პარასკევი, სექტემბერი 27, 2024
27 სექტემბერი, პარასკევი, 2024

ბებიები პროგრესის სადარაჯოზე

თანამედროვე მსოფლიო რადიკალიზმის გამოღვიძებისა და გაძლიერების ხანაში ცხოვრობს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემებით დაინტერესებული ადამიანები ყოველდღიურად ვკითხულობთ სხვადასხვა შემაშფოთებელ ცნობას. მაგალითად, ევროპაში საკმაოდ ხმამაღლა ისმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც დემოკრატიას მმართველობის საუკეთესო ფორმად არ მიიჩნევენ. ისინი ავტორიტარიზმისკენ, ერთმმართველობისკენ მიბრუნებას ემხრობიან. მათ გვერდით არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შემწყნარებლობას შხამად მოიხსენებენ და უცხო ადამიანების გარიყვას, განდევნას აუცილებელ ღონისძიებად აცხადებენ. აშშ-ში მილიონობით მოქალაქეს არწმუნებენ, რომ კლიმატის ცვლილება ჩინელების გამოგონილი ტყუილია დასავლური ეკონომიკის გასანადგურებლად. ბევრი აქტივისტი უკვე საჯაროდ აღიარებს, რომ ძალის გამოყენება მხოლოდ სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილება არ არის, მათთვის ძალადობა თანამოქალაქეებთან ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმაა.

რადიკალურ ჯგუფებზე დაკვირვების შედეგად ზოგიერთი სწავლული უცნაურ დასკვნამდე მივიდა. ბევრი მიმომხილველი ადამიანის ასაკსა და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს შორის ხედავს კავშირს. თითქოს რაც უფრო მოხუცია მოქალაქე, მით უფრო ემხრობა რეტროგრადულ იდეებს. თუ საკითხს მხოლოდ ტექნიკურად შევხედავთ, შეიძლება მართლა აღმოვაჩინოთ ამგვარი კავშირი, მაგრამ სოციალური მეცნიერებები ფიზიკასა და მათემატიკას არ ჰგვანან. ჩვენ მხოლოდ რიცხვებით არ ვზომავთ მოვლენებს. აუცილებელია ყველა სოციალური ჯგუფისა თუ ასაკობრივი კატეგორიის უფრო ღრმად შესწავლა, გამონაკლისებზე განსაკუთრებული აქცენტის დასმა.

როგორც ჩანს, ბევრ ასაკოვან მოქალაქეს ძალიან ეწყინა ზოგიერთი დამკვირვებლის ზედაპირული მოსაზრებების საყოველთაოდ გავრცელება. მრავალმა ადამიანმა გადაწყვიტა თავისი შვილებისა და შვილიშვილების, მთელი საზოგადოების წინაშე ღიად გამოეცხადებინა მხარდაჭერა პროგრესული დღის წესრიგისათვის. რამდენიმე წლის წინ, ევროპის შუაგულში, ქალაქ ვენაში დაფუძნდა მოძრაობა „ბებიები რადიკალთა წინააღმდეგ“, რომელიც შემდეგ მთელს კონტინენტზე გავრცელდა.

რისთვის იბრძვიან ბებიები?

ბებიების ბრძოლის შინაარსის განხილვა რამდენიმე მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია.

ორიოდე წლის წინ ავსტრიის მთავრობამ ჰიტლერის მშობლიურ სახლთან დაკავშირებით საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი დიქტატორის ბინასთან განთავსებული მემორიალური ქვის აღება დააპირა. ქვას უზარმაზარი ასოებით აწერია: „მშვიდობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის აღარასოდეს დავუშვათ ფაშიზმი, გვახსოვდეს მილიონობით დაღუპული“. სახელმწიფო უწყების ინიციატივა კეთილშობილური გახლდათ – ოფიციალურ პირებს სურდათ ტურისტად ჩამოსული ნაცისტებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო ყოფილიყო მათთვის საინტერესო ადგილი, პოლიცია მიზნად ისახავდა არასასურველი თავყრილობების თავიდან აცილებას. ამასთანავე, ცენტრალური ხელისუფლება თანაუგრძნობდა პატარა ქალაქ ბრაუნაუს კეთილშობილ მოქალაქეებს, რომლებიც წლებია, ოცნებობენ საშინელი დამღისგან მცირედით გათავისუფლებას მაინც.

აქტიურმა ბებიებმა დაუშვებლად მიიჩნიეს მემორიალის ქუჩიდან გაქრობა. მოძრაობის წევრებმა მაშინ განაცხადეს: „დღევანდელ ევროპაში ფაშისტებისა და რასისტების მომრავლების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთები ჩვენი ისტორიის ნეიტრალიზებას ცდილობენ. ჰიტლერის მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გვახსოვდეს, მათზე მუდამ უნდა ვმსჯელობდეთ, სინანულს სამარადჟამოდ უნდა გამოვხატავდეთ, რათა ეს უბედურება აღარასდროს განმეორდეს. მიჩქმალვა, მემორიალების გადამალვა კუთხეში მიმწყვდეულ რადიკალებს დღის სინათლეზე გამოსვლის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ არ ვითხოვთ მუდმივ გვემაში ყოფნას, ჩვენ გვინდა, რომ გვახსოვდეს, რათა აღარასდროს განმეორდეს“.

ბებიებმა ეს ბრძოლა მოიგეს, თუ ოდესმე ამ დაწყევლილ ადგილას აღმოჩნდებით, ვეებერთელა ქვას კვლავ შენიშნავთ პატარა ავსტრიული ქალაქის ქუჩებში.

არ იფიქროთ, რომ მოძრაობის წევრები მხოლოდ მემორიალების დასაცავად ირაზმებიან. 2024 წელს ბებიებმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ულტრამემარჯვენე პარტიას – „ალტერნატივა გერმანიისათვის“ საშინელი თავსატეხი გაუჩინეს. პენსიონერებმა ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს და პეტიციით მიმართეს ბერლინის სახალხო ბანკს. პეტიციაში ისინი ფაშისტებითა და ექსტრემისტებით დაკომპლექტებული პარტიისთვის საბანკო ანგარიშის დახურვას მოითხოვდნენ. ბანკის ალყაშემორტყმულმა თანამშრომლებმა უყურადღებოდ ვერ დატოვეს მოძრაობის შემოტევა და წინასაარჩევნო კამპანიის სტარტზე პარტიას საბანკო ანგარიშები დაუხურეს.

გაერთიანება „Omas gegen Rechts“ მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე შედეგები მხოლოდ გრეტა ტუნბერგისა და მისი თაობის წარმომადგენელთა სადარდებელი არ უნდა იყოს, გარემოს დაცვისა და გლობალური დათბობის პრობლემა პენსიონერთა საზრუნავსაც უნდა წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, მწვანეთა სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ მასობრივ დემონსტრაციებზე მოსწავლეებისა და სტუდენტების გვერდით უკვე გამოჩნდნენ ერთ გუნდად შეჯგუფებული ბებიები, რომელთაც მწვანე დროშებთან ერთად თავიანთი მოძრაობის ტრანსპარანტებიც მოაქვთ. საერთოდ, მოძრაობის წევრების გამორჩევა ყველა ღონისძიებაზე ადვილად არის შესაძლებელი, თუ საშინელი მზე არ აჭერს, აქტივისტებს ნაქსოვი ქუდები ახურავთ თავზე.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სადაც ადამიანებს, ბუნებას, დემოკრატიას დაცვა სჭირდება, სადაც ზიზღსა და ჩაგვრას ებრძვიან, ბებიები თავიანთი შვილიშვილების გვერდით დგანან და ზურგს უმაგრებენ ახალ თაობას.

მოძრაობის განვლილ გზაზე დაკვირვებისას სიხარულთან ერთად სევდაც მიპყრობს ხოლმე. სევდის მიზეზს ბებიების მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში მივაკვლიე. საპროგრამო დოკუმენტის ბოლოს ევროპელი ასაკოვანი ქალები წერენ: „ჩვენ უკვე აღარ გვყავს პატარა შვილები, აღარ გვჭირდება დიდი დატვირთვით მუშაობა, გვაქვს მეტი დრო პოლიტიკაში მონაწილეობისთვის და, როგორც ჩანს, ახლა სწორედ შესაფერისი დრო დგას საერთო საქმეში საკუთარი წვლილის შესატანად. საქმე ეხება ურთიერთწახალისების, საერთო ქსელის მშენებლობისა და ხილვადობის საკითხს. სიბერე არ ნიშნავს ჩუმად ყოფნას“. ევროპელ ქალებს აქვთ საშუალება, ხმამაღლა ისაუბრონ არამხოლოდ საკუთარ, არამედ საზოგადოების პრობლემებზეც, ღარიბ ქვეყნებში კი მოხუცებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“