ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
2 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

წიგნიერების ხელშემწყობი ეფექტური აქტივობები

წიგნის კლუბის მნიშვნელობა დაწყებით კლასებში  მრავალმხრივია. ის არა მხოლოდ აუმჯობესებს ბავშვების კითხვის ჩვევებს და აკადემიურ უნარებს, არამედ ხელს უწყობს მათ სოციალურ, ემოციურ და კულტურულ განვითარებას. წიგნის კლუბი წარმოადგენს საინტერესო, სასარგებლო და სახალისო გამოწვევას, რომელიც ბავშვს აძლევს უამრავ შესაძლებლობას, რომ განვითარდეს და გაიზარდოს მრავალმხრივი პიროვნება, რადგან  წიგნის კლუბი არის არაფორმალური სასწავლო ფორმატი სადაც  ხდება:

1. კითხვის ჩვევების განვითარება

წიგნის კლუბი ხელს უწყობს ბავშვებში კითხვის ჩვევების განვითარებას. დაწყებით კლასებში ბავშვები ჯერ კიდევ იძენენ წერა-კითხვის უნარებს და წიგნის კლუბი მათ აძლევს შესაძლებლობას, იკითხონ სხვადასხვა ჟანრის და თემატიკის წიგნები. ეს ეხმარება მათ გააფართოვონ ლექსიკური მარაგი, განავითარონ გრამატიკული და სასაუბრო უნარები, ასევე გააუმჯობესონ გონებრივი წარმოსახვა.

2. კრიტიკული აზროვნების გაძლიერება

წიგნის კლუბი ხელს უწყობს ბავშვებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას. სხვადასხვა წიგნის განხილვა აძლევს ბავშვებს საშუალებას, გამოიკვლიონ პერსონაჟების ქცევები, სიუჟეტური ხაზები და წიგნის თემები. ამ პროცესში ისინი სწავლობენ, როგორ გამოხატონ საკუთარი აზრები და როგორ დაასაბუთონ მათი მოსაზრებები.

3. სოციალური უნარების გაუმჯობესება

წიგნის კლუბი ეხმარება ბავშვებს სოციალური უნარების გაუმჯობესებაში. ბავშვები სწავლობენ, როგორ ითანამშრომლონ ჯგუფში, როგორ გამოხატონ და გაითვალისწინონ სხვათა მოსაზრებები. ეს ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, კომუნიკაციას და ემპათიას, რაც მნიშვნელოვანია მათი სოციალური განვითარებისათვის.

4. საკუთარი თავის აღმოჩენა და თვითშეფასების გაზრდა

წიგნის კლუბში მონაწილეობა ეხმარება ბავშვებს საკუთარი თავის აღმოჩენაში და თვითშეფასების გაზრდაში. ბავშვები, რომლებიც აქტიურად კითხულობენ და განიხილავენ წიგნებს, იძენენ მეტ ნდობას საკუთარი ცოდნისა და უნარების მიმართ. მათ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ახალი ინტერესი და დაინტერესდნენ სხვადასხვა თემებით, რაც ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას.

5. კულტურული და ისტორიული ცნობიერების გაძლიერება

წიგნის კლუბი ეხმარება ბავშვებს გაიგონ მეტი სხვადასხვა კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. წიგნების მეშვეობით ბავშვები სწავლობენ სხვა ერების და ეპოქების ცხოვრებას, რაც აძლიერებს მათ კულტურულ ცნობიერებას და ფართო შეხედულებას მსოფლიოს მიმართ.

6. მშობლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობა

წიგნის კლუბი ქმნის შესაძლებლობას მშობლებსა და მასწავლებლებს ჩართონ ბავშვები კითხვის პროცესში. ეს ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, რადგან მშობლები და მასწავლებლები უკეთესად ეცნობიან ბავშვების ინტერესებს, პროგრესს და შესაძლო სირთულეებს.

გვინდა გაგიზიაროთ USAID – ის დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის წიგნის მკითხველთა კლუბის „საგანძურის“  შესახებ. ამ კლუბში ჩავერთეთ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტები.

„საგანძურის“ მუშაობა მთელი თავგადასავალი აღმოჩნდა:

  • ძირითადად კლუბში გაწევრიანდნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები;
  • შევქმენით კლუბის ლოგო და ვიზრუნეთ მის გაფორმებაზე;
  • დაიწერა გეგმა და დაიგეგმა შეხვედრები;
  • შეირჩა წასაკითხი წიგნები – „პაქსი“, „ულისი“, „პოლიანა“.
  • მოსწავლეები აქტიურად ამუშავებდნენ ტექსტებთან მუშაობის რესურსების კრებულს, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის გუნდმა გადმოგვცა მკითხველთა კლუბისთვის;
  • მოსწავლეები მუშაობის პროცესში ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ იდეებსა და შეხედულებებს, მნიშვნელოვან ინფორმაციას;
  • გვქონდა დისკუსიები და საინტერსო შეხვედრები, მათ შორის საბავშვო მწერალთანაც;
  • ჩავატარეთ კალიგრაფიის კონკურსიც.

სასიამოვნო იყო იმის ყურება,   როგორი ინტერესით კითხულობდნენ  ბავშვები წიგნებს და შემდეგ წიგნის კითხვისგან მიღებული ემოციებით როგორ გეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობებს.

განაკუთრებული ინტერესით და ხალისით მოსწავლეებმა იმუშავეს ხელნაკეთი წიგნების, დიორამების, კომიქსებისა შექმნასა და ავატარების ამეტყველებაზე  შესაბამისად, მოსწავლეთა  ინტერესების გათვალისწინებით   გადანაწილდა ყველა სამუშაო. კონკრეტულად, ხელნაკეთი წიგნის შექმნისას     ნაწილი მუშაობდა  წიგნის ლოგოზე, ნაწილი კი – გაფორმებაზე, ნახატებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ზოგადად, მიზანზე ორიენტირებამ  მოითხოვა საქმის დეტალური დაგეგმვა  და ეტაპობრივი შესრულება:

I  ეტაპზე – გამოიკვეთა ხელნაკეთი წიგნის შექმნის მიზანი;

II ეტაპზე – დავიწყეთ წიგნის სარჩევის შედგენა, ასევე ვიმუშავეთ წიგნის ლოგოსა და სათაურზე;

III ეტაპი – რესურსები მოძიებას დაეთმო –  მოვიმარაგეთ ყველა საჭირო რესურსი;

IV ეტაპზე  – წიგნის დიზაინზე იფიქრეს, გადაწყვიტეს, როგორი თანმიმდევრობით განლაგდებოდა ტექსტი და ილუსტრაციები;

V  ეტაპზე  – კლასში გამართეს წიგნის პრეზენტაცია, სადაც თითოეულმა მოსწავლემ წარადგინა თავისი ნამუშევარი.

ამით   მათ  საშუალება მიეცათ:

  • წარმოედგინათ საკუთარი იდეები, გამოეხატათ საკუთარი გრძნობები და აზრები, რაც აძლიერებდა მათ თავდაჯერებულობას;
  • განუვითარდათ თანამშრომლობის უნარი – გახდნენ გაცილებით კომუნიკაბელურები;
  • ხელნაკეთი წიგნების დამზადებამ მოითხოვა  დროისა და რესურსების სწორი მართვა, რაც დაეხმარა ბავშვებს პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის  განვითარებაში;
  • ცალკეული ეტაპების დაგეგმვამ და ორგანიზებამ განავითარა  მოსწავლეთა  სტრუქტურირებული მუშაობის უნარებიც;
  • წიგნების ილუსტრირებასა და გრაფიკული დიზაინის შერჩევას ხელოვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება მოჰყვა;
  • მაკრატელის, წებოს, ფურცლებისა და სხვა ინსტრუმენტების მოხმარებამ ხელი შეუწყო    წვრილი მოტორული უნარების განვითარებას;
  • მოსწავლეები წინ წავიდნენ როგორც აკადემიური მოსწრების, ასევე პიროვნული განვითარების მხრივ.

არანაკლები აქტივობა გამოიწვია   დიორამებსა  და კომიქსებზე მუშაობამაც.   ნატახტრის სკოლაში განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს დიორამები წიგნების ,,პაქსი’’ და „ულისი“ -ის  ეპიზოდების მიხედვით.   მუშაობისას კლასი დაიყო 5 ჯგუფად. ჯგუფებმა გადაინაწილეს ეპიზოდები, დაამზადეს ფოთლები, ყვავილები, ხე, წიგნის მთავარი პერსონაჟები, გამოიყენეს ბუნებრივი ხავსი, რისი მოძებნა და შეგროვება მოსწავლეებისთვის ცალკე საინტერესო აქტივობა აღმოჩნდა.

,,ულისი’’ -ის წაკითხვის შემდეგ  ლოგოებით აწყობილი დიორამაც შეიქმნა.

მთავარია, რომ     დიორამაზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ტრანსფერული, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების, ინიციატივიანობის გამოჩენას, პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, ტექსტის ზოგადი გაგება-გააზრებასა და   „გაცოცხლებას“.

ახალი ემოციები შემოიტანა წიგნის კლუბში  მსუბუქი, სათავგადასავლო შინაარსის მქონე პატარა ილუსტრირებული წიგნის/ნახატების სერიის ანუ კომიქსების შექმნამ. მოსწავლეებს   თითქმის ჩვევად ექცათ საინტერესო ეპიზოდების კომიქსად გადაქცევა. ამით ისინი უფრო აქტიურები, ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებულნი გახდნენ, ზოგიერთი პასიური მკითხველიც კი აქტიურად ჩეართო წიგნის კითხვის პროცესში.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა აქტივობაც – ,,აამეტყველე ავატარი’’. მოსწავლეებს დაევალათ წაკითხული წიგნიდან ამოეღოთ მათთვის საყვარელი ეპიზოდი,  აემეტყველებინათ ავატარი და წარედგინათ კლასისათვის. შედეგები ძალიან საინტრესო იყო –   მოსწავლეები მზად აღმოჩნდნენ ყველა სირთულის დასაძლევად,  რისი ინტერესი და მოტივაციაც ჰქონდათ.

კლუბი „საგანძურის“ ყველა თავგადასავალი და აქტივობა  ერთად აისახა ელექტრონულ წიგნში

https://read.bookcreator.com/MhOKd1cDt3VW7R5FE8X8bchFbt73/JNzTS1q8T9Chrc5q06iiEw/e_hRbITaTwKpFHlgMiJEig-right

შეიძლება ითქვას, რომ კლუბში მუშაობით თითოეული წევრისთვის აღმოჩნდა ეფექტიანი:    მოსწავლეებს განუვითარდათ პასუხისმგებლობის გრძნობა; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება; დისკუსიის, წერისა და ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარები; ისწავლეს აქტიური თანამშრომლობა; განუვითარდათ ზეპირმეტყველებისა და წიგნიერების დონე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ – გვეამაყება   ამ პროცესის მონაწილეები  ჩვენც რომ ვიყავით და   მომავალი სპეციალობისათვის მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“