ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

წითური ბიჭი „ოქროსგასაღებიანი სოფლიდან“

მაისის თვეში „მთის ქალაქებში“ ვიმოგზაურე. ასე მე ვუწოდებ, თორემ სინამდვილეში ყველა ქალაქს თავისი სახელი აქვს და თურქეთის აღრის რეგიონში არარატის მთის ძირას მდებარეობენ. ვისაც წნევა აწუხებს, იქ წასვლას არ ვურჩევ, რადგან მართლა გვარიან სიმაღლეზე ადიხარ. ხე საერთოდ არ ხარობს, გარშემო მთები და გაშლილი მინდვრებია. ამიტომ, აქ ხილს სხვა ფასი აქვს, რადგან ფუფუნებაა. ძირითადი საქმიანობა კი მეცხოველეობა გახლავთ. ჩემი წასვლის ოფიციალური მიზეზი ქალაქ აღრის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა იყო. თუმცა, მანამდე სპეციალურად ისე დავამთხვიე, რომ ლექციები სწორედ აღრიში წამეკითხა და ისიც აუცილებლად მაისში.

 

რატომ? – აღრის რეგიონში მაისში რიბისი მოდის. სწორედ მისი დიდი რაოდენობით მირთმევა იყო ჩემი ძირითადი მიზანი.

 

რიბისს ადგილობრივები ეძახიან ქურთულ ენაზე. ისე რა ჰქვია, არ ვიცი. ამ რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობა ქურთები არიან. უმეტესობამ თურქული არც კი იცის, ძირითადი ნაწილი, ბუნებრივია საუბრობს, თუმცა უფრო ზევით მთებში გაბნეულ სოფლებში თურქულ ენაზე მოსაუბრეს სულ ტყუილად დაელოდები.

 

რიბისი მცენარეა, რომელიც უნდა გაფცქვნა და მისი ღეროები ჭამო. ძალიან გემრიელი წვენით არის სავსე. როცა კბეჩ, წვენი პირში გესხმება და რაღაცნაირ გემოს გიტოვებს. 50-ზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს და უსაშველოდ მარგებელია. მთელ სხეულს აძლიერებს და აახლებს. მხოლოდ მაისში მოიპოვება და წვენი ისეთი კონცენტრირებულია, რომ მთელი წელი ყოფნის ორგანიზმს. ამიტომ და შესაძლოა ძალიან კამკამა ჰაერის გამოც, აღრის მცხოვრებლები ძალიან იშვიათად ავადობენ სიმსივნით. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა ასე აჩვენებს.

 

მაისის დასაწყისი იდგა და ამიტომ ჯერ ბაზარში რიბისს ვერ ნახავდით. ამიტომ, ჩემმა მეგზურმა მითხრა, წამო, მთის სოფლებში ავიდეთ, იქ მეცხვარეებს ვნახავ, მოგვეხმარებიან რიბისის მოკრეფაშიო.

 

წავედით… წარმოიდგინეთ დახვეული გზა, წინ მხოლოდ ღრუბლებია და გრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ მათთან მიდიხარ სტუმრად. ჩემი მეგზური ქურთულად თავისუფლად საუბრობდა, ამიტომ პირველსავე სოფელში მწყემსები ხალისით დაგვეხმარნენ მთის კიდევ უფრო ზედა ადგილებიდან რიბისის შეგროვებაში. შემდეგ, სახლში ჩაიზე დაგვპატიჟეს. სოფელს „ოქროსგასაღებიანი სოფელი“ ერქვა, ოღონდ ოქროს იქაურობა ნაკლებად ჰგავდა. ხალხი ფაქტობრივად მიწურებში ცხოვრობს. სახლში მოხრილი უნდა შეხვიდე და თუ ოდნავ მაღალი ხარ, ასევე მოხრილმა უნდა იარო და დაჯდე. ბავშვების უმეტესობაც რაღაცნაირია, ოდნავ სევდიანი და ისეთი მორცხვი, ხეირიანად თვალებშიც ვერ გიყურებენ. ზოგადად თურქეთში, როგორ ზრდიან იცით ბავშვებს? შთააგონებენ, ჯერ ალაჰია და შემდეგ მასწავლებელიო. ამიტომ არის, რომ როგორც კი იგებენ, მასწავლებელი ხარ, მაშინვე მოწიწებას გრძნობ ყველა მხრიდან.

 

„ოქროსგასაღებიან სოფელში“ მწყემსის სახლში ჩაის დალევის შემდეგ გარეთ გამოვედით და ცოტა ფეხითაც გავისეირნეთ. მინდვრად ბავშვები თამაშობდნენ. უცხოები დაგვინახეს და ჩვენკენ გამოიქცნენ. დამავიწყდა მეთქვა, სოფელში ასვლამდე, ქალაქის სუპერმარკეტში გვარიანად ტკბილეული მოვიმარაგეთ (იცოდა ჩემმა მეგზურმა, სადაც მივყავდი). ჰოდა, მთელი სოფლის ბავშვობა ისე გავახარეთ, მეც მათ ემოციებში ვიყავი და ყურებამდე ვიცინოდი.

 

– როჟ ბაში, – მიესალმა ბავშვებს ჩემი მეგზური.

 

– დოკურმაჟი ზანი, აპო? – ქურთული იცი, ბიძია? გაუკვირდათ ბიჭებს.

 

– ეზდზანიმ, – ვიცი, აბა, არ ვიციო, გაეცინა ჩემს მეგზურს და აქ საუბარში უკვე მეც ჩავერთე.

 

– ჯანი ბაში, ზაარ? – როგორ ხართ, ბავშვებო?

 

– ბაშიმ, ბაშიმ-ერთხმად მომოგეს და იქვე მკითხეს.

 

– ხატი, დუზი ზანი? – დეიდა, ქურთული იციო? გამეცინა და ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც ქათქათა თეთრი იყო და საოცრად წითური თმა ჰქონდა, ვკითხე:

 

– დუქურმანჯი? – ქურთი ხარ-მეთქი?

 

– ერი, – დიახო, მითხრა.

 

– დუ ქურმანჯექი ჩანი? დუ ტსორი ვე ჩილი. აინი ტავი – რანაირი ქურთი ხარ, თეთრი და წითური თმით? მზეს გავხარ.

 

აქ უკვე ჩემი მეგზური ჩაერთო საქმეში და ბავშვებს უთხრა:

 

  • ხატი დუ ქელიმე დზანე, ევი ბერდე, – დეიდამ მხოლოდ ეს იცის ქურთულად და შეეშვით აწიო.

 

არადა, ეს ქურთი ბავშვი მართლაც განსაცვიფრებლად თეთრი და წითური იყო. ასეთი ფერის თმა ძველთაგანვე იქცევდა გარშემომყოფთა ყურადღებას და რა გასაკვირია, მეც რომ შემემჩნია. ასეთი ფერის თმა მთელ პლანეტაზე ადამიანთა 2-6%-ს აქვს. თითოეულ წითურ ადამიანს კანსა და თმებში ჭარბად აქვს წითელი პიგმენტი ფეომელანინი. მუქი პიგმენტი ეუმელანინი კი მცირე რაოდენობით აღენიშნებათ. სწორედ ამიტომ, ძალიან თეთრი კანი და ჭორფლიც აქვთ. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი. წითური თმები ცილა „პირველი ტიპის მელანოკორტინის რეცეპტორის“ (შემოკლებით MC1R) მუტაციასთან არის დაკავშირებული. მუტაციას ცილა კი არა, ის გენი განიცდის, რომელიც ამ ცილის კოდირებას ახდენს. ცილის სინთეზისთვის უჯრედს ესაჭიროება ე.წ. „თარგი“ , ანუ გენი, რომელშიც კოდირებულია ამ ცილის ქიმიური ფორმულა. გენის მუტაცია, ანუ „თარგის“ ცვლილება იწვევს ცილის ქიმიური შემადგენლობისა და ფუნქციის შეცვლას ორგანიზმში. ასეთი ცილა ფუნქციას ან ცუდად შეასრულებს, ან საერთოდ ვერ შეასრულებს. ზოგ შემთხვევაში კი შეცვლილი ცილა მუშაობს სხვაგვარად ან უკეთესადაც კი. თუმცა, თითოეულ უჯრედში ერთი და იმავე გენის ორი ასლი არსებობს. ერთი ასლი დედის მხრიდანაა, მეორე კი მამის მხრიდან. გამოდის, რომ თუ ერთი გენი ვერ მუშაობს, მეორე სათადარიგო გენი შეენაცვლება. ჰოდა, ეს რეცეპტორი MC1R, ერთგვარ ბიოგამომრთველის როლს ასრულებს. ანუ, თუ რეცეპტორი „ჩართულია“, ანუ აქტიურია, უჯრედი ასინთეზირებს პიგმენტ ეუმელანინს, რომელიც თმის შავ შეფერილობაზეა პასუხისმგებელი. თუ MC1R „გამორთულია“, მაშინ უჯრედი ასინთეზირებს ფეომელანინს. ჭეშმარიტად წითური ადამიანი იბადება, თუ მის უჯრედში MC1R ორივე ასლი „გამორთულია“. გამოდის, რომ წითური ბიჭი „ოქროს სოფლიდან“ სწორედ ასეთი „გამორთული“ MC1R-ის მფლობელი იყო. ანუ, გამოდის, რომ ამ ბიჭის მამასაც და დედასაც თითო-თითო „გამორთული“ გენი ჰქონდათ და ორივე ამ ბიჭს გადაულოცეს. ჰოდა, ისიც ქურთისთვის განსაცვიფრებლად ფითქინა და წითური გამოვიდა.

 

დღეს წითურების რაოდენობა ყველაზე მეტად ირლანდიაშია, მოსახლეობის 10%, შემდეგ მოდის შოტლანდია, მოსახლეობის 6%-ით. ამ 6%-ის ყველაზე მეტი კონცენტრაცია კი ედინბურგში გვხვდება.

 

არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ ძველ დროში წითურების რაოდენობა უფრო მეტი ყოფილა. გათხრების დროს წითელთმიანებს ისეთ ადგილებში პოულობენ, ამავე ტერიტორიაზე ახლა ვერაფრით რომ ვერ შეხვდები. მაგ. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ტარიმში, წითურთმიანი მუმიები იპოვეს. ეს მუმიები ჩვ. ერამდე მეორე ათასწლეულს ეკუთვნოდნენ.

 

იმ დროში წითურმიანებს ეთაყვანებოდნენ. ძველ ეგვიპტეში სეტთან, იგივე უდაბნოს, ქარიშხლის და არეულობის ღვთაებასთან ასოცირდებოდნენ. ჰოდა, წითელთმიანები ავტომატურად ძლიერ ადამიანებად მიიჩნეოდნენ. სკანდინავიური ღვთაება თორი ასევე წითელი თმით არის აღწერილი. „ილიადაში“ აქილევსის თმებზე სიტყვა „ქსანტესია“ გამოყენებული, რაც ღია ოქროსფერ მოწითალოს ნიშნავს. მის შვილს ნეოპტოლემს კი „პირსს“ უწოდებენ, რაც წითელს ნიშნავს. პოლინეზიურ კულტურაში წითური თმები ძალასთან ასოცირდებოდა.

 

 

კელტებს სჯეროდათ, რომ წითელთმიანი ბავშვები ფერიებს ენათესავებოდნენ. გვახსოვს ხომ, წითური ბავშვი შესაძლოა არა წითურ მშობლებს გაუჩნდეს და რადგან კელტებს გენეტიკისა და ბიოქიმიის არა გაეგებოდათ რა, ფიქრობდნენ, ბავშვი ფერიამ მოიყვანაო.

 

შემდეგ დრო შეიცვალა. შეიცვალა დამოკიდებულება წითური ხალხის მიმართაც. ესპანური ინკვიზიციის დროს ყველა წითელთმიანსა და წვერიანს ეშმაკთან წილნაყარად მიიჩნევდნენ. თუ მწვანე თვალებიც ექნებოდა, წასული იყო მისი საქმე. სწამდათ, რომ ვისაც წითური თმები და მწვანე თვალები ჰქონდა, სიკვდილის შემდეგ ვამპირად იქცეოდა. თეოფილე ხუცესმონაზონი კი აღწერს ალქიმიურ რიტუალს, სადაც სპილენძისგან ოქროს მისაღებად წითელთმიანი ბავშვის სისხლია საჭირო.

 

შემდეგ ისევ შეიცვალა დამოკიდებულება და წითური თმა მოდური გახდა. რენესანსის პერიოდის იტალიელი ლამაზმანები თმებს ჯერ კირით, ლიმონით და გოგირდმჟავას ნაზავით იუფერულებდნენ, შემდეგ კი შაფრანით და ქინათი იღებავდნენ. შედეგად, (თუ თმა გაუფერულებას გადაურჩებოდა) წითელთმიანები ხდებოდნენ.

 

წერილის დასაწყისში აღრის ბავშვებზე ვყვებოდი.

 

ჩვენს მანქანას დიდხანს მოსდევდნენ და წითური ბიჭი „ოქროსგასაღებიანი სოფლიდან“ მომძახოდა:

 

  • ხატიი, ჰადი ხათრეთეეე, – დეიდა, მომავალ შეხვედრამდეეე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“