სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

შოთა ჩანტლაძე – განთიადის პოეტი

„პოეზიის სინათლე უნდა უნათებდეს

ყველას დედამიწაზე,

ყველგან დედამიწაზე,

ყველამდე აღწევდეს“.

 

მასწავლებლები წუხან, რომ ახალ თაობას არ ესმის და არ აინტერესებს ქართული მწერლობა, ჩვენი დიდებული ლიტერატურული მემკვიდრეობა. ეპოქალური სიშორე და დროებათა განსხვავებულობა ხშირად იწვევს მოსწავლეებში სკეპტიციზმს და აქრობს ინტერესს. ყველაზე მძაფრად ეს ძველი ქართული მწერლობის სწავლებისას იჩენს თავს – თანამედროვე მოზარდისთვის გაუგებარია, რისთვის წირავდნენ თავს ძველი დროის გმირები და წმინდანები.

ყველაფერი გამარტივდება, თუ ქართულ მწერლობას ეპოქის ისტორიის პარალელურად ვასწავლით. რა ხდებოდა იმ დროს საქართველოში? რა განწყობები ტრიალებდა, რა პროტესტები?

ჩვენს დიდ, მრავალფეროვან და უაღრესად საინტერესო მწერლობაში იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც თავისთვის, ჩუმად, ცენზურისა და დამკვიდრებული წესების მიღმა, ქმნიდნენ არაჩვეულებრივ პოეზიას, საოცარ ტექსტებს, რომლებიც თავიანთ დროს ელოდნენ და ელიან. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით და ვუყვებით დიდ მწერლებზე, გენიალურ პოეტებზე, რომლებმაც შექმნეს ისტორია და რომელთა მემკვიდრეობა იქცა დიდებულ კლასიკად. მაგრამ თუ გვინდა, ცოდნა ღრმა იყოს, თუ გვინდა, მთელი სისრულით გაიაზრონ ლიტერატურა და უფრო მეტიც – გაიაზრონ საქართველო, აუცილებლად უნდა გავაცნოთ ის პოეტები და მწერლებიც, რომლებმაც წითელი ხაზების რღვევით, წითელი მუშტების გვერდის ავლით, ქართულ ლექსს დაუბრუნეს ის ევროპული და ამავე დროს ქართული სული, რომელიც გასაბჭოების შემდეგ კომუნისტების მიერ შემოთავაზებული ლექსით ჩანაცვლდა: რითმი – ბანალური, თემა – დიდი ბელადის ბავშვობა ან ფსევდოპატრიოტიზმი.

ასეთი გახლდათ შოთა ჩანტლაძე, დიდებული პოეტი და ადამიანი, მოკრძალებული ცხოვრების წესითა და არამოკრძალებული ლექსებით, ლექსებით, რომლებიც სილის გაწვნა იყო არა მხოლოდ წყობისთვის, არამედ იმ პოეტებისთვისაც, მშვენივრად რომ მოერგნენ სტალინურ შაბლონებსა და სტილს.

„იმათთვის, ვინაც წინ მოგვიძღვოდა ჩვენ,

პოეზია გახლდათ ფუფუნება,

ჩვენთვის კი იგი პური და წყალია

და წარმოუდგენელია ცხოვრება უმისოდ“.

/მანიფესტი/

შოთა ჩანტლაძე ქართველი პოეტია, ევროპული სულითა და ევროპული გემოვნებით. სწორედ მან აღადგინა ცისფერყანწელების ტრადიცია, მან დააბრუნა ვერლიბრი, მაგრამ დიდი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე. მისი ხმა ისმოდა, თუმცა ცდილობდნენ, არ გაეგონათ. როდესაც სხვა პოეტები კარიერის ზენიტში ბრწყინავდნენ, შოთა ჩანტლაძემ მასწავლებლობა აირჩია. უნივერსიტეტის ბაღში შემოიკრებდა ხოლმე მსმენელებს და იწყებოდა დაუვიწყარი, ნამდვილი პოეზიის საღამოები. იქნებ ამიტომაც შეარქვეს მუდმივი „რექტორი“.

შოთა ჩანტლაძემ რომ მასწავლებლობა არჩია, ამაშიც ჩანს მისი ბუნება და მისი მიზნები – ის ხომ ყველაზე ახლოს მივიდა იმ თაობასთან, რომელიც მომავალს შექმნიდა, მათით და მათი გავლით საოცნებო თავისუფლების სიოს შემობერვა უკვე შესაძლებელი ხდებოდა. დიახ, შოთა ჩანტლაძე ნამდვილად იდგა სამომავლო ქარტეხილების სათავესთან, ოღონდ ისე, როგორც წარმოედგინა, როგორც ხედავდა.

შოთას პოეზია მუსიკასავითაა, ვერლიბრისა და თეთრი ლექსის მიღმა გასაოცარი ჰარმონია და რიტმია. ეს ლექსთა წყობა იდეალურად ეხამება შინაარსს – ძველის რღვევასა და ახლის დაწყებას.

„ასეთია ვითარება:

სანამ ისინი აფუძნებდნენ

შებინდების პოეზიას,

ღამის პოეზიას,

ჩვენ ვიცავდით

განთიადის ლექსებს,

ცისკრის პოეზიას“.

/მანიფესტი/

ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად წავაკითხებდი მცირე პოემას: „ტრამვაის“, რომელიც საოცარი მხატვრული სახეების, სიმბოლოების, ბგერწერისა და რიტმის მწვერვალია.  მკითხველს თვალწინ გადაეშლება იმდროინდელი თბილისის ქუჩები, ამბები, ისტორიები, სახეები… თითქოს ტრამვაი ის მაგიური დროის მანქანაა, რომელსაც მგზავრი ალუზიებისა და მეტაფორების სამყაროში გადაჰყავს.

შოთა ჩანტლაძესა და მის პოეზიაზე ძალიან კარგად ჰყვება სალომე ასათიანი საკუთარ პოდკასტში:

https://www.radiotavisupleba.ge/a/29864685.html

შოთა ჩანტლაძე იყო პოეტი, რომელსაც არ დაუწერია არცერთი ლექსი სოციალისტური წყობის ქება-დიდებაზე, კომუნისტებისთვის არასდროს მიუძღვნია დითირამბები, არასდროს წასულა კომპრომისზე. ამიტომ მის სიცოცხლეში მისი არცერთი ლექსი არ დაბეჭდილა. რა თქმა უნდა, ასე ხდება ხოლმე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.

„შოთა ჩანტლაძე არ არის ოთახის, კაბინეტის, ტყე-ველების, ზღვის, მოედნის ან შრომის პოეტი. იგი ქუჩების და ბაღების პოეტია, რომელიც დადის და დაატარებს ფეხებს ქალაქში, დაატარებს „ნელა და შეჩერებით“, კითხულობს ამ ქალაქს, დეტალურად ეცნობა ადამიანებს და ყოველდღიურად იმეორებს დაგროვილ მასალას“, – წერს მალხაზ ხარბედია.

http://arilimag.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%ae/

ჩვენს მოსწავლეებს, ვფიქრობ, დააინტერესებთ ის ფაქტიც, რომ სიტყვა როკენროლი ჩვენთან პირველად შოთა ჩანტლაძემ ახსენა შესანიშნავ ლექსში: „სიკვდილის როკვა ანუ სხეულის აგონია ანუ მიზეზი მოკვდინების“:

„სხეულში როკავდეს სიკვდილი,

თითქოსდა სიკვდილი როკავდეს როკენროლს.

როკენროლს როკავდეს სიკვდილი“.

ლექსში მთელი სიცხადითაა წარმოდგენილი სიკვდილის ბრძოლა სხეულის დასამრჩილებლად. ადამიანის ყველა უჯრედი სიკვდილის ცეკვას მოუცავს. ეს ცეკვა უჩვეულოა. ის გიჟურია, თავბრუდამხვევია – ისევე, როგორც როკენროლი.

კომუნისტების მიერ აკრძალული და დაცინვის საგნად ქცეული ქრისტე მთელი თავისი სათნოებითა და სიცხადით ცოცხლდება ჩანტლაძის პოეზიაში და ეს რელიგიური მოტივები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, განსაკუთრებულ სულს შთაბერავს მის შემოქმედებას. შეიძლება ვთქვათ, რომ შოთა ჩანტლაძემ ქართული პოეზია თავის სათავეებთანაც მიაბრუნა, დავიწყებული მოტივები გაიხსენა და ღმერთი ხელახლა აღმოაჩინა, ოღონდ უხმაუროდ, იმდენად უხმაუროდ, რომ დღესაც კი მხოლოდ ერთეულების პოეტად რჩება.

„წმინდაო ქრისტევ! შენ სხეულის იგრძენ დაფლეთა

და ე. ი. ხორცით ევნე, ხორცით ეწამე,

მაგრამ სულს თურმე უეცარი ძალუძს გაფრენა

და უეცრადვე გააფრინე მეცხრე ზეცამდე“.

/მე რომ მიყურებ, მეც ღმერთი ვარ/

იმ დროს, როდესაც დასავლეთში ძალას იკრებდა ბიტნიკების მოძრაობა, ჩვენთან შოთა ჩანტლაძე ქმნიდა თავის განსაკუთრებულ პოეზიას და დიახ, შეიძლება ვთქვათ, რომ ის ქართველი ბიტნიკი იყო, თავისუფალი ყოველგვარი საზოგადოებრივი პირობითობისაგან. ბიტნიკები ხომ უარს ამბობდნენ ტაბუებზე, კორუმპირებულ საზოგადოებაზე: „მათ სურთ მარტივი, ბუნებრივი ცხოვრება. გამოდიან მატერიალიზმის, ერთფეროვნების, ზედაპირულობის წინააღმდეგ. სურთ შექმნან მარტივი, ყოველგვარი ცრურწმენებისგან თავისუფალი საზოგადოება. ბიტნიკთა სახასიათო ნაწარმოებები არის კერუაკის „გზაზე“ და გინზბერგის „ჰოლი“. ტერმინი „ბიტნიკები“ პირველად ჩნდება 1958 წელს, ჰერბ კენის სან ფრანცისკოს ქრონიკებში. ტერმინი წარმოდგება რუსული სატელიტის – სპუტნიკის სახელისგან, თავიდან დამამცირებელ კონოტაციას ატარებდა და აღნიშნული მიმდინარეობის წარმომადგენლებს კომუნისტებთან აიგივებდა, დღეს კი რჩება ახალგაზრდა, გრძელთმიანი და თავისუფალი ადამიანების ემბლემად. 1967 წელს ლეო ფერე წერს სიმღერას, რომლის სახელწოდებაა: „გამარჯობა, ბიტნიკო!“ –  ვკითხულობთ ქართულ ვიკიპედიაში.

 

ჩვენს მოსწავლეებს ბიტნიკების შესახებაც მოვუყვებოდი,  ვაჩვენებდი მათზე ფილმებს, წავაკითხებდი ნაწყვეტებს კერუაკის რომანიდან „გზაზე“ და ამ ფონზე შოთა ჩანტლაძის, ჩვენი მოკრძალებული პოეტის აღმოჩენა კიდევ უფრო შთამაგონებელი იქნებოდა.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ საოცარი პოეტი იზა ორჯონიკიძეც, რომელიც შოთა ჩანტლაძის მეგობარი იყო და რომლის რედაქტირებით გამოიცა შოთას პირველი კრებული. იზა ორჯონიკიძის დამსახურებით შეგროვდა შოთა ჩანტლაძის არქივიც და აი, უკვე შეგვიძლია, იზა ორჯონიკიძე და მისი შესანიშნავი შემოქმედებაც გავაცნოთ ჩვენს ბავშვებს.

დიახ, ქართული მწერლობა მხოლოდ გალაკტიონ ტაბიძით და აკაკი წერეთელით არ შემოიფარგლება, არც მხოლოდ „ვეფხისტყაოსნითა“ და „შუშანიკის წამებით“, დროა, გავცდეთ კლასიკას და აღმოვაჩინოთ ძალიან კარგი, უსამართლოდ მივიწყებული პოეტებიც. ჩვენ შეგვიძლია, ახალ ეპოქას, ახალ კლასიკას ჩავუყაროთ საფუძველი, ქართული სიტყვისა და ქართული ლექსის წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი შესაძლებლობები ვაჩვენოთ ჩვენს ბავშვებს, ვუთხრათ, რომ მხოლოდ ტრადიციული რითმა არ არის ლექსი, რომ ლექსი, უპირველეს ყოვლისა, სულის გამოძახილია და მხოლოდ შემდეგ – ფორმა; რომ ლექსი პროტესტია და შესაძლოა, ბრძოლაში დროშადაც იქცეს:

„ალქიმიკოსი როდია პოეტი,

იგიც სხვასავით ადამიანია,

იგი კალატოზია, სახლის მშენებელი,

იგია მშენებელი, რომელიც კედელში

ფართო კარებს და ფანჯარას ჰკვეთს.

ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ

ჩვენი დღეების უბრალო ენაზე,

კაბალისტიკის არ გვწამს არაფერი.

და კიდევ ერთი:

დედამიწაზე იმისათვის არსებობს პოეტი,

რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს“.

/მანიფესტი/

დიახ, შოთა ჩანტლაძე იყო და არის პოეტი, რომელიც მრუდედ ამოზრდილ ხეებს საკუთარი პოეზიით ასწორებდა და თავად ზრდიდა მაღალ, აშოლტილ თავისუფლების ნერგებს… ვაჩვენოთ, გავაცნოთ ეს ნერგები ჩვენს მოსწავლეებს, მათ ისინი ხეებად უნდა აქციონ.

აქვე – შოთა ჩანტლაძის ლექსების კრებული:

https://poetry.ge/poets/shota-chantladze/poems

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“