სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ დავწეროთ მითითებები (Prompts) AI ჩატბოტებისთვის

პრომპტები არის ინსტრუქციები ან მითითებები, რომლებსაც ვაძლევთ ხელოვნურ ინტელექტს (AI) ან ენის მოდელს კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. ისინი განსაზღვრავენ, როგორ პასუხს მივიღებთ AI-ისგან.

ეფექტური კომუნიკაცია რეალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსხვავდება AI ჩატბოტებთან კომუნიკაციისგან. მაგალითად:

ადამიანებთან ემოციების გაგება და მათზე რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. AI-თან ემოციური კონტექსტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგიერთი AI ცდილობს ემოციების სიმულაციას.

ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ჩართულია სხეულის ენა, ჟესტ-მიმიკა და ტონი. AI-თან კომუნიკაცია ძირითადად ტექსტზეა დაფუძნებული, არავერბალური ნიშნები აქ არ არსებობს.

ადამიანები ხშირად ინტუიციურად ხვდებიან კონტექსტს, AI-თან საჭიროა უფრო მეტი ექსპლიციტური კონტექსტის მიწოდება.

თუ ადამიანებთან შესაძლებელია ბუნდოვანი ან არასრული დიალოგი, AI-თან საჭიროა უფრო ზუსტი და კონკრეტული ინსტრუქციები.

ადამიანები იმახსოვრებენ ძველ ინტერაქციებს და სწავლობენ მათგან. AI-თან ყოველი საუბარი, როგორც წესი, ახლიდან იწყება (გარდა სპეციფიკური სისტემებისა).

ადამიანები კომუნიკაციისას იყენებენ იდიომებს, სლენგს, სარკაზმს. AI-თან უმჯობესია პირდაპირი ენის გამოყენება. ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იცვლება კომუნიკაციის ფორმები.

AI-ის გამოჩენით, შეიძლება ვიფიქროთ: რაღა საჭიროა ცოდნა და ინფორმაცია, როცა ის ყოველთვის ხელმისაწვდომია!

სინამდვილეში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი ცოდნის, გამოხატვისა და კომუნიკაციის უნარების დახვეწა ან განვითარება, რადგან ჩვენ ვაძლევთ AI-ს დავალებებს და ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.

მაგალითად, „დაწერე თვის ბოლოს წერილი ჩემი გუნდისთვის ერნესტ ჰემინგუეის სტილში“ ან „შექმენი პოსტერი არტ-დეკოს სტილში“. თუ არ გვაქვს მწერლის ან ხელოვნების სტილის შესახებ ცოდნა, ჩვენ ვერ შევძლებდით სასურველი შედეგის მიღწევას.

მითითებები/პრომპტები შეიძლება იყოს მარტივი კითხვიდან დაწყებული, რთული ინსტრუქციებით დამთავრებული.

პრომპტების ტიპები:

კითხვითი პრომპტები: მაგ. „რა არის ფოტოსინთეზი?“

ინსტრუქციული პრომპტები: მაგ. „დაწერე მოკლე ესე კლიმატის ცვლილების შესახებ“.

შემოქმედებითი პრომპტები: მაგ. „შექმენი ისტორია, სადაც მთავარი გმირი პრინცესაა“.

ანალიტიკური პრომპტები: მაგ. „გააანალიზე ამ კომპანიის ფინანსური ანგარიში“.

ინტერაქციული პრომპტები: არის AI-სთან კომუნიკაციის მეთოდი, როცა მომხმარებელი და AI ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას ეტაპობრივად. ეს პროცესი მოჰგავს დიალოგს, სადაც ყოველი ახალი ინფორმაცია ან პასუხი გავლენას ახდენს შემდეგ პასუხზე. აი, ინტერაქციული პრომპტის ნიმუში:

მომხმარებელი: მინდა, დავგეგმო მოგზაურობა. შეგიძლია, დამეხმარო?

AI: რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგეხმარებით მოგზაურობის დაგეგმვაში. დავიწყოთ ძირითადი ინფორმაციით. გთხოვთ, მითხრათ: სად გსურთ წასვლა? რამდენი ხნით აპირებთ მოგზაურობას? რა არის თქვენი ბიუჯეტი?

და ასე შემდეგ… გაგრძელდება დიალოგი, ვიდრე მომხმარებელი არ მიიღებს ამომწურავ პასუხს.

რჩევები AI ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის

მე შევაჯამე ექსპერტების რჩევები AI ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის და გთავაზობთ:

  • კომუნიკაციის დაწყებამდე გაიგეთ AI აგენტის დანიშნულება: რა მიზნით შეიქმნა ის? ვირტუალური ასისტენტია, რომელიც კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად შეიქმნა თუ ჩატბოტი? AI აგენტის დანიშნულების გაგება დაგეხმარებათ საუბრის სწორად წარმართვაში.
  • AI აგენტთან კომუნიკაციისას უმჯობესია, თქვენი შეტყობინებები მარტივი და გასაგები იყოს. მოერიდეთ ჟარგონს, შემოკლებებს ან რთულ წინადადებებს. გამოიყენეთ მარტივი ენა და მოკლე ფრაზები. ეს დაეხმარება AI აგენტს თქვენი მოთხოვნების უკეთ გაგებასა და ზუსტი პასუხების მოწოდებაში.
  • იცოდეთ თქვენი მიზანი და ამოცანები და იყავით კონკრეტული იმაში, თუ რა გჭირდებათ. მიაწოდეთ დეტალები პრობლემის შესახებ, შექმენით კონტექსტი.
  • მიაწოდეთ AI-ს საჭირო ფონური ინფორმაცია. დააზუსტეთ ფორმატი: მიუთითეთ, რა ფორმით გსურთ პასუხის მიღება (ესეი, სტატია, ჩამონათვალი, ცხრილი და ა.შ.). საჭიროების შემთხვევაში, მოიყვანეთ მაგალითი სასურველი შედეგის საჩვენებლად.
  • გამოიყენეთ ბუნებრივი ენა მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია შეტყობინებების მარტივად ფორმულირება, ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი ენის გამოყენება AI აგენტთან კომუნიკაციისას. მოერიდეთ ხელოვნურ ან ზედმეტად ფორმალურ ტონს. ნუ მოგერიდებათ ემოციების გამოხატვა ემოჯების ან სხვა საშუალებებით, როგორც ამას ადამიანთან საუბრისას გააკეთებდით.
  • გამოიყენეთ პოზიტიური ენა. პოზიტიური ენის გამოყენება ეფექტური გზაა AI აგენტებთან კომუნიკაციისთვის. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „მე არ მესმის“, თქვით „შეგიძლიათ განმარტოთ?“. ეს მიდგომა უფრო თავაზიანია და AI აგენტი უფრო სასარგებლო პასუხს მოგაწოდებთ.
  • ნუ გაართულებთ AI აგენტთან დიალოგს. დარჩით ერთ თემაზე და ნუ შეეცდებით AI აგენტის ჩართვას სხვა თემაზე საუბარში ან არარელევანტურ თემებზე. შეინარჩუნეთ საუბრის ფოკუსი და კონკრეტულობა.
  • თუ AI აგენტი არასწორ ან უსარგებლო პასუხს გაწვდით, მიმართეთ მას კონსტრუქციულად, რათა დაეხმაროთ პასუხის გაუმჯობესებაში. მიაწოდეთ კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ რა იყო არასწორი და როგორ შეუძლია AI აგენტს გააუმჯობესოს პასუხები.

დასკვნა: AI აგენტებთან კომუნიკაცია არის უნარი, რომელიც სპეციფიკურ სტრატეგიებს მოითხოვს ეფექტური ურთიერთობისთვის. AI აგენტის დანიშნულების გაგებით, კომუნიკაციის გამარტივებით, კონკრეტულობით, ბუნებრივი ენის გამოყენებით, პოზიტიური ტონის შენარჩუნებით, კონსტრუქციული უკუკავშირის გამოყენებითა და მოთმინებით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი კომუნიკაციური უნარები AI აგენტებთან და მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს მძლავრი ინსტრუმენტები თქვენი ამოცანების გადასაწყვეტად. ეფექტური პრომპტების შექმნა არის უნარი, რომელიც მხოლოდ რჩევებით კი არა, პრაქტიკით ვითარდება. ექსპერიმენტებითა და გამოცდილების დაგროვებით, თქვენ შეძლებთ შექმნათ უფრო ზუსტი და ეფექტური ინსტრუქციები AI სისტემებისთვის, რაც საბოლოოდ მოგცემთ უკეთეს შედეგებს.

Persona-based Prompts

არსებობს კიდევ „პერსონიფიცირებული პრომპტები” (Persona-based Prompts). პერსონიფიცირებული პრომპტები მოითხოვს პასუხის გაცემას კონკრეტული პიროვნების, როლის ან სტილის მიხედვით.

მაგალითად: „მიპასუხე როგორც ექსპერტმა” – მოითხოვს პასუხს სპეციალიზებული ცოდნითა და სიღრმისეული დეტალებით. „მიპასუხე როგორც იუნგმა” – მოითხოვს პასუხს ცნობილი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის, პერსპექტივიდან და მისი ფსიქოანალიზის თეორიების გათვალისწინებით. „მიპასუხე, როგორც სტივ ჯობსმა” – მოითხოვს პასუხს Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის სტილითა და მიდგომებით, რაც შესაძლოა მოიცავდეს ინოვაციურობას, დიზაინსა და სხვა მსგავს თემებს.

 

სწორად და არასწორად შედგენილი ინსტრუქცია/პრომპტი

არასწორად დაწერილი ინსტრუქცია/პრომპტი:

„მითხარი კლიმატის ცვლილების შესახებ“. (არასპეციფიკური, არ არის მითითებული მიზეზებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საჭიროება)

„როგორ მოვიშორო სტრესი?“ (არ არის მითითებული სამუშაო გარემო და კონკრეტული მეთოდების რაოდენობა)

„დამიწერე ესე ტექნოლოგიაზე“. (არ არის მითითებული ესეის სიგრძე, სტრუქტურა და კონკრეტული თემა განათლებასთან კავშირში)

„მომიყევი რენესანსზე“. (არ არის მითითებული ესეის ფორმატი, პარაგრაფების რაოდენობა და კონკრეტულად ხელოვნების მახასიათებლები)

სწორად დაწერილი ინსტრუქცია/პრომპტი

„გთხოვთ, მომაწოდოთ მოკლე მიმოხილვა კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზებისა და შედეგების შესახებ“.

„რა არის სამი ყველაზე ეფექტური მეთოდი სტრესის მართვისთვის სამუშაო გარემოში?“

„გთხოვთ, დამეხმაროთ 500-სიტყვიანი ესეის სტრუქტურის შექმნაში თემაზე ‘ტექნოლოგიის გავლენა თანამედროვე განათლებაზე’.”

„დამიწერეთ მოკლე, 3-პარაგრაფიანი ესეი რენესანსის ხელოვნების მთავარი მახასიათებლების შესახებ“.

 

ეს კი შაბლონი მასწავლებლისთვის, როგორ შევადგინოთ ინსტრუქცია/პრომპტი წერითი დავალებების იდეების გენერირებისთვის:

მე ვარ მასწავლებელი და მჭირდება დახმარება წერითი დავალებების იდეების გენერირებაში ჩემი მოსწავლეებისთვის. გთხოვ, შემოგვთავაზო 5 კრეატიული და საინტერესო წერითი დავალების იდეა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

მოსწავლეების ასაკი: 14-16 წელი

საგანი: ლიტერატურა

მიზანი: კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი წერის უნარების განვითარება

ფორმატი: მრავალფეროვანი (ესეი, მოთხრობა, დიალოგი, წერილი და ა.შ.)

თემატიკა: თანამედროვე სოციალური საკითხები

თითოეული იდეისთვის გთხოვ მოკლედ აღწერო:

დავალების არსი

სავარაუდო მოცულობა

რატომ იქნება ეს დავალება სასარგებლო მოსწავლეებისთვის

გმადლობთ დახმარებისთვის!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“