ფიზიკა აღწერს, ხსნის და პროგნოზირებს სამყაროში მიმდინარე ბუნებრივ თუ ხელოვნურ პროცესებს, გვასწავლის დაკვირვებას, ფიქრს, კითხვის დასმას და მიზეზშედეგობრივი კავშირების ძიებას. ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების უდიდესი ნაწილი ადამიანის თვალისთვის უხილავია. ვერ ვხედავთ ელემენტარულ ნაწილაკებს, ატომებს, მოლეკულებს, ელექტრომაგნიტურ თუ გრავიტაციულ ველებს, სივრცე-დროის ცვლილებებს. სწორედ უხილავის კვლევა ხდის ფიზიკას მეტად საინტერესოს და გამოწვევებით ავსებს. მათზე დაკვირვება და მეცნიერული შესწავლა კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს. კვლევით საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წარმოსახვას – უნარს, თვალით უხილავი, გონებაში წარმოვიდგინოთ. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია ანალოგიების მეთოდი. მრავალ შემთხვევაში ანალოგია არ არის ზუსტი, მაგრამ გვეხმარება მოვლენის არსის გაგებასა და ინტუიციური წარმოდგენის შექმნაში.
უხილავ და ძნელად წარმოსადგენ ფიზიკურ პროცესებს მიეკუთვნება გრავიტაციული ტალღები, რომლებიც მასიური ობიექტების მოძრაობისას წარმოიქმნება და სივრცე-დროის სტრუქტურაში ტალღების სახით ვრცელდება. მათი არსებობა თეორიულად დიდი ხნის წინ იყო ნავარაუდევი, დაკვირვება კი მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გახდა შესაძლებელი. მოზარდებს განსაკუთრებით ხიბლავთ იდუმალებით მოცული თემატიკა და თეორიები. სასკოლო სივრცეში გრავიტაციული ტალღების იდეის გააზრება და წარმოდგენა შესაძლებელია ანალოგიების მარტივი ექსპერიმენტის საშუალებით.
გრავიტაციული ტალღების შესწავლა განსაკუთრებით რთულია, რადგან ისინი სივრცე–დროის სტრუქტურის ცვლილებას წარმოადგენენ. ჩვენ სივრცეს სტაბილურად, დროს კი მიმდინარედ აღვიქვამთ, ამიტომ მათი ერთდროული რხევა ინტუიციურად ძნელი წარმოსადგენია.
გრავიტაციული ტალღები უკიდურესად სუსტია. როდესაც ისინი დედამიწას აღწევენ, სივრცე-დროის ცვლილება ატომის ზომაზე გაცილებით მცირეა. მათზე დაკვირვება მხოლოდ უზუსტესი სამეცნიერო მოწყობილობებით არის შესაძლებელი. სასკოლო გარემოში მსგავსი ექსპერიმენტი წარმოუდგენელია. ანალოგიის მეთოდი საშუალებას გვაძლევს, უხილავი და აბსტრაქტული პროცესი გადავიტანოთ ისეთ სისტემაში, რომელიც მოსწავლისთვის მარტივია და თვალით დაკვირვებადი, გვეხმარება გავიაზროთ, რომ მასიური ობიექტების მოძრაობა არ ხდება „სიცარიელეში“ და გარემოს ტალღურ ცვლილებებს იწვევს.
ანალოგია არ წარმოადგენს გრავიტაციული ტალღების ზუსტ ფიზიკურ აღწერას და არ ისახავს მიზნად მათემატიკური სიზუსტით კვლევას. მსგავსი მიდგომა შინაარსობრივად ამდიდრებს სწავლა-სწავლების პროცესს, ამყარებს კავშირს თანამედროვე ფიზიკის რთულ ცნებებსა და სასკოლო გამოცდილებას შორის, მოსწავლეს უვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ხელს უწყობს მეცნიერებაში მოდელების როლისა და მათი შეზღუდვების გაცნობიერებას.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ NASA-ს K-12 რესურსებიდან წარმოდგენილი ანალოგიების მარტივი ექსპერიმენტის მოდელს, რომელიც იმიტირებულად ასახავს ორი შავი ხვრელის შეჯახებას, ამის შედეგად წარმოქმნილ გრავიტაციულ ტალღებს და სივრცე-დროში მათ გავრცელებას.
გრავიტაციული ტალღების თემა სასკოლო პროგრამის ფარგლებს სცდება. მისი განხილვა საინტერესო საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს არაფორმალურ სასწავლო სივრცეში – სასკოლო წრეებსა და STEAM კლუბებში. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, ექსპერიმენტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გააერთიანოს ფიზიკური ცოდნა, მეცნიერული ფიქრი, წარმოსახვა და გაიაზროს, როგორ შეიძლება აბსტრაქტული ფიზიკური კონცეფციების გარდაქმნა პრაქტიკულ კვლევით საქმიანობად.
საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა წამოაყენა თეორია, რომ ნებისმიერი ობიექტი მოძრაობისას სივრცე-დროში ქმნის ტალღებს, რომლებიც ყველა მიმართულებით ვრცელდება. შედარებისთვის შეიძლება მოვიყვანოთ წყლის ზედაპირზე დაცემული კენჭის მიერ წარმოქმნილი ტალღების მაგალითი. აინშტაინს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ 1.3 მილიარდი წლის წინ ერთმანეთს შეეჯახა ორი მასიური შავი ხვრელი. შეჯახების შედეგად წამის მეასედში გამოთავისუფლდა უზარმაზარი ენერგია (დაახლოებით 50-ჯერ უფრო კაშკაშა, ვიდრე ხილული სამყაროს ყველა ვარსკვლავი ერთად) და წარმოქმნა გრავიტაციული ტალღები. 2015 წლის 14 სექტემბერს მკვლევრებმა ეს ტალღები ლაზერული ინტერფერომეტრული გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (LIGO) საშუალებით დააფიქსირეს. LIGO-ს აღმოჩენით დაიბადა მეცნიერების ახალი დარგი: გრავიტაციული ტალღების ასტრონომია.
LIGO ვაშინგტონსა და ლუიზიანაში მდებარე ობიექტებისგან შედგება. თითოეული ობსერვატორია იყენებს ლაზერულ სხივს, რომელიც იყოფა და ოთხი კილომეტრი სიგრძის ორ „მკლავში“ ვრცელდება. ლაზერული სხივი ზუსტად განსაზღვრავს მანძილს თითოეული „მკლავის“ ბოლოში განთავსებულ სარკეებს შორის. გრავიტაციული ტალღების გავლისას სარკეები ოდნავ მოძრაობს, რის გამოც მათ შორის მანძილი იცვლება. LIGO იმდენად მგრძნობიარეა, რომ პროტონის სიგანის 1/10 000-ზე (10-19 მეტრი) ნაკლები ცვლილების აღმოჩენაც კი შეუძლია. ორი ობსერვატორიის ერთმანეთისგან შორს განთავსება მკვლევრებს საშუალებას აძლევს, დაახლოებით განსაზღვრონ ტალღების მიმართულება და გაარკვიონ, სიგნალი კოსმოსიდან მოდის თუ მიწისძვრით ან ახლომდებარე ობიექტის, მაგალითად, მძიმე სატვირთო მანქანის გავლით არის გამოწვეული.
NASA-ს სასწავლო ექსპერიმენტი შექმნილია როგორც თანამედროვე გრავიტაციული ტალღების კვლევის LIGO-ს დეტექტორს მიმსგავსებული მარტივი ანალოგია. სასკოლო მოდელი, რა თქმა უნდა, არ იყენებს ნამდვილ ინტერფერომეტრს და გრავიტაციულ სიგნალებს – ის გვაჩვენებს ძირითად პრინციპს: როგორ იწვევს მასიური ობიექტების მოძრაობა სივრცე-დროის „რხევას“. ასეთი ანალოგია საშუალებას მისცემს მოსწავლეს, გაცნობიეროს LIGO-ს ფუნდამენტური იდეა, მოდელის შეზღუდვები და ვიზუალურად გაიაზროს სივრცე-დროის რხევის კონცეფცია.
სასკოლო ექსპერიმენტში მოდელზე მუშაობა შესაძლებელია წყვილებში, ჯგუფებში ან დემონსტრირების საშუალებით.
ექსპერიმენტისთვის საჭირო რესურსები
- ჟელატინი (გამჭვირვალე ან ღია ყვითელი)
- გამჭვირვალე, გლუვი მინის საცხობი ფორმა
- ბრტყელი პორტატიული ზედაპირი
- პატარა სარკე
- ფოლადის ორი პატარა გაპრიალებული ბურთულა ან სფერული ფორმის გლუვი კენჭი
- ლაზერული მაჩვენებელი (წითელი ან მწვანე)
- ლაზერული სამიზნის ბარათი (მუყაოს ეკრანი ლაზერის სხივზე დასაკვირვებლად)
ლაზერული სამიზნის ბარათის შაბლონი (NASA JPL)
უსაფრთხოების შენიშვნა: ლაზერი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს, მას თვალის ბადურას დაზიანება შეუძლია. მოარიდეთ მოზარდები თვალებთან ლაზერის პირდაპირ კონტაქტს და სიფრთხილე გამოიჩინეთ სარკისკენ ლაზერის მიმართვისას, რათა თავიდან აიცილოთ ლაზერის სხივის თვალში შემთხვევითი არეკვლა.
ექსპერიმენტის მსვლელობა
- მოამზადეთ ჟელატინი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად და ჩაასხით მინის გამჭვირვალე საცხობ ფორმაში. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჟელატინის ფენა საკმარისად სქელი იყოს (სარკე მასში ჩასმისას უმეტესწილად ან მთლიანად უნდა დაიფაროს).
- ჟელატინის ერთ კუთხეში, კიდეებიდან დაახლოებით ერთი სანტიმეტრის მოშორებით, მოათავსეთ ერთი ბურთულა (ან კენჭი) და ადროვეთ, რომ ფსკერამდე დაეშვას.
- დაელოდეთ ჟელატინის გამკვრივებას.
- ბურთულას მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით 45°-იანი კუთხით, ჟელატინში მოათავსეთ სარკე. სარკემ ჟელატინის ზედაპირი და მთლიანობა არ უნდა დააზიანოს.
- მიმართეთ ლაზერის სხივი ჟელატინის გავლით სარკისკენ ბურთულასთან ყველაზე ახლოს მდებარე მხრიდან. ლაზერის მაჩვენებელი დაამაგრეთ ისე, რომ მისი მდებარეობა ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ შეიცვალოს (მაგალითად, წიგნზე ან რაიმე მყარ ნივთზე წებოვანი ლენტის გამოყენებით).
- ლაზერული სამიზნის ბარათი მოათავსეთ ჟელატინის გარეთ, სარკიდან არეკლილი სხივების გასწვრივ (ბარათი მყარად დაამაგრეთ, რომ ექსპერიმენტის დროს არ იმოძრაოს).
- როდესაც ლაზერი და სამიზნის ბარათი სტაბილურად არის მოთავსებული, ჟელატინში ჩაძირულ პირველ ბურთულასთან ზემოდან ჩააგდეთ მეორე ბურთულა და სამიზნის ბარათზე დააკვირდით ლაზერის სხივის გადაადგილებას.
ამ ექსპერიმენტზე დაკვირვება შესაძლებელია თანმიმდევრულად შემდეგი ვიდეოების საშუალებით:
რას აკვირდება მოსწავლე
ამ მოდელში ჟელატინი წარმოადგენს სივრცე-დროს, ბურთულების დაჯახება კი ორი შავი ხვრელის შეჯახების ანალოგიას. ჟელატინში ვიბრაციები უნდა მივიჩნიოთ გრავიტაციული ტალღებით გამოწვეულ სივრცის რხევებად. ლაზერული სამიზნის ბარათზე სხივის მოძრაობა გრავიტაციული ტალღების არსებობაზე მიუთითებს. სანამ ჟელატინში დამატებითი ბურთულა არ ჩამოვარდება, ლაზერის წერტილი ბარათზე სტაბილურ მდგომარეობაშია. ეს მდგომარეობა ასახავს „მშვიდ“ სისტემას, როდესაც გარემოში ცვლილებები არ მიმდინარეობს. მეორე ბურთულას ჩამოვარდნის შემდეგ ლაზერის წერტილი სამიზნის ბარათზე ოდნავ გადაადგილდება. სხივის მოძრაობა დაკავშირებულია ჟელატინში წარმოქმნილ რხევებთან, რომლებიც სარკის მდებარეობასა და მის კუთხეს მცირედით ცვლის. შესაბამისად იცვლება ლაზერის სხივის არეკვლის მიმართულებაც.
რას წარმოადგენს ეს ანალოგია?
ექსპერიმენტში გამოყენებული ჟელატინი წარმოადგენს სივრცე–დროის აღქმისთვის საჭირო რესურსს. როდესაც მასში მოთავსებული ბურთულა (მასიური სხეულის ანალოგი) მეორე ბურთულას ჩამოვარდნის შედეგად მოძრაობას იწყებს, ჟელატინში წარმოიშობა რხევები, რომლებიც ტალღესებურად ვრცელდება.
სარკე ამ მოდელში ასრულებს დეტექტორის როლს. ჟელატინში მიმდინარე რხევები იწვევს ლაზერის სხივის მიმართულების ცვლილებას. ლაზერის სხივი და სამიზნის ბარათი საშუალებას იძლევა, ეს მცირე ცვლილებები თვალისთვის შესამჩნევად დაფიქსირდეს. ექსპერიმენტის მთავარი იდეა ასეთია: მასიური სხეულების აჩქარებული მოძრაობა იწვევს გრავიტაციული ტალღების წარმოქმნას, რაც შეიძლება დაფიქსირდეს შესაბამისი დეტექტორით. ეს მეთოდი გრავიტაციული ტალღების იდეის გააზრებასა და სამყაროს უხილავი მხარის „დანახვაში“ გვეხმარება.
მოდელის დაშვებები და შეზღუდვები
,ჟელატინის ექსპერიმენტი წარმოადგენს გრავიტაციული ტალღების გავრცელების იმიტირებულ ანალოგიას, რომლის მიზანია მოვლენის იდეის გააზრება.
- რეალურ სამყაროში გრავიტაციული ტალღა ვრცელდება არა მყარ მატერიალურ გარემოში, როგორიცაა ჟელატინი, არამედ თვით სივრცე-დროის სტრუქტურაში.
- ექსპერიმენტში ტალღები მექანიკური ბუნებისაა, გრავიტაციული ტალღა კი ფუნდამენტურად განსხვავებული ფიზიკური მოვლენაა.
- რეალური გრავიტაციული ტალღების ამპლიტუდა უკიდურესად მცირეა, მისი დაფიქსირება მოითხოვს უზუსტეს, გიგანტურ დეტექტორებს. სასკოლო ექსპერიმენტში კი ეფექტი მკაფიოა და მასზე დაკვირვება თვალით არის შესაძლებელი.
- მოცემულ მოდელში ვვარაუდობთ, რომ სივრცე-დრო ჟელატინის მიღმა ვრცელდება, ხოლო ლაზერი და ლაზერული სამიზნის ბარათი სივრცე-დროის ნაწილს წარმოადგენს.
- სივრცე-დრო რეალურად უსასრულოა, ექსპერიმენტში კი ის მხოლოდ ჟელატინით არის წარმოდგენილი, რაც მოდელის ერთ-ერთ ძირითად შეზღუდვას წარმოადგენს.
- სივრცე-დროის (ჟელატინის) გაფართოება ლაზერისა და სამიზნის ბარათის ჩათვლით მოითხოვდა გაცილებით დიდ კონტეინერს და ბევრად უფრო დიდი რაოდენობის ჟელატინს.
- ამასთან, ასეთი გაფართოების შემთხვევაში საჭირო გახდებოდა ლაზერის ჟელატინში ხანგრძლივად ჩაძირვა, მისი გამაგრება და ლაზერის ჩართვის ალტერნატიული მეთოდის შემუშავება, რაც სასკოლო პირობებში ძნელი მოსახერხებელია.
ამ შეზღუდვების ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო თვალსაზრისით, რადგან მოზარდები სწავლობენ, რომ მეცნიერებაში მოდელები და ანალოგიები რეალობას კი არ ცვლის, არამედ მის მარტივად გააზრებაში გვეხმარება.
გამოყენებული მასალის შერჩევა
- ექსპერიმენტში გამოყენებულია გამჭვირვალე ან ყვითელი ჟელატინი.
- ეს არჩევანი განპირობებულია იმით, რომ ლაზერის მაჩვენებლის სინათლე (ხშირად წითელი ან მწვანე) სხვა ფერის ჟელატინმა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შთანთქას.
- გამჭვირვალე ან ღია ფერის ჟელატინი უზრუნველყოფს ლაზერის სხივის უკეთეს ხილვადობას და დაკვირვების სიზუსტეს.
სარეკომენდაციო კვლევითი და შემოქმედებითი აქტივობები:
- ექსპერიმენტის ჩაწერა მობილური მოწყობილობით შენელებული კადრების ფუნქციის გამოყენებით, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, დეტალურად დააკვირდნენ რხევების გავრცელებას და მთელ პროცესს;
- ლაზერული სამიზნის ბარათზე საზომი ნიშნების (სმ, მმ ან არასტანდარტული ერთეულები) დამატება;
- ლაზერის წერტილის გადაადგილებაზე დასაკვირვებლად ბურთულას სხვადასხვა სიმაღლიდან ჩამოგდება;
- შედეგების შედარება და იმის განხილვა, როგორ მოქმედებს საწყისი პირობების ცვლილება დაკვირვებულ ეფექტზე.
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
- ექსპერიმენტის დაწყებამდე სასურველია ხანმოკლე საუბარი უხილავ ფიზიკურ მოვლენებსა და მათი შესწავლის მეთოდებზე. ეს მოზარდებს ექსპერიმენტის კონტექსტის გააზრებაში დაეხმარება.
- ყურადღება გაამახვილეთ არა შედეგის მიღებაზე, არამედ დაკვირვების პროცესზე. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ თავად აღწეროს, რას ხედავს, როგორ იცვლება ლაზერის სხივის ქცევა.
- ექსპერიმენტის ეფექტიანობის გასააზრებლად მის პარალელურად ან მომდევნო ეტაპზე სასურველია NASA-ს ვიდეომასალის ჩვენება.
- აუცილებელია საუბარი ანალოგიების შეზღუდვებზე. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მცდარი ინტერპრეტაციებისგან გვაზღვევს.
- ექსპერიმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც კვლევითი დავალების საფუძველი: როგორ იცვლება შედეგი ბურთულის მასის, ჩამოვარდნის სიმაღლის ან სარკის მდებარეობის შეცვლისას.
ექსპერიმენტის იდეის გააზრებისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების დასამყარებლად საჭირო კითხვები:
- როდის იწყებს ლაზერის სხივი მოძრაობას?
- მისი მოძრაობა ერთჯერადია თუ ტალღური ხასიათისა?
- როგორ იცვლება ეფექტი, როცა ბურთულა უფრო მაღლიდან ვარდება?
- რა განსხვავებაა შედეგებში, როდესაც ბურთულების მასები განსხვავებულია?
- რა ემართება ლაზერის სხივს, როდესაც მეორე ბურთულა პირველს ეჯახება? რატომ ხდება ასე?
- როგორ უკავშირდება ლაზერის სხივის მოძრაობა ჟელატინში წარმოქმნილ რხევებს?
- რა არის მოდელის ძირითადი შეზღუდვა?
- როგორ შეიძლება მოდელის გაუმჯობესება, რომ ის უფრო მეტად მიუახლოვდეს რეალურ ფიზიკურ პროცესს?
NASA-ს მიერ შემოთავაზებული ანალოგიებზე დაფუძნებული ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ სწორი დიდაქტიკური მიდგომისა და ორგანიზების პირობებში თანამედროვე მეცნიერების იდეები შეიძლება ხელმისაწვდომი და გასაგები გახდეს სასკოლო გარემოშიც. მსგავსი გამოცდილება მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად გააცნობიეროს რთული ფიზიკური კონცეფციების ძირითადი პრინციპები.
გთავაზობთ ჩემი მოსწავლეების ჩართულობით განხორციელებული ექსპერიმენტის ვიდეოს:
გამოყენებული რესურსები:





