სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფინანსური წიგნიერების უპირატესობები დაწყებით საფეხურზე და ინტეგრირება სხვადასხვა საგანთან

 

– – ფული ხელის ჭუჭყია!

                  – ყველაფერი ცუდი ფულისგან მოდის!

                  – ბევრ ფულს ადამიანის „გაფუჭება“ შეუძლია!

 

ალბათ თქვენც გსმენიათ ეს გავრცელებული ფრაზები, რომლებიც მკვიდრ წარმოდგენებადაა გამჯდარი ზოგიერთი ადამიანის ცნობიერებაში და ნებსით თუ უნებლიეთ უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. დიახ, ფულის მართვისა და სწორად გამოყენების სანაცვლოდ, ფულის მიმართ შიშსა და უარყოფით დამოკიდებულებას გვინერგავდნენ ბავშვობაში.

–  და  რა ხდება დღეს?  დღევანდელ სწრაფად განვითარებად და არაპროგნოზირებად სამყაროში ფინანსების მართვა და ფინანსური წიგნიერება   კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტერმინი- „ფინანსური წიგნიერება“ გულისხმობს:  „ ცოდნის, ქცევების, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია ფინანსურად ჯანსაღი, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების  მისაღებად და ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად.“

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები ხშირად ასოცირდება სრულწლოვანებასთან, სინამდვილეში, ადამიანებს ადრეული ასაკიდანვე უწევთ რთული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ უკეთესი იქნება, ფინანსურ უნარებსა და    ფინანსურ ჩვევებს თუ ადრეული ასაკიდანვე ჩაეყრება საფუძველი, რადგან,   როგორც ვიცით, ადრეული ასაკიდან   უფრო მარტივია  ჩვევების გამომუშავება შემდეგში  გრძელვადიანი სტაბილურობისთვის, რაც  ადამიანის მთელ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან იღებენ ფინანსურ განათლებას, უკეთ არიან მომზადებულები რეალურ ცხოვრებაში სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც იწვევს  მომავალში ფინანსურ კეთილდღეობასა და ფინანსური სტრესის შემცირებას.  სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე პრიორიტეტულ მიმართულებებში ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს.  სტატიაში  გთავაზობთ რამდენიმე რჩევას,  როგორ მოვახდინოთ სხვადასხვა საგანთან დაწყებით საფეხურზე ფინანსური წიგნიერების ინტეგრირება.

  • კლასის საათი

დამრიგებლებისთვის კლასის საათი ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეებისთვის ფინანსურ საკითხებზე თეორიული ცოდნის მისაწოდებლად. ვიდეოების, პრეზენტაციებისა და საკითხავი მასალის საშუალებით (კარგ მეგზურობას გაგიწევთ ფინანსური განათლების პორტალი–ფინედუ)   აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს საჭიროებებისა და სურვილების განსხვავებაზე, დაზოგვის მნიშვნელობაზე, ფულის, როგორც მიზნების მიღწევის,სხვების დახმარების,ზრუნვის   საშუალებაზე.  სემესტრის ან სასწავლო წლის პროექტად მოსწავლეებს შესთავაზეთ, აიღონ სამი ყულაბა: პირველი- ყოველდღიური ხარჯებისთვის, მეორე-დაგროვებისთვის, მესამე- ქველმოქმედებისთვის.

აუცილებლად აუხსენით თითოეული ყულაბის დანიშნულება, რა მიზნით და როგორ გამოიყენებენ. პერიოდულად აკონტროლეთ, რამდენად მისდევენ მოსწავლეები მითითებებს, ხოლო პროექტის დასასრულს აუცილებლად შეაფასებინეთ და მიიღეთ უკუკავშირი შემდეგი დამაზუსტებელი  კითხვების საშუალებით: უჭირდათ თუ არა თანხის განაწილება ყულაბებში?  რომელი ყულაბა უფრო სწრაფად ივსებოდა? დაგროვილი თანხით მიზნის, სურვილის ასრულებამ რა განაცდევინათ? როგორი შეგრძნებაა, როდესაც სხვაზე ზრუნავ და სხვისი სიხარულის მიზეზი ხდები?

 

  • მათემატიკა – მათ.დაწყ. (I).6

ბიუჯეტის ცხრილის შედგენა.  ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული  შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს შეგიძლიათ შეადგენინოთ ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილი. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო  ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ თანხებს საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას.

  • ქართული – ქართ.დაწყ.(I).1 ; ქართ.დაწყ. (II). 1,2

ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში, დაწყებით საფეხურზე შევხვდებით  ისეთ ტექსტებს ( ,,უქნარა შვილი“; „ერთი მანეთის შოვნა“; „ძუნწი და ოქრო“; „მაგდანას ლურჯა“), რომლებიც გამოგვადგება, რომ დავაფიქროთ მოსწავლეები პროფესიის შეძენაზე, შრომის, როგორც ფულის შოვნის საშუალებაზე, ურთიერთმზრუნველობაზე, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ შეძლებენ მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას.

  • ბუნება – ბუნ.დაწყ.(II).4,5

ჯანსაღი კვება. მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად. დავალების პირობა: მოამზადონ მინიმალური რესურსებით (ფული, პროდუქტი) ჯანსაღი საკვები, რომელიც აუცილებელია ადამიანის  1 დღის დაბალანსებული კვებისთვის. დაიანგარიშონ, რა ჯდება ფინანსურად. წარდგენისას განმარტონ, როგორ გამოიყენეს რაციონალურად რესურსები და შესაძლებელია თუ არა მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მიღება?

 

 

 

  • ინგლისური – უცხ.დაწყ. II. 1, 2, 3, 4

მოსწავლეებს აჩვენეთ  სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული წარმატებული წამოწყებების  შესახებ ვიდეოები, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც შემოსავლის წყაროდ აქციეს. მოასმენინეთ, როგორ დაიწყეს, როგორ აქციეს იდეა საქმედ, რა სირთულეებს შეხვდნენ?

(ვიდეოს ნიმუშები:

https://www.facebook.com/share/v/CsSombmhXxyPG6Z9/?mibextid=oFDknk

https://fb.watch/sE54owHa78/)

შემდეგ კი მოამზადებინეთ მარტივი პრეზენტაციები თემაზე: ჩემი ოცნებაა შევქმნა, საოცნებო ბიზნესი.

 

  • ხელოვნება – ს.გ.დაწყ.(II). 4

მოიძიონ სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნების  ფულის ისტორია, შეადარონ ქართულ ფულს ვიზუალურად, შექმნის ისტორიით, დატანილი ჰოლოგრამებით,ღირებულებით.დახატონ (დაამზადონ) და მოაწყონ გამოფენა.

 

  • ი.ს.ტ.- კომპ.ტექ.დაწყ.6

მოსწავლეებს შეუძლიათ,  მიღებული ფინანსური ცოდნა სხვებს გაუზიარონ. დაამზადონ საინფორმაციო ფლაერები, პოსტერები, პლაკატები და მსოფლიო დაზოგვის დღის (31 ოქტომბერი)  ან გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში   გადასცენ თანასკოლელებს, მშობლებს, ახლობლებსა და ა.შ.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობით, ფინანსურ განათლებასთან ერთად, მოსწავლეებს უვითარდებათ კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება; უმჯობესდება გადაწყვეტილების მიღების უნარი; გამომუშავდება რისკების შეფასებისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უნარი; დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის  უნარი; ასევე, მოსწავლეებს ვასწავლით გამჭრიახობას, რომელიც აუცილებელია იმპულსური ხარჯებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ვალებისთვის  თავის ასარიდებლად და გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. კვლევებზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსურად განათლებული პირები მეტად პასუხისმგებლობიანები არიან  და პოზიტიური წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ჩვენს მოსწავლეებში დღეს განვითარებული ფინანსური უნარ-ჩვევები  ხვალ  ჩვენი ქვეყნის განვითარებულ ეკონომიკას უდრის.

და, რაც მთავარია, დღევანდელ თაობას აუცილებლად უნდა დავუტოვოთ მემკვიდრეობად შემდეგი მკვიდრი წარმოდგენები:

– რაიმეს კეთება დაგეგმვიდან უნდა დაიწყო!

– შრომა სასარგებლოა!

– რესურსები შეზღუდულია და მათ მოფრთხილება სჭირდება!

– სხვების დახმარება კარგია!

– მომავლის დაგეგმვა – ეს ჩემი საზრუნავია!

– ფულით შეგვიძლია ავიხდინოთ საკუთარი და სხვების ოცნებები!

გამოყენებული მასალები:

 

  1. ესგ საგნობრივი სტანდარტი (ეროვნული სასწავლო გეგმა)
  2. ფინანსური განათლების პორტალი– ფინედუ.
  3. junior Achievement Georgia-ს ინიციატივით შექმნილი ვიდეო მასალა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“