ნიკო სამადაშვილის პოეზია
„მეტაფორამდე რა იყო? არა სამოთხე, არა ვაშლი,
ე. ი. არ შეჭამდი, არ წაწყდებოდი, ღმერთს არ გადაიკიდებდი,
ვერც გაახარებდი, ბიბლიას ვერ დაწერდი –
(„არ“ ნაწილაკის ნეგატივი – ფილოლოგიური თამაშები)…
მეტაფორა, უკვე, ტკივილი, გიჟური სიხარული ორ ტკივილს შორის,
ქვეცნობიერის ამოთრევა წიაღიდან კონვენციური მეხსიერების,
აქედანვე იკეთებ ქვეყანას: ნაცნობი ხეებისგან, სახლებისგან,
რომლებსაც თავბრუ არ ეხვევათ, კორპუსები გაჭირვებისაა,
ბუნებას თუ მიახმარ, აიღე, მაგ. მზის ჩასვლა,
მიამაგრე სახურავზე, თვალებს სევდიანი შვეული ხაზი
გამოუვათ, მისი ყურებით, ბედნიერი ლექსიც ესაა, აბა, სხვა რა?
(ლია სტურუა „გაიკეთე ქვეყანა!“)
ექსპრესიული და შთამბეჭდავია ნიკო სამადაშვილის მეტაფორისტიკა. ქადაგივით მყვირალი ქარი თუ ქაოსები, გზებს რომ კენკავენ; „მონასტრის ზღურბლთან შეშლილ მოლოზანს/ ღვინოს ასმევდა მოხუცი ბერი“ თუ „გაუხარელი ამინდები“ წუთისოფლის სასტიკ და ალოგიკურ მსჯავრზე მიგვანიშნებს; „ცივი უდაბნო“, „კამერებში მტრედების ბუდე“, როგორც თავისუფლება-ტუსაღობის წუთისოფლური ორსახოვნება; „წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს“; „სიჩუმე იდგა. შორს ღრუბელი დაბღლარძუნობდა,/უსულგულო ცის რიჟრაჟებთან შეანჩხლებული“; „ძვლებზე შემხმარი დაფიქრება და ქარიშხლები, „უდაბნოს ხვითქში გაზრდილი მასხარები“; საუკუნეებს მეხრედ გაყოლილი მათხოვარი და „გადმორბენა სამყაროსკენ“; მთაწმინდა, ტატო ბარათაშვილი „რომ ეჭირა ბალღივით“ და „ღვთისმშობელი, გაბუტული ჩვენს სიცოცხლეზე“, „დაფხრეწილი ფიქრები“ თუ „მთვრალი შეკითხვა – „გჯერათ თუ არა წარმავალობა!“.
„ბედნიერია“ ნიკო სამადაშვილის ლექსი? ერთი, რის დანამდვილებით თქმაც შეგვიძლია, მას ჭეშმარიტების სიმაღლეზე ავყავართ მკითხველები, სხვა რაღა ევალება პოეზიას და სხვა რაღაა ბედნიერება? თავად პოეტს რაც შეეხება, მას „გამოტოვებულად“ თვლიან დღემდე. ზვიად გამსახურდია ფიქრობდაო მის მთაწმინდაზე დაკრძალვას, მაგრამ ვერ განახორციელა. დღემდე არც ქუჩაა მისი სახელობისა, არც ძეგლი. განა, მისი დიდებული პოეზია ამას იმსახურებს?! მან, საბჭოთა წყობისგან არაერთხელ დასამარებულმა, მაინც შეინარჩუნა ტრადიციული ლექსთწყობა, ლექსის კონვენციურობა, საოცარი მეტაფორულობითა და ექსპრესიით სავსე „სისხლის ცრემლების ლავები“. მაგრამ მის პოეზიაში უდიდესი პროტესტია. მარტო კომუნისტური ჩარჩო არ აქვს ამ პროტესტს, ის ზოგადსაკაცობრიოა და ყველა ჩაკლული სულის ღაღადისი, თითქოს. ეს პროტესტი კი ზუსტად გამოიხატა თამაზ ჩხენკელის შთაბეჭდილებაში ნიკო სამადაშვილის პოეზიაზე: „მისი ლექსები მოგვაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.
ცხოვრება, როგორც „ყინულია, ცივი უდაბნო“, გინდ მარად ლექსის, ცისა და მარადისობის მოყვარული იყო კაცი ნიკო სამადაშვილივით. ეს წუთისოფლის მორიგი ოქსიმორონია. მან თავისი ბედი სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც იწინასწარმეტყველა („რა ოხრად გინდა, ყველამ შენზე ილაპარაკოს,/გაქონ, გადიდონ, ყველა ბრიყვი მტლადაც დაგედოს,/ არ გირჩევნია, ისე ჩუმად გადაიკარგო, რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს?!“ – „ასეა მარად“). არაფერია გასაკვირი ამსოფლად, რადგან უამრავი არაღიარებული პოეტი, წმინდან-მოწამე თუ გმირია, „თვალებჩალეწილი ცხედრებით“ წასული მარადიულში. პოეტი სვამს კითხვას: „ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რას დაჰყვებოდა!“, რომელიც ჟღერს ზუსტად ისე, როგორც გალაკტიონის „ჩემთან არ მოვა შენი ხსენება“. ვინ იცის მიზეზი ან გამოსავალი წუთისოფლის ამ „წყევლა-კრულვიანი საკითხავისა“?!
„ტლუ მათხოვარი სასაფლაოზე, შეცეცხლავს ცივი კერძის ნარჩენებს,
ძროხა იბღავლებს სასაკლაოზე, ყასაბს დასწყევლის და შეაჩვენებს“. („ბოლო“)
ესაა „ცრემლის გალობა“ ყოფიერების ტრაგიკულობაზე, სულის ტანჯვაზე რეალობაში, რომელშიც „დარიალთან ჩანგურს უკრავენ, თუ ვიღაც ცეკვავს რუსულ გარმონით?“. ნიკო სამადაშვილი ამ ჯერ კიდევ პერმანენტული, შხამიანფესვებგადგმული სინამდვილისადმი შეწირულია. მაგრამ ის, როგორც დიდი პოეტი, ძლევს დროის მსახვრალ მარწუხებს და მითოსურ ზედროულობამდე, გზნებამდე აჰყავს ის „მარადიული ღრიანცელით“ („მინდოდა ზეცა გადამერბინა /და საფლავები სტვენით ამეკლო“ – „გადმორბენა სამყაროსკენ“). ასეთია მისი პროტესტი, თავისავით დროის, სოციუმისა თუ „წუთისოფლის გერს“, გალაკტიონს წამებულს რომ უწოდებს („ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით“):
„ბალღი ვიყავი, ვკითხულობდი „მერის“ ფრაგმენტებს.
ურმით მიგქონდა პოეზიით გავსილი ჭური,
ხან კი გხედავდი, ამორძალთა სისხლიან ტუჩებს
ეწაფებოდი რაინდივით თვალდახუჭული“. („გალაკტიონ ტაბიძეს“)
შეიცვალა რამე ნიკო სამადაშვილის „ჩამყლაპავი“ რეალობიდან მოყოლებული? განა, ისევ არ ვჭამთ ერთმანეთს მგლებივით, როგორც ამბობს პოეტი?! განა, ისევ განგებ არ ვჩნდებით, რომ დავიღუპოთ „დედინაცვალ საქართველოში“?! მერე რომ მავანი მგზავრები მაინც „მოჰყვნენ ტიტინს“ ჩვენს ცხოვრებასა და ყარიბობაზე, „როგორც ჯაფარა“. ლექსში „როგორ დავკნინდით, გაგონილა?! როგორ ჯვარს ვეცვით!“ მინიშნებაა ამსოფლიური ტკბობით „მთვრალებზეც“, მათ დანგრეულ სხეულებს გულის სიწმინდე მაინც რომ შემორჩენიათ, „მერცხლის ბუდესავით“, რადგან ეს ღვთის კანონია: არ არსებობს დემონურად ბოროტი და ანგელოზებრივად კეთილი, იდეალური ადამიანი:
„ეს ეკლესია, შენ რომ გიყვარდა,
დილის საკენკით ათრობს ბეღურებს.
ვინც განდიდების კვერით დანაყრდა,
რა ეშველებათ, იმ უბედურებს“.
„რა ეშველებათ აპყრობილ ხელებს?!“, „ბედის ნაბიჭვრებს“, „ძირნაყარა ახალგაზრდებს“, კაკანათივით დაგებულ ქვეყნიერებას „კრიჭაშეკრულ სამრეკლოებთან“?! რა გვეშველება თითოეულ ჩვენგანს, იქნებ, მართლაც, „ბურუსის იქით ჩიტებივით დავიკარგებით!“, როგორც ასკვნის სევდიანი გრანდიოზულობით პოეტი („გული და ჯანღები“)?
იქნებ პრეისტორიულ მითოსს შეკედლებაა დროზე, ბედისწერაზე ამაღლება? ვინ იცის…
„წასვლა მიწიდან მეზარებოდა, ხავსივით მედო სახეზე ცრემლი…
ვიხედებოდი დასაბამისკენ. ღრუბლებს სანთლები სადღაც აენთოთ.
- უნდა წახვიდე! – მისტვენდნენ გზები,
- უნდა მსოფლიოს კიდევ გაენდო.
ვეხვეწებოდი შერყეულ ხელებს, პლანეტებს იქით ნუ იყურებით,
ბინდში ელავდნენ გრიგალებივით ღიმმორეული ნაფეხურები.
სადღაც ქარბუქი ლექსებს ამბობდა და ყურს უგდებდნენ სველი მტრედები.
ვიღუპებოდი უვარსკვლავებოდ, ვიწევდი მაღლა ფეხის წვერებით“. („დაუსაბამობის ხილვა“)
ვის უნდა სთხოვო კაცმა შველა? ყველა ადამიანი უძლურია განგებასთან, როგორც თუნდაც ნიკო სამადაშვილის სანუკვარი ერეკლე ტატიშვილი, რომელიც წავიდა და დარჩა პოეტური, შთამბეჭდავი განუმეორებლობით სავსე შთაბეჭდილება მასზე – „როცა გვხვდებოდი, ჩემს საგონებელს/ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეებს,/შენ რომ წახვედი, ასე მგონია, მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე“.
ხშირად ასე ჩაისეტყვებიან „თოვლზე დაღვრილი ღვინოს“ მსგავსი ადამიანები. მერე მუნათით დასაფლავება და მიტოვება – წუთისოფლის უცილო მსჯავრი სულით ფაქიზებს! რა, ილიას ასე არ ვუყავით ჩვენც, წუთისოფლურად?! ვისი ფიქრებიც „თეთრ ნისკარტებით ერის სიხარულს ეზიდებოდნენ“. „ჩვენი სამშობლოს აღთქმა“ კაცებსაც ტყვიას ვაჯენთ ხანდახან ნათელ შუბლებში! „მამულის ტვინსა და ზედაშეს“. მაგრამ მათი, ამ უბადლო „გუთნისდედების ხნული“ გადახნული საუკუნეთა ყამირია. მათ უკვდავებას, წარმავალი სიცოცხლესავით, ვერავინ წაართმევს!
„ვიღაც ღიღინით, ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,
იტყვის: რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი!
თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:
(აქ მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი)!“ („ის ყოველ ღამე დაეძებდა“)
მოვა დრო, ჩვენც ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს, „რაც სიცოცხლეში არ შეიძლება“. ისინიც ხომ ცდებოდნენ, როცა ეგონათ, სამშობლო გადაიკიდეს? („კიდევ“). მათ, უბრალოდ, არ ეყოთ „გზამიუვალი ბედნიერება“; წარსულმა მათზე იპაექრა, ეს გარდაუვალია, „სამყარო ჩვენ ქვეშ ნიადაგ მიჰქრის“ („სინანული“), მაგრამ როგორც იტყოდა დიდთაგანი: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება?“ –
„ეკლესიის წინ ილოცებს გველი, საკმევლის სუნი გამოვა გარეთ.
რამდენი შფოთვა ვასხურეთ ნაღველს, ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ“. („სინანული“)
იქნებ არაა ამაო ეს სინანული ან ნაღველი, „სტრიქონების ქარაფებს“ დაფრქვეულ-შემსხვრეული თუ მკითხველთა სულის შემძვრელი, როგორც არნახული ბედნიერება („ცოდოა, ცოდო, ერთადერთი ბედნიერება“)? ბედის შრიალი, „ასე მწარე და სასაცილო“…ჩვენ კი, მო(მა)კვდავებს ბევრი დაგვრჩა გასაცინარი, მწარედ თუ სიამაყითაც. ჩვენი ქვეყანა, ასე საბედისწეროდ ტრაგიკული, ყოველთვის მოგვცემს ამის საბაბსა თუ საფუძველს. აბა, ვინ თქვა მასზე უფრო მძაფრად, ტრანსცენდენტურ ხილვასავით, ვიდრე ნიკო სამადაშვილმა?! –
„აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი…
ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს, რომ გარეთ ჟონავს ჭაღის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მათხოვარს, რჯულდაწყვეტილი ორი ქართველი“. („უკანასკნელი ქრისტიანები“)
ბევრს არ იღებს ეს ქვეყანა. თუნდაც დღევანდელობაში ემიგრანტებს და შიდა ემიგრაციაში ტკივილით განმარტოებულებსაც, ჯვარცმულებსაც მაცხოვარივით. ყველაზე კარგად „მიწისკენ გზა“ ისწავლება აქ, სამწუხაროდ, და ვინც ამას აკეთებს, მასთან „სისხლიც ვერ შეგარიგებსო“, პოეტმა, რომლის მარადისობაში მკვიდრობაც საოცარია, ძლევა „სქელი სიბნელისა“. სიცოცხლეში ისე დავდივარო, ამბობდა, „თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“. სხვათა შორის, წმინდანობისკენ მიმავალ გზაზე ამას ამბობდა აბო თბილელიც. ნიკოს ეგონა, რომ შთამომავლობა მას არ მოძებნიდა, არავის ენდომებოდა მისი ნაწერები, მაგრამ სიკეთე მძლეველია შორეულ პერსპექტივაში, ჩვენ მას მივმართავთ, ჩვენს მარად მეგზურს, ჭეშმარიტ ქართველ პოეტს:
„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი“!!!
ფოტო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება