ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026
18 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2026

წინადადების სტრუქტურული სქემების აგების უნარის განვითარება დაწყებით საფეხურზე

წინადადების სტრუქტურული სქემების აგების სწავლება მოითხოვს თანმიმდევრულ მეთოდურ მიდგომას, რომელიც გაითვალისწინებს მოსწავლეთა მზაობას, მათი ცოდნისა და უნარების ეტაპობრივი განვითარების საჭიროებას. პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სქემის ფორმას, გამოყენებულ კითხვებსა და დავალებათა თანმიმდევრობას.

საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სქემა არ იყოს დატვირთული ზედმეტი ინფორმაციით. ამ დროს მთავარი ამოცანაა, მოსწავლემ დაინახოს, რომ სიტყვები წინადადებაში გარკვეული მიმართებით უკავშირდებიან ერთმანეთს და წინადადების მთლიანი აზრობრივი სტრუქტურა ამ მიმართებების საფუძველზე იქმნება. თუმცა მიზანშეწონილია თავიდანვე გავითვალისწინოთ ასპექტები, რომელთაც დაეფუძნება შემდგომში გრამატიკული ცოდნა. დაწყებით საფეხურზევე მასწავლებელს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ წინადადებაში სიტყვებს შორის არსებული მიმართებების დანახვა და გააზრება ქმნის საფუძველს, რომელიც შემდგომში მოსწავლეებს გაუადვილებს წინადადების წევრთა შორის არსებული მორფო–სინტაქსური დამოკიდებულების გაცნობიერებას.

სქემებზე მუშაობის ამოცანა წინადადების შინაარსობრივი და გრამატიკული სტრუქტურის თანდათანობით გააზრების ხელშეწყობაა. საყურადღებოა, რომ სქემების მეშვეობით თვალსაჩინოს ვხდით წინადადების შიგა კონსტრუქციულ მექანიზმს, რომელიც არ ემთხვევა სიტყვათა თანმიმდევრობას წინადადებაში. ამ მოსაზრებით, მიზანშეწონილია, პირველ სქემებშივე წარმოვაჩინოთ წინადადების იერარქიული სტრუქტურა, ზმნა–შემასმენლის, როგორც კონსტრუქციული ცენტრის, როლი წინადადების ფარგლებში. თუმცა ამის დეკლარირება მოცემულ ეტაპზე არ არის საჭირო. სასურველია, შესაბამისი წარმოდგენა თანდათან, პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე ჩამოყალიბდეს. სქემების დახმარებით მოსწავლეები ეტაპობრივად გააცნობიერებენ, რომ ყველა სიტყვა წინადადებაში აზრობრივად რომელიმე სხვა სიტყვას მიემართება; რომ წინადადების ყოველი წევრი, პირდაპირ ან სხვა წევრების მეშვეობით, ზმნას უკავშირდება. ამ გზით თანდათან ჩამოყალიბდება სიტყვათა შორის სინტაქსური კავშირების გააზრება, წინადადების გრამატიკული აგებულების აღქმა.

წინადადების წევრებს შორის იერარქიული მიმართება სქემაში სიტყვათა სივრცობრივი განლაგების მეშვეობით უნდა ვაჩვენოთ. თვალსაჩინოებისათვის სქემაში ზმნა–შემასმენელი ზედა, ცენტრალურ პოზიციას იკავებს, ხოლო ყველა დანარჩენი სიტყვა იმ სიტყვის ქვემოთ განთავსდება, რომელსაც სინტაქსურად ექვემდებარება.

პირველ სქემაში მინიმალური გრაფიკული საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. შესაძლებელია ისინი უკვე შევსებული სახით წარვუდგინოთ მოსწავლეებს და შევთავაზოთ, რომ სქემაში წარმოდგენილ სიტყვებს შეუსაბამონ და მიუწერონ კითხვები. საწყის ეტაპზე, სასურველია, მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს მომზადებული გავრცობილი კითხვები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გავრცობილი ფორმით წარმოდგენილ კითხვებში უშუალოდ კითხვითი სიტყვის შემდეგ გაჟღერდება სიტყვა, რომელსაც მოცემული სიტყვა უშუალოდ უკავშირდება. ამ ხერხის გამოყენებით მოსწავლეებს შემდგომში გავუიოლებთ წინადადების სქემის დამოუკიდებლად აგების უნარს.

ბიჭი წიგნს კითხულობს.

  • რას შვრება ბიჭი?
  • ვინ კითხულობს?
  • რას კითხულობს?

 

დათომ დედას ლამაზი თაიგული აჩუქა.

  • რა ქნა დათომ?
  • ვინ აჩუქა დედას თაიგული?
  • რა აჩუქა დედას დათომ?
  • როგორი თაიგული?

სქემების შექმნის უნარის განვითარების შემდგომ ეტაპზე პროდუქტიული იქნება, თუ მოსწავლეებს მივაწვდით უკვე შევსებულ სქემებს, რომლებზე დაყრდნობითაც ისინი თავად ჩამოაყალიბებენ სქემაში შემავალი სიტყვის შესაბამის გავრცობილ კითხვას.

გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაწილობრივ შევსებული სქემები, სადაც კითხვის მეშვეობით იქნება მინიშნებული შესაბამისი წევრი. ვთხოვოთ მოსწავლეებს მიუწერონ კითხვას შესაბამისი წევრი.

ეზოში ჭრელი პეპელა დაფრინავს.

ამგვარ სქემებში მოსწავლეებს შეიძლება მივცეთ რამდენიმე სიტყვა, რათა შეარჩიონ ერთ–ერთი (ეზოში, მინდორში, ველზე, ფანჯარასთან…; ლამაზი, ჭრელი, ცისფერი…). მოსწავლეების მზაობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დავალება გავართულოთ ასარჩევ სიტყვებში აზრობრივად ან ფორმობრივად შეუსაბამო სიტყვების ჩართვით. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილი იქნება დავალება მივცეთ ინდივიდუალურად.

სქემების დამოუკიდებლად შექმნის უნარის ჩამოყალიბების გზაზე მიზანშეწონილია პერიოდულად მასწავლებელმა ხმამაღლა ფიქრის მეთოდის გამოყენებით თვალსაჩინო გახადოს პროცესი. კონკრეტული წინადადების შესაბამისი პირველი დამოუკიდებელი სქემების აგებაზე გადასვლამდე, სასურველია, მოსწავლეებს ჰქონდეთ წინასწარ მომზადებული ცარიელი სქემების შევსების პრაქტიკა. ასეთ სქემებში შესაბამისი სიტყვები მინიშნებული იქნება კითხვების მეშვეობით, მაგალითად:

ნიამ ფერადი ყვავილები დაკრიფა.

შესასრულებელი დავალების შემდგომი გართულება შესაძლებელია კონკრეტული წინადადებისა და მზა ცარიელი სქემის მიწოდებით, რომელშიც უკვე აღარ იქნება მითითებული კითხვები. ამოცანის კიდევ უფრო გართულების მიზნით მოსწავლეებს წინადადებასთან ერთად შეიძლება შევთავაზოთ 2–3 განსხვავებული ცარიელი სქემა, რომელთაგან მხოლოდ ერთი შეესაბამება წინადადებას. მოსწავლეებმა თავად უნდა შეარჩიონ და შეავსონ შესაბამისი სქემა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წინადადების სტრუქტურული სქემების აგების უნარზე მუშაობა არ არის მოკლევადიანი ამოცანა. ეს ხანგრძლივი და მიზანმიმართული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს:

  • მუშაობა მზა სქემებზე, წინასწარ ფორმულირებული კითხვების შეხამება შესაბამის სიტყვებთან;
  • მზა სქემის მიხედვით კითხვების ჩამოყალიბება;
  • ნაწილობრივ შევსებული სქემის დასრულება;
  • მზა ცარიელი სქემების შევსება კითხვების დახმარებით, შემდეგ კი კითხვების გარეშე;
  • წინადადების სქემის დამოუკიდებლად შევსება.

ამ უნარზე მუშაობის დაწყების დრო და თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მოსწავლეთა ცოდნა–უნარების გათვალისწინებით.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ლ. კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბილისი, 1977
  2. ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის სინტაქსი, ქუთაისი,1996
  3. ლ. გეგუჩაძე, ქართული ენა (სინტაქსის საკითხები), თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010
  4. კ. გაბუნია, მარტივი წინადადების ანალიზის პრინციპები თანამედროვე ქართულში, თბილისი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, 2016
  5. ქართული ენა, ენციკლოპედია, თბილისი, 2008

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“