სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფეხბურთის საქმე

ათასგვარად შეიძლება გაიხსენო, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი – ბევრია ასეთი მოგონება და კადრი – მხატვრულიც, ნამდვილიც და მითიურიც.

არის ეს მსოფლიოში ფეხბურთზე გადაღებულ საუკეთესო ფილმის ფინალში (მარტო ის ღირს საამბოდ, ქალმა რომ შექმნა ,,პირველი მერცხალი”) მოტყუებული ფოთელი ფეხბურთელების სიმღერა თუ სხვა სურათში, იპოლიტე-ფეოლას უნებლიე მწვრთნელობა და მღელვარება.

არის ეს უიმედო რიგები ბილეთისთვის სტადიონზე მოხვედრის მოსურნე ჯიბის ქურდებით, საზარელი იმადგაცრუბისთვის რომ წირავდნენ ბილეთშეძენილ პატიოსან მოქალაქეებს თუ მესხისტი ორბილეთიანები, რომლებიც საგანგებოდ ყიდულობდნენ ორ საშვს ორივე კარის უკან და ტაიმებს შორის გადაინაცვლებდნენ, იმის მიხედვით, თუ საით უტევდა მიშა მესხი – ზოგი ამბობს, ტყუილია ორი ბილეთის ამბავი, ერთსაც ძლივს იშოვიდი, უბრალოდ გადაჯგუფდებოდნენ და ერთ სკამს ორი იყოფდაო, მაგრამ ორივე ლეგენდა ლამაზია – ტყუილიც და მართალიც.

არის ეს ყიფიანის კისერზე გაყინული ბურთი თასების თასის ფინალში თუ გაბელიას მოულოდნელად გადაწერილი პირჯვარი გადამწყვეტი პენალტისას.

არის ეს მიკერძოებული მსაჯის მოსაკლავად აზვირთებული სამოციათასი გულშემატკივარი სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს, ,,დინამოს” და ,,ზარიას” შეხვედრისას და ხალხის დასაშოშმინებლად მინდორზე გასული ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე თუ 1981 წლის ტრიუმფი და ადამიანებით სავსე თბილისის ქუჩები, როცა მოსისხლე მტრებიც კი ერთმანეთს კოცნიდნენ და ულოცავდნენ.

დემიკო ლოლაძის მოცახცახე ხელით გადაღებული საოცარი ფოტოები ამავე ფინალიდან თუ ერთი ფოტო, ქართული ფეხბურთის პატრიარქის, ანდრო ჟორდანიასი, როცა სახურავგადახდილ მანქანაში ფეხზე მდგარი ისეთი ამაყი სიხარულით იმზირება, თითქოს, ნოე ჟორდანიას ძმისშვილობის გამო, ყოველწუთიერად თავს ბოლშევიკური ტერორის აჩრდილი არ დასტრიალდება.

გენიალური ეროსი მანჯგალაძის მიერ წაყვანილი რადიო-რეპორტაჟები, რომელიც ცალკე, ტრაგი–კომიკურ მონო-სპექტაკლად ღირდა თუ გენიალურივე მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თითქოს აუღელვებელი სახე და იშვიათი ბოლთის ცემა გატანილი გოლებისას, თითქოს სიხარულის გამხელა ერიდებაო.

პანტიანის მინდორი, სადაც ფეხბურთის ტელე-სიგნალთან ერთად, ქართველები წლების წინ უგზო-უკვლოდ გაფრენილ თავისუფლებასაც იჭერდნენ. შეულამაზებელს, ზუსტს და აუცილებელს. ეს იყო ამ ამბავის მთავარი მაგია და არსი. ეს არის ალბათ ფეხბურთის უმთავრესი ძალაც.

ოთხმოცდაათიანების უნიჭიერესი და უიღბლო თაობა, საგანგებოდ დატენილ აკუმულატორზე შეერთებულ პატარა ,,კორფუჯებში” რომ ვამხნევებდით. გვეგონა, რომ ესმოდათ. და მგონი – ესმოდათ კიდეც.

არავინ იცის. ალბათ ყველა ერთად და ცალცალკე.

ჩემს ბავშობაში საბჭოთა კავშირი უკვე დანგრეული იყო, მაგრამ ფეხბურთის ყურება მაინც რთული საქმე გახლდათ. ჯერ ხომ ელექტროენერგიის უქონლობის გამო, დიდწილად ფეხბურთს უფრო ვკითხულობდით – ,,სარბიელში’’ თუ სხვა რომელიმე გაზეთში. მომისმენია ტრანსლაცია ტელევიზორიდან, რომელსაც გამოსახულება აღარ ჰქონდა – ეს რადიო-რეპორტაჟს როდი ჰგავს – აბა, რა იცის კომენტატორმა, რომ სადღაც დასავლეთ საქართველოში, ზის ერთი ბიჭი და რასაც უნდა უყურებდეს, იმას აყურადებს. ვწევარ და თვალდახუჭული საკუთარ ბავშვობას ვსუნთქავ. ვსუნთქავ და ეს სუნი მახსენებს იმ ღამეებსაც, რომელთაც ვათევდით, ლიბერტადორესის თასის მატჩები რომ გვენახა. უბრალოდ ფეხბურთის ცქერა გვინდოდა და იმიტომ, თორემ იმ კლუბებისა დიდი არაფერი გაგვეგებოდა, ვერც უმეტეს ფეხბურთელს ვცნობდით, მაგრამ გამთენიისას ხომ ბედნიერს გვეძინებოდა – მეორე დღეს ამბავი იყო მოსაყოლი.

ახლა საცქერელი და მოსაყოლი მეტი გვაქვს. თან სულ ჩვენზე და ჩვენებზე.

////

საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდ ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით, რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? გაგიმხლეთ: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური კი იყო ეს სახელი. კარგად აჩვენებდა იმდროინდელი ჰორიზონტის ახლო საზღვარს, თუმცა მაშინ ასეთი დასაზღვრულობაც მიხაროდა.

ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ. სადაც ხვდები, რომ საზღვარი არ არსებობს, ყველა სიხარული გეცოტავება და ახალს ითხოვ. ამიტომაც ყველა სხვა ასაკში უბედურების განცდა ჭარბობს.

ეს იქით იყოს და მეორე ტელევიზორი უკვე ფერადი გახლდათ, ოღონდ ხშირად დასაბომბი ეკრანით. ფერები ადვილად ბაცდებოდა და ამ საკითხის ოზურგეთელი ოსტატი, რაღაც ხელსაწყოს ადებდა და გეფიცებით, ამუქებდა. დაბომბვა უწოდებდენ ამ ალქიმიას. მგონი ,,ტაურასი’’ ერქვა. მგონი არა, ნაღდად. შუა ჩემპიონატისას, ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას ემსხვერპლა. მერე ჩემი ზაფხულები ოზურგეთს აცდა. იმ წელს კიდევ ახალ, დიდი ტელევიზორში უნდა გვეყურებინა. მაგრამ უკვე ხომ გითხარით – ბავშვობა დამთავრდა. ბავშობის მერე ძნელია ასეთი ამბების მოხერხება.

ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია. მაშინ სტუდენტი ვარ და სხვადასხვაგან ვათევ. მეგობართან, ნათესავთან და ხან სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელშიც კი. ამ საცხოვრებელში ჩემი მამიდაშვილი, გელა ცხოვრობს. გელა იმიტომ ცხოვრობს, რომ აკადემიის სტუდენტია. მე იმიტომ, რომ გელას ბიძაშვილი ვარ.

უკვე ზაფხულია და სწავლა მორჩა. სტუდენტები და ლოგინები ერთდორულად გათავისუფლდნენ და მეც წამოვწექი ერთ–ერთ მათგანზე. ხის ლოგინი ჭრელი და ცხელი ,,ადიალათი’’. თავთან ხატები მეკიდა და პატარა რადიო. ხელის რადიო. ასე ეძახდნენ. უკვე ზაფხულია და წესით გურიაში უნდა წავიდე. მეც ხომ არდადეგები მაქვს და თან მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მამაჩემს დავპირდი, ერთად ვუყუროთ მეთქი. ზამთარში რომ ვიყავი, მაშინ. გაუხარდა. ძალიან, ძალიან გაუხარდა. ისე, რომ შეტრიალდა და რადგან შეტრიალდა, ესე იგი თვალებში ცრემლი იგრძნო. მორცხვი კაცების ამბავია. ნაცნობი. კი, კი უეჭველი ჩამოვალ მეთქი.

უკვე ზაფხულია და შარდენზე გოგოები დასეირნობენ. თან ცალი თვალით გოგოებს დავსდევ, ცალით განცხადებებს ვკითხულობ სამსახურზე, ცალი ყურით გელასგან დოგმატიკის ამბებს ვისმენ, ცალით ცნობებს ფეხბურთელების ჯანმრთლობის შესახებ. ვფიქრობ, იმ საშინელ ტელევიზორში ყურებას, იმ კიდევ უფრო საშინელ მოწყენილობაში ალბათ ჯობს, რომ აქ დავრჩე. თან რამე სამსახურსაც მოვძებნი, თან ვინმე გოგოსაც გავიცნობ, თან ფეხბურთსაც ვუყურებ. უფრო კარგ ტელევიზორში.

ამ ტელევიზორის საქმეც უცნაურად იყო, ისე როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. აჩვენებდა და ხმა არ ჰქონდა. ამ ხელის რადიოს ვრთავდით და რადიოში ვუსმენდით და ტელევიზორში ვუყურებდით. მაგრამ ხარისხი იყო უკეთესი და თან სასულიეროს ბიჭებიც გადასარევი ხალხი, ყველა სხავადასხვანაირი და ახლაც განსხვავებული გზის გამყოლი, მაგრამ მართლა ყველა გადასარევი. ვინც იმ ოთახში ცხოვრობდა. ჰოდა, ალბათ ასე ღიად ვერ ვფიქრობდი, მრცხვენოდა საკუთარი თავის, მაგრამ მაინც მათთან ერთად ყურება მერჩივნა და მხიარულება. ჰოდა, დავრჩი.

ჩავედი აგვისტოში. ვერც სამსახური ვიშოვე და ვერაფერი. გოგოების ამბავი კარგად არ მახსოვს და რადგან არ მახსოვს, ალბათ მანდაც ვერაფერი. მამაჩემი ბოსტანში მუშაობდა. რაფერ ხარ და ამბავი. ჩვეულებრივი კითხვები. ველოდები, როდის მკითხავს, რატომ არ ჩავედი. ველოდები. მინდა, რომ მკითხოს. არაფერს ამბობს. ვერც მე. აგრძელებს პამიდვრების აკონვას. დახრილი. ძალიან, ძალიან მინდა, რომ მკითხოს, ისე რომ გული გამისკდება სადაცაა.

არ არსებობს ასეთ დუმილზე უფრო საშინელი, გირჩევნია, გლანძღოს და გაძაგოს დაუსრულებლად. მამაჩემი კი დახრილია და მუშაობს. მუშაობს. მუშაობს. მამაჩემი, მამაშენი და მამამისი. ისინი ოდესღაც ოცნებოდნენ რაღაც სხვაზე და უფრო მეტზე. ვიდრე პამიდვრის აკონვაა. ვიდრე გაფუჭებული ტელევიზორია. ვიდრე ფეხბურთის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ჩამოსული შვილია. მაგრამ უცებ რაღაც მოვარდა – დრო, უიღბლობა და კიდევ რაღაც და წალეკა ეს ხალხი. მას მერე თავდახრილები მუშაობდნენ. და არაფერს გვეკითხებოდნენ და ამით ყველაფერს გვეუბნებოდნენ და ვერაფერს ვპასუხობდით.

////

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველა ეგ ჩვენი წყრომა და აღფრთოვანება ფეხბურთელებით, დიდწილად პერსონალურია. მოლოდინიც. იქითაც და აქეთაც. პოლიტიკურს დავარქმევდი, მაგრამ მესმის ეგ – იმდენად ცხელი ზურგი აქვს ამბავს. იყოს. პერსონალურიც. პილიტიკურიც. ადამიანი ეგეთია. ოღონდ ფეხბურთის არაფერი სცხია დიდწილად დავას. ფეხბურთის რომ იყოს, იოლად გაგიგებდით. ახლაც გაგიგებთ – ოღონდ ფეხბურთს ნუ აბრალებთ. იმაზე არ მოგდევთ, ფეხბურთი იცით თუ არა. ფეხბურთის მაგია სწორედ ეგ არის, რომ ცოდნას არ ითხოვს, ამიტომაც ჰყავს მილიარდობით ფანი, თორემ მხოლოდ ცოდნა და მეცნიერება რომ ჭირდებოდეს საცქერლად, უყურებდა გიო ახვლედიანი და ბიძინა ბარათაშვილი და მორჩა. ფეხბურთზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. ალბათ – ყველაფერზე, მაგრამ ფეხბურთზე განსაკუთრებით.

თუ მაინცდამაინც, ცოდნა-არცოდნის დავა ეს არის და პასუხი მარტივი აქვს; ამ სცენარის და მუხტის თამაშში კარგი მეკარე საჯარიმოში აუცილებლად ჩაირბენს. აუცილებლად. მესმის ბურთების შეფარდების საქმე და სხვა – მაგრამ იმ წუთს და იმ მომენტში ეგრე მოხდება. ცარიელ კარში კიდევ, როცა მოედანზე წაქცეული არავინაა, ყველა გაიტანდა – დი კანიოც და ლუკას რადებეც – დიდი მკითხაობა არ ჭირდება ამას.

მაგრამ თუ ძალიან გვინდა, ვიკამათოთ ამაზეც – ფეხბურთი ხომ სუბიექტური საქმეა. ადამიანიც. ჩვენ ვიკამათოთ. ოღონდ დიდი ფეხბურთელი – დიდ ფეხბურთელად დარჩება. კარგი მოქალაქე – კარგ მოქალაქედ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“