როგორ შეიძლება, საბავშვო ბაღში ბავშვმა თამაშით ისწავლოს უსაფრთხოება, პრევენცია, თავდაცვა, პასუხისმგებლობა და სხვაზე ზრუნვა?
სკოლამდელ განათლებაში ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო უსაფრთხოების გაცნობიერება ყოველდღიური გამოცდილებით. ამ ასაკში ის ბავშვის ყოველდღიურ გამოცდილებაში უნდა გამოიხატოს. როგორ დავიცვა თავი? როგორ დავეხმარო სხვას? ვის მივმართო საფრთხის დროს? როგორ მოვიქცე ისე, რომ საფრთხე თავიდან ავიცილო?
სწორედ ამ მიდგომაზეა აგებული პროექტი „მაშველები და უსაფრთხოება“, რომელიც 4-6 წლის ბავშვებისთვისაა შექმნილი და 7-10 დღის განმავლობაში შეიძლება განხორციელდეს. პროექტის მიზანია, ბავშვებმა გაიცნონ მაშველის პროფესია, ისწავლონ საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მარტივი წესები, გააცნობიერონ სხვისი დახმარების მნიშვნელობა და განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა.
ბავშვისთვის მაშველი საინტერესო და შთამბეჭდავი პროფესიაა. ფორმა, ჩაფხუტი, სამაშველო მანქანა, ციმციმები, რაცია… აღმზრდელს შეუძლია, ბავშვის ბუნებრივი ინტერესი მოქალაქეობრივი ღირებულებების ნაწილად აქციოს: მაშველი ეხმარება – მაშველი ზრუნავს სხვაზე – მაშველი პასუხისმგებელია – მაშველი იცავს სიცოცხლეს – მეც შემიძლია, ვიზრუნო სხვაზე.
ამგვარად, ბავშვი თანდათან აღმოაჩენს, რომ გმირობა მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის ადამიანების თვისება არ არის. ყოველდღიურ ცხოვრებაში გმირობის პატარა ფორმებია მეგობრის გაფრთხილება, სხვისთვის დახმარების გამოძახება, წესის დაცვა, საფრთხის დროს უფროსისთვის მიმართვა და ისეთი მოქმედების თავიდან აცილება, რომელმაც შეიძლება სხვას ზიანი მიაყენოს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოების სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი პრინციპი: ჩვენ არ ვასწავლით კატასტროფის შიშს – ვასწავლით საფრთხის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც სწორედ ამას უსვამს ხაზს. მაშველების თემაზე საუბრისას აქცენტი უნდა დაისვას არა შიშზე, არამედ უსაფრთხოებაზე, მზაობასა და სხვების დახმარებაზე. ეს უკვე პირდაპირ გვაკავშირებს პრევენციის იდეასთან.
ბავშვთან შესაძლებელია ძალიან მარტივი კითხვებით მუშაობა:
- რა შეიძლება იყოს საშიში სახლში?
- რატომ არ უნდა შევეხოთ ელექტროენერგიის წყაროს?
- რატომ არ ვთამაშობთ ასანთით?
- რატომ არ უნდა წავიდეთ წყალთან მარტო?
- რატომ უნდა დავემორჩილოთ უსაფრთხოების წესებს?
- რა უნდა გავაკეთოთ, თუ საფრთხე დავინახეთ?
- ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის?
ადრეულ განათლებაში თავდაცვის ცნება ბავშვის ასაკისა და განვითარების შესაბამისად უნდა განიმარტოს. ეს არ არის ბავშვისთვის ფიზიკური ბრძოლის ან რთული თავდაცვითი ტექნიკის სწავლება. ამ ასაკში თავდაცვა ნიშნავს საკუთარი თავის დაცვას საფრთხისგან, უსაფრთხო ადგილას გადასვლას, სახიფათო ნივთისგან დისტანცირებას, სახიფათო მოქმედებაზე უარის თქმას და სანდო უფროსისთვის დახმარების თხოვნას.
მაგალითად, საფრთხეა – გაჩერდი – დაშორდი – უთხარი უფროსს – საჭიროების შემთხვევაში ითხოვე დახმარება.
ასეთი მარტივი ალგორითმები ბავშვს უყალიბებს განცდას, რომ მას შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების დაცვაში მონაწილეობა. ამავე დროს, ბავშვს ვაცნობთ განსხვავებას რისკსა და დახმარებას შორის. თუ მეგობარი წაიქცა, ბავშვმა არ უნდა სცადოს ისეთი მოქმედება, რომელიც მასაც საფრთხეში ჩააგდებს – მან უნდა შეატყობინოს უფროსს და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ითხოვოს.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნაწილია 112-ის გააზრება. ბავშვები თამაშის საშუალებით სწავლობენ, რომ არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც საგანგებო სიტუაციებში დახმარებისთვის მიმართავენ. პროექტში ამისთვის იქმნება „112-ის მინიცენტრი“ სათამაშო ტელეფონებით, გადამცემებითა და ყურსასმენებით. ბავშვმა უნდა აღმოაჩინოს, რომ 112 არის საგანგებო დახმარებისთვის და არა სათამაშოდ ან გასართობად.
პროექტის მთავარი ასპექტი ის არის, რომ უსაფრთხოების დაუფლება შეიძლება სამოქალაქო განათლების სამ მნიშვნელოვან მიმართულებას დაუკავშირდეს.
- დაცვა
ბავშვი ისწავლის:
- როგორ დაიცვას საკუთარი თავი;
- როგორ ამოიცნოს საფრთხე;
- ვის მიმართოს დახმარებისთვის;
- როგორ მოიქცეს საგანგებო სიტუაციაში.
- პრევენცია
ბავშვი ისწავლის:
- საფრთხის წინასწარ ამოცნობას;
- უსაფრთხოების წესების დაცვას;
- რისკიანი ქცევის თავიდან აცილებას;
- საკუთარ და სხვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას.
- დახმარება და სოლიდარობა
ბავშვი ისწავლის:
- სხვისი გასაჭირის შემჩნევას;
- დახმარების თხოვნას;
- მეგობრის გაფრთხილებას;
- თანამშრომლობას;
- სხვაზე ზრუნვას.
პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ თემა ბავშვების ინტერესიდან განვითარდეს. აღმზრდელი არ იწყებს ხანგრძლივი ახსნით: დღეს ვისწავლით სამოქალაქო უსაფრთხოებას. ის ბავშვებს ეკითხება:
შემდეგ კითხვები თანდათან რთულდება:
- წარმოიდგინეთ, რომ პატარა კნუტი ხეზე ძალიან მაღლა აძვრა და ჩამოსვლა ვერ შეძლო… ან ვიღაცას გასაღები სახლში დარჩა და კარი ჩაეკეტა. ვის შეუძლია ასეთ დროს შველა?
- ოდესმე გინახავთ ან გიგრძვნიათ, რომ ვინმეს სასწრაფოდ სჭირდებოდა დამხმარე? რა დროს ხდება ხოლმე ეს?
- როცა ქუჩაში მიდიხართ და უცებ გესმით სირენის ხმა: ვი-უ, ვი-უ! – და ხედავთ კაშკაშა ლურჯ-წითელ ციმციმებს, რა გრძნობა გიჩნდებათ? თქვენი აზრით, საით მიჩქარის ეს მანქანა?
- არსებობენ თუ არა ნამდვილი სუპერგმირები რეალურ ცხოვრებაში, რომლებსაც სუპერძალები არ აქვთ, მაგრამ მაინც შეუძლიათ ადამიანების გადარჩენა?
- როდესაც ეზოში ან პარკში თამაშობთ და წაიქცევით, ვის მიმართავთ ხოლმე პირველად?
- როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი მაშველია?
- რა ნივთები სჭირდება მაშველს?
- რა თვისებები სჭირდება მაშველს?
- ჩვენ როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სხვას?
ამ კითხვების საფუძველზე ბავშვებთან ერთად იქმნება გონებრივი რუკა „მაშველი“, რომლის შეცვლაც და შევსებაც პროექტის განმავლობაში შესაძლებელია. ეს უკვე არის ბავშვის მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების პირველი გამოცდილება.
პროექტის მეორე ფაზაში ბავშვები აღარ არიან მხოლოდ მსმენელები, ისინი პატარა მკვლევრები ხდებიან.
შესაძლებელია:
- მაშველის სტუმრობა ბაღში;
- სახანძრო-სამაშველო ნაწილში ვიზიტი;
- სამაშველო ნივთების გაცნობა;
- როლური თამაშები;
- სამაშველო დაბრკოლებების ზოლის შექმნა;
- უსაფრთხოების კუთხის შექმნა;
- მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება.
ბავშვები გაიცნობენ ჩაფხუტს, თოკს, ფარანს, რაციას, ჩაატარებენ მაშველებთან ინტერვიუს. განსაკუთრებით ღირებულია რეალურ პროფესიონალთან შეხვედრა, რადგან ბავშვი ხედავს, რომ მაშველი არ არის მულტფილმის „სუპერგმირი“ – ის არის რეალური ადამიანი, რომელიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს იყენებს სხვების დასახმარებლად.
ძალიან საინტერესოა კითხვა: რა არის მაშველის ყველაზე დიდი სუპერძალა – სისწრაფე, ძალა, ყურადღება თუ სიკეთე? ერთი შეხედვით, ეს სახალისო შეკითხვაა, მაგრამ სინამდვილეში მას ბავშვები ღირებულებების გააზრებამდე მიჰყავს.
მაშველი შეიძლება იყოს ძლიერი, მაგრამ მას ასევე სჭირდება სიმამაცე – ყურადღება – თანაგრძნობა – თვითკონტროლი – პასუხისმგებლობა – თანამშრომლობა.
აქ პროექტი ბუნებრივად უკავშირდება სოციალურ-ემოციურ განვითარებას.
ბავშვი სწავლობს:
- სხვისი ემოციის ამოცნობას;
- თანაგრძნობას;
- დახმარების სურვილს;
- საკუთარი შიშის მართვას;
- გუნდურად მოქმედებას;
- პასუხისმგებლობას.
ამიტომ მაშველების პროექტი იმავდროულად შეიძლება იყოს სამოქალაქო განათლების, სოციალური-ემოციური განვითარების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, გარემოს შესწავლისა და ასევე STEM-კომპეტენციების განვითარების სივრცეც.
ბაღის ეზოში შესაძლებელია მოეწყოს პატარა „სამაშველო ბაზა“.
ბავშვები ქმნიან:
- სამკერდე ნიშნებს;
- მუყაოს რაციას;
- სამაშველო მანქანის მოდელებს;
- უსაფრთხოების ნიშნებს;
- „112“-ის კუთხეს.
შემდეგ ეწყობა უსაფრთხო დაბრკოლებების ზოლი – რბილი გვირაბი, თოკები, დაბრკოლებები და „დაზარალებული“ სათამაშო. აქ მნიშვნელოვანია ერთი პრინციპი: ბავშვი არ თამაშობს რეალურ საფრთხეს – ის თამაშით სწავლობს, როგორ აირიდოს საფრთხე. ეს არის უსაფრთხო სიმულაცია.
პროექტი შეიძლება STEM-საც დაუკავშირდეს. მაგალითად, ბავშვები იკვლევენ, რატომ ჩანს მაშველი სიბნელეში. ამრეკლი მასალის სახალისო ექსპერიმენტით, კვლევით ბავშვები აკვირდებიან, როგორ ირეკლება სინათლე და რატომ არის მნიშვნელოვანი მაშველის ხილვადობა.
შემდეგ შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ არ იძირება სამაშველო რგოლი?
წყლითა და სხვადასხვა მასალით ჩატარებული მარტივი ექსპერიმენტი ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, დაკვირვებით აღმოაჩინონ, როგორ ეხმარება ჰაერით სავსე მასალა ტივტივში. ასევე შესაძლებელია ხმის, წყალგაუმტარი მასალების, თოკის სიმტკიცისა და სხვა თვისებების შესწავლა. ამგვარად, ბავშვისთვის სამაშველო ნივთი აღარ არის უბრალოდ მაშველის ჩანთაში ჩადებული საგანი, ის კვლევის ობიექტი ხდება.
პროექტში მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი საინტერესო აქტივობაა „ჩემი ოჯახის უსაფრთხოების ჩანთა“. ბავშვი მშობელთან ერთად ამზადებს პატარა ჩანთას და შემდეგ ბაღში განმარტავს, რისთვის გამოიყენება თითოეული ნივთი.
ბავშვი და მშობელი ერთად ქმნიან ნახატს ან კოლაჟს, რომელშიც ასახავენ სახლში უსაფრთხოების წესებს. მაგალითად, რატომ არ უნდა შევეხოთ დენის წყაროს და ასანთს და სად ინახება პირველადი დახმარების ყუთი. აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ: უსაფრთხოების ცოდნა ბაღიდან ოჯახში გადადის.
ბავშვი იწყებს სახლში კითხვების დასმას:
- სად არის ჩვენი პირველადი დახმარების ჩანთა?
- სად არის ფარანი?
- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რამე მოხდა? ეს კი უკვე უსაფრთხოების კულტურის ფორმირებაა.
პროექტის დასასრულს ბავშვებს შეიძლება ვკითხოთ:
- თუ მეგობარი წაიქცა, რას იზამ?
- თუ საფრთხე დაინახე, ვის ეტყვი?
- თუ დაიკარგე, ვის მიმართავ?
- თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, როგორ მოიქცევი?
- რატომ არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების წესების დაცვა?
- რას ნიშნავს სხვაზე ზრუნვა?
- რატომ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების უსაფრთხოებაც?
ეს კითხვები ბავშვს ცოდნიდან ქცევაზე გადაჰყავს. საბოლოო ღონისძიებაში ბავშვებს შეუძლიათ, სხვა ჯგუფებსა და მშობლებს აჩვენონ, როგორ ხდება 112-ის გამოძახება, როგორ ეხმარებიან მეგობარს და როგორ მუშაობენ „მაშველთა გუნდში“.
პროექტის ბოლოს რეფლექსია მხოლოდ კითხვაზე „რა ვისწავლეთ?“ არ უნდა შეჩერდეს. ბავშვებს შეიძლება ვკითხოთ:
- შენ რომ მაშველის სუპერძალა გქონდეს, ვის დაეხმარებოდი?
- როდის დაგეხმარებია მეგობარი?
- შენ როგორ დაეხმარე სხვას?
- რა იზამ, თუ ვინმე საფრთხეშია?
ბავშვმა უნდა გაიაზროს საკუთარი დახმარების გამოცდილება და ის ემოცია, რომელიც სხვაზე ზრუნვას ახლავს. ამ მომენტში პროექტი უკვე სცდება „მაშველების თემას“. ის ბავშვს ეუბნება: მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ზრუნვა, მე შემიძლია საფრთხის ამოცნობა, მე შემიძლია დახმარების თხოვნა, მე შემიძლია, სხვასაც დავეხმარო, მე ვარ ჩვენი ჯგუფის პასუხისმგებელი წევრი.
ამიტომ პროექტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ადრეული სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული მოდელი:
| უსაფრთხოება – თავის დაცვა |
| პრევენცია – საფრთხის თავიდან აცილება |
| თავდაცვა – უსაფრთხო ქცევის არჩევა |
| პასუხისმგებლობა – საკუთარი ქმედების შედეგების გააზრება |
| სოლიდარობა – სხვისი დახმარება |
| თანამშრომლობა – გუნდურად მოქმედება |
| მონაწილეობა – გადაწყვეტილებებსა და აქტივობებში ჩართვა |
მაშველების შესახებ პროექტი მხოლოდ იმიღ არ არის ღირებული, რომ ბავშვი სწავლობს, ვინ არის მაშველი ან რა ნომერზე უნდა დარეკოს. მისი მთავარი მიზანია ბავშვისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, სადაც ის აღმოაჩენს, რომ:
- უსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობაა.
- პრევენცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრთხის შემდეგ რეაგირება.
- სხვისი დახმარება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.
- თავის დაცვა ნიშნავს გონივრული და უსაფრთხო გადაწყვეტილების მიღებას.
- მამაცობა არ ნიშნავს საფრთხეში უგუნურად შესვლას – ზოგჯერ ყველაზე მამაცური გადაწყვეტილება დახმარების თხოვნაა.
რაც მთავარია, ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ „გმირი“ მხოლოდ ის არ არის, ვინც სამაშველო მანქანით მიდის. გმირობა შეიძლება დაიწყოს ძალიან პატარა მოქმედებით: მეგობრის გაფრთხილებით, უფროსისთვის დახმარების თხოვნით, წესის დაცვით ან სხვისი უსაფრთხოების გათვალისწინებით.
სწორედ ასე იწყება ადრეული სამოქალაქო განათლება: არა რთული ტერმინებით, არამედ ბავშვის ყოველდღიური ცხოვრებიდან, თამაშიდან, კითხვიდან, ურთიერთობიდან და ისეთი გამოცდილებიდან, რომელიც მას ასწავლის: მე შემიძლია ვიზრუნო საკუთარ თავზე, სხვებზე და იმ გარემოზე, რომელშიც ერთად ვცხოვრობთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტი.
- NAEYC (National Association for the Education of Young Children) -სკოლამდელი განათლების პრაქტიკული რეკომენდაციები.
- UNICEF Georgia – ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდური მასალები.



