სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ეძღვნება მასწავლებლებს, რომლებმაც საკუთარი თავები გამოზარდეს.

შავი  წიგნი ჩემი ბავშვობიდან

ძალიან ბევრი წლის წინ, მაშინ, როდესაც სულ რაღაც 7-8 წლის ვიქნებოდი, საქართველოში დიდი ამბები ტრიალებდა. საქართველო ისტორიის ბეწვის ხიდს გადიოდა და დიდი მღელვარება იყო. მიტინგი ჩემს ცხოვრებაში და ცნობიერებაში სწორედ იმ დროიდან შემოვიდა და, რატომღაც, რაღაც ძალიან ამაღელვებელს დაუკავშირდა. მე რაიონში ვცხოვრობდი. მახსოვს, ზვიად გამსახურდია იყო ჩამოსული და ზღვა ხალხი მოვიდა მის მოსასმენად. წვიმდა. მახსოვს უამრავი ფერადი ქოლგა და მუშტებად შემართული ხელები. მახსოვს დედას მონაყოლი – სტუდენტი იყო ცხრა აპრილის დარბევისას, ჰოდა, მიტინგზე წასულან ის და მამიდაჩემი, მათ გამოუსწრიათ იმ საშინელი ამბებისთვის, მეგობარი კი დაჰკარგვიათ და საავადმყოფოებში დავეძებდით გიჟებივითო. აი, ასეთი ამბები იყო, ემოციებისა და გრძნობებისა, შიშებისა და მღელვარებისა.

სწორედ ამ ამბების შემდეგ ჩვენს უზარმაზარ ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილი დაიკავა სქელმა წიგნმა, შავი ყდით: „9 აპრილი“.  ეს იყო წიგნი გლოვისა და წიგნი სიხარულისა. შიგნით საოცრება ხდებოდა. მთელი დღე შემეძლო მეთვალიერებინა და თან მეტირა. ეს წიგნი ნამდვილი იყო, რაც კი აქამდე მენახა და გამეგო, ყველაზე ნამდვილი და ყველაზე სასტიკიც. შიგნით შიშველი ემოციები და გრძნობები მოექციათ. აი, ასე, აეღოთ, დაეპატარავებინათ და წიგნში ჩაედოთ. ეს ყველაფერი მაშინ გამახსენდა, როდესაც „ჰარი პოტერის“ სამყაროს გავეცანი, ჯადოქრების გაზეთებსა და სურათებში რომ მოძრაობენ გამოსახულებები – სწორედ ასეთი ეფექტი ჰქონდა ჩემთვის ცხრა აპრილის შავ წიგნს, საიდანაც ადამიანები მესაუბრებოდნენ და მიყვებოდნენ, რა მწარეა, როდესაც სამშობლოს გართმევენ! როდესაც არ გისმენენ და შენ მაგივრად, შენი ქვეყნის ბედს სხვა წყვეტს! ამ წიგნში იყო უზარმაზარი ტრაგედიაც და უზარმაზარი სიხარულიც, ზუსტად ისეთი, როგორი დღეებიც ჩვენს ქვეყანას სჩვევია. ალბათ, ამ დროდან დავიწყე ფიქრი სამშობლოზე, სწორედ ამ წიგნიდან შემჯავრდა რუსეთი, კი არ შემჯავრდა, უფრო სწორედ, ძალიან გავბრაზდი! ეს გაბრაზება, რაც დრო გადიოდა და ვიზრდებოდი, მით უფრო იზრდებოდა და დროდადრო ამოხეთქავდა ხოლმე, მაგალითად, მაშინ, როდესაც პაპაჩემი სტალინს ხოტბას ასხამდა, ან უკვე მერე მამაჩემი კონსერვატორთა მხარეს დგებოდა.

რაიონებში კიდევ სხვა სიტუაციაა, სხვა ამბებია. თბილისელი შესაძლოა ვერასდროს მიხვდეს, რა ხდება იქ, რა ფიქრები და რა ვნებები დუღს, რა მისწრაფებები აქვთ, როგორ ზემოქმედებს პროპაგანდა, როგორი მითები იქმნება და რა შიშები ინერგება.

აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ან ნათესავია, ან მეგობარი, ან კიდევ კარგი ნაცნობი. ამიტომ ხათრიც ბევრ რამეს წყვეტს. ხათრის გამო ადამიანები ჩუმად არიან, ხმას არ იღებენ და ყლაპავენ ძალადობებს და უსამართლობებსაც.

ჰოდა, ასეთ გარემოში ეს შავი წიგნი აფეთქება იყო, აფეთქება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ხასიათი,  გაბრაზება მასწავლა და გაბრაზებას მიმაჩვია.

დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ ამ წიგნმა მასწავლა სამშობლო, როგორც ასეთი – სამშობლო ძალიან ხელშესახები, რეალური და არა განყენებული ცნება.

ამ წიგნის ფოტოებმა, ნიჩბებით თავგაჩეხილმა ადამიანებმა მითხრეს, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლის გაღება დიდი სახელია, დიდი პატივიც. ამ წიგნში თვალებანთებულმა პატარა გოგოებმა ჩამჩურჩულეს, რომ ღირს, ღირს სამშობლოსთვის ტანჯვაც და გასაჭირის ატანაც; რომ გაბრაზება სამართლიანია, რომ ეს გაბრაზებაა, აქამდე რომ მოგვიყვანა.

ეს შავი წიგნი ჩემთვის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის სიმბოლოა ისევე, როგორც ახლანდელი თაობისთვის – „ჰარი პოტერი“, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ამ წიგნში მოყოლილი ამბები შემზარავად ნამდვილი იყო, ბოროტება კი – შემზარავად ხელშესახები.

ტიტები, ტიტები…  უამრავი შავ-თეთრი ტიტა შავ-თეთრ ფოტოებზე, როგორც ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო, ოღონდ მწარე, ცრემლიანი გამარჯვების.

წიგნები გვაყალიბებდნენ, გვზრდიდნენ, ქმნიდნენ ჩვენს თვალსაწიერსა და ღირებულებებს. არცთუ გადაჭარბებული იქნება, თუ ვიტყვით: წიგნები იყვნენ ჩვენი მასწავლებლები და ჩვენი დამრიგებლებიც, რადგან იმ ცივ და ბნელ 90-იანებში ჩვენი გაზრდისთვის თუ აღზრდისთვის არავის ეცალა.

ისე კარგად მახსოვს, როგორ ჩამოყალიბდა ჩემი ღირებულებები,  სულ დამოუკიდებლად, სულ თავისით: წიგნიდან წიგნამდე, კომუნისტური ცხოვრებით მოხიბლული, როგორ ვიქეცი მის მოსისხლე მტრად.

ჩვენ ვიყავით ის თაობა, რომელმაც საკუთარი თავი თავად გამოზარდა, ზოგმა არცთუ ისე კარგად, ზოგმა არცთუ ისე ცუდად. ჩვენ დავიბადეთ და ვიზრდებოდით თავისუფლებასთან ერთად. დღეს საქართველოს თავისუფლება ჩვენი ტოლია, სადღაც 40 წლისა, გარდამტეხ ასაკშია. ახლა ის ჩვენ უნდა გავზარდოთ, უნდა შევუდგეთ მხრებში.

ჩვენ  გავხდით მასწავლებლები იმიტომ, რომ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ჩვენ ხომ საკუთარი თავები გავზარდეთ, საკუთარი თავების მასწავლებლები ვიყავით, შემდეგ ეს გამოცდილება პროფესიად ვაქციეთ და მზად ვართ, სკოლებში თავისუფლების ქარბუქი დავატრიალოთ. აი, ამ ქარბუქში გამოზრდილი ბავშვები კი კიდევ უფრო სხვანაირად მოუფრთხილდებიან ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას, ჩვენს თვითმყოფადობას.

ჰოდა, გამარჯობა და გამარჯვება მასწავლებელო, 90-იანებგამოვლილო. შენი გაბრაზება, შენი წარსული განცდები ახლა შენი ძალაა, შენი თილისმა. ამიტომ ხარ ასეთი გამორჩეული, ასეთი საოცარი და ასეთი მებრძოლიც.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“