სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მწერალი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა

 

შემეძლო, ამ წერილისთვის „ცნობილი ადამიანები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ დამერქმია, რადგან, მგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნაში, აუცილებლად გამოვთქვათ აზრი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, ჩვენი ცნობადობაც გარკვეულ როლს თამაშობს. მაგრამ სხვის ნაცვლად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, მხოლოდ ჩემი პროფესიის ადამიანებზე ვიმსჯელებ, უფრო კი – ჩემს გამოცდილებაზე.

ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში ვთქვი, საქართველოში საჯარო სივრცე იმდენად პოლიტიზებულია, მწერალს უჩნდება ცდუნება, ყოველდღე ეხმაურებოდეს პოლიტიკურ მოვლენებს ფეისბუქპოსტებით-მეთქი.[1] იქვე დავამატე, რომ მე ამას არ ვაკეთებ, მაგრამ წნეხი კი მართლაც დიდია.

ახლა ვფიქრობ, ჩემი ნათქვამი მსოფლიოზე შეიძლება, განზოგადდეს – საჯარო სივრცე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია პოლიტიზებული. ომები, ეკოლოგიური კატასტროფები, დიდი სახელმწიფოების როლი ამ ყველაფერში – ეს ყოველივე პოლიტიკის ნაწილია. უბრალოდ, ჩვენისთანა სპეციფიკური გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანაში, რომლის დემოკრატიაც ახალგაზრდა და არასტაბილურია, რომლის ტერიტორიის მეხუთედიც დაპყრობილია და სადაც სიღარიბეა და უმუშევრობა, საჯარო სივრცის პოლიტიზება მეტად საგრძნობია. ასეთ ვითარებაში კი სრულიად ბუნებრივია, საზოგადოებას სურდეს, შეიტყოს, რას ფიქრობენ მისი საყვარელი ცნობილი ადამიანები – მწერლები, ხელოვანები, სპორტსმენები და ა.შ. – იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამიტომაც იყო, რომ გარდა აქციის კადრებისა, გასამხნევებლად ცნობილი ადამიანების გამონათქვამებსაც აქტიურად ვაზიარებდით. მაგალითად, ბევრმა გააზიარა ბორის აკუნინის გაფრთხილება რუსული კანონის შესახებ.

როცა მწერლები ერთიან განცხადებას ვაკეთებთ ხოლმე, სულ არის მსჯელობა იმაზე, რად გვინდა ეს მანიფესტები და პეტიციები, ვის რაში არგიაო. გვინდა და თანაც აუცილებლად – ჩვენმა მკითხველებმა უნდა იცოდნენ, რომელ მხარეს ვდგავართ და რისთვის ვიბრძვით. მათ ამის უფლება აქვთ. და აქვთ უფლება, პასუხიც მოგვთხოვონ, თუ ჩვენი აზრი მთლად მკაფიოდ გამოხატული ვერაა. ქართველი მწერალი ვერ იქნება განდეგილი, ის ვერ მოსწყდება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს, შეიძლება, ნორვეგიელმა, შვედმა ან შვეიცარიელმა მწერალმა მოახერხოს ანუ იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელშიც მეტნაკლებად დალაგებული ცხოვრება აქვთ. ქართველ მწერალს კი ჯერჯერობით განდეგილობის ფუფუნება არ გააჩნია. რა თქმა უნდა, სახელოვნებო სფეროსგან გამიჯვნა შეუძლია: შეუძლია, ლიტერატურულ ორომტრიალში არ მიიღოს მონაწილეობა, არ იაროს ფესტივალებზე, უარი თქვას ჯილდოებზე, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებას ვერ გამოეთიშება. და თუ გამოეთიშა, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – იგი, უბრალოდ, პასუხისმგებლობას არ იღებს და სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე ამბობს უარს.

ერთადერთი ინსტრუმენტი აქვს ლიტერატურას – ენა, სიტყვა. ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში კი სწორედ სიტყვას შეუძლია, გარდამტეხი მნიშვნელობა შეიძინოს. აბა, დაფიქრდით, რა დაგვრჩა გმირებისგან, გარდა მათი საქმეების ხსოვნისა? მათ მიერ ნათქვამი სიტყვა. ჩვენ დაგვრჩა ამბროსი ხელაიას სიტყვა, ილია ჭავჭავაძის სიტყვა, თამაზ გინტურის სიტყვა, მარო მაყაშვილის სიტყვა, რომელიც ჩვენს დევიზად იქცა ამ ბრძოლაში – უსასრულოდ შემიძლია ჩამოთვლა.

მაგრამ მაინც რა უნდა თქვას მწერალმა? ან როგორ უნდა თქვას?

მწერლისგან, სპორტსმენისგან, უბრალოდ ცნობილი ადამიანისგან პოლიტიკოსივით ლაპარაკს არავინ ითხოვს. მე, მაგალითად, საერთოდ არ მემარჯვება პოლიტიკაზე არც წერა და არც ლაპარაკი. რაც უნდა ვთქვა ან დავწერო, გამოცდილი პოლიტიკოსის სიტყვასთან ვერ მივა – რიტორიკული თვალსაზრისით, ჩერჩილისა და მარგარეტ ტეტჩერის ნათქვამს ვერ გაუტოლდება. ჩემმა მკითხველებმა იციან ეს. ეს ყველა მკითხველმა იცის. მათთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, ჩვენი აზრი გამოვხატოთ, თუნდაც ერთი, თუნდაც მარტივი და გაცვეთილი ფრაზით. გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, როგორც შეგვიძლია.

მაგრამ რა უნდა იყოს ეს აზრი?

მე მგონია, რომ მწერალმა უნდა თქვას არა ის, რასაც ფიქრობს, არამედ ის, რაც საჭიროა. ბრძოლას თავისი ფაზები აქვს. უიმედობა ზოგჯერ ყველას გვერევა. აქაოდა გულწრფელი ვარო, გამოვიდეთ ყველა და საჯარო გოდება გავმართოთ, რომ არაფერს აქვს აზრი და ყველა დასაღუპად ვართ განწირული, არც საქმეს წაადგება და არც – ჩვენ. ასეთ დროს პირიქით, მთელი მხნეობა უნდა მოიკრიბო და თანამებრძოლები შეაგულიანო, თუნდაც შენ თვითონ იმწამს გამარჯვებისა არ გჯეროდეს.

ჩვენში საერთოდაც ბევრს ჰგონია, რომ ლიტერატურაში მთავარი გულწრფელობაა. სინამდვილეში, მთავარი არის ლიტერატურული ოსტატობა. თუ ეს არა გაქვს, ყველაზე გულწრფელი სათქმელიც კი შეიძლება, ისე ყალბად გადმოსცე, წამკითხველს გული აერიოს. მეტიც, არავითარი გულწრფელობა არ არსებობს – ჩვენ გამოგონილ სამყაროზე ვსაუბრობთ, ლიტერატურა ფიქციაა. ეს თანაბრად ეხება პროზასაც და პოეზიასაც. თუ გგონია, რომ გულწრფელად წერ და არაფერს იგონებ, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ შემოქმედებით პროცესს ვერ იაზრებ, რაც დასაწყისისათვის ნორმალურია, თუმცა მცირე განათლება ლიტერატურაში საკმარისი იქნება იმის მისახვედრად, რომ ცდები.

ჰოდა, მე მგონია, რომ მწერალი პოლიტიკურ გამოსვლასაც ისევე უნდა მიუდგეს, როგორც ლიტერატურულ ტექსტს – იფიქროს კონტექსტზე და იმოქმედოს კონტექსტის შესაბამისად. მაგალითს მოგიყვანთ:

შარშან, მარტის აქციებისას, პირველი დარბევის მერე, მეორე დღეს, ერთმა პროდიუსერმა დამირეკა და გადაცემაში მიმიწვია, გუშინ მომხდარზე გვექნება საუბარი და ზოგადად, ამ პროტესტზეო. მე ძალიან დათრგუნული ვიყავი. ვერაფრით წარმოვიდგინე, იქ როგორ მივიდოდი ან რომც მივსულიყავი, რა მეთქვა.

ვერ შევძლებ-მეთქი.

ახლა ძალიან ვნანობ ამ უარს – ვალდებული ვიყავი, მომეკრიბა ძალა და ჩემი სიტყვით ადამიანები გამემხნევებინა, მათთვის საბრძოლო სულისკვეთება გამეღვიძებინა, მენუგეშებინა. ვალდებული ვიყავი იმიტომ, რომ მწერალი ვარ, იმიტომ, რომ მიცნობენ, იმიტომ, რომ მისმენენ, იმიტომ, რომ ვუყვარვარ და პატივს მცემენ, იმიტომ, რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვნად და ანგარიშგასაწევად მიაჩნიათ. ვალდებული ვიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ასეთი შეცდომა მეტად აღარ მომივა.

მეორე მხრივ, უიმედობაც შიშის ერთგვარი ფორმაა. სასოწარკვეთას მიეცემი? ესე იგი, დანებდი. ბრძოლას კი რა იგებს? სიმამაცე და სტრატეგია.

ადრე ერთი ფილმი ვნახე, რომლის პერსონაჟიც ამბობს, იქნებ სწორედ ესაა სიმამაცე, როცა გეშინია და მაინც აკეთებო. მეც მგონია, რომ ესაა. და კარგი მოქალაქეობაც იმას ნიშნავს, სწორედ მაშინ რომ შეაგულიანებ ადამიანებს, როცა შენ თვითონ ყველაზე მეტად შეგიპყრობს ნიჰილიზმი.

 

[1]ინტერვიუ იხ. აქ:  https://www.youtube.com/watch?v=lTmyJTaQ65w&t=7s

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“