სკოლის ყოველდღიურობაში მასწავლებლებსა და მშობლებს ხშირად გვიწევს მოზარდებისგან ძალიან ბუნებრივი, ზოგჯერ კი საკმაოდ რთული კითხვების მოსმენა:
- რატომ ღირს ნაყინი უფრო ძვირი, ვიდრე მის ეტიკეტზე წერია?
- რატომ იხდიან უფროსები ფულს იმაში, რასაც ხელით ვერ შეეხებიან?
- თუ სახელმწიფო ფულს ბეჭდავს, რატომ არ ეძლევა ის ყველას უფასოდ?
- რატომ არ არის სკოლის ეზოში ახალი სკეიტ-პარკი, როცა ყველას ასე ძალიან გვინდა?
VII-VIII კლასის მოსწავლეები, 12-14 წლის მოზარდები, უკვე აქტიურად ინტერესდებიან გარე სამყაროთი, თუმცა „გადასახადი“, „ბიუჯეტი“ და „სამოქალაქო ვალი“ მათთვის ხშირად აბსტრაქტულ, მოსაწყენ და გაურკვეველ ტერმინებად რჩება. მათ ნაკლებად ესმით ამ საკითხის რეალური არსი, რადგან ვერ ხედავენ პირდაპირ კავშირს საკუთარ ყოველდღიურობასთან.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს აბსტრაქცია ვაქციოთ ხელშესახებ გამოცდილებად და ვაჩვენოთ, რომ გადასახადები არ არის უბრალოდ ვალდებულება, ეს არის ჩვენი საერთო ცხოვრების წესი.
როგორ დავაკავშიროთ გადასახადების თემა ყოველდღიურ ცხოვრებასთან
იმისთვის, რომ მოზარდმა გაიგოს გადასახადების არსი, ის მისივე ყოველდღიური გარემოს მაგალითზე უნდა დავანახოთ:
- უფასო არ ნიშნავს უფასოს. როდესაც მოსწავლე მიდის პარკში, თამაშობს მუნიციპალურ სტადიონზე, სარგებლობს განათებული ქუჩით ან სწავლობს სკოლაში, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი საჩუქარი არ არის – ეს არის საზოგადოების ერთობლივი შენატანით შეიქმნა.
- ქვითრის საიდუმლო. ჩვეულებრივი მარკეტის ქვითარი საუკეთესო თვალსაჩინოებაა. როდესაც მოსწავლე ყიდულობს ტკბილეულს ან რვეულს, მასში უკვე შედის დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი). ეს ნიშნავს, რომ თითოეული მოზარდი უკვე არის გადასახადის გადამხდელი და ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების თანამონაწილე.
- საერთო ყულაბის პრინციპი. წარმოვიდგინოთ ოჯახი ან მეგობრების ჯგუფი, რომლებიც პიკნიკზე მიდიან. თუ თითოეული მხოლოდ საკუთარ საჭმელს შეჭამს, საერთო კოცონს, კარავსა და ბურთს ვერავინ იყიდის. გადასახადი სწორედ ის საერთო ბურთი და კარავია, რომლითაც ყველა ერთად ვსარგებლობთ.
- პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადების განსხვავებაც მნიშვნელოვანია. როდესაც მშობელი მუშაობს, გამომუშავებული თანხის ნაწილი მიდის ბიუჯეტში. ეს არის წვლილი, რომლითაც ფინანსდება მასწავლებლების, ექიმებისა და პოლიციელების ხელფასები – საშემოსავლო გადასახადი. როგორც სახლს ან ავტომობილს სჭირდება მოვლა, ასევე ქონების ფლობაც უკავშირდება საერთო ბიუჯეტში შენატანს – ქონების გადასახადი.
მოზარდებისთვის ლექციური ფორმატი ნაკლებად ეფექტურია, თამაში კი მათ საშუალებას აძლევს, თავად მოირგონ გადაწყვეტილების მიმღების როლი.
შემოგთავაზებთ სამ თამაშს, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებს გადასახადების არსსა და თანამონაწილეობის ძალას.
| სამეფოს ყულაბა
გადასახადების არსის გასაგებად |
| კლასი იყოფა ჯგუფებად – ქალაქის უბნებად. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა პირობითი მონეტები. მასწავლებელი აცხადებს, რომ ქალაქში გაფუჭდა ხიდი ან ჩაბნელდა ქუჩები.
არჩევანი: მოსწავლეს შეუძლია, მონეტები დახარჯოს პირადი სიამოვნებისთვის (მაგალითად, იყიდოს სათამაშო/ტკბილეული) ან შეიტანოს სამეფოს ყულაბაში.
შედეგი: თუ ყულაბაში საკმარისი ფული შეგროვდა, ქალაქში აშენდება საზოგადოებრივი პარკი ან ხიდი. თუ თითოეულმა მოქალაქემ პირადი ინტერესი დააყენა პირველ ადგილზე, ქალაქი ჩაბნელებული და სახიფათო დარჩება.
დასკვნა: გადასახადი არ არის წართმეული ფული, ეს არის ინვესტიცია საერთო კეთილდღეობისთვის.
|
| პიცის ბიუჯეტი
თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება |
| ჯგუფებს ეძლევათ ქალაქის ბიუჯეტი (მაგ., 100 ქულა) და სხვადასხვა საჭიროების სია: სკეიტ-პარკი – 40 ქულა, ქუჩის განათება – 30 ქულა, უფასო Wi-Fi – 20 ქულა, სკოლის ბიბლიოთეკა – 30 ქულა, გამწვანება – 20 ქულა.
მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ, იკამათონ, არგუმენტებით დაიცვან თავიანთი პოზიცია და ხმის მიცემით მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ყველა პროექტს ბიუჯეტი ვერ ეყოფა.
დასკვნა: მოქალაქის როლი მხოლოდ გადასახადის გადახდა კი არ არის, არამედ იმის კონტროლი და გადაწყვეტაც, საით წავიდეს ეს ფული. |
| აუქციონი და საზოგადოებრივი სიკეთეები
კერძო და საზოგადოებრივი ქონების/სერვისების განსხვავების გააზრება |
| მოსწავლეები ინდივიდუალურად ყიდულობენ ნივთებს (მაგ., ფანქარს, ტკბილეულს), რომლებსაც მხოლოდ თავად მოიხმარენ. შემდეგ მასწავლებელს აჰყავს აუქციონზე საზოგადოებრივი პროექტი (მაგ., კლასის პროექტორი ან ექსკურსიის ავტობუსი).
მოსწავლეები ხვდებიან, რომ ინდივიდუალური შესყიდვით ვერ შეძლებენ დიდი პროექტების დაფინანსებას, რადგან საზოგადოებრივი სიკეთით სარგებლობს ყველა და მასზე ზრუნვაც საერთო ძალისხმევას მოითხოვს.
|
| რატომ ვერ დავბეჭდავთ უსასრულო ფულს?
სიმულაცია
|
| თუ კლასში ყველას დავურიგებთ 1 000 პირობით ლარს, მაგრამ მაღაზიაში მხოლოდ 10 ვაშლია, ვაშლის ფასი უბრალოდ გაიზარდება. ფულის რაოდენობის ზრდა საქონლის წარმოების გარეშე იწვევს ინფლაციას – ფულის გაუფასურებას.
გადასახადები სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს რეალური დოვლათის განაწილებას და არა უბრალოდ ქაღალდის ბეჭდვას.
|
| თამაში / სიმულაციური აქტივობა
ბიუჯეტის დეტექტივები |
| მიზანი: მოსწავლეებმა გაიგონ, სად მიდის მათი და მათი მშობლების გადახდილი ლარი, ისწავლონ მუნიციპალური ბიუჯეტისა და საჯარო ინფორმაციის მონიტორინგი.
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ თითოეული მოქალაქე არის ქვეყნის თანამესაკუთრე და მას აქვს კანონიერი უფლება, იცოდეს, როგორ იხარჯება მისი ფული.
დავალება: კლასი იყოფა დეტექტივთა ჯგუფებად: საგზაო ინფრასტრუქტურის დეტექტივები; პარკებისა და გამწვანების დეტექტივები; სპორტული მოედნების დეტექტივები.
საბუთების გამოძიება – მუნიციპალიტეტის ვებგვერდის კვლევა მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შედიან თავიანთი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ან ბიუჯეტის პორტალზე. მათ უნდა იპოვონ ბოლო 1 წლის განმავლობაში მათ უბანში/ქალაქში განხორციელებული 1-2 კონკრეტული პროექტი (მაგ., ახალი სკეიტ-პარკი, ავტობუსის ზოლი, ქუჩის განათება ან სკვერის რეაბილიტაცია).
დეტექტივები იწერენ: ü რა თანხა დაიხარჯა? – ბიუჯეტი ü რა დროში უნდა დასრულებულიყო? – ვადა ü ვინ შეასრულა სამუშაო? – კონტრაქტორი კომპანია
საველე გამოძიება – რეალური დაკვირვება მოსწავლეებს ეძლევათ მარტივი კითხვარი და მიდიან ობიექტის დასათვალიერებლად ან იხსენებენ ყოველდღიურ დაკვირვებას:
ოფიციალური წერილი მერს – საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სიმულაცია თუ მოსწავლეები აღმოაჩენენ ხარვეზს (მაგ., ახალგაკეთებული სტადიონი 3 თვეში დაზიანდა ან განათება არ მუშაობს), ისინი ადგენენ ოფიციალური წერილის/განცხადების შაბლონს მუნიციპალიტეტის სახელზე: ჩვენ, VII კლასის მოსწავლეები, როგორც აქტიური მოქალაქეები, ვითხოვთ ინფორმაციას: რატომ არ მუშაობს ახლად რეაბილიტირებული განათება (ქუჩის დასახელება)-ზე და რა ზომებს იღებს მერია ხარვეზის გამოსასწორებლად.
დასკვნა და მიღებული გამოცდილება
|
| ციფრული ეპოქა და გადასახადები |
| მიზანი: მოსწავლეებმა გაიგონ, რატომ ღირს სათამაშოების მაღაზიაში ან ციფრულ პლატფორმებზე ნივთი უფრო ძვირი, ვიდრე აწერია და სად მიდის ეს დამატებითი თანხა.
მასწავლებელი კლასში აცხადებს „ვირტუალური თამაშების მაღაზიის“ გახსნას. თითოეულ ჯგუფს ეძლევა პირობითი ციფრული ბალანსი, მაგ., 50 ვირტუალური მონეტა. მოსწავლეები ირჩევენ ვირტუალურ პროდუქტებს: ü საყვარელ თამაშში პერსონაჟის ტანსაცმელს; ü მუსიკალური აპლიკაციის პრემიუმ გამოწერას; ü როდესაც მოსწავლე იხდის ფულს, მასწავლებელი ციფრული სისტემის სახელით ამატებს გადასახადს (მაგ., დღგ-ს ან ციფრული სერვისის გადასახადს – რეალურ ფასს ემატება 10-18%). განხილვა და კითხვები: ü რატომ გახდა პროექტი უფრო ძვირი? მოსწავლეები ხვდებიან, რომ ინტერნეტსივრცეშიც კი ნებისმიერი ტრანზაქცია იბეგრება. ü სად მიდის ეს ფული? ციფრული სერვისებიდან შესული გადასახადები ხმარდება სახელმწიფოს იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, რომლითაც ინტერნეტი მოგვწოდება (სერვერები, კაბელები, საგანმანათლებლო პლატფორმები). |
| საკლასო ბიუჯეტი და მიკროეკონომიკა
პრაქტიკული მოდელი |
| მიზანი: მოსწავლეებმა საკუთარ თავზე გამოსცადონ გადასახადების შეგროვება, ბიუჯეტის მართვა და საერთო სიკეთის შექმნა მიკროგარემოში.
კლასი ხდება პატარა ეკონომიკური ზონა. მოსწავლეები ყოველკვირა იღებენ პირობით ხელფასს, მაგ., აქტივობისთვის, დავალების შესრულებისთვის ან მორიგეობისთვის მიღებული ქულებით.
ü ახალი სამაგიდო თამაში; ü ოთახის მცენარეები ან დეკორაციები; ü ტკბილეული.
საკლასო ეკონომიკა მათ ასწავლის, რომ ფული, რომელსაც სახელმწიფო ითხოვს გადასახადის სახით, არ არის რაღაც გაურკვეველი დანაკარგი – გადასახადების გადახდა ჩვენივე საერთო მიზნების მიღწევის უმარტივესი და ყველაზე სამართლიანი გზაა. |
ფინანსური და სამოქალაქო წიგნიერების ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოზარდი ხვდება, რომ სახელმწიფო არ არის რაღაც შორეული და უცხო სტრუქტურა, სახელმწიფო ვართ ჩვენ.
როდესაც მოსწავლეს ესმის, რომ სკოლის მერხი, ავტობუსის გაჩერება თუ პარკის ატრაქციონი მისი და მისი მშობლების გადახდილი ფულითაა შექმნილი, ის გაცილებით მეტი პატივისცემით ეპყრობა საზოგადოებრივ ქონებას, მცირდება ვანდალიზმის რისკი.
ზრდასრულ ასაკში ასეთი ადამიანი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში, სვამს სწორ კითხვებს და ითხოვს ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
თუ მოზარდებს არ ვასწავლეთ გადასახადებისა და თანამონაწილეობის არსი, ზრდასრულ ასაკში მივიღებთ საზოგადოებას, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ მათ არაფერი ეხებათ და არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ.
ფინანსური განათლების არმქონე საზოგადოება ადვილად იჯერებს ირაციონალურ და შეუსრულებელ დაპირებებს (მაგალითად, „ყველაფერი უფასო იქნება“). როდესაც მოქალაქეს არ ესმის, რომ საჯარო ფინანსები მისი ფულია, ის ნაკლებად აკონტროლებს ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის ხარჯვას. ეს იგივეა, რაც კორუფციისადმი ტოლერანტობა. ადამიანი თავს გრძნობს არა ქვეყნის თანამესაკუთრედ, არამედ დროებით მაცხოვრებლად, რომელსაც საერთო მომავალზე არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებსა და მშობლებს
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს შეუძლია.
-
- ახსნას, რა განსხვავებაა კერძო და საზოგადოებრივ ქონებას შორის;
- იპოვოს დღგ-ის წილი მარკეტის ქვითარზე;
- მოიყვანოს მის უბანში მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული 3 ობიექტის მაგალითი;
- დაასაბუთოს, რატომ არის ვანდალიზმი საკუთარი ჯიბის დაზიანება.
სამიზნე ცნებებთან კავშირის ცხრილი
| სამიზნე ცნება | თამაში | ცნებასთან კავშირი და სასწავლო შედეგი |
| 1. საზოგადოება | • „სამეფოს ყულაბა“
• „საერთო ყულაბის“ პრინციპი • საკლასო მიკროეკონომიკა |
მოსწავლე გაიაზრებს, რომ საზოგადოება არის საერთო ინტერესებისა და პასუხისმგებლობების მქონე ადამიანთა ერთობა. გადასახადი არის ამ ერთობის არსებობისა და სოლიდარობის მატერიალური საფუძველი. |
| 2. დემოკრატია | • „პიცის ბიუჯეტი“
• თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება • როლური თამაში „ომბუდსმენი“ |
დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები; ეს არის გადაწყვეტილების მიღება დისკუსიით, უმრავლესობის შეთანხმებითა და უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით საერთო რესურსების განაწილებისას. |
| 3. მონაწილეობა | • „ბიუჯეტის დეტექტივები“
• საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა • სამოქალაქო კონტროლი |
მოსწავლე პასიური დამკვირვებლიდან გადადის აქტიური მოქალაქის როლში. მონაწილეობა ნიშნავს არა მხოლოდ გადასახადების გადახდას, არამედ იმის მონიტორინგსაც, როგორ იხარჯება ეს ფული. |
| 4. მდგრადი განვითარება | • ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა
• ვანდალიზმის პრევენცია • ეკონომიკური ეკოლოგია/რესურსები |
მოსწავლე ხვდება, რომ დღეს სწორად დახარჯული და გაფრთხილებული საბიუჯეტო რესურსები უზრუნველყოფს საზოგადოების გრძელვადიან, სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს. |
გადასახადებისა და თანამონაწილეობის სწავლება თამაშის გზით არა უბრალოდ ეკონომიკის, არამედ დემოკრატიისა და პასუხისმგებლობის გაკვეთილიც არის.
სახალისო სიმულაციებით ამ თემის მიწოდებით ჩვენ ვეხმარებით VII-VIII-კლასელებს, გაიზარდონ არა პასიურ დამკვირვებლებად, არამედ საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის გააზრებულ, აქტიურ მოქალაქეებად.
გამოყენებული ლიტერატურა:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა (III თაობა). თბილისი.
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტი.
- ევროპის საბჭო. (2018). დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების საცნობარო ჩარჩო (Reference Framework of Competences for Democratic Culture – RFCDC). სტრასბურგი.
- (2015). Global Citizenship Education: Topics and Learning Objectives. Paris: UNESCO.
- (2018). The Future of Education and Skills: Education 2030 Framework. Paris: OECD Publishing.


