ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

კითხვის სწავლა სწავლებამდე – შეჯამება, დაკვირვება სიტყვებსა და მინიშნებებზე

წინამდებარე წერილში კითხვის სამი სტრატეგიის: 8. შეჯამების, 9. სიტყვებზე დაკვირვებისა და 10. მინიშნებებზე დაკვირვების – შესახებ ვისაუბრებთ. სანამ სამიზნე სტრატეგიებს განვიხილავდეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი ჩვენს წინა წერილებში აღწერილ სტრატეგიებს და აქვე ჩავსვათ ამ წერილის სამიზნე სტრატეგიებიც, ჯერჯერობით სულ 10 სტრატეგია.

 

# კითხვის სტრატეგია სტრატეგიის მოკლე აღწერა
1 საუბარი ყდაზე წიგნის გადაშლამდე ყურადღებით ვათვალიერებთ ყდას და ვსაუბრობთ მასზე განთავსებული ინფორმაციის (სათაური, ავტორი, ილუსტრაცია…) მიხედვით.
2 მოდი, გავიხსენოთ… წაკითხვამდე გავიხსენებთ, რა ვიცით ან ამ ავტორის შესახებ, ან/და მსგავსი სათაურის სხვა წიგნის შესახებ, ან/და წიგნის ყდის ილუსტრაციაზე გამოსახული პერსონაჟის შესახებ, ან/და წიგნის თემატიკის შესახებ.
3 ვარაუდების გამოთქმა ისევ წაკითხვამდე გამოვთქვამთ ვარაუდებს, რა მოხდება ამ წიგნში, ვინ იქნებიან მისი პერსონაჟები, როგორ განვითარდება და დასრულდება ამბავი. ვარაუდები უნდა დაეყრდნოს წიგნის სათაურსა და ყდის ილუსტრაციას. ზოგჯერ შეიძლება, წიგნის შიდა ილუსტრაციებიც გადავათვალიეროთ კითხვის დაწყებამდე.  ვარაუდები თანდათან უფრო საინტერესო გახდება კითხვის პროცესში გაკეთებული პაუზების დროს. რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს გამოთქმული ვარაუდების გადამოწმებაც.
4 შეკითხვების დასმა სხვადასხვა სიღრმის შეკითხვებს ვსვამთ როგორც წიგნის წაკითხვამდე, ისე კითხვის პროცესშიც და წაკითხვის შემდეგაც. შეკითხვების დასმა გადაჯაჭვულია, ფაქტობრივად, ყველა სხვა სტრატეგიასთან.
5 წარმოსახვა (ვიზუალიზაცია) ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვის დროს მნიშვნელოვანია წაკითხულის წარმოსახვა, დანახვა, გაგონება. დავხუჭოთ თვალები და აღვწეროთ, როგორია პერსონაჟი, რა გარემოში ხდება მოქმედება, რა ხმები „გვესმის“ და სხვ.
6 ხელახლა წაკითხვა აქ ბავშვისთვის საყვარელი წიგნის ხელახლა წაკითხვა არ იგულისხმება. უფრო სწორად, მხოლოდ ეს არ იგულისხმება. წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს დროდადრო უნდა დავუბრუნდეთ წინა აბზაცებს, გვერდებს და კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ. აქ დაგვეხმარება ჩვენ მიერ დასმული კითხვებიც, რომლებზე პასუხსაც მივაგნებთ ან გადავამოწმებთ ხელახლა წაკითხვის დროს.
7 ხმამაღლა ფიქრი ამ დროს ხმამაღლა გამოვთქვამთ იმ აზრებს, რომელთა საშუალებითაც ვახერხებთ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხის გაცემას. ეს ბავშვებს მაგალითს აძლევს და უადვილებს, თავადაც მიეჩვიონ ასეთ ფიქრს.
8 შეჯამება ყოველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ გაწაფული მკითხველები შეყოვნდებიან, თვალს გადაავლებენ წაკითხულს და მოკლედ შეაჯამებენ. ბავშვებს უნდა დავეხმაროთ წაკითხულის მოკლედ შეჯამებაში, რეზიუმირებაში.
9 სიტყვებზე დაკვირვება სიტყვებზე დაკივრვებით მდიდრდება ბავშვების ლექსიკური მარაგი და მათ უადვილდებათ წაკითხულის გააზრება. სიტყვებზე სავარჯიშოდ შეგვიძლია სხვადასხვა სახალისო დავალება შევთავაზოთ ბავშვებს.
10 მინიშნებებზე დაკვირვება ყველაფერი ტექსტში არ წერია, ზოგიერთი რამ მინიშნებებით უნდა ამოვიცნოთ. წიგნის კითხვის დროს მინიშნებებზე ყურდღების გამახვილება ერთ-ერთი სასარგებლო სტრატეგიაა.

 

 

  1. შეჯამება – შევაჯამოთ წაკითხული

რა არის ეს?

წაკითხულის შეჯამება ერთ-ერთი სასარგებლო სტრატეგიაა, რომელსაც კარგი მკითხველები იყენებენ. ამიტომ მასწავლებლები პირველივე კლასიდან ცდილობენ მოსწავლეებისთვის ამ უნარის გამომუშავებას. შეგვიძლია თუ არა, ჩვენ, მშობლებმაც, შევაჯამოთ ხოლმე ტექსტის ხმამაღლა წაკითხული მონაკვეთები? რასაკვირველია.

შეჯამება გულისხმობს წიგნის/ტექსტის გარკვეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ შეჩერებას, წაკითხულის გახსენებას, მის მოკლედ, შეკუმშულად გადმოცემას. ამ დროს მკითხველი ყურადღებას ამახვილებს ტექსტის უკვე წაკითხული ნაწილის ან მთელი ტექსტის მთავარ ინფორმაციაზე.

რატომ უნდა შევაჯამოთ?

თუ ბავშვებთან ხშირად მივმართავთ ამ სტრატეგიას – ტექსტის ხმამაღლა კითხვისას შევჩერდებით და შევაჯამებთ წაკითხულს, თანდათან ამას ბავშვებიც მიეჩვევიან და უკვე სკოლაში, კითხვის სისტემური შესწავლის პროცესში, ადვილად მოახერხებენ, დროთა განმავლობაში კი ჩვევადაც ექცევათ.

კითხვის პროცესში შეყოვნება და წაკითხულის მოკლედ გახსენება, მკითხველისთვის (განსაკუთრებით – პატარა მკითხველისთვის) მეტად საინტერესო და სასარგებლოა. ამ პროცესში მისი აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება კითხვაში გაწაფულობის ხარისხის მატებასთან ერთად და საბოლოო ჯამში ავტომატიზებულ სტრატეგიად ჩამოყალიბდება. წაკითხული ტექსტისა და მისი ცალკეული მონაკვეთების ავტომატიზებული შეჯამება, როგორც უკვე ვთქვით,  ეფექტური მკითხველის ერთ-ერთი აუცილებელი მახასიათებელია.

როგორ და როდის შევაჯამოთ წაკითხული ტექსტი?

ნახევარი ან ერთი გვერდის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და გავიხსენოთ, რა იყო წაკითხულ მონაკვეთში მთავარი. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ მოსწავლეებიც.

ტექსტის შეჯამებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ ფრაზები: ესე იგი… ასე რომ… როგორც აღმოჩნდა… გამოდის, რომ…

უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტის შეჯამება უფრო სასარგებლოა, როცა მას ვიყენებთ კითხვის სხვა სტრატეგიების (მაგალითად, კითხვების დასმის, ვარაუდების გამოთქმა-გადამოწმების და ა. შ.) პარალელურად.

ნიმუში:

ვთქვათ, ბავშვებს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“. რომელი მონაკვეთები შეიძლება შევაჯამოთ ამ ზღაპარში? პირობითად შეიძლება მოვნიშნოთ რამდენიმე ადგილი: 1. ნაცარქექიას სახლიდან გაგდება; 2. ქვისთვის წყლის გამოდენა; 3. დევთან ერთად დევის სახლში წასვლა; 4. ვახშმის სამზადისი; 5. დევის გაქცევა და ზღაპრის დასასრული.

აქვე ნიმუშად გთავაზობთ წინადადებებს, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ თითოეული მონაკვეთის შეჯამებისას. არც აქ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტრატეგიის მოდელირებისას აუწონელი სარგებლის მომტანია ხმამაღლა ფიქრის მიდგომა.

თითოეული მონაკვეთი და მისი შეჯამება წარმოვადგინოთ ცხრილის სახით:

 

# ზღაპარ „ნაცარქექიას“ მონაკვეთი შეჯამება
1 ნაცარქექიას სახლიდან გაგდება ესე იგი, ნაცარქექია გააგდეს საკუთარი სახლიდან და თან გაატანეს რამდენიმე ნივთი.
2 დევთან შეხვედრის შემდეგ ქვისთვის წყლის გამოდენა გამოდის, რომ ნაცარქექიამ დევი მოატყუა და დააჯერა, რომ მასზე ღონიერია.
3 ნაცარქექიას გამარჯვება სირბილში, მდინარეზე გადასვლისას ნაცარქექიას „ძალის“ გამოჩენა ესე იგი, ნაცარქექიამ კიდევ უფრო დაარწმუნა დევი, რომ სასწაული ძალის მქონეა.
4 დევთან ერთად დევის სახლში წასვლა გამოდის, დევს ისე შეეშინდა, რომ ნაცარქექიას ყველა სურვილს ასრულებს.
5 ვახშმის სამზადისი როგორც აღმოჩნდა, ნაცარქექია ბევრჯერ გადაურჩა თავისი ნამდვილი სახის გამოჩენას. ნეტავი დევი ბოლომდე მოტყუებული დარჩება?
6 დევის გაქცევა და ზღაპრის დასასრული ასე რომ, ნაცარქექიამ დევი საბოლოოდ მოატყუა და მის ქონებას დაეპატრონა.

 

  1. სიტყვებზე დაკვირვება

რა არის ეს?

წიგნის კითხვისას ტექსტში შეხვედრილი საინტერესო სიტყვები არ უნდა გავატაროთ მხოლოდ ერთი წაკითხვით. მათზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, განვმარტოთ და ჩავატაროთ ისეთი თამაშები, რომლებიც უფრო უკეთ გააცნობს ამ სიტყვებს ბავშვებს. რაკი თამაში ვახსენეთ, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ბავშვისთვის, განსაკუთრებით – სკოლამდელ ასაკში, წიგნის კითხვა მოსაბეზრებელ აქტივობად არ უნდა იქცეს.

რომელ და როგორ სიტყვებზე იქნება კარგი ყურადღების გამახვილება? რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს იქნება უცნობი სიტყვები (აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და გავიხსენებთ ამ სერიის პირველი წერილის მსჯელობას, სადაც ხაზი გავუსვით, რომ წიგნის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ სათანადო დოზით უცნობი სიტყვების არსებობაა) და მნიშვნელოვანი სიტყვები.

რატომ უნდა დავაკვირდეთ სიტყვებს?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი, რაც წიგნის კითხვიდან შეიძლება მიიღოს ბავშვმა, არის ახალი სიტყვების შესწავლა და ამ გზით ლექსიკური მარაგის გამდიდრება. წიგნის კითხვისას ბავშვები ხშირად კითხულობენ, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. უფროსები მათ გასაგებად ავუხსნით ხოლმე ამ სიტყვის მნიშვნელობას. უმჯობესია, თუკი თვითონვე ჩავეკითხებით და გამოვათქმევინებთ ვარაუდს, რას უნდა ნიშნავდეს ესა თუ ის სიტყვა.

გარდა იმისა, რომ ამით ბავშვები ლექსიკურ მარაგს გაიმდიდრებენ, წაკითხულ ტექსტსაც უკეთ გაიაზრებენ და კითხვის პროცესიც უფრო სასარგებლო გახდება.

როგორ დავაკვირდეთ სიტყვებს?

მასწავლებელს წინასწარ აქვს შერჩეული ტექსტში ისეთი სიტყვები, რომლებზეც მოსწავლეებს ყურადღებას გაამახვილებინებს, სთხოვს მათ განმარტებას თუ განსახიერებას, სინონიმის ან ანტონიმის დასახელებას, ამ სიტყვებზე წინადადებების მოფიქრებას, დახატვას და სხვ. ჩამოთვლილი აქტივობები მშობლებსაც გამოგვადგება, როდესაც არასასწავლო სიტუაციაში ვუკითხავთ ხოლმე ბავშვებს, მაგრამ წინასწარ ტექსტების შესწავლა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ნამდვილად არ არის საჭირო და არ უნდა დავფრთხეთ, საქმე არ უნდა გავირთულოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის საჭირო წამდაუწუმ კითხვის შეწყვეტა სიტყვებზე კონცენტრირების მიზნით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წიგნის/ტექსტის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რამდენად შეესაბამება ის ჩვენი პატარების კითხვის დონეს – კითხვის პროცესში მკითხველების ნაცვლად სიტყვათა განმმარტებლებად არ უნდა ვიქცეთ. ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი დაკვირვება და გარკვეული დასკვნაც გამოვიტანოთ: ბავშვები არ ბრკოლდებიან მათთვის უცნობი სიტყვების მოსმენით და უდრტვინველად გაატარებენ ხოლმე ასეთ სიტყვებს, თუ მთლიანი თხრობა, ამბის მდინარება მათთვის გასაგებია. გაგების დაბრკოლების ან უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ისინი დროდადრო შეგვაჩერებენ ხოლმე და ჩაგვეკითხებიან ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას. სწორედ ასეთ შემთხვევებში უნდა მოვახერხოთ ამ სიტყვებზე სათანადო დაკვირვება და მსჯელობა. რასაკვირველია, ჩვენი ინიციატივითაც უნდა შევთავაზოთ ხოლმე ბავშვებს სიტყვებზე თამაშ-ვარჯიშები.

სიტყვებზე დასაკვირვებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი კითხვები:

  • რას ნიშნავს ეს სიტყვა? რომელ სიტყვას გაგონებს?
  • ხომ არ იცი მსგავსი მნიშვნელობის სხვა სიტყვა? საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვა?
  • ხომ არ შეგიძლია, ამ სიტყვის გამოყენებით სხვა წინადადება მოიფიქრო?
  • ხომ არ „იმალება“ ამ სიტყვაში სხვა სიტყვა? (მაგალითად, ნაცარქექია – ნაცარი, ქექია, ია… ქარი… ქერქი…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვის თანარიტმულ სიტყვას? (ბუხარი – მსუქანი, ძმა – მთა…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვისთვის შესაფერისი შინაარსის სიტყვას? (სადგისი გაუყარა, ჭიშკარი გააღო, მდინარე ადიდდა…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვისთვის შეუფერებელი შინაარსის სიტყვას? (სადგისი მოხარშა, ჭიშკარი გადაშალა, მდინარე შეჭამა…)

ნიმუშები:

განვიხილოთ წინადადება ზღაპრიდან „ნაცარქექია“ და ვნახოთ, რა კომენტარები შეიძლება გავაკეთოთ ზოგიერთ სიტყვაზე:

„მობეზრდათ ძმებს ნაცარქექიას უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან“.

– რას ნიშნავს უსაქმურობა? უსაქმურობა… ანუ საქმე როცა არ აქვს ადამიანს… ასეთი ადამიანი იქნება უსაქმური, ხოლო როდესაც ადამიანი საქმეს არ აკეთებს, ესე იგი, ის უსაქმურობს. კიდევ რა სიტყვა შეიძლება ვთქვათ უსაქმურ ადამიანზე? (ამ შემთხვევაში სკოლის მასწავლებელი ასე ჰკითხავდა მოსწავლეებს: „რა სიტყვაა „უსაქმურის“ სინონიმი?) „ზარმაცი“. „უსაქმურობა“ იქნება „სიზარმაცე“.

თუ გვინდა, ანტონიმიც ვათქმევინოთ ბავშვს, შევეკითხებით:

– „უსაქმურისგან“ განსხვავებით, რა ჰქვია ადამიანს, რომელიც სულ შრომობს, მუშაობს? „მშრომელი“, „გამრჯე“…

ვნახოთ კიდევ ერთი მონაკვეთი იმავე ზღაპრიდან:

ძმებმა მართლა მისცეს ნაცარქექიას ერთი გუდა ნაცარი, ერთი ჭყინტი ყველი და სადგისი. აიღო ნაცარქექიამ თავისი ავლადიდება, გამოიხურა ეზოს ჭიშკარი და გაუდგა გზას“.

ამ წინადადებებში შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ სიტყვებზე: გუდა, ჭყინტი, სადგისი, ავლადიდება, ჭიშკარი.

გავითვალისწინოთ, რომ ყველა სიტყვის ერთბაშად განხილვა დამღლელია და ბავშვს კითხვისადმი ინტერესს ჩაუკლავს – მთავარი ხომ ის ამბავია, რომელსაც ვკითხულობთ. შესაბამისად, ერთ წაკითხვაზე განსახილველი სიტყვების რაოდენობა უნდა შევარჩიოთ. რამდენია ეს, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, უნდა მივხვდეთ სიტუაციისდა მიხედვით.

მივუბრუნდეთ გამოყოფილ სიტყვებს.

გუდა

– რა სიტყვებს გაგონებს? (გუნდა, ბუდა, გუფთა…)

– დაუკვირდი, წინადადებაში როგორაა გამოყენებული: ერთი გუდა ნაცარი. ანუ ნაცარი ყრია გუდაში. ესე იგი, გუდა არის რაღაც ჩანთასავით, რომელშიც შეიძლება ნაცარიც ჩავყაროთ… მოკლედ, გუდა არის ცხვრის ან ხბოს მთლიანი ტყავისგან გაკეთებული ჩანთასავით ნივთი, რომელშიც წინათ პროდუქტებს, მაგალითად, ყველს ინახავდნენ.

– ხომ არ იცი ისეთი სიტყვები/გამოთქმები, რომლებშიც გუდაა გამოყენებული? (გუდასტვირი, ძილისგუდა… აიკრა გუდა-ნაბადი, გუდიანი კაცი, გუდის ყველი, ტყუილების გუდა, გუდას პირი მოხსნა…)

– ხომ არ შეგიძლია მსგავსი მნიშვნელობის სიტყვების დასახელება? (ჩანთა, ტომარა, პარკი…)

– ხომ არ შეგიძლია, სხვა წინადადება შეადგინო? (კაცმა გუდა გახსნა და ყველი ამოიღო.)

 

ჭყინტი

– რა სიტყვებს გაგონებს? (ჭინჭარი, ჭრიჭინა, ბინტი, ყანწი…)

– რომელ სიტყვას ახლავს წინადადებაში და რას შეიძლება ნიშნავდეს? ჭყინტი ყველი… როგორი შეიძლება იყოს ყველი?.. ახალი, ძველი, მარილიანი, გემრიელი… მოკლედ ჭყინტი ნიშნავს ახალ, რბილ ყველს. ასევე შეიძლება ვთქვათ სიმინდზეც. როგორი იქნება ჭყინტი სიმინდი?

 

სადგისი

– სადგისი არის წვეტიანი ლითონის ჩხირი, რომელსაც აქვს ხის ტარი. მისი დახმარებით ადამიანები ხვრეტენ ტყავს: ჯერ სადგისისთ გახვრეტენ მას საჭირო ადგილზე და შემდეგ მახათით გაუყრიან მაგარ ძაფს. გამოიყენება ფეხსაცმელების, ჩანთების კერვისას. ნაცარქექია, მაგალითად, სადგისით ნაცარსაც კი ქექავდა. შესაძლოა, ამიტომაც მოითხოვა სადგისი გამატანეთო… კიდევ რისთვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ნაცარქექიას სადგისი?

– ხომ არ გახსენდება ისეთი სიტყვები, რომლებიც სადგისს ჰგავს? (სადგური, საწყისი…)

 

ავლადიდება

– მოდი, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ წინადადება, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული: აიღო ნაცარქექიამ თავისი ავლადიდება. რა იგულისხმება ავლადიდებაში? სულ სამი ნივთი. ანუ აიღო ყველაფერი, რაც გააჩნდაო. ავლადიდება ნიშნავს მთელ ქონებას. ნაცარქექიას სამ ნივთს ქონებას ძნელად ვუწოდებთ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრის ავტორი ამას დაცინვით ამბობს.

– ხომ არ შეგვიძლია, სხვა წინადადება შევადგინოთ ამ სიტყვის გამოყენებით? (ოჯახის მთელი ავლადიდება ერთ ურემზე დაეტეოდა.)

– ხომ ვერ მოძებნი ამ სიტყვაში სხვა სიტყვებს? (დიდება, დილა, ბელადი, ბალი, ვალი, დედა, დედალი…)

 

ჭიშკარი

– სანამ წინადადებაში დავაკვირდებით ამ სიტყვას, თვითონ სიტყვას დავაკვირდეთ. რომელიმე სიტყვა ხომ არ იმალება ამ სიტყვაში? კარი. წინადადებაშიც თუ ვნახავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს სიტყვა კარს უნდა ნიშნავდეს. ოღონდ ეზოს კარს. ანუ განსხვავება კარსა და ჭიშკარს შორის ისაა, რომ ჭიშკარი ეზოს კარია. მაგრამ ჭიშკარი, ამასთან ერთად, დიდი კარიც უნდა იყოს, ხშირად მას ორი ფრთა აქვს.

 

  1. მინიშნებებზე დაკვირვება

რა არის მინიშნება?

კითხვის დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ სხვადასხვა ოპერაციას მივმართავთ: ვიხსენებთ წაკითხულს, ვუბრუნდებით მას, ვაკვირდებით ილუსტრაციას და/ან სხვა მინიშნებებს.

ეს არის ისეთი სიტყვა, დეტალი, ადგილი ტექსტში, რომელიც პირდაპირ არ სცემს პასუხს ჩვენს კითხვას, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, გვიბიძგებს სწორი პასუხისკენ. გარდა ტექსტში მოცემული სიტყვებისა და წინადადებებისა, კარგ მინიშნებებს გვაძლევს ილუსტრაციებიც. იქნებ ამიტომაც არის, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა.

რატომ უნდა დავაკვირდეთ მინიშნებებს?

ბავშვები სასკოლო ასაკამდე უნდა მივაჩვიოთ, რომ წიგნებში ყველაფერი პირდაპირ არ არის ნათქვამი და ხშირად ჩვენ სხვადასხვა დეტალზე დაკვირვებით უნდა გამოვიცნოთ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი. სწორედ ამაში დაგვეხმარება მინიშნებებზე დაკვირვება.

ეს მეტად საჭირო უნარია და სულაც არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ან სკოლამდე, ან სასკოლო ასაკში ადამიანი სრულყოფს ამ უნარს. ხშირად სწორედ მინიშნებების სხვადასხვაგვარად გაგების გამო კამათობენ ხოლმე არათუ ახალბედა, არამედ გამოცდილი, ღრმად განსწავლული მკითხველებიც კი. ცხადია, ბავშვების ამ უნარში გავარჯიშების დროს ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით მარტივ და ზედაპირულ მინიშნებებზე, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია.

როგორ დავაკვირდეთ მინიშნებებს?

მინიშნებებზე დაკვირვებისას უნდა ვუპასუხოთ შემდეგი ტიპის კითხვებს:

  • რაზე მიგვანიშნებს ესა თუ ის დეტალი (სიტყვა, ილუსტრაციის საგანი, ფერი…)?
  • რა დეტალი მიგვანიშნებს ამა თუ იმ მოსაზრებაზე?

მინიშნებებზე დაკვირვებისკენ ყველაზე მეტად გვიბიძგებს ღრმა შეკითხვები ანუ შეკითხვები, რომელთა პასუხებიც ტექსტში პირდაპირ არ წერია. მოსწავლეებთან ერთად ასეთ შეკითხვებზე პასუხების ძიება ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და ტექსტის გააზრების უნარებს. მინიშნებად შეიძლება გამოგვადგეს:

  • სათაური;
  • ილუსტრაცია და მისი რომელიმე დეტალი;
  • პერსონაჟის სახელი;
  • პერსონაჟის ქცევა/სიტყვები;
  • ტექსტის რომელიმე წინადადება ან სიტყვა.

კითხვის დაწყებისას ჩვენ ვარაუდებს სწორედ სათაურისა და ილუსტრაციების მიხედვით გამოვთქვამთ ხოლმე. კითხვის პროცესში კი შეიძლება შევამჩნიოთ ისეთი წინადადება, სიტყვა ან პერსონაჟის ქცევა, რომელიც კონკრეტულ დასკვნაზე მიგვანიშნებს. ბავშვების ჩართულობით ამ მინიშნებებზე დაკვირვება, მათზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა კითხვის პროცესს უფრო საინტერესოს და სასარგებლოს ხდის. თავდაპირველად შესაძლოა ბავშვმა არც იაქტიუროს, მაგრამ უფროსის სამოდელო ქცევებზე დაკვირვების შემდეგ თანდათან მიეჩვევა ამას და მისთვის ეს ჩვეულებრივი გონებრივი საქმიანობა გახდება.

ნიმუშები:

განვიხილოთ „ნაცარქექიას“ კითხვის პროცესი და ვნახოთ, როგორ შეიძლება წარიმართოს ინტერაქცია წიგნის მინიშნებების მიხედვით.

– რა ხდება ყდის ილუსტრაციაზე? ვინ არის მასზე გამოსახული? რას აკეთებენ ეს პერსპნაჟები?

(დავუშვათ, წიგნის ყდაზე გამოტანილია სწორედ ეს ილუსტრაცია – არჩილ კუხიანიძის მიერ „ახალი დედაენისთვის“ შექმნილი ნახატი.)

რასაკვირველია, წიგნის წაკითხვამდე ბავშვები ვერ გამოიცნობენ, რა ხდება აქ, მაგრამ ილუსტრაციის მინიშნებებით შეიძლება დაასკვნან:

  • დევი შეწუხებულია, რომ დიდი კეცის ქვეშ ადამიანია მოქცეული.
  • ბუხარში პურს (ან ხაჭაპურს) აცხობს დევი, რადგან მზარეულის ქუდი სწორედ მას ახურავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“