კვირა, აგვისტო 25, 2024
25 აგვისტო, კვირა, 2024

„გულწრფელი“ ფერწერა

(ზოგ ქართველ მხატვარზე)

რა გამოარჩევს ნამდვილ მხატვარს? ეკითხებიან ლევან ხარანაულს. შემოქმედებითი გულწრფელობაო, ასეთია მისი პასუხი. ანუ ეს არის არა პოზა ან გამოგონილი სინამდვილე, არამედ გულიდან წამოსული, განცდილი სინამდვილე და თუ ამას ოსტატობაც ემატება, ჩვენ წინაშეა უკვე დიდი მხატვარი! ესაა მათი თვითმყოფადობაც, უშუალო სათქმელიცა და ეროვნულ გენეტიკაში ჩადებული, ღვთისგან უხვად დაფრქვეული ნიჭიერებაც…

ნიკალა ფიროსმანი „გოგონა საჰაერო ბუშტით“  – იყო ადამიანი. რთულად იცხოვრა, თუმცა წუთისოფლის სიმწარე სიტკბოშიც განაზავა. ბევრი თუ ცოტა განსაცდელი გამოიარა. ბევრმა მიატოვა, ბევრმა აღმოაჩინა, ბევრსაც უყვარდა ბოლომდე, როცა მაუსაფრობამ, სულიერმა თუ ხორციელმა სიცივემ, უსახსრობამ გატეხა. ასე წავიდა, განიბნა თავის მარტოობაში. სიკვდილში პატრონი ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე. წაიღეს და ჩაფლეს სადღაც, ვითომ ღვთისა თუ კაცის წინაშე ნამუსი მოიწმინდეს, როგორც იციან, საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინეს.
…და დარჩა უკვე საფლავი მიტოვებული, უცნობი, კაცი კი ადამიანურიდან უკვე მისტიკურ, მიწის სიმარტოვეში გარდასახული – ისევ ღვთის ანაბარა, წითელბუშტიანი გოგონას დიდ და ნათელ სევდაში.
„იყო და არა იყო რა“ საწუთროში ახალი…
თუმცა იქნებ ღმერთი ადამიანის სახელიცაა, რომელსაც იგი ტოვებს დედამიწაზე?

მარტო ნიკალაზე არ ვწერდი.
ვის რა მოელის?…

დავით კაკაბაძე -„,იმერეთიდედაჩემი 1918 – ადამიანის გონის ეს ზედროული, სივრცითი (თითქოს, შესაქმის) გეომეტრია, წესრიგის სიყვარული და ჩუმი სევდა – ასეა სამშობლო გამოხატული ამ ნახატზე. მშობელივით, უძღებ შვილსაც ხელგაშლილი რომ გელოდება გულში ჩასაკრავად. რატომ ვართ მარადი უძღები შვილები?! ყველაზე მეტ ტკივილს ძალიან ახლობელს რომ ვაყენებთ და იმ გადაშლილ გულს მახვილისთვის რომ ვამზადებთ. მერე ფეხს წამოვკრავთ, ისიც, უცხო სატრფოსთვის მოპარვით ამორთმეული, „ფრთხილად, შვილოო“, რომ ამოიკვნესებს… და რა კარგს უნდა ველოდეთ ჩვენ, დედაშვილობის მადლის დამრღვევნი? ისევ დედა (სამშობლო) თუ შეავედრებს ჩვენს თავს ღმერთს…
იქნებ შეისმინოს? რომ ჩვენს გულებშიც დაბრუნდეს ის ნანატრი მშობლიური სიმყუდროვის განცდა სამყაროსადმი თუ ერთმანეთისადმი, რომელიც ავბედით დღეებში შექმნილ ამ ნახატზეა.
თორემ როდემდე?!…

ლადო გუდიაშვილი ფრესკის ღიმილი – ეს ღიმილი, რაღაცა უცნაური, ქართული სიდარბაისლით, ჯოკონდასას ჩამოუვარდება? ამაოების იმედგაცრუება, მრავალჟამიერი სევდაცაა მასში და მიღმიერის ტრფიალიც. თითქოს, გვეკითხება: ხომ არ დაგძალათ, როგორც მისი ზნე არის, წუთისოფელმაო? ეს სილამაზე, მართლაც, ფრესკულია, უკვე მიმქრალი, ძლივსღა შენარჩუნებული ყოფითობის ხიბლით. წმინდანიც ადამიანი იყო ერთ დროს, გვეუბნება ფილოსოფიური ნახატი და სწორედ ეს ურთულესი მეტამორფოზი, მიწიერის ზეციურში გარდამავლობისა, გაყრისა, იგრძნობა მასში. და ჩაგჩურჩულებს, მოგიწოდებს, გამუნათებს ისევ და ისევ ზოგადსაკაცობრიოს, რომ თუ ვერ შეძელი „…გასვლა მიწიდან, ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს“…

ელენე ახვლედიანის „კახეთი.ზამთარი“  – როცა გიჭირს, სულში სიცივეა და სიმარტოვე, გეუცხოება ყველაფერი, სახლში გინდება დაბრუნება – სადაც გელიან, ენატრები, გულში ჩაგიკრავენ. ასეთი „სახლი“ ჯერ სამშობლოა, მერე ოჯახი და ბოლოს, საკუთარი თავიც. ჩვენ გვაქვს მეტაფიზიკური სამშობლოც და წუთისოფელიც მისკენ სწრაფვისათვის გვეძლევა. ასეა, მოკლედ, ჩვენ სულ მივიჩქარით მატერიალური თუ არამატერიალური „შინისკენ“…
სწორედ ეს განცდაა ელენე ახვლედიანის ამ ნახატზე – როცა სახლში ხარ და გიხარია, სიმშვიდეა და კერიის ჰარმონია, ასე არქაული და მარად განახლებული: ყველა ცოცხალია, ირგვლივ სიყვარულია და ერთმანეთით სისავსე, როგორც ამ ზამთრის „სითბოში“…

ეს ნახატი ეროვნულიცაა და ზედროულიც…

დიმა ერისთავი „ინგა მილორავას პორტრეტი“ 2003  – როცა ინგასთან მივდიოდი, ყოველთვის მხვდებოდა ეს მშვენიერი პორტრეტი, როგორც მასპინძელზე უზადოდ „მოსაუბრე“, თავისი ჩუმი, იდუმალი, განუმეორებელი ხიბლითა და მხატვრისეული ხელწერით. ინგა ამბობდა, არ მგავს, მაგრამ მიყვარს და დიდ შინაგან მუხტს მაძლევსო. მე ვამბობ, რომ იშვიათია ასეთი ზუსტი გადმოცემა ადამიანის სულიერი სამყაროსი, მისი იდეალური „მესი“, სიფაქიზისა, რომელსაც ალბათ უცხო თვალს არც აჩვენებდა და მხოლოდ მაშინ იყო ასეთი, როცა თავთან მარტო რჩებოდა. სწორედ ესაა ჩემი ინგა და სწორედ ასეთი მიყვარს მე იგი – მელანქოლიური, სამყაროს დაკარგულ ჰარმონიაზე სევდის სიბრძნით, ტრაგიზმის ძალითა და მეოცნებე, ირეალური ოპტიმიზმით… ასეთს ვნახავ მე მას იმქვეყნად და, მგონია, სწორედ ასეთი მზერით მელოდება და დამხვდება…

თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა) პეიზაჟი  – არაფერია უჩვეულო, თუ თოვლი იისფერია, ქვეყანა „დაბინდულ ქლიავის ფერი“, ხე – მეოცნებე, ადამიანივით… თუნდაც სინამდვილე მორუხო იყოს, როცა ეს პარალელური რეალობაც არსებობს, ვინმეს წარმოსახვაში, ლექსსა თუ ნახატში გაცოცხლებული, ჩვენს სულებს აქვთ ნეტარი კუნძული, რომელზეც გადასახლება შეუძლიათ. მავანნი ცდებიან და ზოგი ოცნების დრო არასდროს მიდის. სწორედ აუხდენელი ნატვრების ნაზი სიოს სიმსუბუქე გადაგალახვინებს წუთისოფლისა და მეტაფიზიკურის ზღვარს და შენც მიფრინავ, როგორც ამ ალისფერი ხის ფოთოლი, „შინისაკენ“, სადაც აღარაა შემოდგომა და ხასხასა, მარადიული გაზაფხულის ყვავილოვანი ველებია. იქ ცოტა სევდაცაა, როგორც ხსოვნა წუთისოფლისა, თითქოს, მინავლული ღველფი დედამიწიდან წამოყოლილი დიდებული შემოქმედებისა…

ესმა ონიანის „ბებიის ოთახში“  – ასე ჰქვია ესმა ონიანის ამ ნახატს. მასთან მეწამულის პრიორიტეტს თუ გავითვალისწინებთ, თავად სიცოცხლის გამოხატვაზე, მისი აღქმის უჩვეულო სიმძაფრეზე, დიდ სიყვარულზეა ნახატი, როგორც მისი ყველა დანარჩენი ნამუშევარი.
ერთ მშვენიერ დღეს ვან გოგი დაიბადა ჩვენთა სულთა საოხად და ფიქრთა, შეგრძნებათა პარალელმა მისი „ღამის კაფე არლში“ გამახსენა, იმავე წითლის გრადაციით, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ეს ის ფერია, ყველაზე უკეთ რომ გამოხატავს ყოფიერების ტრაგიზმს, კაეშნიან ვნებას და გგონია, პერმანენტულად რომ იჯდე ამ კაფეში და უყურო მის მარჯნისფერ კედლებს, შეიძლება გაგიჟდე, რადგან გონება უძლურია, როცა მას სთხოვ, ჩასწვდეს იმას, რაც მის საზღვრებს მიღმაა.
ესმა ონიანის უნივერსალიზმია ისიც, რომ მისი მხატვრობა ლინგვისტურია – მოგვითხრობს, პოეზია კი ფერწერული – გვიხატავს. ხოლო, ზოგადად, მისი თვითგამოხატვის მანერა სინკრეტულია: თითქოს პირველქმნილი, უხინჯო, ინტუიციური წვდომაა სამყაროსი – მუსიკით, ფერითა და სიტყვით, რომელიც არცთუ ისე კონკრეტულია, რადგან მრავალ განცდას აერთიანებს, როგორც ი გ ი, „რომელმან შექმნა სამყარო“… ი ს ი ც ხომ სიტყვაა?

ლევან ხარანაულის თანამედროვე არქაიკა (პორტრეტები)  – აქ ნაცელქარი და მყისიერად ჩაფიქრებული ბავშვების სევდაცაა; ავტოპორტრეტები, რომელთა სახე ექნებოდა იესოს, განკაცებულ ღმერთს და ისინი, თითქოს, დერვიშთა ინტუიციური სიბრძნის მფლობელნიც არიან; დედა, რომელიც სადღაც უხსოვარი დროიდან იმზირება, ისეთი ძველია და ისეთი ნორჩი, როგორც გაზაფხული; პაწაწა ფეხსაცმელები, ისეთივე „მოლაპარაკეები“, როგორც ვან გოგთან, მეტიც, ისინი რძისა და მიწის სურნელსაც დაატარებენ, ბავშვობისა და მოსალოდნელი დიდად გახდომის, წარმავალისა და უკვდავის სინთეზს, როგორც წუთისოფლისეულ მარად შერწყმას ფიზიკურისა და მეტაფიზიკურისა… ეს დიდი მხატვრობაა! არც მეტი, არც ნაკლები.

ამ ყოველივეს, უბრალოდ, კი არ უნდა უმზირო, არამედ მიეახლო, როგორც ჭეშმარიტ ხელოვნებას, რომლის შექმნის დიდი ნიჭიც ღმერთმა რადგან გიწყალობა, გამოდის, საკუთარ უბეში ჰყავხარ ტანჯულიც და უბედურიც…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კითხვის სტრატეგიები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“