(მე-7 წერილი)
ვაგრძელებთ კითხვის სტრატეგიების განხილვას და წინამდებარე წერილში შედარებით მოკლედ წარმოვადგენთ კითხვის კიდევ ათ სტრატეგიას. მანამდე კი ჩამოვთვალოთ პირველი 10 სტრატეგია, რომლებზეც წინა წერილებში ვისაუბრეთ: 1. საუბარი ყდაზე; 2. მოდი, გავიხსენოთ (წინარე ცოდნის გააქტიურება); 3. ვარაუდების გამოთქმა; 4. კითხვების დასმა; 5. წარმოსახვა (ვიზუალიზაცია); 6. ხელახლა წაკითხვა; 7. ხმამაღლა ფიქრი; 8. შეჯამება; 9. სიტყვებზე დაკვირვება; 10. მინიშნებებზე დაკვირვება.
შეგახსენებთ, რომ ამ სტრატეგიების მოკლე ვერსიები „მშობელთა ბარათების“ ფორმატში დამზადებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში და გამოქვეყნებულია პორტალზე chemiskola.emis.ge. ბარათებს თან ახლავს, რასაკვირველია, კონკრეტული მაგალითები, თუმცა ჩვენს წერილებში უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეულ სტრატეგიას და აუცილებლად კონკრეტული ტექსტის დამუშავების კონტექსტში.
წინა წერილებში შემოგთავაზეთ „კომბლესა“ და „ნაცარქექიას“ ჩვენეული ვერსიები და ამ ვერსიებში ჩავნერგეთ კითხვის თითოეული სტრატეგია.
ამჯერად გავეცნოთ ჩვენ მიერ განსახილველ ტექსტს. ეს გახლავთ „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისის ადაპტირებული ვერსია – „თინათინი და ავთანდილი“. სანამ ტექსტის ვერსიას წავიკითხავთ, მოკლედ აღვნიშნოთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების ერთ-ერთი პრობლემა მოსწავლეთა არასათანადო მზაობაა, და ამ მზაობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი გზა უნდა იყოს ტექსტის ადაპტირებული ვერსიების შეთავაზება არა მხოლოდ სკოლის დაწყებით საფეხურზე, არამედ სკოლამდელ ასაკშიც – როგორც მოთხრობილი ზღაპარ-ამბები. ცხადია, აქ შემოთავაზებულ ვერსიას არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია და ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გასაწევი ქართველ ავტორთა მიერ.
თინათინი და ავთანდილი
- იყო და არა იყო რა, იყო ერთი მორჭმული ხელმწიფე. ამ ხელმწიფეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც მეფე მოხუცდა, დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა:
– მე დავბერდი და დროა, ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ ტახტზეო.
ვეზირებმა გაიოცეს:
– რას ამბობთ, მეფეო, თქვენი მოხუცება ვინ გაიგონაო?!
მეფემ თავისი არ დაიშალა და თინათინის გამეფების დღე დანიშნა. სწორედ თინათინი ერქვა მეფის ასულს, ხოლო თავად ხელმწიფეს ერქვა: მეფე არაბეთისა – როსტევანი.
- თინათინი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ მისი სილამაზე მზესაც კი თვალს სჭრიდა. იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალს – ავთანდილს. ავთანდილის სილამაზე და ვაჟკაცობა მთელ სამეფოში იყო ცნობილი. მას არ ჰქონდა ნათქვამი თინათინისთვის, მიყვარხარო, მაგრამ თურმე ქალი ამას მაინც ხვდებოდა.
თინათინის გამეფებამ დიდი ზარ-ზეიმით ჩაიარა. მეორე დღეს მეფე როსტევანმა სანადიროდ წასვლა ბრძანა. მეფესთან ერთად ავთანდილიც იყო და იმდენი ნადირი მოინადირა, მეფესაც კი აჯობა.
- მეფესა და მის ამალას ნადირობის ამბავი სულ გადაავიწყდათ, როდესაც იდუმალი რაინდი ნახეს. ეს რაინდი მდინარის პირას იჯდა, ცალი ხელით შავი ცხენის აღვირი ეჭირა, მეორეზე კი თავი ჩამოედო და ტიროდა.
როდესაც მეფის მხლებლები მასთან მივიდნენ, შეებრძოლა და გაიქცა. გაეკიდნენ, მაგრამ ვერ დაეწივნენ. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაიგეს. დაბრუნდნენ შინ დაღონებულები.
- როდესაც იდუმალი რაინდის ამბავი თინათინმა გაიგო, ავთანდილი დაიბარა. ახალმა დედოფალმა მისალმების შემდეგ ჭაბუკს უთხრა:
– დანამდვილებით ვიცი, რომ გიყვარვარ და, რაღა დაგიმალო, მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ. ჰოდა, თუ გინდა, შენი ცოლი გავხდე, წადი და ის იდუმალი რაინდი მოძებნე. სამ წელიწადს დაგელოდები და იმედია, გამარჯვებული დაბრუნდებიო.
ავთანდილს თან გაუხარდა, თინათინი რომ სიყვარულში გამოუტყდა, თან დადარდიანდა, საყვარელი ადამიანის მიტოვება რომ მოუწევდა, თუმცა იდუმალი რაინდის პოვნა მასაც ძლიერ უნდოდა.
რაღას იზამდა ავთანდილი?! მოემზადა და გაუდგა გზას იდუმალი რაინდის საძებნელად.
კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ტექსტი მხოლოდ და მხოლოდ მცდელობაა, ვერსიაა და, რასაკვირველია, შესაძლებელია მისი უკეთესი ვარიანტის მოფიქრებაც. რაც მთავარია, ასეთი ზღაპარ-ამბავი ბევრია დასაწერი „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით.
ზემოთ მოცემული ტექსტი დაყოფილია ოთხ პირობით ნაწილად და ეს ნაწილები დაგვეხმარება, ქვემოთ მოყვანილი სტრატეგიები შინაარსობრივ კონტექსტში წარმოვადგინოთ. შევთანხმდეთ, რომ სტრატეგიის განხილვისას ჯერ მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ მათგანს, მერე კი კონკრეტულ ნიმუშებს წარმოვადგენთ „თინათინი და ავთანდილის“ მაგალითზე.
- რა გაიგე წაკითხულიდან? (გაგების გადამოწმება)
წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს პერიოდულად უნდა გადავამოწმოთ, რამდენად კარგად აღიქვამს ბავშვი იმას, რასაც ვუკითხავთ. ამისთვისაც საუკეთესო და უმარტივესი საშუალებაა კითხვების დასმა. ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ, დავუსვათ ბავშვს კითხვები და მოვუსმინოთ მის პასუხებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არც მასწავლებლები ვართ და არც ჩვენი პატარაა სკოლის მოსწავლე (ისე, ეს მასწავლებლბემაც უნდა გავითვალისწინოთ!) – კითხვებით არ უნდა გავაბეზროთ ბავშვი, ზომიერება და ტაქტი აქაც აუცილებელია.
რა და როგორ გაიგო ბავშვმა, უნდა გადავამოწმოთ როგორც ზედაპირული, ასევე სიღრმისეული შეკითხვებით. ზედაპირული (ექსპლიციტური) შეკითხვები შეიძლება შეეხებოდეს იმას, თუ რა ჰქვია ამა თუ იმ პერსონაჟს, პერსონაჟის დედას, მეგობარს, სად, ვისთან წავიდა და რა წაიღო თან პერსონაჟმა, რატომ წავიდა პერსონაჟი სახლიდან, როგორ იპოვა მეგობარი, რა დაეხმარა გამარჯვებაში და ა. შ.
ვნახოთ შეკითხვების მაგალითები ვეფხისტყაოსნისეული ტექსტის დაყოფილი მონაკვეთების მიხედვით:
ზედაპირული შეკითხვების მაგალითები
I მონაკვეთი | II მონაკვეთი | III მონაკვეთი | IV მონაკვეთი |
● რა ერქვა ხელმწიფეს? მის ქალიშვილს?
● ვინ დაიბარა ხელმწიფემ და რა უთხრა მათ? |
● ვის უყვარდა თინათინი? ვინ იყო იგი?
● სად წავიდნენ მეორე დღეს როსტევანი და ავთანდილი? |
● ვინ ნახეს მონადირეებმა? სად იყო იდუმალი რაინდი?
● რა ქნა იდუმალმა რაინდმა მეფის მხლებლების დანახვისას? |
● ვის საძებნელად წასვლა დაავალა თინათინმა ავთანდილს?
● რა გაუხარდა ავთანდილს? |
სიღრმისეული შეკითხვების მაგალითები
I მონაკვეთი | II მონაკვეთი | III მონაკვეთი | IV მონაკვეთი |
● რატომ უნდოდა მეფეს თავისი ქალიშვილის გამეფება?
● პირველად რატომ იუარეს ვაზირებმა მეფის შეტავაზება? |
● როგორ ფიქრობ, საიდან იცოდა თინათინმა, რომ ავთანდილს უყვარდა?
● რატომ ვერ ეუბნებოდა ავთანდილი თინათინს, მიყვარხარო? |
● როგორ ფიქრობ, რატომ ტიროდა იდუმალი რაინდი?
● რამ დააღონა მეფე და მისი ამალა? |
● რა უთხრა თინათინმა ავთანდილს პირველად?
● როგორ ფიქრობ, წავიდოდა ავთანდილი იდუმალი რაინდის მოსაძებნად, თინათინს რომ არ ეთხოვა? |
თუ ბავშვი პასუხის გაცემისას დაბრკოლდება, არ უნდა ვინერვიულოთ, მით უმეტეს, არ უნდა ვანერვიულოთ პატარა. უნდა დავეხმაროთ მას და ერთად მოვძებნოთ სწორი პასუხები. ამისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება ჩვენ მიერ წინა წერილში განხილული ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიის ჩართვა.
ამ სტრატეგიის, წაკითხული ტექსტის გაგების გადამოწმების, ერთგვარი მოდიფიცირებაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუკი ბავშვს მეორედ (მესამედ და ა.შ.) ვუკითხავთ რომელიმე წიგნს, მეხსიერების გადასამოწმებლად კარგი იქნება, წინადადების დასასრულს შევყოვნდეთ და ბავშვს მისი დასრულების საშუალება მივცეთ. შედარებით უფროსებთან, ასე, 5-6 წლის ბავშვებთან, კარგი იქნება, ტექსტის პირველივე წაკითხვისას გამოვიყენოთ ასეთი შეყოვნებები და ბავშვის გონება ამ მხრივაც გავავარჯიშოთ – ეს ძალიან კარგია სიტყვების ძიების უნარის ჩამოყალიბებისთვის. ვნახოთ მაგალითები ჩვენი ვეფხისტყაოსნისეული ტექსტის მიხედვით:
- მე დავბერდი და დროა ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ… (ტახტზე)
- იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალ… (ავთანდილს)
- იდუმალი რაინდი მდინარის პირას იჯდა და… (ტიროდა)
- ავთანდილი გაუდგა გზას იდუმალი რაინდის… (საძებნელად)
- რა თქვა პერსონაჟმა? (პერიფრაზირება)
ტექსტის შინაარსის გადმოცემას ბავშვები მცირე ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ეს იგივე ცხოვრებისეული ამბების გადმოცემაა. „რა თქვა დედამ/მამამ?“ „რა გააკეთე დილით?“ – და ამგვარ შეკითხვებს ბავშვები უკვე სამი წლის ასაკიდან შეზღუდული ლექსიკითა და მარტივი სინტაქსური წყობით, მაგრამ სავსებით გასაგებად და გამართულად სცემენ პასუხს. ამ უნარებს წიგნების ხმამაღლა კითხვისას თუ გადმოვიტანთ, კითხვაც უფრო საინტერესო და სასარგებლო გახდება და თავად ეს უნარიც კიდევ უფრო განვითარდება.
კითხვის დროს დროდადრო (და ზომიერები სდაცვით!) უნდა ვკითხოთ ხოლმე ბავშვს:
– რაო, რა თქვა ნაცარქექიამ (ან სხვა პერსონაჟმა)?
– რა უპასუხა დევმა ნაცარქექიას?
ასეთი კითხვები ბავშვს უბიძგებს, გაიხსენოს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს სხვისი (ამ შემთხვევაში – წიგნის პერსონაჟის) ნათქვამი.
გასათვალისწინებელია, რომ პირველ ეტაპზე ბავშვის პასუხები შესაძლოა
ერთსიტყვიანი იყოს და/ან სრულად არ ასახავდეს პერსონაჟის ნათქვამს. მეტიც – შესაძლოა ვერც მიხვდეს ბავშვი, რას მოვითხოვთ მისგან. ამ შემთხვევაში ჩვენვე უნდა ვუპასუხოთ, გავიმეოროთ პერსონაჟის სიტყვები და გადასამოწმებლად, ხელახლა წასაკითხად კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ იმ ადგილს (ამ შემთხვევაშიც კითხვის სხვა სტრატეგიას – ხელახლა წაკითხვას – გავააქტიურებთ).
ცოტათი გასახალისებლად შეიძლება შეცდომით გავიმეოროთ პერსონაჟის ნათქვამი და ბავშვს საშუალება მივცეთ, ამოიცნოს ეს შეცდომა. კარგი იქნება, თუ პირიქით სტრატეგიასაც მივმართავთ: ჩვენ ვიტყვით პერსონაჟის ფრაზას და ბავშვს შევთავაზებთ, ამოიცნოს პერსონაჟი. ისიც შეიძლება, ბავშვმა თქვას პერსონაჟის სიტყვები და ჩვენ ამოვიცნოთ პერსონაჟი. შეიძლება, ცოტა გავართულოთ და ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ სიტყვები, რომლებიც პერსონაჟს პირდაპირ არ უთქვამს ტექსტში, თუმცა იგულისხმება.
ვნახოთ შესაბამისი მაგალითები „თინათინი და ავთანდილის“ მიხედვით, თუმცა მანამდე აღვნიშნოთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონაჟების გახმოვანებისას სიტყვების შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმა.
# | შეკითხვა | პასუხი |
1 | რაო, რა თქვა მეფემ? | ჩემი ქალიშვილი გავამეფოთო. |
2 | რატომ გავამეფოთ ჩემი ქალიშვილიო? | მე უკვე მოხუცი ვარო. |
3 | რა უპასუხეს ვეზირებმა? | რას ამბობ, მეფეო?! რა დროს თვენი მოხუცებააო?! |
4 | რა ბრძანა როსტევანმა თინათინის გამეფების მეორე დღეს ? | ყველანი სანადიროდ წავიდეთო. |
5 | ვინ იტყოდნენ ამ სიტყვებს? | გამარჯობა, უცნობო რაინდო! |
6 | ვინ იტყოდა ამ სიტყვებს? | საღამო მშვიდობისა, ჩემო ავთანდილ! |
7 | რა დაავალა თინათინმა ავთანდილს? | თუ გინდა ცოლად გამოგყვე, იდუმალი რაინდი მოძებნეო. |
8 | სწორია თუ არა: როსტევანმა ავთანდილს უთხრა, სანადიროდ წავიდეთო. | სწორია. |
- მოვლენათა თანამიმდევრობაზე დაკვირვება
ერთ-ერთი მიზანი, რომელიც შეიძლება დავისახოთ ბავშვისთვის კითხვის სტრატეგიების გამომუშავებისას, არის მოვლენათა თანამიმდევრობის ამოცნობა. ამის მიღწევა სამი წლიდან უკვე შეიძლება. ამ ასაკის ბავშვები ასახელებენ, რომელი მოვლენა რომელი მოვლენის შემდეგ ან წინ მოხდა თავიანთ საყვარელ (განსაკუთრებით – ხშირად წაკითხულ) ზღაპარში/ამბავში.
რასაკვირველია, ამისთვის ყურადღების მიქცევა საჭიროა უფროსი ასაკის ბავშვებისთვის წიგნის კითხვის დროსაც. ამ დროს მას უნდა დაუსვათ ისეთი კითხვები, როგორიცაა:
- რა მოხდა ზღაპრის/ამბის/წიგნის დასაწყისში? რა მოხდა ამის შემდეგ?
- რა მოხდა ამა თუ იმ მოვლენის წინ?
- რა მოხდა ამბის დასასრულს? რა უძღოდა წინ ამას?
- ეს ფაქტი უფრო ადრე/გვიან მოხდა თუ ეს ფაქტი? (ამ დროს დავასახელებთ კონკრეტულ ფაქტს ზღაპრიდან/მოთხრობიდან. მაგალითად, „წიქარას“ კითხვისას შეიძლება ვკითხოთ: ჯერ სარკე გადააგდო ბიჭმა თუ სალესი ქვა? „კომბლეს“ კითხვისას: ჯერ მელია შეხვდა ცხვრებს თუ დათვი?)
- როდის ხდება ეს ფაქტი (დაასახელებთ კონკრეტულ ფაქტს, მაგალითად, წიქარასა და ბიჭის გაქცევას) – ზღაპრის დასაწყისში, შუაში თუ ბოლოში?
ვნახოთ კონკრეტული ნიმუშები:
# | შეკითხვები |
1 | ვინ და ვინ ხვდებიან ამბის დასაწყისში? |
2 | როდის მიდიან სანადიროდ მეფე და მისი ამალა: ამბის დასაწყისში, შუა ნაწილში თუ ბოლოს? |
3 | რომელი ამბავი მოხდა ჯერ: თინათინის გამეფება თუ ნადირობა? |
4 | რომელი ამბავი მოხდა ჯერ: თინათინის გამეფება თუ იდუმალი რაინდის გამოჩენა? |
5 | რომელი ამბავი მოხდა ჯერ: იდუმალი რაინდის გამოჩენა თუ თინათინისა და ავთანდილის შეხვედრა? |
6 | რა მოხდა ამბის ბოლოს: ავთანდილის წასვლა იდუმალი რაინდის საძებნად თუ თინათინისა და ავთანდილის სიყვარულში გამოტყდომა?
ამ შინაარსის უფრო მარტივი ვერსია
რა მოხდა ამბის ბოლოს: ავთანდილი წავიდა იდუმალი რაინდის საძებნად თუ თინათინი ავთანდილის სიყვარულში გამოუტყდა? |
- როგორ ამოვიცნოთ მიზეზი და შედეგი?
– რატომ? რატომ? – ხშირად კითხულობს ბავშვი, მათ შორის – წიგნის ხმამაღლა კითხვისას.
მისი ეს სწრაფვა უნდა გამოვიყენოთ, რათა, ერთი მხრივ, პატარას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ, მეორე მხრივ კი აღმოვაჩენინოთ, რომ ყველა შედეგს გარკვეული მიზეზი აქვს.
ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ორი რამ:
- რას იწვევს ესა თუ ის ქმედება, საქციელი, მოვლენა, ფაქტი;
- რა იწვევს ამა თუ იმ ქმედებას, საქციელს, მოვლენას, ფაქტს.
უნდა დავაკვირვოთ, რა შედეგი გამოიღო გარკვეულმა ქმედებამ და რამ მიგვიყვანა ამა თუ იმ შედეგამდე.
ვნახოთ კითხვებისა და პასუხების ნიმუშები „წიქარას“ ზღაპრის მაგალითზე:
- რატომ გაიქცნენ წიქარა და ბიჭი? იმიტომ, რომ დედინაცვალს ბიჭის თავიდან მოშორება უნდოდა.
- რა მოხდა სავარცხლის გადაგდების შემდეგ? სარკის გადაგდების შემდეგ?
- რა ხდებოდა, როდესაც ბიჭი სალამურს უკრავდა ხოლმე?
შეიძლება დავუსვათ უფრო მეტად დამაფიქრებელი შეკითხვებიც. მაგალითად, გაიქცეოდნენ თუ არა ბიჭი და წიქარა, დედინაცვალს ბიჭი ძალიან რომ ჰყვარებოდა? რატომ?
აქვე შევნიშნოთ, რომ მიზეზისა და შედეგის (მიზნის) გამიჯვნა პატარებისთვის არცთუ ისე ადვილია და თუ ბავშვი ამას ისე ვერ მოახერხებს, როგორც ჩვენ გვინდა, არ უნდა დავიძაბოთ. არც ბავშვი უნდა დავსტრესოთ. მოზრდილებიც კი ხშირად ვერ ვარკვევთ ხოლმე, როგორ იმიჯნება ერთმანეთისგან ორი კითხვა: რატომ ვაკეთებთ? (ანუ რა გვიბიძგებს, რა არის ჩვენი ქმედების მიზეზი, საბაბი, ბიძგი?) და რისთვის ვაკეთებთ? (ანუ რა არის ჩვენი ქმედების მიზანი, რა შედეგს მოველით, რისკენ ვისწრაფვით?)
მიზეზსა და შედეგზე დაკვირვების კარგ საშუალებას იძლევა ჩვენი „თინათინი და ავთანდილიც“. ქვემოთ შემოთავაზებულია კითხვებისა და პასუხების ნიმუშები. აქვე გავიხსენოთ, რომ კითხვა-პასუხის ენა, ლექსიკა, სტილი დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბავშვის მიმღებლობაზე და არავითარ შემთხვევაში არ იყოს დამძიმებული მისთვის გაუგებარი ლექსიკითა და რთული სიტაქსით, ღვლარჭნილი წინადადებებით. მაგალითად, თუკი ბავშვისთვის გაუგებარი იქნება „სურვილის გამხელა“, უნდა გამოვიყენოთ „სურვილის თქმა, გამჟღავნება“ და ა. შ.
# | შეკითხვა | პასუხი |
1 | რატომ აღარ უნდოდა როსტევანს მეფობა? რა იყო ამის მიზეზი? | იმიტომ, რომ როსტევანი მოხუცდა, აღარ შეეძლო მეფობა. |
2 | რისთვის დაიბარა მეფემ თავისი ვaზირები? რა იქნებოდა ამ საუბრის შედეგი? | იმისთვის, რათა, თავისი ქალიშვილის გამეფების სურვილი გაემხილა. (შედეგი: ვაზირებმა უკვე იციან, რომ მეფეს თავისი ქალიშვილის გამეფება უნდა.) |
3 | რატომ არ ეუბნებოდა ავთანდილი თინათინს, მიყვარხარო? რა იყოს ამის მიზეზი? | ● ალბათ, რცხვენოდა.
● ალბათ, შესაფერისი მომენტი არ დაუდგა.
|
4 | რისთვის, რა მიზნით დაიბარა თინათინმა ავთანდილი? რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამ შეხვედრას? | ● იმისთვის, რათა სიყვარული აეხსნა. (შედეგი: ავთანდილმა უკვე იცის, რომ თინათინსაც უყვარს.)
● იმისთვის, რათა იდუმალი რაინდის საძებნად გაეგზავნა. (შედეგი: ავთანდილი იდუმალი რაინდის საძებნად წავიდა.) |
- აბსურდული წინადადებების მოფიქრება
გელა ჩარკვიანი თავის მოგონებებში აღწერს, როგორ ართობდა პატარა ირაკლის, მომავალ გენიალურ „მეფეს“, სხვადასხვა შემეცნებითი თამაშით. ერთ-ერთი თამაში იყო შეუსაბამო, აბსურდულ სიტყვათა წყვილების მოფიქრება. სწორი პასუხები და სწორი აზრები კარგი რამეა, მაგრამ ბავშვებს განსაკუთრებით ახალისებთ სისულელების გამოგონება. და ასეთი სისულელები წარმოუდგენლად ავარჯიშებს მათ შემოქმედებით უნარებს.
კარგი იქნება, თუ ბავშვს გავახალისებთ წიგნის ხმამაღლა კითხვის პროცესში და ისეთ წინადადებებს მოვიფიქრებთ, რომლებიც სასაცილო იქნება თავისი აბსურდულობით. პატარა მსმენელს უნდა ვთხოვოთ ხოლმე, შეცვალოს წაკითხული წინადადება ისე, რომ უაზრობა გამოვიდეს.
ტექსტისეული წინადადებების აბსურდულობის მისაღწევად კარგი იქნება შემდეგი ინტრუქციების გათვალისწინება:
- შეცვალე წინადადებაში პერსონაჟი (მაგალითად, „წიქარაში“ დედინაცვალმა ცხრაკლიტული რქებით შეამტვრია).
- შეცვალე წინადადებაში მოქმედების ადგილი (მაგალითად, „ნაცარქექიაში“ დევმა ნაცარქექია ზურგზე შეისვა და კინოთეატრში შეიყვანა).
- შეცვალე წინადადებაში მოქმედება. (მაგალითად, „წითელქუდაში“ მგელმა პირი დააღო და ამღერდა).
თავდაპირველად ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ ასეთი წინადადებების მოფიქრება. კარგი იქნება, თუ ამ დროს ჩვენვე შევადგენთ აბსურდულ წინადადებებს და ბავშვს ვკითხავთ, რა არის მასში უჩვეულო, არასწორი, შეუსაბამო. აქვე შეიძლება, პატარას ჩვენ მიერ წარმოთქმულ წინადადებებში სიტყვები დავამატებინოთ.
ვნახოთ ასეთი წინადადებები ჩვენი ტექსტის მიხედვით:
# | აბსურდული (სულელური) წინადადება |
1 | მეფემ თქვა, ჩემი ბებია დავსვათ ტახტზეო. |
2 | თინათინი ისეთი ლამაზი იყო, რომ მთვარესაც კი თვალებს სჭრიდა. |
3 | თინათინი უყვარდა ამავე სამეფოს ჟურნალისტს, ავთანდილს. |
4 | იდუმალი რაინდი მდინარის პირად იჯდა და გიტარაზე უკრავდა. |
5 | თინათინმა დაიბარა ავთანდილი და უთხრა, ნამცხვარი მომიტანეო. |
6 | ავთანდილი დაემშვიდობა თინათინს და ფეხბურთის საყურებლად წავიდა. |
- წაკითხულის დახატვა
ბავშვებს უყვართ ხატვა და ყველა ბავშვი ხატავს, თუკი წავახალისებთ.
უნდა ვთხოვოთ ბავშვს, დახატოს ის პერსონაჟი, რომლის შესახებაც წიგნი წავიკითხეთ (მაგალითად, ნაცარქექია, დევი, წიქარა, მზეთუნახავი). ამაში ისიც დაგვეხმარება, რომ საბავშვო წიგნები, როგორც წესი, უხვადაა ილუსტრირებული.
ხატვის დაწყებამდე ბავშვს შეიძლება ვკითხოთ:
- რის დახატვას აპირებ? როგორი იქნება? როგორი თმა ექნება? რა ეცმება?
- როგორი იქნება გარემო? რა ადგილი უნდა დახატო?
- რა დაგჭირდება ხატვისას?
ხატვის დასრულების შემდეგ კი შეგვიძლია ასეთი შეკითხვები დავუსვათ:
– რატომ დახატე მზეთუნახავი წითელი კაბით? ასე ეწერა წიგნში?
– შენ თვითონ მოიფიქრე, წითელქუდას რომ მწვანე ფეხსაცმელები ჩააცვი?
თუ ბავშვი არ არის მიჩვეული ხატვას და უჭირს ან იძაბება ხატვის დროს, კარგი იქნება, ჩვენ თვითონ გადავიქცეთ მხატვრებად. ამ პროცესს ბავშვი სიამოვნებით დააკვირდება და, რაც მთავარია, ჩაერთვება კიდეც ჩვენთან ერთად ხატვაში, გაფერადებაში, დროთა განმავლობაში კი დამოუკიდებელ მხატვრადაც ჩამოყალიბდება. არ უნდა დავიზაროთ და უნდა ვალაპარაკოთ ის საკუთარი ნახატების შესახებ, გულწრფელად უნდა აღვფრთოვანდეთ მისი ნამუშევრებით და საინტერესო შეკითხვებიც უნდა დავუსვათ ნახატებზე.
- დასკვნების გამოტანა
ყველა კითხვაზე პასუხს ტექსტში პირდაპირ ვერ ვიპოვით. ზოგჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ და ისე ამოვიცნოთ პასუხები. ეს არცთუ ისე ადვილია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ბავშვებს ასეთ დაკვირვებას პატარაობიდანვე მივაჩვევთ.
ბავშვი თვითონ სვამს ხოლმე იმ კითხვებს, რომლებზე პასუხიც ასეთ დაკვირვებას მოითხოვს და ჩვენ სწორედ ამ ინტერესის გამოიყენება შეგვიძლია. ამ დროს პირდაპირ კი არ უნდა ვუპასუხოთ კითხვას, არამედ პასუხის ძიებაში თავად ბავშვი უნდა ჩავრთოთ. გავიხსენოთ კიდევ ერთი ბრწყინვალე სტრატეგია – ხმამაღლა ფიქრი. დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავებისთვის ბავშვთან ერთად ხმამაღლა ფიქრი კარგი იარაღია. აქვე დავამატოთ, რომ დასკვნების გამოტანა მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სტრატეგიებთანაც, მაგალითად, მიზეზისა და შედეგის (მიზნის) ამოცნობასთან, თუნდაც წაკითხულის დახატვასთან და სხვ.
დასკვნების გამოსატანად უნდა გამოვიყენოთ ე. წ. „რატომ“ შეკითხვები. ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის, მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და ბავშვს დავუსვათ ასეთი შეკითხვები:
- რატომ ეგონა დევს, რომ ნაცარქექია ძლიერი იყო?
- როგორ გამოადინა ნაცარქექიამ ქვას წყალი?
- როგორ მოიშორეს თავიდან ბიჭმა და წიქარამ დედინაცვალი?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასკვნების გამოტანის უნარის გამოსამუშავებლად სასარგებლოა სხვა კითხვებიც – ე. წ. „ვინ“, „რა“, „სად“, „როდის“. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხს გარკვეული დაკვირვება და მიხვედრა დასჭირდება. მაგალითად, „წიქარას“ კითხვისას ბავშვს შეიძლება ვკითხოთ, ვისთან ერთად გაიქცა წიქარა შინიდან. მაგრამ ეს შეკითხვა მას ვერ გამოუმუშავებს დასკვნის გამოტანის უნარს, რადგან ამ შეკითხვაზე პასუხი პირდაპირ წერია ტექსტში. მაგრამ თუ ვკითხავთ, რატომ გაიქცა ბიჭი წიქარასთან ერთად, ბავშვმა უნდა დაასკვნას, რომ ბიჭს წიქარა უყვარდა, მასთან მეგობრობდა და ამიტომ შეარჩია თავის გადამრჩენლად.
ერთიც აღვნიშნოთ: ნუ გამოვეკიდებით სწორი დასკვნების ძიებას. რასაკვირველია, დასკვნების გამოტანა ის კომპეტენციაა, რომელზეც ზრდასრული ადამიანები ყველაზე ხშირად ვკამათობთ ხოლმე. მთავარია, ბავშვმა ეს პროცედურა – არასაკმარისი ინფორმაციის შევსება – გამოიმუშაოს თავის გონებაში, ხოლო სწორი დასკვნების გამოტანაში თანდათან გაიწაფება, მათ შორის – ბევრი საინტერესო წიგნის კითხვის პროცესშიც.
ვნახოთ კითხვები და დასკვნები „ავთანდილი და თინათინის“ მიხედვით:
# | შეკითხვა | დასკვნა-პასუხი |
1 | რატომ არ დაეთანხმნენ ვაზირები მეფის წინადადებას? | იმიტომ, რომ მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი მეფე. |
2 | რატომ გადაწყვიტა როსტევანმა თინათინის გამეფება თავის სიცოცხლეშივე? | ალბათ, უნდოდა თავისი თვალით ენახა, როგორ კარგად მართავდა თინათინი სამეფოს. |
3 | რატომ აუხსნა თინათინმა ავთანდილს სიყვარული პირველმა? | იმიტომ, რომ დავალება მისცა, რომელსაც გახარებული ავთანდილი უფრო ყოჩაღად შეასრულებდა. |
4 | ვისთან ერთად წავიდოდა ავთანდილი იდუმალი რაინდის საძებნად? | ალბათ, რამდენიმე მეგობარს წაიყვანდა. აბა, სამი წლის განმავლობაში მარტო ხომ ვერ ივლიდა?! |
- ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა
რა განსხვავებაა ფაქტსა და მოსაზრებას შორის? როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს განსხვავება? ამაზე ხომ ზრდასრული ადამიანებიც კი ხშირად ვკამათობთ ხოლმე. შეგვიძლია თუ არა, ამ უნარის გამომუშავებაზე ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნოთ?
რასაკვირველია. არათუ შესაძლებელია, არამედ სწორედ ადრეული ასაკიდანვე, ბავშვებისთვის წიგნების კითხვის დროს უნდა ვიზრუნოთ ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავების აღმოსაჩენად. უბრალოდ, ეს „ადრეული ასაკი“, რასაკვირველია, 3-4 წელი ვერ იქნება და პატარები ამის გამო არ უნდა გავაწბილოთ.
როგორ მოვიქცეთ ამ უნარის გამოსამუშავებლად? ჯერ თვითონ ეს ტერმინები უნდა გავააზრებინოთ ბავშვს, მაგალითად, ასეთი მსჯელობით:
– რა არის ეს, რასაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ? წიგნი. ვისაც არ უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა, ყველა გვიპასუხებს, რომ „ეს არის წიგნი“. მაგრამ თუ ვიკითხავთ, როგორია ეს წიგნი, სხვადასხვა რამეს გვიპასუხებენ: ერთი იტყვის, რომ საინტერესო წიგნია, მეორე იტყვის, რომ კარგია, მესამემ შესაძლოა თქვას, რომ ლამაზი წიგნია, მეოთხემ დაიწუნოს და ასე შემდეგ.
ასეთი მსჯელობის შემდეგ თავად ტექსტების მიხედვით უნდა შევარჩიოთ ხოლმე დებულება და დავაფიქროთ ბავშვი, ფაქტია ეს თუ მოსაზრება. ასეთი დებულებები შეიძლება იყოს:
- „ნაცარქექიაში“ მთავარი პერსონაჟები ნაცარქექია და დევი არიან (ფაქტი).
- ნაცარქექია კეთილი პერსონაჟია, ხოლო დევი – ბოროტი (მოსაზრება).
- ბიჭმა დედინაცვლისგან თავის დასაღწევად ბოლოს სარკე გადააგდო (ფაქტი).
ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ამ დროს ბავშვებს დავაკვირვებთ არასწორ მოსაზრებებზეც. ცხადია, ვთანხმდებით, რომ წინადადებების შეთავაზებისას ჩვენ დაგვჭირდება ტექსტისეული წინადადებების შეცვლა, გადაკეთება, ახლის მოფიქრება. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ჩვენი მთავარი შეთანხმება, რომ ბავშვები არ უნდა დაიღალონ, არ უნდა გადაიტვირთონ – მთელი წიგნის წაკითხვისას მხოლოდ ერთ წინადადებაზე თუ დავაფიქრებთ ამ სტრატეგიის კონტექსტში, სავსებით საკმარისი იქნება. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მაგალითები არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც ყველა ნიმუში უნდა გამოვიყენოთ ერთი წაკითხვის დროს.
ვნახოთ ეს ნიმუშები ჩვენი ტექსტის – „თინათინი და ავთანდილის“ მიხედვით:
# | წინადადება | ფაქტი | სწორი
მოსაზრება |
არასწორი
მოსაზრება |
1 | მეფე როსტევანმა თავისი შვილი, თინათინი აიყვანა ტახტზე. | * | ||
2 | თინათინი ძალიან ლამაზი იყო. | * | ||
3 | ავთანდილს ძალიან უყვარდა თინათინი. | * | ||
4 | ნადირობისას როსტევანმა ავთანდილზე მეტი ცხოველი მოინადირა. | * | ||
5 | ავთანდილს ძალიან არ უნდოდა იდუმალი რაინდის საძებნად წასვლა. | * |
- შედარება და განსხვავებების აღმოჩენა
კიდევ ერთი სასარგებლო უნარი, რომელიც ბავშვებს უნდა გამოვუმუშაოთ წიგნების კითხვის პროცესში, საგნებისა და მოვლენების ერთმანეთთან შედარებისა და განსხვავებების აღმოჩენის უნარია. ამისთვის სხვადასხვა რამე შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს:
- პერსონაჟები (როგორც ერთი, ისე სხვადასხვა ტექსტის ფარგლებში);
- ერთი და იგივე პერსონაჟი ტექსტის დასაწყისში და ტექსტის დასასრულს (მაგალითად, როგორი იყო ნაცარქექია ზღაპრის დასაწყისში და როგორ შეიცვალა იგი ზღაპრის ბოლოს);
- ადგილები (მაგალითად, სოფელი ვაშლოვანი, დევის ეზო…);
- სახლები/ოთახები (მაგალითად: როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ნაცარქექიასა და დევის სახლები?)
- სხვადასხვა ტექსტის დასაწყისი/დასასრული;
- ერთი და იმავე ჟანრის (ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი…) ტექსტები;
- სხვადასხვა ჟანრის ტექსტები.
ამ უნარის გამომუშავებაში დაგვეხმარება ისეთი კითხვები, როგორიცაა:
- რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან დევი და ნაცარქექია? ნაცარქექია და კოკროჭინა? ავთანდილი და როსტევანი? თინათინი და როსტევანი?
- როგორ დაეხმარნენ ძმებს ნაცარქექია და კოკროჭინა? რომელი პერსონაჟის ქცევა უფრო მოგწონს? რატომ? რომელი იქნება სამეფოსთვის უკეთესი მმართველი – როსტევანი თუ თინათინი? რატომ?
- შეადარე ნაცარქექიასა და დევის ურთიერთობა წიქარასა და ბიჭის ურთიერთობას. რა განსხვავებაა მათ შორის? შენ რომელი უფრო მოგწონს? რატომ?
- კავშირების დამყარება
როდესაც ბავშვს ტექსტს ვუკითხავთ, საშუალება გვეძლევა, ეს ტექსტი სხვადასხვა რამეს დავუკავშიროთ. მაინც რა კავშირები შეიძლება გაიბას ამ პროცესში?
უპირველეს ყოვლისა, დასაკავშირებელი ობიექტები თვითონ ამ ტექსტში უნდა მოვძებნოთ:
- დასაწყისი დავაკავშიროთ შუა ნაწილსა და დასასრულთან;
- ერთი პერსონაჟი დავაკავშიროთ მეორესა და მესამესთან;
- ტექსტში აღწერილი გარემო დავაკავშიროთ განვითარებულ ამბავთან ან პერსონაჟის ხასიათთან…
კარგი იქნება, თუ იმჟამად წაკითხულ ტექსტს დავაკავშირებთ ადრე წაკითხულ ტექსტთან, კერძოდ:
- გავახსენებთ ბავშვს მეორე ტექსტის პერსონაჟს და აღმოვაჩენთ მსგავსება-განსხვავებას;
- გავახსენებთ ასეთივე პრობლემას ან სიტუაციას სხვა ტექსტში;
- მოვაგონებთ, კიდევ რომელ ტექსტში შეხვედრია ესა თუ ის სიტყვა;
- დავაკავშირებთ ტექსტს ამავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებთან, აღმოვაჩენინებთ მათ შორის მსგავსებას…
არ უნდა დაგვავიწყდეს, ტექსტები ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც დავუკავშიროთ. უნდა ვკითხოთ მას, ხომ არ აგონებს ესა თუ ის პერსონაჟი ვინმეს ან საკუთარ თავს, ხომ არ ახსენდება ასეთივე ეპიზოდი სხვა ნაწარმოებიდან ან ასეთივე რამ თავად ხომ არ გადახდენია თავს?
ვნახოთ კითხვები, რომლებიც დაგვეხმარება კავშირების დამყარებაში სტრატეგიის გამომუშავების მიზნით „თინათინი და ავთანდილის“ მაგალითზე:
- კიდევ რომელ ამბავში/ზღაპარში გახსენდება მეფე? როგორია ის მეფე? რით ჰგავს როსტევანს? რით განსხვავდება? (აქ ყურადღებას ვამახვილებთ შედარებაზეც)
- ხომ არ გახსენდება სხვა ქალი მეფე? დედოფალი?
- ჩვენს ქვეყანაში ვინ არის მთავარი მმართველი? თუ გინახავს სადმე? როგორ ფიქრობ, როგორ მართავს ქვეყანას?
- ვაზირები თუ არიან დღეს? როგორ ფიქრობ, რას აკეთებდნენ ისინი როსტევანის სამეფოში? დღეს ვინ აკეთებს ჩვენთან ასეთ საქმეებს?..