სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ლამარა – ზრუნვის დიდოსტატი

„გარდაიცვალა დედაჩემი

მშვიდად მიიღეთ

ამოწურა თავისი სასიცოცხლო ძალები“

დაწერა დედაჩემმა ჩვენს საოჯახო „ჩატში“, მარტის დასაწყისის ერთ ცივ და სუსხიან დღეს. ისეთივე სუსხიანი და მკაცრი იყო ახალი მოვლენის გააზრება, რომელსაც ეს სამი წინადადება იტყობინებოდა, როგორც თავად ფაქტი. ამის შემდეგ, ჩვენთან ლამარა აღარ იქნებოდა, ბაღდათის სახლი მის გარეშე მოიწყენდა, ჩვენ ხომ მოვიწყენდით და მოვიწყენდით მის გარეშე და საშინელი სევდიანობა შეგვეყრებოდა. ყოვლად აუტანელი გახდა ამ მოცემულობასთან შეგუება, უცებ გავიზარდე რამდენიმე წლით და მძიმე ფიქრების ღრუბელში გავეხვიე.

ზრდასრულობის მიუხედავად, ყოველთვის ბავშვურად მჯეროდა, რომ ბებიები, ძალიან, ძალიან გვიან უნდა მიდიოდნენ ჩვენგან. ან როდის არის ეს „ძალიან გვიან“, რომ მათთან ყოფნას შეველიოთ და მათი წასვლა უმტკივნეულოდ გადავიტანოთ?! აი, მე კი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ლამარა არასდროს დაგვტოვებდა. არასდროს დატოვებდა საკუთარ სახლს, საკუთარ საქმეებს, საყვარელ ადამიანებს და კიდევ 100 წელი მაინც ივლიდა ბაღდათის კოპწია ქუჩებში ზამთარში ლურჯი ბერეტით, ზაფხულში შავი საზაფხულო ქუდით; კიდევ 100 წელი იქანავებდა ჩვენის სახლის ჭიშკართან, კარალიოკის ხეზე  ჩამოკიდებულ საქანელაზე გულის „დასასვენებლად“, კიდევ უფრო დიდხანს შეაწუხებდა გაზაფხულობით წნევები და შესაცვლელი ექნებოდა წნევის მარეგულირებელი წამლები, კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელებდა შვილებზე და შვილიშვილებზე ზრუნვას.  შეუძლებელი იქნებოდა სხვანაირად, რადგან თვითონაც ეცოდინებოდა, რომ მისი წასვლით ყველაფერი გაფუჭდებოდა და მეგონა, ამას  არაფრით დაუშვებდა.

ლამარა მაინც წავიდა, – მშვიდად და ღირსეულად, საყვედურების და წვალების გარეშე. წასვლისასაც არ უღალატია მისი საუკეთესო თვისებისთვის, ეტვირთა იმაზე მეტი, ვიდრე შეეძლო; აეღო იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ამას სხვები მოელოდნენ მისგან. აქაც გაგვიფრთხილდა და დაგვიცვა… ამის მერე ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ მხოლოდ ისეთ ქალს, როგორიც იყო ლამარა ჭელიძე-ყურაშვილი, მხოლოდ  ასეთ დედას შეუძლია გაზარდოს მამა ანდრიასნაირი  ადამიანები, რომლებიც უპირობოდ, ზედმეტი კირკიტის, ორჭოფობის და რაციონალური განსჯის და ჩხრეკვის  გარეშე ხდებიან სხვების სიმძიმის თანამტვირთველები და ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობასაც პირველები იღებენ საკუთარ მხრებზე.

ბაღდათი, ბაღდათის სახლი, ლამარა, ჩვენ ყველა ერთად ამ სახლში – საუკეთესო მოგონებების კიდობანია. სახლში უამრავი საბავშვო წიგნია, ყველა მკითხველი ბავშვისთვის საოცნებო ადგილი. არც წიგნის კითხვას გიშლის ვინმე, არც საქმეს გაძალებს – იკითხე, დაისვენე, შეიფერე, დატკბი ბავშვობით! აქ წავიკითხე ასტრიდ ლინდგრენის, მარკ ტვენის, იანუშ კორჩაკის წიგნები. ამ სახლის წიგნების დახმარებით იძერწებოდა ჩემში პატარა მკითხველი. ეს სახლი ჩემი ყველა საყვარელი საბავშვო ლიტერატურული პერსონაჟის სახლიცაა, სადაც ვკითხულობდი პეპი გრძელწინდას, ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონის თავგადასავალს, ემილის თავგადსავალს, ბიულერბიულ ბავშვებზე ამბებს, „ჩვენ სალტკროკელები ვართ“ და ა.შ. და ა.შ. წიგნები, გაზეთები, ფურცლები, ჩანაწერები – ბაღდათის სახლის შეუცვლელი რეკვიზიტები იყო ყოველთვის და ასე დარჩება სულ. ხანისწყალი, სათავე და იქ გატარებული დრო ყველაზე ჯანსაღად გატარებული დროა, რაც კი შეიძლება გამახსენდეს ბავშვობიდან – მზისგან შებრაწულებს ბებია ლამარა ცხელ ჭადებს რომ დაგვახვედრებდა, ვარდისფერ პამიდორს, გემრიელ ყველს, მწვანე ლობიოს, აწეწილ ბადრიჯანს ნიგვზით. ბაღდათის სახლი ყოველთვის იყო გემრიელად გამასპინძლების კერა თითოეული ჩვენგანისთვის, სადაც ბუხარში მინავლულ ნაკვერჩხლებთან ერთად კეცებში თვლემდა ნეშოიანი ჭადები და რეგულარულად ფუვდებოდა ცომი ხაჭაპურებისთვის. ლამარა ყოველთვის ეზიდებოდა პროდუქტს ბაზრიდან და იყო შესყიდვის ნამდვილი ექსპერტი, რომელსაც ყველაფერი ბევრი და გამოულეველი უნდა ჰქონოდა სახლში შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, შვილთაშვილებისთვის, მეზობლისთვის, მეგობრებისთვის და შეჭირვებულისთვის გასაგზავნად და „მისაკითხად“. ჩემი შვილები ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ლამარა იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბებია, რადგან ბაღდათში ყოველი სტუმრობისას პენსიის ფულით ასაჩუქრებდა:“რამე იყიდეთო, ბებიაო“.

ადრეული ბავშვობის მოგონებებში მკრთალად ციმციმებს იმერული ზამთარი –  დიდთოვლობა ბაღდათში, ცელოფნის პარკებით სრიალი ჭიშკრამდე და სახურავიდან გადმოხტომა უზარმაზარ თოვლში.

შემდეგ უკვე, მე და ლამარა ბებია ძველ და ძნელ 90-იანებში, უშუქობის პერიოდში, საღამოს, ბაზრისთავში მივდივართ, ერთ-ერთ ჩვენს მეზობელთან, რომელსაც ე.წ. “დვიჟოკი“ აქვს, რომ სხვა ჩვენსავით შეკრებილ ბაღდათლებთან ერთად გვეყურებინა „ველური გულისთვის“ და , ერთად გვენერვიულა ვენესუელურ დრამაზე, ხუანის და მონიკას სასიყვარულო გამოწვევებზე.

ახლახანს ვიყავი. მწვანედ ხასხასებდა  ყველაფერი. მისაღებ ოთახში სარკმელი იყო ღია და მზის შუქ-ჩრდილები ფარდაზე ირეკლებოდა. ვარდებს უკვე გადაუყვავილიათ, ისეც ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გამოვტოვებთ ხოლმე. ბაღდათის სახლი მცხუნვარე მზით იყო განათებული, გამთბარი და ისეთი მშობლიური, როგორც ნამდვილი ბავშვობის სახლი. მძაფრდება სიმშვიდის და დაცულობის, სანდოობის და მიჯაჭვულობის შეგრძნება და პარალელურად ისმის ჭრიჭინების გაბმული ჭრიჭინი, ქათმების კრიახი, მამლების ყივილი… ზაფხულია. ეს სამყაროსთან თანაცხოვრების, თანაარსებობისთვის გაყვანილი ბილიკებია და ერთგვარი სამოქმედო მოდელი, სამყაროსთან საუბრის და დამეგობრებისთვის ჩაყრილი საძირკველი.

მე ყოველთვის მეშინოდა ბებიების სიკვდილის, ამიტომ ლამარას ისე ველაპარაკები, როგორც დროებით ჩვენგან წასულს რაღაც საქმეზე და მის არყოფნაზე ფიქრიც ისეთი დამთგრუნველი აღარაა. შეიძლება ბაზრისთავშია, იქნებ ელისოს მაღაზიაში, იქნებ ეკლესიაში, იქნებ პროდუქტებით დატვირთული ტაქსშია და მალე გაჩერდება ჩვენი ნაცრისფერი ჭიშკრის წინ და შემოგვძახებს:“ ნონა, ლელა, მომეშველეთ“. როგორ შეიძლება დაგეზაროს ჭიშკართან ჩარბენა და ნესვების, დიდი, ვარდისფერი პომიდორების, უგემრიელესი ყველის, სურნელოვანი ატმების სახლში ამოტანა და დაბინავება. ბოლო დროს ჭადის ფქვილის ყიდვა და თბილისში გამოგზავნა რაღაც ხერხებით და საშუალებებით ლამარას ფუნქციად იქცა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სულ მავიწყდება ყიდვა, მგონია ამაზე კიდევ ლამარა იზრუნებს და ვინმე წამომიღებს ბაღდათიდან, კარგ, იმერულ ჭადის ფქვილს, თბილისში რომ ვერსად ვერ ვიშოვი ისეთს და  მარტო მან რომ იცის შერჩევა, მარტო მას რომ აქვს შეგულებული, კაი ნაცნობები რომ ჰყავს ბაღდათის ბაზარში და მისთვის რომ აქვთ გადანახული ყველაფერი კაი.

„შენ რაფერ ხარ ბებია? ბოვშები რაფერ არიან? ჩვენ რა გვიჭირს, კარგად ვართ ყველა“ – ეს ჩვენი სატელეფონო საუბრის დასაწყისია – ყოველთვის იმედიანი, გადამდები და გამამხნევებელი ტონით.

„კარგად ბებია, ერთმანეთს გოუფრთხილდით და მოუარეთ. მადლობა მოკითხვისთვის“ – ეს ტრადიციული დამშვიდობებაა.

ლამარა ჭელიძე მთელი მისი მონაგარის მეხსიერებაში დარჩება ზრუნვის მასწავლებლად და დიდოსტატად.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“