მოსწავლეთა უმრავლესობას ინდუქციური აზროვნება აქვს, უფრო ნაკლებს კი – დედუქციური, რაც იმას ნიშნავს რომ, უმრავლესობა დასკვნას ადვილად აკეთებს ხელმისაწვდომ მტკიცებულებებსა და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. დედუქციური აზროვნების მოსწავლეები კი ლოგიკურ დასკვნას ორი ან მეტი არგუმენტიდან აკეთებენ. დედუქციური აზროვნება ლოგიკური წესების სწორად გამოყენებას გულისხმობს. მაგალითებზე, ანუ კონკრეტულ ქეისებზე დაფუძნებული სწავლების გამოყენება შეიძლება სამართლის, მედიცინის და ნებისმიერ სკოლაში, სადაც მასწავლებელს უნდა, რომ მოსწავლეებმა ნასწავლი რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ. ქეისები მრავალფეროვანია, მაგალითად, „რას გააკეთებდი კონკრეტულ სიტუაციაში?“ კითხვას ახლავს დეტალური აღწერა სიტუაციისა, მონაცემები გაანალიზებისთვის და სხვა დამხმარე მასალა. ქეისის განხილვის ბოლოს მოსწავლეს უწევს პასუხის გაცემა ღია კითხვაზე, ზოგჯერ ერთაბზაციან დასკვნას აკეთებენ, ზოგჯერ პრობლემის ანალიზს, სამოქმედო გეგმაც კი დავალების პროდუქტია.
ქეისის განხილვისას მნიშვნელოვანია შემდეგ ძირითად კითხვებზე პასუხი:
- რაშია საქმე?
- რა არის ანალიზის მიზანი?
- რა არის სიტუაციის კონტექსტი?
- რა ძირითადი ფაქტები უნდა იქნას გათვალისწინებული?
- რა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი?
- რას ურჩევდით ქეისის გმირს? რატომ?
- როგორ დაუსაბუთებდით რჩევის სისწორეს?
ქეისის, ანუ კონკრეტული სიტუაციის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, ან სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებთან სამუშაოდ გამოდგება, აღწერს ახალბედა დედის, ნინას მდგომარეობას, რომელიც შეშფოთებულია შვილის ჯანმრთელობით. მის ჭირვეულობას საფენს აბრალებს, მაგრამ აღმოჩნდება რომ პრობლემა ანატომიური წარმოშობისაა. დავალება ადაპტირებულია ქართული სკოლებისთვის, მოიცავს სამუშაო ფურცლებს, საპრეზენტაციო მასალას, დავალებებს, როგორც ფურცელზე, ასევე ონლაინ სამუშაოდ.
აქტივობა 1: სიტუაციის გაცნობა (გააცანით მოსწავლეებს მხოლოდ პირველი ნაწილი, სთხოვეთ უპასუხონ მის ბოლოს დასმულ შეკითხვებს).
ქეისი: საფენის დრამა
ნაწილი I – ეს ნორმალურია?
ნინა და დავითი დიდი სიხარულით შეხვდნენ გოგოს დაბადებას. პატარა მარინა ჯანმრთელი ბავშვი იყო, წონაც ასაკის შესაბამისი ჰქონდა. ნინა ახალბედა დედა იყო, ძალიან ნერვიულობდა ყველაფერზე. ბევრიც წაიკითხა ბავშვის დაბადებამდე. იცოდა, რომ ღამე ჩვილის კვებაზე და საფენის გამოცვლაზე გაღვიძება მოუწევდა და მზად იყო ამისთვის. გამოიწერა სერვისი, რომელიც ბამბის ქსოვილის საფენებით მოამარაგებდა. იცოდა, რომ ქსოვილი უფრო კარგია, ვიდრე ერთჯერადი საფენი. სახლში გატარებული ექვსი კვირის შემდეგ, მარინა ისე ბედნიერად აღარ გრძნობდა თავს, როგორც სამშობიაროდან გამოყვანისას. ბავშვი სულ ჭირვეულობდა და სიცხეც ხშირად ჰქონდა. ნინა ისევ ქსოვილის საფენს იყენებდა, თუმცა მარინას გენიტალიების ირგვლივ წითელი ლაქები გაუჩნდა. ნინას პედიატრმა ურჩია, გამოეყენებინა ერთჯერადი საფენები და საფენქვეშა კრემი, რადგან გამონაყარი სველი იყო; სიცხის დროს კი – დამწევი. ნინამ გადაიკითხა ლიტერატურა ბავშვის მოვლის შესახებ და ფიქრობდა, რომ ეს გამონაყარი არ ჰგავდა საფენით გამოწვეულს. კრემისა და ერთჯერადი საფენების გამოყენების დაწყებიდან ერთ კვირაში, წითელი ლაქები უფრო გამუქდა. ამიტომ ჩვილი ექიმთან ჩაწერა. ექიმმა გასინჯა მარინა და ჩათვალა, რომ გამონაყარი საფენებით იყო გამოწვეული. ნინას ურჩია საფენი აღარ შეეცვალა, გაეგრძელებინა საფენქვეშა კრემი და სიცხის დამწევი საჭიროებისამებრ. ნინას კი უთხრა მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტისთვის მიემართა, რადგან ზედმეტად შფოთავდა შვილის მდგომარეობაზე. ნინა გაბრაზებული გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან, მიაჩნდა, რომ ექიმი მას ადანაშაულებდა გამონაყარის გამო და სერიოზულად არ აღიქვამდნენ მის პრობლემას. ის გრძნობდა, რომ რაღაცა კარგად ვერ იყო მისი შვილის ჯანმრთელობაში. ნინას დედამ შესთავაზა ბავშვი რამდენიმე დღე საფენების გარეშე ჰყოლოდა. როცა საფენები არ არსებობდა, ბავშვებს ხომ ასე ზრდიდნენ. თუმცა დედა მაინც მკაცრად იცავდა ყველაფერს, რაც ექიმმა ურჩია. გამონაყარმა იკლო, თუმცა ნინამ შეამჩნია, რომ შარდს არასასიამოვნო სუნი ჰქონდა. ჩვილი დაუსრულებლად ტიროდა და არ ჭამდა. ნინა მიიჩნევდა, რომ უფრო კომპეტენტური ადამიანის რჩევა სჭირდებოდა. ბოლოს მოძებნა უროლოგ-პედიატრი და მასთან კონსულტაციაზე ჩაეწერა. |
კითხვები
- რა სიმპტომები აღენიშნებოდა მარინას?
- როგორ ცდილობდა ნინა მარინას სიმპტომების მკურნალობას?
- 3. მარინას პრობლემა მართლა საფენით იყო გამოწვეული? რატომ თვლი ასე?
- რატომ დატოვა გაბრაზებულმა ნინამ ექიმის კაბინეტი?
- რის სპეციალისტია უროლოგ-პედიატრი?
აქტივობა 2: საპრეზენტაციო მასალის გაცნობა (საპრეზენტაციო მასალა)
საპრეზენტაციო მასალა შეეხება ადამიანის საშარდე გზებისა და ზოგადად შარდ-გამომყოფ ორგანოებს.
აქტივობა 3: დავალებებზე მუშაობა (შესაძლებელია ჩამოთვლილი დავალებების ცალ-ცალკე აქტივობების დროს შესრულება)
ა) დავალება, მთელ კლასთან სამუშაოდ დავალებები pptx –
ბ) დავალება ინდივიდუალური მუშაობისთვის გააფერადე ნეფრონი
გ) დავალება ინდივიდუალური მუშაობისთვის თირკმლის სტრუქტურები
დ) დავალება ინდივიდუალური მუშაობისთვის გააფერადე თირკმელი
ე) დავალება ინდივიდუალური ან წყვილებში მუშაობისთვის ასოების მესერი – გამომყოფი ორგანოები
ვ) ვიდეოს ანალიზი – სამუშაო ფურცელი N 1
აქტივობა 4: ქეისის მეორე ნაწილის განხილვა – მოსწავლეები გაეცნობიან შარდის ანალიზის, როგორც მრავალი დაავადების დიაგნოსტირების საშუალებას.
ნაწილი II – დიაგნოზის დასმა
ახალი ექიმის კაბინეტში ექთანმა გაზომა და აწონა მარინა. გაუზომა ტემპერატურა და კიდევ ერთხელ ჩამოათვლევინა ნინას ჩვილის სიმპტომები. ამის შემდეგ შემოვიდა ექიმი ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად. მოითხოვა შარდის ნიმუში ანალიზისთვის, რომლის შეგროვებაც ჭურჭელში რთული იქნებოდა პედიატრის პაციენტისთვის. ნინას აუხსნა, როგორ შეიძლება, მიიღონ შარდის ნიმუში. ჩვილებში შარდის ნიმუშის შეგროვების სხვადასხვა ტექნიკა არსებობს. ერთ-ერთი ტექნიკის შემთხვევაში კონტეინერი მზად უნდა ჰქონდეს, როგორც კი დაიწყებს მოშარდვას, შეაგროვებ. მოშარდვის დაჩქარება მუცელზე ცივი ბამბის ქსოვილის წასმით შეიძლება. შარდის შეგროვება ასევე შეიძლება კათეტერით. პროცედურის დროს კათეტერი შეჰყავთ შარდსადენით შარდის ბუშტში. ამ მეთოდს მიმართავენ, როცა ნიმუში დაუყოვნებლივ სჭირდებათ. უარყოფითი მხარე ისაა, რომ ჩვილისთვის გარკვეული დისკომფორტია. ნინამ გადაწყვიტა კათეტერით აეღოთ შარდი, რათა პასუხი დაუყოვნებლივ ყოფილიყო მზად. ჩვილი მშვიდად იყო პროცედურის გამავლობაში, დედა კი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ორიენტირებული იყო დიაგნოზის სწრაფ დასმაზე. |
- რა უპირატესობა და ნაკლი აქვს შარდის ნიმუშის მოშარდვის დროს აღებას?
- რა უპირატესობა და ნაკლი აქვს შარდის ნიმუშის კათეტერით აღებას?
- არსებობს შარდის ნიმუშის შეგროვების რამდენიმე სხვა ტექნიკაც. შესთავაზე სხვა გზა, იფიქრე როგორც ინჟინერმა, ჩათვალე, რომ მცდარი პასუხი არ არსებობს.
აქტივობა ვიდეოს ანალიზი
აქტივობა5: კვლევის ჩატარება – სიმულაციური შარდის ანალიზი სამუშაო ფურცელი N 2
აქტივობა 6: ქეისის მესამე ნაწილის გაცნობა დიაგნოზის დასმის სხვა საშუალებები
ნაწილი III – შემდგომი კვლევები
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ მარინას საშარდე გზების ინფექცია აქვს, ექიმმა ანტიბიოტიკები დაუნიშნა. დაუწერა ანტიბიოტიკების რეცეპტი მომდევნო კვირისთვის. პარალელურად სხვა გამოკვლევები დაუნიშნა, რომ გაეგოთ, საიდან მოდიოდა ინფექცია. ექიმმა გადაწყვიტა, გაეკეთებინათ ჩვილისთვის საშარდე გზების ტომოგრაფია. ამ დროს იოდიანი კონტრასტი შეჰყავთ ვენაში (ინტრავენურად). წინა წლებში იყენებდნენ ინტრავენურ პიელოგრამას, რომელსაც ძალიან ბევრი რისკფაქტორი ახლავს. ამიტომ ჩაანაცვლეს ახალი ტექნიკით. კონტრასტიანი ორგანოები კარგად ფიქსირდება, მის გარეშე ისინი შეუმჩნეველი იქნებოდნენ. |
- რატომ არის კონტრასტი საჭირო მანიპულაციის დროს?
- რა ცვლილება აღმოაჩინე ჩვილის საშარდე გზებში?
ნაწილი IV – მკურნალობის გზები
კვირის ბოლოს ყველა გამოკვლევის პასუხი მზად იყო, ოჯახი კიდევ ერთხელ მივიდა ექიმთან კონსულტაციაზე. ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მარცხენა თირკმელში მარინას აქვს გამომტანი სისტემის ბილატერალური დუბლიკაცია. ასევე უწოდებენ გარე შარდსაწვეთს. ზოგჯერ დამატებითი შარდსაწვეთი არ ქმნის პრობლემებს, სხვა შემთხვევებში შარდის გამოტანა არ ხდება სრულყოფილად და ადვილად ვითარდება საშარდე გზების ინფექციები. პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით, პროცედურით, რომელსაც ჰქვია ნეფრექტომია. ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ მოხდება თირკმლის იმ ნაწილის მოკვეთა, საიდანაც დამატებითი შარდსაწვეთი გამოდის. ეს შეაჩერებს შარდის გადასვლას და ინფექციების შანსს. თირკმლის დანარჩენი ნაწილი ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას. ნინას არ უნდოდა ასეთი პატარისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და ექიმს ჰკითხა, არსებობდა თუ არა რაიმე სხვა მეთოდი ამ პრობლემის მოგვარებისა. მკურნალობის დაწყება შეიძლება პროფილაქტიკური ანტიბიოტიკებით, ამ გზით შევაჩერებთ სამომავლო ინფექციებს. ეს იქნება დაბალი ხარისხის ანტიბიოტიკი, რომელსაც ყოველდღიურად მიიღებს. ხშირად როცა ბავშვი იზრდება, თირკმელებიც იზრდება და პრობლემა ავტომატურად გვარდება.
|
- 11. რა არის ექტოპიური შარდსაწვეთი? რა პრობლემას ქმნის?
- რა განსხვავებაა გარკვეული ინფექციის წინააღმდეგ გამოყენებულსა და საპროფილაქტიკო ანტიბიოტიკებს შორის?
- რა არის ნეფრექტომია?
- რას აირჩევდი ნინას ადგილზე რომ ყოფილიყავი, მედიკამენტურ მკურნალობას თუ ქირურგიულ ჩარევას? ახსენი პასუხი.
აქტივობა 7: ქეისის დასკვნის პრეზენტაცია.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://sites.psu.edu/pedagogicalpractices/case-studies/#howto