სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

„შრომა მუშაობაა, სადაც საყურადღებოა ის კი არა, რამდენი კაცი გაიწვალება და დაიქანცება სხეულით, არამედ ის, რამოდენა გონებაა იქ ნახმარი. ამიტომ ცხოვრება დუღს და მიდის წინ იქ კი არა, სადაც ბევრს მუშაობენ, ხარჯავენ ტლანქ ძალას, არამედ იქ, სადაც ბევრს შრომობენ, ამოძრავებენ ხალხის გონებას“ – წერს მწერალი, საქართველოსა და მისი განათლების სისტემის დიდი გულშემატკივარი და მოამაგე ივანე ლუკაშვილი („ვანათში ნამყოფის“ ფსევდონიმით) ჟურნალ „განათლების“ 1916 წლის აპრილის ნომერში, სადაც განიხილავს ამერიკის მაგალითს, როგორც ადამიანის ძალისხმევისა და გონების გამოყენების წარმატებულ მაგალითს. კონკრეტული მაგალითების გამოყენებით ასაბუთებს, რა და რატომ მოსწონს ამერიკაში და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან ჩვენ…

სწორედ ამერიკის მაგალითია ჩვენი მიმდინარე ნომრის მთავარი თემა – განათლების ისტორიის რუბრიკიდან დაწყებული, კვლევით, კონკრეტული სკოლის პრაქტიკის გაცნობით, თეორიული/კონცეპტუალური საყრდენებით დამთავრებული, გაეცნობით ჩვენი დიდი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სასკოლო განათლების ისტორიასა და პრაქტიკას.

სასკოლო კურიკულუმზე მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა დღეს ჩვენი სკოლებისთვის. ამ კუთხითაც შევიხედავთ ამერიკის სკოლებში. გარდა ამისა, გავეცნობით მოსწავლეთა დისციპლინასა და მოსწავლის ქცევებზე რეაგირების მექანიზმებს.

გაგაცნობთ 1910 წლის სტატიას ამერიკაში საბავშვო სამკითხველოებისა და კითხვის მნიშვნელობის შესახებ და გეგონებათ, რომ ავტორმა ეს სტატია აგერ, გუშინ დაწერა – ისევ ისე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ეს მიმართულება დღეს ამერიკასა თუ საქართველოში.

ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ვესტფილდის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დირექტორი დეტალურად გაგაცნობთ თავის სკოლას, საქმის მიმართ თავის დამოკიდებულებას, სკოლაში დამკვიდრებულ კულტურას, კოლეგებთან თანამშრომლობის მისეულ სტრატეგიას, პრიორიტეტებს. იქნებ რომელიმე თქვენგანს ქალბატონ მერისა და მის სკოლასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილიც გაუჩნდეს? ვინ იცის… თუ ასე იქნება, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ მოგვეცემა საშუალება, ხელი შევუწყოთ ქართული და ამერიკული სკოლების დამეგობრებას!

არც ამ ნომერში ვღალატობთ ტრადიციას და გაგაცნობთ ახალ გზამკვლევს, რომელიც დაეხმარება სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა მონაწილეობითი კულტურის დამკვიდრებას, შესაბამისად, დემოკრატიის ხარისხის ზრდას საქართველოს სკოლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია.

რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #1 2024

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“