( ისტორიული კონტექსტი, თანამედროვეობის გასააზრებლად )
არაფორმალური განათლება გვეხმარება უფრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ სწავლის პროცესი, მოსწავლეებს განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნების, კვლევა-ძიების, შემოქმედებითობის, საკითხის გაგება-გააზრების, პრობლემის იდენტიფიკაციისა და მოგვარების, თანამშრომლობისა და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარები. ამ საკითხში ისტორიული კონტექსტი, რომელიც გააზრებული იქნა თანამედროვე სასკოლო გამოწვევების დასაძლევად, საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისთვის, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურის საჯარო სკოლაში იდეატორთა კლუბის შექმნაზე ვმუშაობდით. გუნდის განუყოფელ წევრი გახდა სკოლის მასწავლებელი მარინე ბურდული, რომლის აზრით, გუდაურის საჯარო სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სტუმრობა ნამდვილი გამოწვევა იყო, მაგრამ საბედნიეროდ, უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული წინადადება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში იდეატორთა კლუბის ჩამოყალიბების თობაზე მაშინვე სიხარულით აიტაცეს ბავშვებმა და კლუბს სახელიც შესაბამისი შეურჩიეს – „გუდაურის საიდუმლო“. როგორ ამოვხსენით ეს საიდუმლო? გამოგვყევით, ერთად ვიმოგზაუროთ გუდაურის ულამაზეს მთებში.
ემოციური და კითხვა-პასუხებით სავსე აღმოჩნდა უნივერსიტეტის გუნდისა და გუდაურის სკოლის მოსწავლეების პირველი ონლაინ შეხვედრა, როდესაც მოსწავლეებმა ისაუბრეს კლუბის სამუშაო თემატიკაზე. იდეატორთა კლუბის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მშობლიური დაბის გუდაურის ისტორიული წარმატების საიდუმლოს ამოხსნა. კლუბის სახელიც და პროექტის სახელიც სწორედ ასე იქნა შერჩეული – „გუდაურის საიდუმლო“. მასწავლებლის, მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის გუნდის წევრების მიერ იმთავითვე მოწონებული იქნა ელექტრონული წიგნისა და ლეპბუკის შექმნის იდეა.
სსუ-ს მენტორების მხარდაჭერით შეიქმნა სამუშაო გეგმა, მოსწავლეების ინტერესების მიხედვით გაიწერა წიგნის სარჩევი და ამის მიხედვით თითოეულ მოსწავლეზე გადანაწილდა სამუშაოები. საგულისხმოა, რომ პროექტი შეიცავდა აღმოჩენითი სწავლის ელემენტებს: დაბის შესახებ ინფორმაციის მოძიების, ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებზე, დაბაში არსებულ ძველ არტეფაქტებზე (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესია-მონასტრები), სათხილამური გზებზე, სასრიალო საშუალებებზე დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეებს უნდა განეხორციელებინათ პრაქტიკული სამუშაოები, გაეკეთებინათ ჩანაწერები და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე გაამოეტანათ დასკვნები, რამ შეუწყო ხელი გუდაურის წარმატებას? ეს ერთგვარი საკვლევი კითხვა გახდა ჩენი მოსწავლეებისთვის.
გუდაურის გარემოსა და ძველ არტეფაქტებზე ექსპერიმენტულმა დაკვირვებამ, გააქტიურა და მრავალფეროვანი გახადა მოსწავლეთა ინტერესი პროექტში დასმული საკითხისადმი. კვლევის პროცესში მოსწავლეებმა ბევრი პრობლემა შეისწავლეს, დასვეს და გამოავლინეს ისეთი საკითხები, რომელთა პასუხების ძიებამ ახალი იდეების იმპლემენტაციას შეუწყო ხელი. ამ ფაქტმა მოსწავლეებში გუდაურის ისტორიისა და თანამედროვეობის კომპლექსურ გააზრებას შეუწყო ხელი.
კვლევის პროცესში მოსწავლეებმა დეტალურად შეისწავლეს გუდაურის ისტორია და მისი კულტურული მნიშვნელობა. ისინი აღმოჩენებამდე მივიდნენ, რომლებიც ეყრდნობოდა როგორც სამეცნიერო ლიტერატურას, ასევე ადგილზე აღმოჩენილ არტეფაქტებს. მაგალითად, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ძველი საკულტო ნივთები და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც მიუთითებდნენ რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე. მოსწავლეებმა გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს ძველი საკულტო ნივთები, რომლებიც მიუთითებდნენ გუდაურის რეგიონში განვითარებულ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე. მათ აღმოაჩინეს ისეთი ობიექტები, რომლებიც წარმოადგენდნენ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს და ასახავდნენ რეგიონის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს. ამ არტეფაქტებმა გააღრმავეს მოსწავლეების ცოდნა და გააძლიერეს მათი წარმოდგენა გუდაურის ისტორიული განვითარების შესახებ.
საინტერესოდ წარიმართა თითოეულ აქტივობაზე მუშაობის პროცესი, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები მშობლებიც და ძალზე შინაარსიანი და საინტერესო მუშაობა წარიმართა: ბავშვებმა გადაინაწილეს საქმიანობები, შედგა მცირე ჯგუფები და შეუდგნენ მასალის მოძიებას.
კლუბის აქტიური მუშაობისთის სკოლაში გამოიყო ოთახი, რომელიც თავიანთი ხელით შექმნილი რესურსებით გააფორმეს ბავშვებმა. მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს ვიზიტორებისთის გაეცნოთ გადაურის ღირშესანიშაობები, როგორც სიძველეები და თანამედროვე სივრცეები. ამ პროექტში განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ მოსწავლეებმა მიიღეს გუნდური მუშაობის გამოცდილება. მოირგეს სხვადასხვა როლები (ჟურნალისტის, გახდნენ პატარა მკვლევრები) გაინაწილეს მოვალეობები და დიდი მოტივაციით შეუდგნენ ,, გუდაურის საიდუმლოს” ამოცნობას.
ბავშვები განსაკუთრებით ელოდებოდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს (ლია ახალაძე , ომარ არდაშელია) და სტუდენტების ( ანა ახალაია, ელენე ქავთარაძე) სტუმრობას სკოლაში, რომ რეალურად გაეზიარებინათ საკუთარი ემოციები და სურვილები. სტუმრებმა დაასაჩუქრეს ჩვენი კლუბის წევრები სასურველი ლიტერატურით ( სკოლაში დაარსდა იდეატორთა კლუბის სახელობის ბიბლიოთეკა) და ტკბილეულით. მოსწავლეები ძალიან ბედნიერები და გახარებულები უზიარებდნენ სტუმრებს საკუთარ ემოციებსა და სურვილებს.
კლუბის წევრებისთვის, ბუნებაში გასვლა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მათ გადაიღეს ფოტოები და ვიდეოები, გააკეთეს ჩანახატები, გამართეს დისკუსია გუდაურის ეკოლოგიაზე, დარგეს მცენარეები სკოლის ეზოში.
კლუბის თითოეული წევრისთვის თანაგუნდელთა კომენტარები მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იყო. ამ სახით მოპოვებული რესურსი პრაქტიკული მაგალითების ჩვენებას მოითხოვს, რაც მოსწავლეს კვლევა-ძიების უნარს უვითარებს. ჩვენ ხშირად ვიყენებდით შედეგზე გათვლილ უკუკავშირს, რითიც შესრულებული დავალებები უნდა შეგვეფასებინა. მოსწავლეებმა იკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ გუდაურის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია არაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, არ იძებნება და მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის, ამიტომ მათ სხვადასხვა თემატიკით ჩაწერეს ინტერვიუები მასწავლებლებთან, უხუცეს ადამიანებთან, ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებთან, გამოიკითხეს მშობლები, უფროსკლასელები.
ნამუშევრების თემატიკა :
- გუდაურის საიდუმლო
- გადაადგილების საშუალებები გუდაურში
- გუდაური, როგორც კურორტი I
- გუდაური, როგორც კურორტი II
- გუდაურის გამოჩენილი ადამიანები
- გუდაურის დასახლება
- გუდაურის სიძველეები
- გუდაურის, როგორც კურორტის აღმოჩენა
- ზღაპარი გუდაურზე
- ინტერვიუ ბუნების მასწავლებელთან
- ლეგენდა – ლომისის მთაზე
- მითები, ლეგენდები და თქმულებები გუდაურზე
- მოსახლეობა
- სათხილამურო ტრასები გუდაურში
- სამეურნეო საქმიანობა, ეკოლოგია
- სახიფათო ადგილები გუდაურში
- სკოლა გუდაურში
- სრიალის სახეობები გუდაურში
- ტაძრები გუდაურში
- ტრასების სახელები გუდაურში
- ციხე- სიმაგრეები
ამ საკითხების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიისთვის:
- გუდაურის საიდუმლო – ამ საკითხის შესწავლა გუდაურში არსებული უცნობი და ნაკლებად შესწავლილი ფაქტების გამოვლენას და ისტორიულ ანალიზს შეუწყობს ხელს. რაც დაეხმარება გუდაურის უნიკალური მემკვიდრეობის აღმოჩენას.
- გადაადგილების საშუალებები გუდაურში: გადაადგილების საშუალებების შესწავლა ისტორიული პერსპექტივიდან ხელს უწყობს გუდაურის განვითარების გააზრებას. ამით გამოჩნდება თუ როგორ შეიცვალა და განვითარდა გუდაური დროთა განმავლობაში.
- გუდაური, როგორც კურორტი – გუდაურის, როგორც კურორტის, განვითარების ისტორიის შესწავლამ გამოავლინა, თუ როგორ გადაკეთდა გუდაური პოპულარულ ტურისტულ ობიექტად.
- გუდაურის გამოჩენილი ადამიანები: ცნობილი ადამიანების ისტორიების შესწავლა კარგი არტეფაქტის რეგიონის ისტორიული განვითარების გაანალიზებაში.
- გუდაურის დასახლება: გუდაურის დასახლების ისტორიის შესწავლა საშუალებას იძლევა გავიგოთ, როგორ ვითარდებოდა და შეიცვალა ტერიტორია დროთა განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, კულტურული და სოციალური და ურბანული განვითარების პროცესებთან მიმართებაში.
- გუდაურის სიძველეები: გუდაურის არქეოლოგიური და ისტორიული სიძველეების შესწავლა მნიშვნელოვანია – რეგიონის უძველესი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.
- გუდაურის, როგორც კურორტის აღმოჩენა: ამ საკითხის შესწავლა ცხადყოფს, თუ როგორ დაიწყო გუდაურის კურორტად გადაკეთება და როგორი იყო მისი განვითარების ეტაპები, რაც ტურისტული ინდუსტრიის და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.
- ზღაპარი გუდაურზე: ისტორიული კონტექსტის ანალიზი დაეხმარება გუდაურის კულტურული იდენტობის უკეთ გაგებას და მის პოპულარიზაციას.
- ინტერვიუ ბუნების მასწავლებელთან: მასწავლებლის გამოცდილება და ხედვა ეხმარება ისტორიული პროცესების გააზრებას გუდაურის მდგრად განვითარებასთან მიმართებაში.
- ლეგენდა – ლომისის მთაზე: ლეგენდების შესწავლა საშუალებას იძლევა უკეთ გავიგოთ გუდაურის და მისი შემოგარენის კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა.
- მითები, ლეგენდები და თქმულებები გუდაურზე: მითებისა და ლეგენდების შესწავლა ხელს უწყობს რეგიონის ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მემკვიდრეობის გააზრებას.
- მოსახლეობა: გუდაურის მოსახლეობის ისტორიის შესწავლა საშუალებას იძლევა გავიგოთ, როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა რეგიონი სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით.
- სათხილამურო ტრასები გუდაურში: სათხილამურო ტრასების განვითარების ისტორიის შესწავლა მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ როგორ იზრდებოდა გუდაურის პოპულარობა, როგორც ზამთრის კურორტი, და როგორ ახდენს ეს გავლენას რეგიონზე ტურიზმის თვალსაზრისით.
- სამეურნეო საქმიანობა, ეკოლოგია: გუდაურის რეგიონის ეკონომიკური საქმიანობისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე. ეს ცოდნა დაეხმარება გარემოს დაცვასა და მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას.
- სახიფათო ადგილები გუდაურში: გუდაურის ტერიტორიაზე სახიფათო ადგილების შესწავლა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რისკების მინიმიზაციას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას რეგიონის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.
- სკოლა გუდაურში: გუდაურის სკოლის ისტორიისა და მისი განვითარების შესწავლა აჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა განათლება რეგიონში, რა როლს ასრულებდა სკოლა საზოგადოებაში და როგორ უწყობდა ხელს ადგილობრივ მოსახლეობას ცოდნის მიღებაში.
- სრიალის სახეობები გუდაურში: გუდაურში სრიალის სხვადასხვა სახეობის შესწავლა გამოავლენს, თუ როგორ შეიცვალა და განვითარდა: სათხილამურო სპორტი, სპორტული ტურიზმი, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
- ტაძრები გუდაურში: გუდაურის ტაძრების ისტორიისა და არქიტექტურული მნიშვნელობის შესწავლა არის მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვისთვის, ტაძრების ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის გააზრების და პოპულარიზაციისათვის.
- ტრასები გუდაურში: გუდაურის სათხილამურო ტრასების სახელების ისტორიის შესწავლა გამოავლენს, თუ რა კულტურული, ისტორიული ან გეოგრაფიული მნიშვნელობა აქვს ამ სახელებს. ეს დაეხმარება რეგიონის იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებას.
- ციხე-სიმაგრეები: გუდაურის ციხე-სიმაგრეების შესწავლა მნიშვნელოვანია მათი ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის გასაგებად. ეს ხელს უწყობს ამ ძეგლების მნიშვნელობის გაცნობიერებას, რაც არის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილი.
კლუბის წევრებმა შეაგროვეს უამრავი მასალა, მათ შექმნეს საერთო და ინდივიდუალური ელექტრონული წიგნები, აღწერეს გუდაურის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებზეც თვითონ იმუშავეს. პროექტის დასასრულს გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც იდეატორთა კლუბის წევრებმა წარადგინეს თანასკოლელთათვის, პედაგოგებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის. შეხვედრა ძალზე საინტერესო და შინაარსიანი გამოვიდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თვითონ ლეპბუკის გაცნობამ, რომელიც პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის დაგვირგვინება იყო. იდეატორთა კლუბის წევრებმა წერილები მიუძღვნეს ანა მასწავლებელს და გააფორმეს ალპური ზონის მთის ყვავილებით.
კლუბის წევრების შექმნილი ელექტრონული წიგნები:
- საერთო ელ.წიგნი:
https://www.storyjumper.com/book/read/173521591/66538621be1f4
- ბავშვების შექმნილი წიგნი
https://www.storyjumper.com/book/read/173806071/666801d6a7917
მოძიებულ ინფორმაციებზე რეფლექსიის გასაკეთებლად იდეატორები კვირის ბოლოს იკრიბებოდნენ კლუბის ოთახში, სადაც მათ საჩუქრად ხან კალმები, ხან ტკბილეული ხვდებოდათ და მართავდნენ დისკუსიებს. ასეთი აქტივობის ფონზე მოსწავლეები უფრო მოტივირებულად ერთვებოდნენ თემების დამუშავებისა და განხილვის პროცესში, ამიტომ ხალისით გარბოდნენ კლუბის ოთახისკენ.
კლუბის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია საზეიმოდ შედგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხუთ საჯარო სკოლაში შექმნილი იდეატორთა კლუბების საკონკურსო წარდგენა განხორციელდა. გუდაურის იდეატორთა კლუბმა წარადგინა მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნი, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ვერსია, ლეპბუკი და პროექტის თემაზე კლუბის წევრების მიერ შექმნილი ჩანახატები. მოსწავლეებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში შექმნილ თემებზე, გუდაურის ისტორიულ და თანამედროვე ამბებზე, გამოჩენილ ადამიანებზე, პირველ სათხილამურო ტრასებზე და მათ თანამედროვე მდგომარეობაზე. კლუბის გამოსვლა გააფორმეს ლექსებითა და სიმღერებით, რამაც უსაზღვროდ დიდი ემოცია და ოვაციები გამოიწვია დარბაზში. ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტი სხვა სკოლების პროექტებთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად გამოცხადდა. ამ ემოციურმა დღემ კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი გარემომცველი სამყაროს უკეთ შემეცნების, ისტორიული წარსული პატივისცემისა და თანამედროვეობის უკეთ გასააზრებლად.
დასასრულს აღვნიშნავთ, რომ იდეატორთა კლუბში ჩამოყალიბებულმა ურთიერთობებმა ნათლად დაგვანახა და გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში, ისტორიული კონტექსტითა და თანამედროვეობის გაანალიზებით, ჩვენ შევძელით მოსწავლეთა სააზროვნო და შემოქმედებითი შესაძლებლობების ეფექტური გამოვლენა, დამოუკიდებელი ძიების, მიზნის მიღწევადობისა და გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ყველა ეს უნარი წარმოადგენს დამხმარე საშუალებებს ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოზარდის უკეთ ინტეგრირებისა და XXI საუკუნის გამოწვევებისთვის მოსამზადებლად.
აქვე გიზიარებთ მშობელთა და მოსწავლეთა შეხედულებებს კლუბის მუშაობის პროცესზე:
მშობელი– თ. მამასტარაშვილი (ძალიან მომეწონა იდეა წიგნის შექმნის შესახებ. მე და ჩემი შვილი აქტიურად ვიყავით ჩართულები იდეატორთა კლუბში. პროექტზე მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. მე დავეხმარე ინფორმაციის მოძიებაში და ბევრი საინტერესო ფაქტიც შევიტყვეთ. მოხარული ვიქნები შემდეგშიც განხორციელდეს ასეთი ტიპის პროექტები.)
მშობელი– ნ. ქოროღლიშვილი (ასეთი ტიპის პროექტში ჩემი შვილი პირველად იღებს მონაწილეობას. გაოცებული ვარ მისი მოტივაციით, ყველა ინფორმაციის მოძიებას დამოუკიდებლად ცდილობდა. მადლობა ჩვენს სკოლას და ორგანიზატორებს, ვფიქრობ ერთად კიდევ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.)
მოსწავლე– ნ. ქარჩაიძე (ძალიან მომწონს, რომ იდეატორთა კლუბის წევრი ვარ. არ ველოდი, იმდენი რამ გავიგე და გავიაზრე, დასკვნითი პრეზენტაციაც საინტერესო გამოვიდა. მადლობა ორგანიზატორებს, ჩემს სკოლას, მეგობრებს, ჩემს მშობლებს, რომლებიც პროექტის პირველივე დღიდან მხარში მედგნენ. იმედი მაქვს ჩვენთვის საინტერესო პროექტები ახლა იწყება.)
მოსწავლე – მ. ზ. (იდეატორთა კლუბში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ინფორმაციის მოძიებაში მამა დამეხმარა, რომელმაც პარაპლანით გადაღებული ფოტოები მომიტანა, სადაც ასახულია გუდაურში არსებული ციხე-კოშკი და ნასახლარები.მადლობა ორგანიზატორებს და ჩემ სკოლას.)
მოსწავლე– ლ. ბ. (ასეთ პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას და ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად მომეწონა ლეპბუკის შექმნაზე მუშაობა, კლუბის წევრები ურთიერთშეთანხმებით და გუნდურად ვმუშაობთ. მადლობა ყველას.)
გამოყენებული ლიტერატურა
- კიკნაძე, ზ. & ჟვანია, რ. (2020). საქართველოს ისტორიის ნარკვევები. თბილისი: საქართველოს აკადემია.
- ბაქრაძე, დ., & ვარდოსანიძე, ს. (2019). საქართველოს ისტორიის ქრესტომათია. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.
- ჩარკვიანი, გ. (2021). საქართველოს ტურისტული მარშრუტები. თბილისი: ტურისტული ასოციაცია.
- ბერაძე, ა. (2018). გეოგრაფია და ტურიზმი საქართველოში. თბილისი: საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება.
- ცინცაძე, ნ. (2022). საქართველოს ეკოლოგიური მემკვიდრეობა. თბილისი: ეკოლოგიის კვლევის ინსტიტუტი.
- მარღიშვილი, მ. (2020). კლიმატური პირობები და მდგრადი განვითარება. თბილისი: გარემოს დაცვის სამინისტრო.
- კიკნაძე, ზ. (2017). ქართული მითები და ლეგენდები. თბილისი: მეცნიერების აკადემია.
- გოგიაშვილი, შ. (2019). ქართული თქმულებები. თბილისი: ლიტერატურის გამომცემლობა.
- ოშხარელი, ა. (2021). საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. თბილისი: კულტურის სამინისტრო.
- ახვლედიანი, ნ. (2020). საქართველოს არქეოლოგია. თბილისი: არქეოლოგიური ინსტიტუტი.
- ხიზანიშვილი, ლ. (2021). თხილამურობა და სნოუბორდინგი საქართველოში. თბილისი: სპორტული აკადემია.
- ძნელაძე, ზ. . (2022). ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. თბილისი: ეკონომიკის სამინისტრო.