იდიომი აქტივობებით – ქართულის გაკვეთილებზე ენის სიღრმეების წვდომისთვის
გიზიარებთ კიდევ ერთი იდიომის „თავგადასავალს“, რომელიც დაგვეხმარება, ბავშვები დიდებული ქართული ენის სიღრმეებში ვამოგზაუროთ. როდესაც ჩვენს მოსწავლეებს რაიმე სახის ინფორმაციას ვთავაზობთ, მნიშვნელოვანია მშრალად მხოლოდ ინფორმაცია კი არ წავუკითხოთ ან წავაკითხოთ, არამედ დავამუშაოთ, მივაბათ მას სხვადასხვა სახის აქტივობები და სამუშაო ფურცლები, რაც შემდგომ დაგვეხმარება საკითხავის საფუძვლიანად გაგებაში, მეხსიერების კუნჭულებში მის სამუდამოდ მოთავსებაში.
მოზარდებს ყოველთვის აინტერესებთ წარსული, ისტორია, რელიგიური თუ მითოლოგიური ფრაზები და გამონათქვამები. ამიტომ მათი ინტერესის გაღვივება რთული სულ არ იქნება.
შეგვიძლია ცნობისმოყვარეობა გასაღვივებლად, უბრალოდ ჩავილაპარაკოთ: ეს ჩემი მეგობარი ამ ბოლო დროს ურწმუნო თომასავით იქცევა! ბავშვები აუცილებლად შეგვეკითხებიან, ვინ არის ურწმუნო თომა? რატომ არის ურწმუნო? რის არ სწამს? და ამ დროს ჩვენ ამბის მოყოლასაც დავიწყებთ:
შენ გარშემო ერთი ადამიანი მაინც იქნება ისეთი, რომლის დარწმუნებასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება და საბოლოოდ შეიძლება ეს ძალისხმევაც ფუჭი აღმოჩნდეს, ვერაფრით დაიჯეროს ის, რასაც შენი მთელი გულით უმტკიცებ. ასეთ ადამიანზე იტყვიან, ნამდვილი ურწმუნო თომააო.
ვინ იყო თომა და საიდან მოდის მისი „ურწმუნოება“? სინამდვილეში თომა, ძალიანაც მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგან ერთ-ერთი გახლდათ. ის თავის მოძღვარს ყოველთვის თან ახლდა – როდესაც ის სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, ქადაგებდა და ისეთ სამყაროზე მოუთხრობდა, როგორზეც აქამდე არ სმენოდათ. თომას იესო ქრისტე არც მაშინ მიუტოვებია, საკუთარი ნებით ჯვარს რომ აცვეს. ჯვარცმიდან სამ დღეში კი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ქრისტემ დატოვა აკლდამა, მკვდრეთით აღდგა. თომამ არ დაუჯერა სხვა მოწაფეებს, როდესაც მათ უთხრეს, რომ მოძღვარი ნახეს – უვნებელი და ცოცხალი. თომა მათ ეუბნებოდა: სანამ მის ჭრილობებს, საკუთარი ხელით არ შევეხები, ვერ ვირწმუნებო. აღდგომიდან რვა დღის შემდეგ, იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მათ შორის თომასაც. თომა შეეხო უფლის იარებს, ირწმუნა და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
ლექსიკონი:
ფუჭი – აქ – უშედეგო, არაფრის მომტანი
აკლდამა – სამარხი, სადაც მიცვალებულებს ასვენებდნენ ძველად
მკვდრეთით აღდგა – თავი დააღწია სიკვდილს, გაცოცხლდა
იარა – ჭრილობა
დაუკვირდი ნიმუშს და შენც სცადე სიტყვების შექმნა.
რწმენა – ურწმუნო
გული –
ენა –
თავი –
ბედი –
თმა –
მთვარე –
წამალი –
მეზობელი –
მეგობარი –
შვილი –
როგორ გგონია, უ- თავსართის დამატებით სიტყვის მნიშვნელობა იცვლება? თუ – კი, როგორ?
მოვლენების ჯაჭვი
ამ ამბიდან ამოირჩიე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა და ჯაჭვის რგოლებში ჩაწერე – თითოეულ რგოლში ერთი მოვლენა. გაითვალისწინე, რომ მოვლენები თანმიმდევრული უნდა იყოს, ანუ ერთ მოვლენას მეორე მოჰყვებოდეს, მეორეს კი – მესამე.
ტექსტიდან აირჩიე სიტყვა, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონს – შინაარსის ან გამოთქმის მიხედვით და შეავსე სქემა:
დაუკვირდი წინადადებებს, გამოტოვებულ ადგილას ჩასვი შესაბამისი ფრაზები: ურწმუნო თომა, მათუსალას ხნისა, აბრაამის ტაბლა.
ჩემი ბაბუა ხშირად მიყვება ძველ ძალიან საინტერესო ამბებს, რომ ვკითხე რამდენი წლისაა, ჩაიღიმა და მიპასუხა: წლებს აღარ ვითვლი, —————— ვარ.
ნანამ საკუთარ დაბადების დღეზე ისეთი სუფრა გააწყო, ჩიტის რძეც კი არ აკლდა, სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს რომ მასპინძელმა მათ ——————– დაახვედრა.
ძალიან რთულია ჩემს ძმასთან კამათი, მისი დარწმუნება თითქმის შეუძლებელია, არგუმენტები რომ გამომელევა ვეტყვი ხოლმე, რომ ნამდვილი ———————- .
ლაბირინთში უამრავი სიტყვაა. თუ გინდა, რომ გასასვლელი იპოვო, მაშინ მიჰყევი სიტყვების გზას ისე, რომ ტექსტის, „ურწმუნო თომას“ ერთ-ერთი წინადადება მიიღო. ეს წინადადება კი სამშვიდობოს გაგიყვანს.
ლაბირინთში შეგიძლიათ სხვა უამრავი სიტყვა ჩასვათ და ამ სიტყვებში ამოიცნონ „ურწმუნო თომას“ სიტყვები.
გაიხსენე ტექსტი და შეავსე კროსვორდი
შექმენი პატარა მოთხრობა ადამიანზე, რომელიც რთულია, დაარწმუნო.
- გამოიყენე ფრაზეოლოგიზმი: „ურწმუნო თომა“.
- გამოკვეთე შენი პერსონაჟის თვისებები, გარეგნული და შინაგანი მხარე.
- მოთხრობას გაუკეთე შესავალი.
- გამოიყენე დიალოგები (ორი ადამიანის მონაცვლეობით საუბარი)
- შექმენი პრობლემა და შემდეგ გადაჭერი/მოაგვარე.
- მოიფიქრე დასასრულის ორიგინალური ფორმა. გაიხსენე, როგორ სრულდება ზღაპრები და ლეგენდები, ან სხვა მოთხრობები. შეგიძლია დასასრული ტრაგიკული იყოს ან იუმორისტული.
- შენს მოთხრობას მოუფიქრე სათაური.
- შეეცადე, სასვენი ნიშნები სწორად გამოიყენო.
- როდესაც წერას მორჩები, შექმენი შენი მოთხრობის ილუსტრაცია.
კულმინაცია |
შეგიძლია, დაიხმარო „თხრობის მთა“.