XXI საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად გარემოსდაცვითი პრობლემები მიიჩნევა. ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ადამიანსა თუ ეკოსისტემაზე, თანამედროვე სამყაროს დღის წესრიგის სათავეშია მოქცეული.
შევეცდები, ლიეტუვის მაგალითზე დაგანახოთ თუ როგორ შეიძლება პატარა ინიციატივამ მასშტაბური შედეგები მოუტანოს ქვეყანას და შეცვალოს მოსახლეობის ქცევა. ასევე გაგაცნობთ ორგანიზაციას „სადაგი“, რომელსაც მიზნად საქართველოს დალაგება აქვს დასახული.
ინიციატივა „Mes Darom“ – ანუ ჩვენ ვაკეთებთ
საბჭოთა წარსულის მქონე ლიეტუველებს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გარემოს დაბინძურების პრობლემა მემკვიდრეობით ერგოთ. მოსახლეობა ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში ყრიდა. წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები თუ აქტიური საზოგადოების წარმომადგენლები ცდილობდნენ აემაღლებინათ მოსახლეობის ცნობიერება და მოეგვარებინათ დაბინძურების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ…
შედეგად, ლიეტუვაში წამოიწყეს კამპანია „Mes Darom“, რომელიც მალევე იქცა ძალიან პოპულარულ გარემოსდაცვითი ინიციატივად. ყოველწლიური მოხალისეობრივი კამპანია ფოკუსირებულია საჯარო სივრცეების დასუფთავებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე. იგი შეიქმნა გლობალური მოძრაობის მოდელის მიხედვით, რომელიც 2008 წელს, ესტონეთიდან დაიწყო და ცნობილია, როგორც „Let’s Do it“.
კამპანიის ფარგლებში, მოხალისეები და დაინტერესებული პირები იკრიბებიან ნარჩენების შესაგროვებლად. დასუფთავების აქციები ტარდება ტყეებში, პარკებსა და სკვერებში, მდინარეებში და მის კალაპოტებში, ზღვის სანაპიროზე და სხვა საზოგადოებრივი ადგილებში.
ინიციატივა ითვალისწინებს:
- ყოველწლიური ეროვნული დასუფთავების ღონისძიებების ორგანიზებას ცალკეული ინდივიდების, ოჯახების, სკოლების, ბიზნესისა და სამთავრობო ინსტიტუტების ჩართულობით;
- მოსახლეობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირებას;
- გარემოსდაცვითი განათლების წახალისებას. დასუფთავების ღონისძიებების გარდა, ინიციატივის ფარგლებში ხშირად ტარდება სამუშაო შეხვედრები, საინფორმაციო კამპანიები და მზადდება საგანმანათლებლო მასალები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი პრაქტიკის დანერგვის წახალისების მიზნით;
- თანამშრომლობას სხვადასხვა სუბიექტთან, მათ შორის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და ბიზნესებთან. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს ინიციატივის გავლენის გაძლიერებას და ღონისძიებების წარმატებულ ორგანიზებას. ინიციატივა იზიარებს საუკეთესო პრაქტიკას სხვა ქვეყნების მსგავს მოძრაობებთან და მონაწილეობს გლობალურ დასუფთავების კამპანიებში.
ინიციატივის „Mes Darom“ წარმატებისა და მასშტაბურობის ზრდის შედეგად, ქვეყანაში გარემოს დაბინძურების პრობლემები აღმოიფხვრა. დღეს ქვეყანა ნულოვანი დაბინძურების მაჩვენებელზეა. ამ ყველაფერს დაემატა ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელების დანერგვა, რამაც გარემოდან ამოღებული და საყოფაცხოვრებო ნარჩენები სწორი მიმართულებით მიმართა და დაიწყო მათი გადამუშავება.
მიმდინარე წლის ივნისში ლიეტუვაში, პატარა ქალაქ სკაუდვილეში, პროგრამის ერაზმუს+ მოკლევადიანი ტრენინგის ფარგლებში განვიხილეთ ინიციატივა „Mes Darom“. ლიეტუველი ახალგაზრდების თქმით, კამპანიის მთავარი ღირსება მოსახლეობის დამოკიდებულებები ცვლილება იყო. ადამიანებმა დაინახეს, რომ მათ მიერ გარემოში დაგდებული ნარჩენის შესაგროვებლად ერთიანდებოდა ყველა, ხარჯავდნენ დროსა და რესურსებს. თანდათან მან ისეთი ხასიათი მიიღო, რომ კერძო ბიზნესი და სახელმწიფო უწყებები საკუთარი სურვილით ჩაერთო დასუფთავების აქციებში. ამას აკეთებდნენ არა მოსაჩვენებლად, ან რომელიმე მწვანე დღესთან დაკავშირებით, არამედ ჩვეულებრივ სამუშაო დღეებშიც.
მეორე შედეგი იყო კლასიკური დასუფთავების აქციის სახის ცვლილება და მისი ქცევა დღესასწაულად, ზეიმად. კამპანიის ავტორებმა დაამატეს ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: სპორტული შეჯიბრებები, ტრადიციული სამზარეულოს გაცოცხლება, მუსიკა, თამაშები და სხვა.
დღეს ლიეტუვაში დასუფთავების აქცია საზეიმო მოვლენა რომ არის, საკუთარი თვალით ვნახე. მაგალითად პატარა ქალაქ სკაუდვილეში, ჩვენს მიერ ჩატარებული დასუფთავების აქცია მოიცავდა მის შემდგომ სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს, რაც ჩართულობის ზრდის დამატებითი მოტივატორია. დაახლოებით ოთხსაათიანი დასუფთავების აქციის შედეგად ძლივს გავავსეთ ორი 60 ლიტრიანი ნაგვის ცელოფანი.
საქართველოს დამლაგებელთა გილდია (სადაგი)
საქართველოში მსგავსი კამპანია საქართველოს დამლაგებელთა გილდიამ წამოიწყო. „სადაგი“ ეს არის მოხალისეთა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დალაგებას, დასუფთავებასა და მისი ბუნების დაცვა – გაჯანსაღებას. საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა საზოგადოებრივ საწყისებზე დგას.
„სადაგის“ კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი. სწორედ ამ მიზნით, დაიწყო კამპანია „მე ვალაგებ საქართველოს“, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის სკოლებს მიეცათ ჩართვისა და საქართველოს დალაგების საშუალება. ამ კამპანიის ფარგლებში სკოლებმა მიიღეს დასუფთავების აქციებისთვის საჭირო ინვენტარი და ხემსი მოსწავლეებისთვის.
რას მოიცავს სადაგის ერთდროული დალაგების ფესტივალები?
- პერიოდულობით შეირჩევა რეგიონები, სადაც ერთდროულად ეწყობა დასუფთავების აქციები;
- ერთდროული დასუფთავების აქციები გულისხმობს 2-3 დღიან ინტერვალში, დიდი რაოდენობის (50-60) აქტივობების განხორციელებას;
- სადაგი ამარაგებს სკოლებს დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით, წყლითა და ხემსით;
- სადაგის წარმომადგენლები მასწავლებლებს უტარებენ ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ;
- კამპანია ახალისებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას.
დასუფთავების აქციების დროს მზადდება ვიდეორგოლები, რომლებიც ემსახურება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებასა და ამაღლებას. დალაგების ფესტივალებში ერთვებიან ცნობადი სახეები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დალაგებისა და ეკოლოგიური ფესტივალების მოწყობა. ბოლოს ასეთი ფესტივალი მოეწყო 2024 წლის ივნისში დაბა ბაკურიანში, რა დროსაც შეგროვდა 52, 000 ლიტრი ნარჩენი.
ლიეტუველების ინიციატივა „Mes Darom“ და „სადაგის“ საქმიანობა საქართველოში აჩვენებს, რომ შესაძლებელია გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა. მთავარია სამუშაოს სწორად დაგეგმვა, რესურსების გადანაწილება და სხვადასხვა თემის მობილიზება.
გამოყენებული რესურსები: