კვირა, აგვისტო 25, 2024
25 აგვისტო, კვირა, 2024

ერთი მასწავლებლის ოლიმპიადა

სასწავლო წელი უკვე დასრულდა და ზაფხულის არდადეგებიც დაიწყო, თუმცა მასწავლებლის ფიქრები ისევ იმ სიახლეთა ძიებისკენ არის მიმართული, დამდეგ წელს რომ უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს. იქნებ ძიებაში დაგეხმაროთ, თუ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას საგნობრივი სასკოლო ოლიმპიადის ჩატარებაში – მერწმუნეთ, ის კოლეგებისა და დირექციის დადებით შეფასებასაც დაიმსახურებს და მოსწავლეებშიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი საგნისადმი ინტერესს.
რითია საინტერესო აღნიშნული აქტივობა?
• ამაღლებს მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციას;
• ხელს უწყობს თქვენი საგნის პოპულარიზაციას;
• მოსწავლე იძენს ბაზისურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც არა მარტო საგნობრივ ოლიმპიადებზე, არამედ გამოცდებზეც გამოადგება;
• იზრდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებით მოსწავლეთა დაინტერესება;
• უმჯობესდება კოლეგებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა, თუ ისინიც გამოხატავენ ოლიმპიადაში ჩართვის სურვილს.
საგნობრივი სასკოლო ოლიმპიადის დაგეგმვა და ჩატარება მასწავლებლისგან სრულიადაც არ მოითხოვს იმაზე მეტ დროსა და ძალისხმევას, ვიდრე შემაჯამებლისთვის მომზადებას ან თუნდაც ერთი კარგი გაკვეთილის ჩატარებას სჭირდება. შედეგად კი იღებთ დადებით ემოციებს მოსწავლეებისა და მშობლებისგან, უფრო ინტენსიური ხდება თქვენ შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა, დაბოლოს, ხდებით თქვენი მოსწავლეების წარმატების თანაზიარი, რაც, ალბათ, ყველა მასწავლებლის მიზანია.
რით დავიწყოთ?

I ეტაპი – დაგეგმვა
თავდაპირველად მოგიწევთ, დაფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე:
• როდის ჩავატარო ოლიმპიადა? – მე ოლიმპიადა მაისში ჩავატარე და ვფიქრობ, ეს საუკეთესო დროა, რადგან მოსწავლეებს ძირითადად უკვე ათვისებული აქვთ როგორც საგნის თეორია, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები და საშუალება ეძლევათ, კიდევ ერთხელ შეამოწმონ თავიანთი ცოდნა.
შეიძლება ოლიმპიადის ჩატარება გაკვეთილების შემდეგ ან შაბათს. ისიც შეიძლება, მას ჩვეულებრივი სასწავლო დღის 2 გაკვეთილი დაეთმოს (სავარაუდოდ, თქვენთვისაც ბოლო ვარიანტი უფრო მისაღები აღმოჩნდება, რადგან ბევრ მოსწავლეს ამა თუ იმ მიზეზით უჭირს გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დარჩენა).
• რომელ კლასში ჩავატარო? – პირველ ჯერზე ოლიმპიადის სამიზნე ჯგუფად მე-7 კლასი შევარჩიე, რადგან წელს დაიწყეს ბიოლოგიის როგორც ცალკე საგნის შესწავლა და მისი პოპულარიზაცია ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე. გარდა ამისა, ოთხივე ჯგუფს თავად ვასწავლი და მოსწავლეთა მობილიზებაც ადვილად შევძელი.
• დამოუკიდებლად ჩავატარო თუ კოლეგასთან ერთად? – თუ კოლეგებს დროის დეფიციტი აქვთ, უმჯობესია, ეს აქტივობა მარტომ განახორციელოთ, რაც გადაწყვეტილებების მიღებაში მეტ თავისუფლებას მოგანიჭებთ, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოლიმპიადის ჩატარების დღეს დამხმარეები აუცილებლად დაგჭირდებათ. ამ მიზნით ჩვენი სკოლის მე-10 კლასის რამდენიმე მოსწავლეს მივმართე, რომლებმაც ხალისით და პასუხისმგებლობით იტვირთეს ეს მოვალეობა.
• რამდენ ეტაპად ჩავატარო? – ვფიქრობ, ოპტიმალურია ორი ტური მაქსიმუმ ორკვირიანი შუალედით, რათა ოლიმპიადა დროში არ გაიწელოს და მონაწილეებში შეჯიბრის მუხტიც შენარჩუნდეს.
• რა სახის დავალებები გამოვიყენო? – გადავწყვიტე, ტურები ერთმანეთისგან განსხვავებული ყოფილიყო დავალებების ტიპის, სირთულისა და ქულათა ჯამური რაოდენობის მიხედვით: I ტურში მოსწავლეებს 45 წუთის განმავლობაში დახურულ კითხვებზე აგებული (4 სავარაუდო პასუხის მქონე) ერთქულიანი 30 დავალების შესრულება ევალებოდათ, ხოლო II ტურში – ღია კითხვებზე აგებული 8 დავალებისა ჯამური 15 ქულით (დავალებებს შორის ზოგიერთი ერთქულიანი იყო, ზოგი – ორ-, ზოგიც – 3-ქულიანი). ბუნებრივია, ორივე ტურში გამოყენებული დავალებები იყო საშუალო სირთულის და მოსწავლეებისგან მოითხოვდა დაფიქრებას, მსჯელობას და დასკვნის გასაგებად, თანმიმდევრულად გადმოცემას. დავალებებისა და პასუხების ფურცელები მოსწავლეებს ცალ-ცალკე დავურიგე, რათა დავალებების ფურცლები მათ დარჩენოდათ, პასუხების ფურცლები კი – მე (იხ. დანართი 1).
• როგორ გამოვავლინო გამარჯვებული მოსწავლეები? – II ტურში გადასულად ჩავთვალე მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს 50%-იანი ბარიერი, ხოლო საბოლოო გამარჯვებულებად გამოცხადნენ II ტურის შედეგების რეიტინგში პირველ 3 ადგილზე გასული მოსწავლეები (აქვე მოფიქრებული უნდა გქონდეთ, როგორ მოიქცევით, თუ რომელიმე საპრიზო ადგილს 2 მოსწავლე გაინაწილებს – მათ შორის დამატებით ტურს გამართავთ თუ ორივე გამარჯვებულად ჩაითვლება).

II ეტაპი – ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ამ ეტაპზე მოგიწევთ, თქვენი იდეა გააცნოთ სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. დირექციისგან ალბათ სრული მხარდაჭერა გექნებათ, აი, მოსწავლეებთან კი შესაძლოა უფრო რთულად იყოს საქმე რამდენიმე მიზეზის გამო:
• მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ცხოვრებისთვის სიტყვა „ოლიმპიადა“ უცხო არ არის, აღმოაჩენთ, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს მისი არსი არ ესმის.
• მოსწავლეები, რომელთაგან მაღალ ჩართულობას ელით, შესაძლოა, საერთოდ არ დაინტერესდნენ და პირიქით, დაბალი ან საშუალო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებმა უფრო გამოთქვან მონაწილეობის სურვილი (რა თქმა უნდა, უარს არავის ეუბნებით).
შეეცადეთ, მოსწავლეებს რაც შეიძლება გასაგებად აუხსნათ ოლიმპიადის არსი და მიზანი, კერძოდ, ის, რომ:
• ოლიმპიადა არის სახალისო, ინდივიდუალური შეჯიბრება მოსწავლეებს შორის, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, შეამოწმოს თავისი ცოდნა და შეიძინოს მნიშვნელოვანი საგამოცდო პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
• შედეგები არავითარ გავლენას არ მოახდენს მოსწავლის სასკოლო შეფასებაზე;
• ნაშრომები და შედეგები არ გამოქვეყნდება საჯაროდ (გარდა გამარჯვებული მოსწავლეების შედეგებისა);
• გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით;
• გაიზრდება გამარჯვებული მოსწავლეების ცნობადობა სასკოლო სივრცეში (რასაც მოზარდები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ) და სხვ.

III ეტაპი – ოლიმპიადის დღე
ამ დღის მთავარი საზრუნავია, მოსწავლეებს შევუქმნათ მშვიდი, საქმიანი და კეთილგანწყობილი გარემო. მერხები დავნომრე, ხოლო სარეგისტრაციო მაგიდაზე პირქვე დავაწყვე დანომრილი ფურცლები. ამგვარად, ყველა მონაწილე შემთხვევითობის პრინციპით მოხვდა მერხთან – იმის მიხედვით, რა ნომერი აიღო. ამით შევამცირე იმის ალბათობა, რომ თანაჯგუფელები ან მეგობრები ერთმანეთის გვერდით დამსხდარიყვნენ. ამასთან, ეს ნომრები დაიწერა სარეგისტრაციო ფურცელსა და პასუხების ფურცლებზეც, რითაც მოხდა მონაწილეთა ნაშრომების კოდირება (ოლიმპიადის ორივე ტურში კოდები გაიშიფრა ნაშრომების გასწორების შემდეგ – ასეთი მიდგომა გაზრდის შეფასების ობიექტურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, თუ ოლიმპიადის ორგანიზებაში ორმა ან მეტმა კოლეგამ მიიღო მონაწილეობა).
ამ ეტაპზე აუცილებელია:
• წერის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ მოსწავლეთა კოდები (ნომრები);
• დაფაზე ნიმუშის ჩვენებით გარკვევით აუხსნათ მოსწავლეებს პასუხების ფურცლის შევსების წესი და ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ სხვაგვარად მინიშნებული პასუხები გაუქმდება (აქვე ასწავლეთ შეცდომის გასწორების მეთოდიც);
• გააცნოთ გამარჯვებულთა გამოვლენის წესი;
• გააცნოთ ქცევის წესები, მათ შორის – შეკითხვის დასმის წესი, ოლიმპიადიდან მოხსნის წინაპირობები და სხვ.
• თვალყური ადევნოთ, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ დამოუკიდებლად (აუცილებელია მობილურებისა და სხვა ზედმეტი ნივთების მოშორებით დალაგება).

IV ეტაპი – გამარჯვებულთა დაჯილდოება
თუ სკოლის ბიუჯეტში მსგავსი აქტივობისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული, შეგიძლიათ, მოსწავლეებისათვის გამოძებნოთ რამე სამახსოვრო საჩუქარი: დიპლომი, წიგნი, ბლოკნოტი და სხვ.
შეეცადეთ, დაჯილდოება ოლიმპიადის დასრულებიდან მალევე ჩატარდეს და მას ოფიციალური სახე ჰქონდეს. გახსოვდეთ, მოსწავლეები თითოეულ ჩვენს ნაბიჯს ყურადღებას აქცევენ, აფასებენ და ჩვენგან არა მარტო საგნობრივ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც იღებენ!

IV ეტაპი – მოსწავლეთა უკუკავშირი
დამეთანხმებით, ნებისმიერი სასწავლო აქტივობის დასასრულს ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეთა უკუკავშირი. მეც მოვუმზადე მოსწავლეებს მცირე კითხვარი ოლიმპიადის შესახებ. კითხვარი შეიძლება იყოს ონლაინ შესავსებიც და ფურცელზე დაბეჭდილიც. მე პირველი ვერსია ავირჩიე და სოციალური ქსელის მეშვეობით ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გავუზიარე Google Forms-ში მომზადებული კითხვარის ბმული (იხ. მოსწავლეთა უკუკავშირის კითხვარის Pdf ვერსია).
კითხვარის მომზადებისას სასურველია, გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:
• კითხვარი არ უნდა იყოს დამღლელი, რათა მოსწავლეებს პასუხის გაცემის სურვილი არ დაეკარგოთ;
• მიეცით მეტი დახურული შეკითხვა სავარაუდო პასუხებით, თუმცა აუცილებელია ღია კითხვებიც, რათა საკუთარი მოსაზრების გამოხატვა შეძლონ;
• დაარწმუნეთ მონაწილეები კითხვარის ანონიმურობაში და შეეცადეთ, მოიპოვოთ მათი ნდობა.
გულწრფელად გეტყვით – ჩემთვის კითხვარზე უკეთესი უკუკავშირი აღმოჩნდა მოსწავლეთა შეკითხვები: „მომავალ წელსაც ხომ ჩაატარებთ ოლიმპიადას?“, ,„თუ იცით, სხვა საგნებშიც ჩატარდება მსგავსი ოლიმპიადა?“
თავად განსაჯეთ, რამდენად გაიზარდა მოსწავლეთა დაინტერესება და სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა.

დანართი 1. (პასუხების ფურცელი I ტურისთვის)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კითხვის სტრატეგიები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“