რამდენიმე წლის წინ გერმანიაში სტუმრობისას, შესაძლებლობა მომეცა მომენახულებინა ქალაქ აახენის ტაძარი, ეს არის დასავლეთ გერმანიაში არა მარტო შთამბეჭდავი არქიტექტურული შედევრი, რომელიც ისტორიკოსებსა და მომლოცველებს ხიბლავს, არამედ უამრავი ადამიანისთვის დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი თავისი უნიკალური რელიკვიებით და ძვირფასი სიწმინდეებით, რომლებიც ტაძარს სულიერების და ისტორიის უნიკალურ საგანძურად აქცევს. შთამბეჭდავი დარბაზების თვალიერებისას, ვიგრძენი განსაკუთრებული ატმოსფერო – ადგილი, რომელსაც კარლოს დიდმა მერვე საუკუნის ბოლოს ჩაუყარა საფუძველი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ არქიტექტურულმა ბრწყინვალებამ, არამედ ისტორიისა და ხელოვნების ერთობლიობამ, რომელიც ყველა დეტალში იგრძნობა.
განსაკუთრებით მომხიბლა ბრწყინვალე გუმბათის ხილვამ, რომელიც ქმნის ტაძრის გულს, ასევე რომაული და გოთიკური ელემენტების დახვეწილმა დეტალებმა, და მოზაიკებმა, რომლებიც კედლებში ანათებდნენ და წარსულის ისტორიებს ყვებოდნენ. მნახველს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ფრიდრიხ I ბარბაროსას მიერ მე-12 საუკუნეში სპეციალურად ამ ტაძრისთვის წმინდა მარიამის საპატივცემულოდ შეწირული ე.წ. ბარბაროსას ჭაღი, რომელსაც 4,16 მეტრის დიამეტრი აქვს და დაახლოებით 27 მეტრი სიგრძის ჯაჭვზეა მიმაგრებული კაროლინგური რვაკუთხედი გუმბათის ქვეშ.
ტაძრის მონახულებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული ადგილების პირვანდელი სახით შენარჩუნება და მათ მიერ მოყოლილი ამბების მოფრთხილება წარსულის უკეთ გააზრებისთვის.
აახენის ტაძარი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ ევროპის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოცაა. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას 1978 წელს დაემატა. საკათედრო ტაძარი საუკუნეების განმავლობაში იყო გერმანელი მეფეების კორონაციის ადგილი და ასახავს მთელი ეპოქის პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ მნიშვნელობას. კარლოს დიდის განსასვენებლის გარდა, ამ ტაძრისკენ პილიგრამებს წლების განმავლობაში იზიდავდა ის ქრისტიანული სიწმინდეები, რომლებიც აქ მარიენშრაინში (Marienschrein) ანუ რელიკვარიუმში ინახება – ესენია ჩვილი მაცხოვრის სახვევები, ჯვარცმული ქრისტეს თეძოს სახვევი, ღვთისმსობლის კაბა, იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავის სახვევი ტილო და სხვა. ტრადიციის მიხედვით, 1349 წლიდან (მას შემდეგ, რაც შავი ჭირი მოედო ევროპას) ამ რელიკვარიუმს 7 წელიწადში ერთხელ ხსნიან, როდესაც ამ სიწმიდეებთან მიახლება შეუძლიათ მომლოცველებს.
მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ამ ისტორიული ფაქტების ყოვლისმომცველი გაგება. ინტერდისციპლინური მიდგომით ამ მოვლენების შესწავლა ეხმარება მათ დაინახონ კავშირები არქიტექტურას, ისტორიასა და ხელოვნებას შორის და ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის უფრო ღრმა გაცნობიერებას. ამ ძეგლზე ინფორმაციის მიღებით, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ გააფართოვონ თავიანთი ცოდნა ისტორიისა და ხელოვნების შესახებ, არამედ გაიაზრონ ისტორიული შენობების მნიშვნელობა და გავლენა თანამედროვე სამყაროზე.
ჩემთვის, როგორც გერმანული ენის მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია გაკვეთილის ისეთი დიზაინის შექმნა, როცა ის არა მხოლოდ ენის უნარების განვითარებას, არამედ კულტურული და ისტორიული თემების უფრო ღრმა კონტექსტუალურ გაგებას უზრუნველყოფს.
ამრიგად, აახენის საკათედრო ტაძარი თავისი მდიდარი ისტორიით და უნიკალური არქიტექტურით გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას დააკავშიროთ გერმანული ენის გაკვეთილები ისტორიასა და ხელოვნებასთან და შექმნათ ჰოლისტური სასწავლო გარემო. ასეთი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ დამოუკიდებლად კვლევისა და შემოქმედებითად მუშაობის შესაძლებლობა ღრმა და გრძელვადიანი გაგების ხელშეწყობისთვის.
ამ სტატიაში მე ვაჩვენებ, თუ როგორ შეიძლება ამ ტაძრის თემის ინტეგრირება სხვადასხვა საგნებში და რომელი კონკრეტული მეთოდებია გამოსადეგი.
იდეები გერმანული ენის გაკვეთილებისთვის
ა. კონტექსტუალიზაცია და მოტივაცია:
გერმანული ენის გაკვეთილებზე აახენის ტაძრის თემის შემოტანა საინტერესო კონტექსტუალიზაციით დაიწყეთ. აუხსენით მოსწავლეებს, რატომ არის ტაძარი ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიულად და კულტურულად. ხაზი გაუსვით მის როლს, როგორც კორონაციის ადგილს და მის შთამბეჭდავ არქიტექტურას. ეს შესავალი მიზნად ისახავს მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას და შემდგომი სამუშაოს მყარი საფუძვლის შექმნას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ვებ -გვერდი თემის ინტეგრირებისთვის:
https://kinder.wdr.de/tv/die-sendung-mit-der-maus/av/video-sachgeschichte-aachener-dom-100.html
თუ გაკვეთილების ციკლს ისტორიის მასწავლებელთან ერთად დაგეგმავთ, შესაძლებელია თემის შესახებ ინფორმაცია ისტორიის გაკვეთილზე მიიღონ მოსწავლეებმა, გერმანული ენის გაკვეთილზე კი მოხდეს თემის შესახებ ინფორმაციის გაღრმავება ან გერმანულენოვანი გადაცემების ნახვა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწვალეებში საკითხით დაინტერესებას.
ბ. ტექსტური მუშაობა:
გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის ტექსტი საკათედრო ტაძრის სხვადასხვა პერსპექტივიდან
სანახავად:
არამხატვრული ტექსტები: იმუშავეთ სტატიებით და აღწერილობებით, რომლებიც დეტალურად ხსნიან საკათედრო ტაძრის ისტორიასა და არქიტექტურას.
ისტორიული დოკუმენტები: გამოიყენეთ ნაწყვეტები შუასაუკუნეების მატიანეებიდან, რომლებიც ასახავს ტაძრის კორონაციებისა და ისტორიული მოვლენების შესახებ მოვლენებს.
ინტერდისციპლინური აქტივობები
შემოქმედებითი წერა და როლური თამაში
- გამოგონილი დღიურები: მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ გამოგონილი დღიურის ჩანაწერები იმ ადამიანების პერსპექტივიდან, რომლებიც ტაძარს შუა საუკუნეებში ან დღეს სტუმრობენ. ეს შეიძლება შეიცავდეს კარლოს დიდის ან თანამედროვე ვიზიტორების პერსპექტივას.
- წერითი სამუშაო: მოსწავლეები წერენ საკუთარ ტექსტებს, მაგ. მოხსენება საკათედრო ტაძარში გამოგონილი ვიზიტის შესახებ ან წერილი ისტორიული მოღვაწის პერსპექტივიდან.
- როლური თამაშები: შექმენით როლური თამაშები, რომლებშიც მოსწავლეები ქმნიან აახენის ტაძრის ისტორიულ სცენარებს. ეს შეიძლება მოიცავდეს მეფეთა კორონაციას, ან სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს.
იდეები ისტორიის გაკვეთილებისთვის
ისტორიული ფონი:
ისტორიის გაკვეთილებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ აახენის ტაძარი, როგორც ცენტრალური თემა სხვადასხვა ისტორიული ასპექტის განსახილველად.
დაარსება და არქიტექტურა: განიხილეთ კარლოს დიდის დროს ტაძრის მშენებლობა და მისი არქიტექტურული მნიშვნელობა.
კორონაციები: გაანალიზეთ ტაძრის, როგორც კორონაციის როლი და მისი მნიშვნელობა გერმანიის მეფეებისთვის.
ამ ინფორმაციების სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ აახენის ტაძრის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც მნიშვნელოვან ინფორმაციებს იხილავთ: *
https://www.aachenerdom.de/ort-der-geschichte/der-koenigsthron/
ამ საიტზე მოსწავლეები ნახავენ ტაძრის ავთენტურ გარემოს, ნივთებს, რელიკვიებს და მათთვის ისტორიული მოვლენები უფრო ხელშესახები გახდება.
რესტავრაცია და თანამედროვე დრო: გამოიკვლიეთ ცვლილებები საკათედრო ტაძარში საუკუნეების განმავლობაში.
შექმენით მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონიკა/დროის რუკა: მოსწავლეები ქმნიან აახენის ტაძრის გარშემო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონიკას. ეს ხელს უწყობს ისტორიული განვითარების ნათლად ილუსტრირებას. შეუძლიათ გამოიყენონ აპლიკაცია Lucidchart.com ან https://www.canva.com/templates/s/timeline/ ასეთი მოვლენების ქრონიკის შესაქმნელად, სადაც მოსწავლეები დაახარისხებენ ინფორმაციას: მნიშვნელოვანი თარიღი, მისი დასათაურება, მოვლენის მოკლე აღწერა, სურვილისამებრ შეუძლიათ მოვლენის ამსახველი ფოტოც დაურთონ თვალსაჩინოებისთვის. ისტორიული ფაქტების ასეთი დახარისხება ხელს უწყობს არა მარტო მათ ადვილად დამახსოვრებას, არამედ მოსწავლეებს უწევთ ინფორმაციის გაფილტვრა და მოკლედ გადმოცემა, რაც განავითარებს ანალიტიკურ/კრიტიკულ უნარებს.
გამოიყენეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლის მიდგომები
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების დამოუკიდებლობას და შემოქმედებითობას.
კვლევითი პროექტები: სთხოვეთ მოსწავლეებს გამოიკვლიონ და წარმოადგინონ ტაძრის ისტორიის კონკრეტული ასპექტები, როგორიცაა: მნიშვნელოვანი მეფეები თუ არქიტექტურული განვითარება.
ვირტუალური ტური: გამოიყენეთ ონლაინ რესურსები და ვირტუალური ტურები, რათა მოსწავლეებს მიაწოდოთ დეტალური და განსაცვიფრებელი გამოცდილება აახენის ტაძრის შესახებ.
ამ საიტებზე მოსწავლეებს შეუძლიათ ვირტუალურად დაათვალიერონ აახენის ტაძარი და შეიქმნან უნიკალური შთაბეჭდილება ისეთ დეტალებზე, როგორცაა ტაძრის დარბაზები, კარლოს დიდის სამლოცველო, სამეფო ტახტი, სადაც მეფეებს აკურთხებდნენ, რელიკვარიუმი, კაპელა და სხვ. *
https://erleben.aachenerdom.de/dom-erlebnis/virtueller-3d-rundflug/
ვიზიტის დოკუმენტაცია: მოსწავლეები ვირტუალური ტურის დროს აწარმოებენ ჩანაწერებს და შემდეგ წერენ მოხსენებას ან დღიურს თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ.
პრეზენტაცია: მოსწავლეები იყენებენ საკათედრო ტაძრის ვირტუალურ ტურს, რათა შექმნან პლაკატი ან ციფრული პრეზენტაცია საკვანძო ინფორმაციით.
პროექტის პრეზენტაციები: მოსწავლეები იკვლევენ აახენის ტაძრის სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა მისი ისტორიული მნიშვნელობა, მისი როლი არქიტექტურის ისტორიაში და სხვ. შედეგები წარმოდგენილია პრეზენტაციების, პლაკატების ან გამოფენების სახით./კვლევის მოხსენებები: მოსწავლეები წერენ კვლევით მოხსენებებს ახენის ტაძართან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე და წარუდგენენ მათ კლასს.
შედარებითი კვლევები: მოსწავლეები ადარებენ აახენის ტაძარს სხვა მნიშვნელოვან შუა საუკუნეების შენობებს, რათა დაადგინონ მსგავსება და განსხვავებები.
კავშირი მიმდინარე თემებთან
მიზანი: მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ ისტორიული შენობების აქტუალობა, როგორიცაა აახენის ტაძარი დღევანდელ კონტექსტში.
დისკუსია „ისტორიულ ძეგლთა დაცვა დღეს“:
- ამოცანა : მსჯელობა ძეგლთა დაცვის მნიშვნელობასა და ისტორიული შენობების შენარჩუნების გამოწვევებზე.
- მასალები: სარესტავრაციო პროექტების მაგალითები, სტატიები ძეგლთა დაცვის შესახებ.
- აქტივობა: მოსწავლეები ჯგუფურად განიხილავენ ძეგლის დაცვის აქტუალობას, შესაძლო პრობლემებსა და გადაწყვეტილებებს და შეიმუშავებენ წინადადებებს სამომავლოდ ტაძრის დაცვის შესახებ.
კვლევა „თანამედროვე აახენის საკათედრო ტაძარი“:
- ამოცანა: გამოიკვლიეთ ტაძრის როლი დღევანდელ ურბანულ საზოგადოებაში.
- მასალები: გაზეთების სტატიები, ინტერვიუები ადგილობრივ ექსპერტებთან, ტურიზმის სტატისტიკა.
- აქტივობა: მოსწავლეები აანალიზებენ ტაძრის, როგორც ტურისტული ადგილისა და კულტურული მემკვიდრეობის როლს და წარმოადგენენ მიგნებებს პრეზენტაციის სახით.
სარესტავრაციო პროექტების გამოკვლევა: აახენის საკათედრო ტაძრის მიმდინარე სარესტავრაციო პროექტების კვლევა. მოსწავლეებს შეუეძლიათ გაერკვნენ, თუ როგორ ხდება ტაძრის მოვლა, რა თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები გამოიყენება და რა გამოწვევები ჩნდება.
მდგრადობა ძეგლთა დაცვაში: განიხილეთ, თუ როგორ იმართება აახენის ტაძარი მდგრადობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების კუთხით. მოსწავლეებს შეუძლიათ შეიმუშავონ წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ისტორიული შენობების დაცვა და წარადგინონ პროექტი.
ინტეგრაცია ხელოვნების გაკვეთილებზე
საკათედრო ტაძრის კედლებსა და თაღებში აღმოჩენილი რთულად დაპროექტებული დეტალები აჩვენებს შუა საუკუნეების ხელოსნების გასაოცარ ოსტატობას. ლამაზი მოზაიკა და რთული არქიტექტურული ელემენტები, როგორიცაა გუმბათი და რომაული სვეტები, არა მხოლოდ ესთეტიურად შთამბეჭდავია, არამედ იწვევს ინტერესს. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის ვირტუალური ტურით (იხ. დანართი) ამ ტაძრის დათვალიერება შთაგონების წყარო გახდება.
ა. არქიტექტურული ანალიზი:
ხელოვნების გაკვეთილზე შეგიძლიათ შეისწავლოთ აახენის ტაძრის არქიტექტურა. მოსწავლეები ეცნობიან რომაულ კონსტრუქციას და ტაძრის სხვადასხვა არქიტექტურულ ელემენტებს.
ვირტუალური ტურები: სთხოვეთ მოსწავლეებს მონაწილეობა ვირტუალურ ტურებში, რათა შეისწავლონ ტაძრის სხვადასხვა ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კონკრეტული ამოცანები ან კითხვები, რათა ყურადღება მიიპყროთ კონკრეტულ არქიტექტურულ მახასიათებლებზე ან ხელოვნების ნიმუშებზე.
ინტერაქტიული რუკები: გამოიყენეთ ინტერაქტიული რუკები, რათა ნათლად აუხსნათ მოსწავლეებს ტაძრის მდებარეობა და სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტები.
ნახატი: მოსწავლეები ხატავენ ტაძრის სხვადასხვა ნაწილს, როგორიცაა რვაკუთხედი ან საძვალე. ეს ხელს უწყობს მათ არქიტექტურის დეტალების გაგებას.
მოდელის დამზადება: მოსწავლეები ქმნიან აახენის ტაძრის მაკეტებს მუყაოსგან ან სხვა მასალისგან. ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც ჯგუფური პროექტი გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის წახალისებისთვის.
საპროექტო სამუშაო “ტაძარი მინიატურაში”:
– ამოცანა : ტაძრის არქიტექტურული თავისებურებების ანალიზი, როგორიცაა რვაკუთხედი, ბიზანტიური და გოთური ელემენტები.
– დავალება: მასწავლებელი განმარტავს ტაძრის მხატვრულ სტილებს, როგორიცაა რომაული და გოთური ელემენტები. მოსწავლეები ირჩევენ სტილს და ქმნიან ნამუშევარს, რომელიც ასახავს მას. მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ აახენის ტაძრის მაკეტის აგებაზე.
– მასალები: მუყაო, წებო, საღებავი, მოდელის ნაკრები.
– გამოფენა: მოდელი შექმნილია დეტალურად, მოსწავლეები ყურადღებას აქცევენ სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს და დეტალს. დასასრულს ისინი წარმოადგენენ თავიანთ მოდელებს და განმარტავენ მათ მიერ განხორციელებულ არქიტექტურულ მახასიათებლებს.
ბ. ხელოვნების ისტორიული პერსპექტივა:
ხელოვნების ნიმუშების შესწავლა: შეისწავლეთ ხელოვნების ნიმუშები ტაძრის შიგნით, როგორიცაა მოზაიკა, სამლოცველო და რელიკვიები. ეს იძლევა შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის შესწავლის საშუალებას.
https://www.aachener-domschatz.de/ *
მხატვრული პროექტი: მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ნამუშევრებს, შთაგონებული აახენის საკათედრო ტაძრით, მაგ. მოზაიკა ან სკულპტურის ნიმუშები.
იდეები ციფრული პროექტებისთვის:
– 3D მოდელირება: სტუდენტები ქმნიან საკუთარ 3D მოდელებს ან ტაძრის ნაწილების ციფრულ ნახატებს. პროგრამები, როგორიცაა Tinkercad, შეიძლება სასარგებლო იყოს ამისთვის.
მულტიმედიური პრეზენტაციები:
მოსწავლეები ქმნიან მულტიმედია პრეზენტაციებს, რომლებიც აერთიანებს ტექსტს, სურათებსა და ვიდეოებს ახენის ტაძრის შესახებ. ამ პრეზენტაციების ჩვენება შესაძლებელია სკოლის ღონისძიებაზე ცოდნის გასაზიარებლად.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია სასწავლო მიზნების შეფასება და სწავლის გამოცდილების გაზიარება.
რეფლექსია სასწავლო მიზნებზე:
საკლასო დისკუსიები: გამართეთ საკლასო დისკუსია, რათა შეკრიბოთ და განიხილოთ მოსწავლეების მრავალფეროვანი პერსპექტივები და შეხედულებები.
უკუკავშირის რაუნდები: ჩაატარეთ უკუკავშირის რაუნდები, სადაც მოსწავლეები აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შეხედულებებს. ეს ხელს უწყობს იმის შეფასებას, თუ რამდენად კარგად არის მიღწეული სასწავლო მიზნები.
თვითშეფასება: სთხოვეთ მოსწავლეებს შეაფასონ საკუთარი პროგრესი და დაფიქრდნენ იმაზე, რაც ისწავლეს ახენის ტაძრის შესახებ.
ასეთი ჰოლისტური მიდგომა გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება აახენის საკათედრო ტაძრის თემის ეფექტიანად ინტეგრირება სწავლებაში. გერმანულის, ისტორიისა და ხელოვნების კომბინაციით, ასევე ციფრული მედიის, პროექტზე დაფუძნებული სწავლის მიდგომების და კვლევითი აქტივობებით, მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან საინტერესო და სიღრმისეული სასწავლო გარემო, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში და აღძრავს მათ ინტერესს კულტურული და ისტორიული მოვლენების მიმართ.
* შენიშვნა: სტატიაში გამოყენებული გერმანულენოვანი ოფიციალური ვებ-საიტები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს თემის უკეთესად შესასწავლად; გერმანული ენის მასწავლებლისა და გერმანული ენის შემსწავლელი მოსწავლეების ჩართულობით მათი გამოყენება მნიშვნელოვნად გაამდიდრებს როგორც ისტორიის ისე ხელოვნების გაკვეთილებს.
გამოყენებული ონლაინ რესურსები აახენის ტაძრის ვირტულაურად დათვალიერებისთვის და ტაძარში არსებული/და მასთან დაკავშირებული კოლექციის დეტალურად გაცნობისთვის:
https://erleben.aachenerdom.de/dom-erlebnis/virtueller-3d-rundflug/
https://www.aachener-domschatz.de/
https://www.aachenerdom.de/ort-der-geschichte/der-koenigsthron/
https://kinder.wdr.de/tv/die-sendung-mit-der-maus/av/video-sachgeschichte-aachener-dom-100.html