ბავშვის ქცევა ხშირად გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მშობლებსა და მწვრთნელებს არაერთხელ შეუმჩნევიათ თითქოსდა წინააღმდეგობრივი სურათი: ბავშვი არ გისმენს, თვალს არ გაყოლებს, შესაძლოა, პარალელურად სხვა რამითაც იყოს დაკავებული, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ზუსტად ასრულებს მიცემულ დავალებას.
ეს ავტომატურად ურჩობას, უპატივცემულობას ან ყურადღების დეფიციტს არ ნიშნავს. ფსიქოლოგიასა და ნეიროგანვითარებაში ყურადღება მხოლოდ მოსმენას არ გულისხმობს. ბავშვს შესაძლოა უჭირდეს საუბრის მომენტში თვალით კონტაქტის შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს საკმარისი ინფორმაცია მიიღოს, დაამუშაოს და მოქმედებაში გადაიტანოს.
არ გიყურებს, მაგრამ გისმენს
ზოგი ბავშვისთვის თვალებში ყურება საუბრის აუცილებელი პირობა არ არის. პირიქით, თვალით კონტაქტის შენარჩუნებამ შესაძლოა დამატებითი ძალისხმევა მოითხოვოს და მისი ყურადღება უშუალოდ სათქმელიდან გადაიტანოს.
ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს სპორტში. მწვრთნელი ეუბნება ბავშვს: „მარცხნივ გადადი, შემდეგ პასი გააკეთე და სივრცე დაიკავე“. შესაძლოა, ბავშვი იმ წამს მწვრთნელს არც უყურებდეს, მაგრამ თამაშის გაგრძელებისას ზუსტად შეასრულოს ჩამოთვლილი მოქმედებები.
აქ მთავარი კითხვა ის კი არ არის, უსმენდა თუ არა ბავშვი მწვრთნელს – უფრო მნიშვნელოვანია, მიიღო და გამოიყენა თუ არა ინფორმაცია.
ყურადღების დეფიციტი თუ ყურადღების განსხვავებული მართვა
ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობების (მათ შორის ADHD-ს) დროს ბავშვს შესაძლოა უჭირდეს ყურადღების დიდხანს შენარჩუნება, ორგანიზება ან ინსტრუქციის ბოლომდე მიყოლა, მაგრამ ერთი კონკრეტული ქცევა დიაგნოზის დასმის საფუძველი არ არის.
მნიშვნელოვანია მთელი სურათის დანახვა:
- როგორ იქცევა ბავშვი შინ, სკოლაში და სპორტულ გარემოში;
- რამდენად ხშირად ავიწყდება დავალებები;
- რამდენად უშლის ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს.
სპორტი ამ მხრივ განსაკუთრებული „ლაბორატორიაა“, სადაც ბავშვს ერთდროულად უწევს მოძრაობა, სივრცის აღქმა და ინსტრუქციის დამუშავება. ზოგი ბავშვი სიტყვიერ მითითებას არა მაშინვე, არამედ მოქმედების პროცესში ამუშავებს.
მწვრთნელის მთავარი შეცდომა – „არ მისმენ!“
„არ მისმენ“, „ყურადღება გეფანტება“, „ზარმაცი ხარ“ – ბავშვისთვის ყველაზე ადვილად მისაკერებელი იარლიყებია, მაგრამ ასეთი შეფასებები მხოლოდ აძლიერებს პრობლემას.
უმჯობესია მოკლე, კონკრეტული ინსტრუქციის მიცემა და შემოწმება არა იმისა, გიყურებთ თუ არა ბავშვი თვალებში, არამედ იმისა, გაიგო თუ არა დავალება. შეგიძლიათ, სთხოვოთ: „მითხარი, რა უნდა გააკეთო“, – ან უბრალოდ მისცეთ შესაძლებლობა, ეს მოქმედებით აჩვენოს.
ასევე, მოძრაობა ყოველთვის ყურადღების გაფანტვას არ ნიშნავს. ბავშვი, რომელიც სკამზე ვერ ჩერდება ან ხელში რაღაცას ატრიალებს, შესაძლოა, უბრალოდ ყურადღებას არეგულირებდეს. უძრავად ჯდომის ან დგომის მოთხოვნა ყოველთვის საუკეთესო მიდგომა არ არის.
როდის არის საჭირო მეტი ყურადღება
თუ ბავშვი რეგულარულად ვერ ასრულებს მარტივ მითითებებს, ხშირად ეკარგება ნივთები, ადვილად ეფანტება ყურადღება და ეს ყველაფერი შინ, სკოლაში თუ სპორტში მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის, ურიგო არ იქნება, ფსიქოლოგს, პედიატრს ან განვითარების სპეციალისტს მიმართოთ კონსულტაციისთვის. მთავარია, ერთი ქცევის საფუძველზე ნაჩქარევი დასკვნა არ გამოიტანოთ.
მთავარი გზავნილი მშობლებისა და მწვრთნელებისთვის
ბავშვის ყურადღების შეფასებისას მხოლოდ იმას ნუ დავაკვირდებით, გვიყურებს თუ არა თვალებში. დავაკვირდეთ იმას, გაიგო თუ არა, დაიმახსოვრა თუ არა და შეასრულა თუ არა.
ზოგჯერ ბავშვი არ გვაძლევს იმ სიგნალს, რომელსაც ველოდებით, მაგრამ მოედანზე პასუხს მოქმედებით გვცემს, რადგან ბავშვის ყურადღება ყოველთვის არ გამოიყურება ისე, როგორც უფროსებს წარმოუდგენიათ.


