ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები დაფაზე ცარცით არ იწერება – ისინი გულში რჩება. ეს არის პირველი მეგობრული ღიმილი, გაზიარებული ფანქარი, თანაგრძნობით ნათქვამი „არა უშავს“ და სიხარული, რომელიც მაშინ იბადება, როცა გრძნობ, რომ ვიღაცას ნამდვილად ესმის შენი. სკოლა მხოლოდ ცოდნის ტაძარი არ არის; ის ცოცხალი სივრცეა, სადაც ყოველდღიურად იწერება ადამიანური ურთიერთობების ანბანი – ანბანი, რომელიც ბავშვს ასწავლის, როგორ იყოს საკუთარი თავისა და სხვების ერთგული მეგობარი.
სკოლა მხოლოდ ის ფენომენი არ არის, სადაც ბავშვი კითხვას, წერასა და ანგარიშს სწავლობს. აქ ის ყოველდღიურად იძენს საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობის გამოცდილებას: როგორ ამოიცნოს ემოცია, როგორ გამოხატოს სათქმელი, როგორ მოუსმინოს მეგობარს, როგორ გაუმკლავდეს იმედგაცრუებას და როგორ შეძლოს სხვისი განცდების დანახვა. სწორედ ამ უნარების ჩამოყალიბებას ემსახურება ემოციური ინტელექტი.
დაწყებით კლასებში ემოციურ ინტელექტზე მუშაობა განსაკუთრებით ეფექტიანია თამაშის, საუბრის, შემოქმედებითი დავალებებისა და ყოველდღიური სიტუაციებისას. ბავშვს ხშირად უჭირს პირდაპირ თქვას: „ვნერვიულობ“, „მეწყინა“, „გავბრაზდი“ ან „მეშინია“, მაგრამ შეუძლია ეს გრძნობა ფერით, ნახატით, პერსონაჟით ან პატარა ისტორიით გამოხატოს.
- აქტივობა – „ჩემი ემოციის ფერი“
მიზანი: საკუთარ ემოციაზე დაკვირვება, მისი დასახელება და უსაფრთხოდ გამოხატვა.
მსვლელობა: ბავშვები ირჩევენ ფერს, რომელიც იმ მომენტში მათ განწყობას შეესაბამება და ხსნიან საკუთარ არჩევანს.
-
- „დღეს ჩემი ემოცია ყვითელია, რადგან მიხარია.“
- „ჩემი ლურჯია, რადგან ცოტა მოწყენილი ვარ.“
შედეგი: კლასელები ხედავენ, რომ ერთსა და იმავე დროს ადამიანებს შესაძლოა განსხვავებული ემოციები ჰქონდეთ – და ეს სრულიად ბუნებრივია.
- აქტივობა – „როგორ იგრძნობდი თავს, თუ…“
მიზანი: ემპათიის განვითარება და სიტუაციის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი თვალით დანახვა.
მსვლელობა: ბავშვებს ვთავაზობთ სხვადასხვა სიტუაციას განსახილველად:
-
- მეგობრებმა თამაშში არ ჩაგრთეს ან გითხრეს: „შენ ჩვენს გუნდში არ გვინდიხარ“;
- კლასელმა თავისი ფანქარი არ გათხოვა ან შენი ნივთი ნებართვის გარეშე აიღო;
- რაღაც შეგეშალა, შეცდომა დაუშვი ან თამაშში წააგე და კლასელებმა დაგცინეს;
- მეგობარი მოწყენილია და მარტო ზის;
- ახალი მოსწავლე მარტო იდგა, ბავშვები კი თამაშში არ იწვევდნენ;
- მეგობარმა გითხრა, რომ შენი ნახატი უშნო იყო;
- მეგობარმა შენი საიდუმლო სხვებს მოუყვა ან მოცემული დაპირება არ შეასრულა;
- საუბრობდი, მაგრამ მეგობარი არ გისმენდა და სიტყვას გაწყვეტინებდა;
- ორი მეგობარი ერთმანეთს წაეჩხუბა და გაბრაზებულებმა ერთმანეთს ცუდი სიტყვები უთხრეს;
- მეგობარმა შემთხვევით შენი საყვარელი ნივთი გააფუჭა;
- კლასელმა რიგში ადგილი არ დაგითმო და წინ ჩაგიდგა.
შეჯამება: ბავშვები საუბრობენ, რას იგრძნობდნენ თავად და რას შეიძლება გრძნობდეს სხვა ადამიანი. შემდეგ ვსვამთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: „როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ?“ – სწორედ ეს კითხვაა ემპათიის განვითარების მთავარი ნაბიჯი.
- აქტივობა – „კეთილი სიტყვების წრე“
მიზანი: პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება და ერთმანეთის მხარდაჭერა.
მსვლელობა: ბავშვები სხდებიან წრეზე და თითოეული თანაკლასელს ერთ გულწრფელ, კეთილ სიტყვას ეუბნება:
-
- „მომწონს, რომ მეხმარები.“
- „კარგად გამოგდის ხატვა.“
- „მიხარია, როცა ჩემთან თამაშობ.“
შედეგი: აქტივობა ბავშვს აჩვენებს, რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთ კეთილ სიტყვას.
- აქტივობა – „ემოციის დეტექტივი“
მიზანი: ემოციების ამოცნობა და სხვისი ქცევის მიზეზებზე დაფიქრება.
მსვლელობა: ვაჩვენებთ ბავშვებს სხვადასხვა სიტუაციის ნახატს ან ვუკითხავთ პატარა ამბავს. მათ უნდა აღმოაჩინონ:
-
- რას გრძნობს პერსონაჟი?
- რა მიგვანიშნებს ამაზე?
- რატომ შეიძლება გრძნობდეს ასე?
- რა შეიძლება ვუთხრათ ან როგორ დავეხმაროთ?
შედეგი: მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ემოციის დასახელებას, არამედ ქცევის გამომწვევი მიზეზების გაანალიზებასაც.
- აქტივობა – „ჩემი მშვიდობის ყუთი“
მიზანი: საკუთარი ემოციების მართვისა და თვითრეგულაციის სწავლა.
მსვლელობა: კლასში ვათავსებთ პატარა „მშვიდობის ყუთს“, რომელშიც ბავშვები თავად მოათავსებენ დამშვიდების იდეებს:
-
- ღრმად ჩავისუნთქავ;
- ათამდე დავითვლი;
- დავხატავ ჩემს ემოციას;
- მეგობარს ან მასწავლებელს დაველაპარაკები;
- ცოტა ხნით მშვიდად დავჯდები.
შედეგი: როდესაც ბავშვი გაბრაზებული ან აღელვებულია, მას შეუძლია ყუთიდან აირჩიოს ერთ-ერთი გზა და სცადოს საკუთარი ემოციის მართვა.
- აქტივობა – „ემოციების ხე“
მიზანი: ემოციური გამოცდილების გაზიარება და რეფლექსია.
მსვლელობა: კლასის კედელზე ვაკრავთ ხის გამოსახულებას. მოსწავლეები ფოთლის ფორმის ბარათებზე წერენ ან ხატავენ, რას გრძნობენ მაშინ, როცა რაღაც უხარიათ, სწყინთ ან როცა ვინმე ეხმარებათ, შემდეგ კი ამ ბარათებს „ემოციების ხეზე“ ამაგრებენ.
შედეგი: ხე კლასის საერთო ემოციურ სარკედ იქცევა და ბავშვებს ასწავლის, რომ ნებისმიერი განცდის გაზიარება მნიშვნელოვანია.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ემოციური ინტელექტის განვითარება ერთჯერადი გაკვეთილი არ არის. ის იქმნება ყოველდღიურ ურთიერთობაში – მაშინ, როდესაც ბავშვს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისაუბროს საკუთარ განცდებზე, ვუსმენთ განსჯის გარეშე და ვასწავლით, რომ ნებისმიერი ემოციის გამოხატვა შეიძლება მისაღები ფორმით.
ბავშვი, რომელიც თანდათან სწავლობს საკუთარი ემოციების ამოცნობასა და მართვას, უფრო ადვილად თანამშრომლობს, აგვარებს კონფლიქტს, გამოხატავს საკუთარ საჭიროებებს და ამჩნევს სხვების განცდებსაც. ამიტომ ემოციურ ინტელექტზე მუშაობა არ არის სასწავლო პროცესისგან განცალკევებული საქმიანობა – ეს თავად სწავლების ნაწილია.
როდესაც კლასში ბავშვი გრძნობს, რომ შეუძლია თქვას – „მეწყინა“, „მეშინია“, „დახმარება მჭირდება“, „მიხარია“ – და იცის, რომ მას მოუსმენენ, იქმნება გარემო, სადაც სწავლაც უფრო მშვიდი, უსაფრთხო და ბედნიერი ხდება. ასე ჩვენ მხოლოდ ცოდნას არ ვაძლევთ ბავშვებს, არამედ ვეხმარებით, უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი და ისწავლონ ერთმანეთის გულის დანახვა.



