კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

„მწვანე ქალაქი“ – რას ნიშნავს სიტყვათა ეს შეთანხმება და რას გულისხმობენ ამ კონცეფციის ქვეშ

(ნაწილი პირველი)

 „…მეორე წესი (იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სახიფათო ქალაქებში) მანქანებს ეხება და მას თავშესაფრის ფუნქცია აქვს. ეს გახლავთ ტექნიკა, რომელსაც აფრიკაში იყენებენ, დიდი ზომის ველური ცხოველების პარკებში ექსკურსიების დროს, როცა ყველას აფრთხილებენ, რომ  არცერთ შემთხვევაში არ დატოვონ ავტომობილი (!), სანამ მანქანა უსაფრთხო ადგილამდე არ მივა. ამავე ტექნიკას ვიყენებთ ლოს-ანჯელესში“.

ჯეინ ჯეიკობსი, ამერიკელი ჟურნალისტი და აქტივისტი, ქ. ნიუ-იორკის 1960-იანი წლების რეკონსტრუქციის გეგმის მტკიცე მოწინააღმდეგე და ურბანისტი ავტორი.

 

„მწვანე ქალაქის კონცეფცია“ გულისხმობს ისეთ ურბანულ განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს და ხაზს უსვამს მდგრად განვითარებას, გარემოსდაცვით ქცევასა და ღონისძიებებს, ქალაქის ცხოვრების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას. „მწვანე ქალაქის“ (ინგლ. „Green City“) იდეა, ჩვეულებრივ, გასული საუკუნის 60-იანი წლების მრავალგვარ და მრავალსახოვან გარემოსდაცვით და ქალაქგეგმარებით ინიციატივებსა და მოძრაობებს ემყარებოდა. ამ აქტივისტებს, იმდროინდელი ურბანული განვითარების პროექტებში, სურდათ მდგრადი და რაციონალური განვითარების პრაქტიკის დანერგვა. შესამჩნევი ფიგურა, ამ მოძრაობებში გახლდათ ფრანგულ-შვეიცარიული წარმოშობის არქიტექტორი და მოაზროვნე, ლე კორბუზიე (Le Corbusier), რომლის გავლენა თანამედროვე ურბანიზაციასა და ზოგადად, ურბანიზმზე, უზარმაზარია. ლე კორბუზიეს წარმოდგენით, „ახალი“ ქალაქი უნდა ყოფილიყო „დიდი პარკი, რომელიც ვრცელი მწვანე სივრცეებით გარს ერტყმის ნაშენ სტრუქტურებს“.

თავის მხრივ, ლე კორბუზიეს იდეა, გარკვეულწილად ეხმიანებოდა მე-19 საუკუნის დასასრულის მოაზროვნისა და უტოპისტის, ებენეზერ ჰაუვარდის (Ebenezer Howard) „ქალაქი-ბაღების“ კონცეფციასაც (ე.წ. Garden cities,ინგლ.), რომლის მთავარი იდეა გულისხმობდა ურბანული განვითარების ჰარმონიზაციას ბუნებასთან და ადამიანების დაახლოებას ისეთ სასოფლო გარემოში, რომელსაც სამრეწველო ფუნქციებიც ექნებოდა და იმდროინდელ ქალაქებთან შედარებით „უკეთესიც“ იქნებოდა საცხოვრებლად. ალბათ ჰუავარდისა და ლე კორბუზიეს ეს წარმოდგენები იქცნენ ურბანული მდგრადობის დღეს არსებული თეორიებისა და კონცეფციების ერთ-ერთი საფუძველი.

„მწვანე ქალაქების“ იდეამ მყარი საძირკველი გაიდგა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, როდესაც გაეროს წინაშე წარადგინეს დედამიწის სამომავლო მდგრადი განვითარების ანგარიში, ე.წ. ბრუნტლანდის რეპორტი (Brundtland Report, 1987 – გაეროს კომისია, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ქ-ნი გრუ ჰარლემ ბრუნტლანდის ხელმძღვანელობით), რომლის მთავარი საკითხები და შინაარსი შეეხებოდა დაბალანსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიდგომებს, კაცობრიობის ხანგრძლივვადიანი კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „მწვანე კონცეფციის“ წარმატებული სვლა, როგორც ზოგადად განვითარების პოლიტიკის, ისე – ქალაქგეგმარებისა და ქალაქების განვითარების მიმართულებებში.

„მწვანე ქალაქისა“ და „მწვანე ურბანიზმის“ იდეებისა და კონცეფციების ბევრი განმარტება არსებობს და იგი უაღრესად პოპულარული კონცეფციაა დღეს, როგორც ურბანისტიკაში, ისე – ქალაქებისა თუ სახელმწიფოების განვითარებაში.

ეს მიდგომა ბევრი კომპონენტისგან შედგება და იგი ძირითადად, ქალაქისა და საქალაქო მეურნეობის ისეთ მართვას გულისხმობს, როდესაც ნარჩენების რაოდენობა არის მინიმალური; როდესაც ადამიანს თავისუფალი წვდომა აქვს ქალაქის ბუნებრივ ელემენტებზე; როდესაც წყლის, ენერგიის, წარმოების, ტრანსპორტისა და სხვა ურბანული ნაკადების გონიერი მართვასთან ერთად, აქტუალურია „მწვანე ქალაქების“ იდეა, რომელიც გულისხმობს რესურსების გონიერ მოხმარებასა და მართვა-გადანაწილებას ქალაქში, ნარჩენების გადამუშავება იქნება ეს, თუ სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიის, დარგის, სპეციალიზაციისა და მიმართულების განვითარება.

ჰარმონიზებული განაწილება, განვითარება, არსებულ პირობებთან შეთანხმება და შესაბამისობა, წარმოადგენენ იმ კრიტერიუმებს, „საზომებს“, იმ „ზღვარს“ თუ ოპტიმუმს, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს ქალაქის გეგმარებისას და განვითარებისას, ყველა შესაძლო სამომავლო შედეგის გათვალისწინებით.

იდეალურ ქალაქში, ამ ახალ „მწვანე ქალაქში“, არის სავაჭრო და სამრეწველო ზონებიც, რეკრეაციაც, გარემოსადმი გონიერი დამოკიდებულება, არის როგორც ძველი, ისე – ახალი ინდუსტრიაც, თუმცა ეს ყველაფერი, საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. „მწვანე ურბანიზმის“ მთავარი წესია, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს და ქალაქის ზრდა თუ განვითარება (რომლებიც ქალაქების ცხოვრების ციკლის აუცილებელი კომპონენტებია), ახალი იდეები თუ ახალი ტექნოლოგიები, ქალაქის მცხოვრებთა კეთილდღეობას ემსახურებოდეს… როგორც ხედავთ, ეს იდეალისტური კონცეფციაა, რომელიც კარგი გზამკვლევია როგორც ქალაქის პოლიტიკის შემოქმედთათვის, ისე – სხვადასხვა ქალაქური სამსახურისა თუ ადმინისტრაციისთვის.

საინტერესოდ გვეჩვენება იმის შეფასება, ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისა და „მწვანე ქალაქის“ ზოგადი განსაზღვრების მიხედვით, რამდენად მწვანეა დღეს თბილისი?

თუ მშრალ სტატისტიკას და რამდენიმე სამეცნიერო კვლევის შედეგს მოვიხმობთ, თბილისში, მთლიანი მუნიციპალური ფართობი (დაახლ. 502 კვ. კმ, ან 50 200 ჰექტარი) დაახლოებით ასე ნაწილდება: ა) თბილისის მწვანე სივრცეების საერთო ფართობი შეადგენს დაახლ. 145 კვ. კმ-ს, ანუ მთლიანი მუნიციპალური ფართობის 28.9%-ს (მწვანე სივრცეები მოიცავს პარკებს, სკვერებს და ბაღებს, ქუჩების ხეივნებს, სასაფლაოების ხე-მცენარეული, კერძო საკარმიდამო ნაკვეთების მწვანე ფართობებს და თბილისის პერიმეტრში და მის გარშემო არსებული ბუნებრივ მცენარეულ სისტემებს) (Tbilisi City Hall, 2018).

ჯამურად, ყველა ტიპის მწვანე ტერიტორიის ფართობი ჩამორჩება არაგამჭოლი ზედაპირით დაფარულ, ან სხვაგვარად, ურბანიზებულ, უწყვეტი განაშენიანებითა და „ნაცრისფერი“ ინფრასტრუქტურით დაფარულ ფართობებს (158 კმ2, ანუ მთლიანი ფართობის 31.47%) (Gadrani et al. 2017).

თბილისში მიწათსარგებლობის სხვა ტიპის (ან ზონების) ფართობები ასეა განაწილებული: წყლიანი ფართობები (მდინარეები, ტბები) – მთელი ფართობის 2.86%; სასოფლო-სამეურნეო მიწები (3.29%); სხვა ტერიტორიები (32.88%, რომლებიც მოიცავენ შიშველ მიწებს, კლდოვან ზედაპირებს, მდელოებს და სხვას) (Gadrani et al. 2018).

როგორც მონაცემები გვიჩვენებს, თბილისის „მწვანე“ სტატუსი, მხოლოდ ტერიტორიის 28.9%-ზე ვრცელდება და იგი საგრძნობლად ჩამორჩება ურბანიზებული, მჭიდრო განაშენიანებისა და მყარი, არაგამჭოლი ზედაპირებით (ასფალტი, ქვა, ბეტონი, პლასტმასა, სხვა) დაფარულ ტერიტორიას (31.47%).

აღსანიშნავია, რომ მწვანე ზედაპირების, ნაცრისფერი ზედაპირით ჩანაცვლების ტენდენცია მზარდია და მოსალოდნელია, რომ თბილისის „მწვანე“ სტატუსის მქონე ზედაპირების ფართობი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამომავლოდ კიდევ უფრო შემცირდეს. მაგალითად, 1987 წელს, თბილისში, „ნაშენი ფართობები“ მოიცავდა 118.54 კვ. კმ-ს, ხოლო 2016 წელს, იგივე მონაცემი (ნაშენი ფართობები), უკვე 190.97 კვ. კმ-ს გაუტოლდა (Gadrani, L., et al. 2018). ზოგიერთი გათვლით, კლების ტენდენცია აღინიშნება თბილისის როგორც მწვანე ტერიტორიების ფართობში – 146.21 კვ. კმ. 1987 წელს და 117.86 კვ. კმ. – 2016 წელს, ისე თბილისში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობების რაოდენობაშიც (41.51 კვ. კმ 1987 წელს და 16.67 კვ. კმ, 2016 წელს) (Gadrani, L., et al. 2018).

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თბილისის მწვანე ზონები და არსებული მწვანე და დაცული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი და არსებული დიდი სივრცეები, როგორებიცაა, მთაწმინდის პარკი, თბილისის ზღვის მიმდებარე რეკრეაციული ზონა – დენდროლოგიური პარკი და ლისის ტბის პარკი, თბილისის გარეუბნებში ან ქალაქის გარეთა საზღვრების მახლობლად, ანუ „რეალური ქალაქის“ კონტურის მიღმა არიან განლაგებულნი.

გარდა ზემოთ დასახელებული „მწვანე სივრცეების“ ფართობებისა, აუცილებელია იმ შინაარსის სწორად აღქმა, რომელიც ზოგადად ქალაქსა და კონკრეტულად თბილისს უკავშირდება. ქალაქები, თუ საკითხს გარკვეულწილად ფილოსოფიურად შევხედავთ, ალბათ, დედამიწაზე [არსებული] ყველაზე რთული სისტემებია.

თუ სისტემას განვმარტავთ, როგორც ერთეულთა კავშირს (ან ნაკრებს), რომელიც რაღაც გარკვეულ წესს ან წესებს ემორჩილება, მაშინ, ურბანული სისტემები, ანუ, მისი ბუნება, მისი გარეგნული იერი, ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს; სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქში არსებობს, გვაძლევს იმ რთულ კომპლექსს, რომელსაც ქალაქი და ურბანული ცხოვრება ჰქვია.

თუ ქალაქს და მის უამრავ კომპონენტს ერთიან სისტემად განვიხილავთ, შესაძლოა იმის წარმოდგენაც, რომ ქალაქები, დედამიწის ზედაპირზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემებია – ეს იმიტომ, რომ ამ ტიპის სისტემის ცხოვრებაში, მისი ცხოველმოქმედებისა და განვითარების პროცესებში, ადამიანი მონაწილეობს, თავისი ნებით, თავისი სურვილებით, თავისი შეცდომებითა და წარმოდგენებით.

შესაბამისად, ლაპარაკი იმაზე, რომ ქალაქები უბრალოდ ფიზიკური დასახლებული პუნქტებია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა ეს საკითხის და მით უმეტეს ასეთი რთული ქსოვილის მქონე სისტემის, პრიმიტიული აღქმა იქნება.

ქალაქებს, ჩემი აზრით, უნდა შევხედოთ, როგორც ერთიან სოციალურ-ეკოლოგიურ სისტემებს, რომლებიც იმართება ადამიანის მიერ და რომლებშიც ადამიანის, ან სხვაგვარად, ანთროპოგენური გავლენა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ეკოსისტემებში.

ამიტომ, ეს მდგომარეობა – ადამიანის ქალაქში ცხოვრებისა და ადამიანის მიერ ქალაქის მართვის – ჩვენთვის გარკვეულწილად, ახალიც არის. ჩვენ არ ვიცით ამ სისტემის არა მხოლოდ სწორად მართვა, არამედ მისი სწორად აღქმაც კი. ადამიანს ჯერ არ შეუქმნია ისეთი კომპიუტერი ან პროგნოზირების და მოდელირების სისტემა, რომელიც თუნდაც მომცრო, რამდენიმე ათასიან ქალაქში მიმდინარე ყველა პროცესს აღწერს თუ „დაინახავს“.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დედამიწის სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი უძველესი ქალაქები დაახლ. რვა-ცხრა ათასი წლის წინ გაჩნდნენ (ჩატალ-ჰუიუქი, ურუქი, ური, ტელ-ბრაქი, მოჰენჯო-დარო, იერიქონი, დამასკო, ყველა ახლო აღმოსავლეთი – მანამდე ქალაქები არ არსებობდნენ) და დღევანდელი ადამიანის ისტორია, ჰომოსაპიენსის ისტორია, ორასი ათას და შესაძლოა, უფრო მეტ წელს ითვლის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც ბიოლოგიური სახეობა, ბევრად უფრო ადაპტირებულნი ვართ იმ ბუნებასთან, რომელშიც გავჩნდით (ტყე, ტყე-სტეპი, უდაბნო, მთები და მთისწინეთები, ტბებისა და მდინარეების სანაპიროები), ვიდრე ქალაქებთან, რომლებიც ჩვენი ისტორიული განვითარების გვიანდელ ეტაპზე, სულ რამდენიმე ათასი წლის წინ შევქმენით და მოვიფიქრეთ.

აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 1800 წელს, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10% იყო ქალაქის მცხოვრები და სოფლის მეურნეობა (ნადირობასა და შემგროვებლობასთან ერთად, დედამიწის ძნელად მისაწვდომ რეგიონებში) გახლდათ ის საქმიანობა, რომლითაც XIX საუკუნის დასაწყისში, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი იყო დაკავებული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“