კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

თვითშემეცნების გზაზე – რამდენიმე აქტივობა ჩვენი მოსწავლეებისთვის

მასწავლებლობა თავის თავში უამრავ პროფესიას მოიცავს. მასწავლებელს ხშირად უწევს ფსიქოლოგობა, მხატვრობა, მსახიობობა, რეჟისორობა… განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომელთა თვალწინაც პატარა ადამიანები პიროვნებებად ყალიბდებიან და ამ პროცესში მათ უდიდესი როლი აკისრიათ. მასწავლებელია ის, ვინც უამრავი წლის შემდეგაც ახსოვთ და უყვართ. პირველი მასწავლებელი მართლაც დაუვიწყარია. გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მასწავლებლის დიდი შრომა დევს იმ საქმეში, თუ ვინ, როგორი და რა ადამიანები ვართ ჩვენ დღეს.

დღეს ბავშვებს უამრავ პრობლემასთან უხდებათ გამკლავება, განსაკუთრებით კი – ემოციებთან, თვითშეფასებასთან, ბრაზის მართვასთან… გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენს მოსწავლეებს ასწავლოთ გრძნობების გამოხატვა, თვითრეფლექსია, შეაყვაროთ და მოაწონოთ საკუთარი თავი. საკუთარი თავის მიღება – ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოწვევაა, და ამ გამოწვევას ძალიან მცირე ასაკიდან ვეჯახებით. შევეცადე, რამდენიმე სამუშაო ფურცელი მომემზადებინა და ქართულად გამემართა.

აიმაღლე თვითშეფასება – ამ ფურცელზე მუშაობისას, ბავშვები უღრმავდებიან საკუთარ თავს, ძალაუნებურად უწევთ საკუთარ კარგ თვისებებზე კონცენტრაცია. შეძლებენ, დაინახონ, რამდენად კარგები არიან და როგორ პოზიტიურად აფასებენ მათ სხვები.

გაბერე და გაუშვი შენი წუხილი შორს…

ამ ფურცლის შევსებისას თქვენი მოსწავლეები მოიშორებენ დარდს, სევდას – ვირტუალური საპნის ბუშტების გაშვებით. შეგიძლიათ იმსჯელოთ კიდეც, რომელი წუხილი გაუშვეს და რომელი დაიტოვეს, რატომ გაუშვეს, თავს როგორ გრძნობენ ამის შემდეგ, რამდენად შეუძლიათ ამ ყველაფრის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა და საკუთარ წუხილებთან შელევა.

 

 

დაე, შენმა ემოციებმა იწვიმოს!

უაღრესად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარ ემოციებთან ურთიერთობა, გაანალიზება, ამოცნობა; თითოეული ემოციისთვის სახელის დარქმევა; დაფიქრება, საიდან მოდის, რატომ განიცდიან, რომ აუცილებლად მიიღონ და არ უარყონ. ამის შემდეგ კი გაუმკლავდნენ, იზრუნონ ემოციების რეგულაციაზე, მათ საბოლოოდ „დაბინავებაზე“. ფურცლის შევსების შემდეგ, შეგვიძლია ბავშვებს ინდივიდუალურად გავესაუბროთ, ვკითხოთ, რას ნიშნავს მათთვის ეს კონკრეტული ემოცია, გრძნობა.

 

ფოთლები ხეზე!

მშვენიერი ფურცელია თვითშემეცნებისთვის, „მეს“ კრეატიული აღქმისთვის. „წარმოიდგინე, რომ ხე ხარ“ – ასე იწყება ეს ფურცელი და ჩვენი მოსწავლე ეშვება წარმოსახვის სამყაროში, რომელიც ფოთლებთან გაიგივებით, მეტაფორულად, საკუთარ თავს საუკეთესოდ გამოხატავს. ეს სავარჯიშო განსაკუთრებით წაადგებათ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ და ეუხერხულებათ საკუთარ თავზე საუბარი. ვფიქრობ, რომ მასწავლებლისთვის მშვენიერი საშუალებაა, უკეთ გაუგოს მოსწავლეებს, ჩასწვდეს მათ შინაგან ბუნებასა და თვითაღქმის თავისებურებებს.

 

ჩემი ბრაზის ღილაკები

ეს სამუშაო ფურცელი იდეალურად დაეხმარება მათ, ვინც ცდილობს ბრაზთან გამკლავებას. ბრაზთან და აგრესიასთან ბრძოლა სწორედ მათი აღიარებით იწყება. მნიშვნელოვანია იმის იდენტიფიცირება, რა გვაბრაზებს, რაზე ვღიზიანდებით. როდესაც გვეცოდინება – პრევენციაც მარტივია – შევეცდებით, ასეთ სიტუაციებს მოვერიდოთ და ჩვენი ბრაზსაც აღარ მიეცემა გასაქანი. ბავშვებისთვის ასეთ ფურცელთან მუშაობა სასარგებლოსთან ერთად სახალისოცაა. მოკლედ, მგონია, რომ ეს ძალიან დაეხმარება მასწავლებელს იმ ბავშვებთან სამუშაოდ, რომლებსაც უჭირთ ბრაზის მართვა.

აირჩიე სიკეთე

დაბოლოს, ჩვენი, მასწავლებლების უპირველესი მოვალეობაა, მოსწავლეები კარგ, ჰუმანურ, კეთილ ადამიანებად აღვზარდოთ; ვასწავლოთ სიკეთის კეთება და საერთოდაც ჩვევად, ყოველდღიურ რუტინად და რიტუალად ვუქციოთ ის. გთავაზობთ პოსტერს, რომელსაც კლასში გამოაკრავთ. ის ერთგვარი „ინსტრუქციის“ როლს შეასრულებს. ბავშვები კითხულობენ ხოლმე, რა არის სიკეთე? ხშირად ფიქრობენ, რომ მაინცდამაინც კონკრეტული აქტია სიკეთე და არა ჩვენი ყოველდღიურობა.

 

ეს პოსტერი მათ სწორედ იმის აღმოჩენაში დაეხმარება, რომ, თურმე, რა მარტივია იყო კეთილი; რომ სიკეთის ჩადენას რაიმე სახის პრივილეგირებული მდგომარეობა არ სჭირდება, არც მაინცდამაინც დიდი მატერიალური რესურსი. მთავარია, გულით მოინდომო. შეგიძლიათ, გამოაცხადოთ სიკეთის კვირეული. მოსწავლეები ყოველდღიურად აღწერენ და აღრიცხავენ, „სიკეთის პლაკატიდან“ რომელი სიკეთე აირჩიეს და რატომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“