვეტილებას იღებს საუკეთესო მოსწავლის შემეცნებისა და ნების განმკარგველი.

 

როცა დაფასთან მუშაობს ერთი, ხსნის მაგალითს, ფიქრობს, აზროვნებს, დანარჩენები პასიურად არიან. „განისვენებენ“, თუ ეს მუდმივად და ხშირად კეთდება, მოსწავლის ტვინი შემეცნების „ზონიდან“ გადის. მხოლოდ მაშინ შეფხიზლდება, როდესაც დაფიდან გადაწერის განკარგულებაა გაცემული, მაგრამ რას აძლევს მას დაფიდან ბრმად გადაწერა? რის გავარჯიშებაა ეს?

 

სასწავლო გეგმა არ არის ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული დოკუმენტი. ეს ცვალებადი, მოქნილი, დროის მოთხოვნების შესაბამისი და „შესწორებების მოსურნე“ რამაა. სასწავლო გეგმა, მასალა, პროგრამა აუცილებლად უნდა იცვლებოდეს დროისა და ვითარების, მოცემულობის შესაბამისად. ისტორია უმნიშვნელოვანესი დარგია. მოსწავლეებს ვაცნობთ კაცობრიობის მიღწევებს, ცივილიზაციებს, უკვე გამქრალ და გადაშენებულ კულტურებს. ამასთან – რა დროს ვუთმობთ ახლანდელ ვითარებას? თანამედროვეობას? მერე კიდევ – ისტორია გმირებსა და მამაკაცებზეა. მამაკაცების მოთხრობილია. პატრიარქალური ნარატივია მმართველებზე, მებრძოლებზე, კაცებზე. ამ „ვიწრო ფოკუსს“ დღეს შესწორება სჭირდება. აუცილებლად უნდა ისმოდეს ქალის ხმაც, უნდა მოვყვეთ ქალების ამბებიც. თუ ეს არ შევცვალეთ სასწავლო გეგმაში, თუ არ მოვიძიეთ, არ მოვისურვეთ, ისევ ერთი სქესის დომინანტობის წიაღში დავრჩებით. ეს ვეღარ იქნება თანადროული.

მასწავლებელი ისაა, ვინც გრძნობს დროის თანმდევ საჭიროებებს, ცვლის მიდგომას, მეთოდს, ვითარდება, მტკიცედ, გაბედულად იცავს მოზარდის უფლებებს, უვითარებს მას პასუხისმგებლობას, ნებელობას, ვინც მოწიწებით იღებს ბავშვს, სიყვარულით აღზრდის და თავისუფლებით აღჭურვილს უშვებს ამ საინტერესო, დიდებულ სამყაროში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“