სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მასწავლებელი კაზრეთიდან – სამოქალაქო ცნობიერებითა და ულევი ენთუზიაზმით

ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ინგლისურს და ფრანგულს ასწავლის. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს უცხო ენას ასწავლის და აყვარებს, იმაშიც ეხმარება, რომ მათ გარშემო არსებული სამოქალაქო სივრცე გამოიკვლიონ, აღიქვან და მისი გაუმჯობესება მოითხოვონ. ცოტა ხნის წინ ნინომ საკუთარ მოსწავლეებთან ერთად შექმნა ონლაინგამოცემაკაზრეთიპრესი“, რომელსაც მოსწავლეები მართავენ და რომელიც თანდათან ნამდვილ მედიასაშუალებად იქცა. ნინო ცდილობს, საკუთარ თემში არსებული მწირი რესურსების გამოყენებით მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობები გააჩინოს ადგილობრივი მოსწავლეებისთვის, მისცეს მათ მეტი ცოდნა და დაეხმაროს წარმატების მიღწევაში.

მოგვიყევით თქვენ შესახებ. პროფესიით ჟურნალისტი ხართ, დინამიკური და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდით, როგორ გადაწყვიტეთ ერთ დღესაც, რომ თავი დაგენებებინათ კარიერისთვის და რაიონის სკოლაში დაგეწყოთ მუშაობა? რა მოლოდინი გქონდათ და როგორი აღმოჩნდა რეალობა?

 

სხვათა შორის ესეც ერთ-ერთი სტერეოტიპია. მართალია, რაიონში ვცხოვრობ, მაგრამ აქ კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობ, ვიდრე ოდესმე მიცხოვრია. ყოველი წუთი მკაცრად მაქვს გაწერილი, სკოლას, პროექტებს, აქტივობებს, პროფესიულ განვითარებასა და ოჯახს შორის. ჩვენთან დილა ადრე იწყება, მაგრამ თბილისთან შედარებით, ნაკლებად დამღლელია და თითქოს კიდევ უფრო მეტს ასწრებ ადამიანი.

სკოლაში მასწავლებლად მუშაობა პანდემიის პერიოდში დავიწყე. იმ პერიოდში ონლაინ ვმუშაობდი და შესაძლებლობა მომეცა ჩემი ოჯახი მომენახულებინა. შემდეგ ახლობელმა მთხოვა, ჩემს შვილს ინგლისურში დაეხმარეო, მეც დავიწყე „მასწავლებლობანა“ და ვეღარ გავჩერდი. სექტემბერში სკოლაში ინგლისურის შემცვლელი მასწავლებელი დასჭირდათ, მომდევნო წელს სკოლამ ფრანგული ენის სწავლებაც შესთავაზა ბავშვებს. აღმოჩნდა, რომ ფრანგული მეტად საინტერესო საგანია მოსწავლეებისთვის. ბავშვების ნაწილი რუსული ენის ნაცვლად ფრანგულ ენას ირჩევს, მეორე ნაწილი კი მესამე ენად სწავლობს კლუბური საქმიანობის ფარგლებში.

სანამ კაზრეთში საცხოვრებლად გადმოვიდოდი, მანამდე ჩემს დაბაში წლები არ ვიყავი ნორმალურად ნამყოფი. აღმოვაჩინე, რომ კაზრეთში ძალიან პროგრესული, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ. ამდენი თუ იცოდნენ, ამდენი თუ შეეძლოთ და ამდენი თუ უნდოდათ – არ მეგონა, ნამდვილად. მე დარწმუნებული ვარ, რომ „კაზრეთიპრესს“ ჩემი თაობის ბავშვები ვერ შევქმნიდით. ეს თაობა ბევრად უფრო კრეატიულია. ვერც ვიდეოს გადავიღებდით – ესენი უფრო გამბედავები არიან. ვერც დავამონტაჟებდით – ესენი უფრო სხარტები არიან.

თუმცაღა, მეორე მხარეცაა – გარემო, სადაც ამ ბავშვებს სწავლა-განვითარება უწევთ. წლების შემდეგ უკან დაბრუნებულმა შევნიშნე, რომ სოფელში ისევ იგივე პრობლემებია, რაც 15 წლის წინ იყო. თითქოს დრო გაიყინა. აქაურობას განვითარებისა არაფერი ეტყობა. ისევ მორღვეული ინფრასტრუქტურა – ადრე საბავშვო ბაღი მაინც გვქონდა კაზრეთში, რომელიც პანდემიის შემდეგ შენდება, შენდება და ვერ აშენდა. დანგრეული გზები… ჩემს დროს „კულტურის სახლი“ გვქონდა, კინოჩვენებები და კონცერტები ეწყობოდა. ახლა ისიც სავალალო მდგომარეობაშია…

 

განათლების სისტემას უამრავი ხარვეზი და სისუსტე აქვს ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. რა არის ის მთავარი გამოწვევები მოსწავლისთვის თუ მასწავლებლისთვის, რომლებსაც როგორც ამ სისტემის ნაწილი და წარმომადგენელი უკვე უშუალოდ შეეჯახეთ პედაგოგიური პრაქტიკის დაწყებისას?

 

მგონია, რომ ქვეყანაში არ არის სასკოლო განათლების განვითარების პოლიტიკური ნება, რაზეც მოწმობს ის მწირი და ფრაგმენტული დაფინანსება, რომელიც სკოლებს აქვს. აღნიშნულს თავისთავად მოსდევს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა, სასკოლო ინფრასტრუქტურის სრული გაუმართაობა, 21-ე საუკუნისთვის სრულიად შეუფერებელი ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, სკოლაში ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობაც კი არ არის, აღარ ვლაპარაკობთ საკმარისი რაოდენობით კომპიუტერებსა და მონიტორებზე. საერთოდ ვჩუმდები ლაბორატორიებთან დაკავშირებით. ის ქვეყნები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ზოგადი განათლების კუთხით, დიდ ყურადღებას აქცევენ სწავლისას ტექნოლოგიების გამოყენებას. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი იპყრობს სამყაროს, ჩვენ ისევ მეცხრამეტე საუკუნის საკლასო ოთახებში ვასწავლით და ვწუწუნებთ, ბავშვებს სწავლა არ უნდათო. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ასეთი სწავლა უინტერესოა, რადგან მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

უდიდესი პრობლემაა განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა. აღნიშნული „პიზას“ კვლევამაც აჩვენა, სადაც საქართველოს დაბებში მცხოვრები მოსწავლეები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალაქებში მცხოვრებ მოსწავლეებს ისეთ უნარებში, როგორებიცაა, წაკითხულის გააზრება, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა. უსამართლობაა, როდესაც ბავშვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება მისი საცხოვრებელი ადგილის გამო ეზღუდება. შემდეგ ვწუწუნებთ, სოფლები რატომ იცლებაო. დაიცლება, აბა, რას იზამს, თუ 21-ე საუკუნე მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორშია და ისიც უცხოურ გადაცემებში.

მოგვიყევით თქვენს მოსწავლეებზე, ვინ არიან ისინი, რას აკეთებთ მათთან ერთად და რა წარმატებები გაქვთ?

ჩემი მოსწავლეები ყველაზე გონიერი, პროგრესული, ყოჩაღი, მეამბოხე და ჯანმრთელი ხალხია დედამიწის ზურგზე. ასეთ ადამიანებთან ერთად მთებს გადადგამ კაცი. ჩემი ყველაზე საამაყო პროექტი kazretiPress-ია. დღეს მასში 11 ბავშვია გაერთიანებული, თავდაპირველად, ონლაინგამოცემა 4-5 ბავშვთან ერთად შევქმენი. ამ ბავშვებს ძალიან დიდი ენერგია აქვთ და ვფიქრობდი, რამე ისეთი პლატფორმა შეგვექმნა, სადაც ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ინიციატივიანობისა და მოხალისეობის უნარებს გამოავლენდნენ. ასევე ეს პლატფორმა მათ უნდა დახმარებოდათ გაცვლით პროექტებში მონაწილეობისას. რადგანაც თავად ჟურნალისტი ვარ განათლებით, ონლაინ მედიასაშუალების შექმნა მომივიდა თავში აზრად. ბავშვებს იდეა მოეწონათ და განვახორციელეთ კიდეც. თავიდან, ძირითადად, სტატიებს წერდნენ, მერე ვიდეოების დამატება დაიწყეს, მასალებს ინგლისურად თარგმნიდნენ, თანდათან გადაცემები და პოდკასტებიც დაამატეს და დღეს „კაზრეთიპრესი“ სრულფასოვანი მედიასაშუალებაა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები მართავენ და თავადვე უყვებიან საკუთარ მომხმარებელს ამბებს კაზრეთიდან. მე მათ სარედაქციო პოლიტიკაში არ ვერევი, თავად მოსწავლეები წყვეტენ, რაზე იმუშაონ. კაზრეთიპრესში სხვადასხვა დროს ჩართული ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ გაცვლით პროექტებში. მთავარი რედაქტორი Erasmus+ის გამარჯვებულია და გაზაფხულზე გერმანიაში მიდის. ერთ-ერთი პოდკასტების სერიის ავტორი – „აირჩიე პროფესია“ ასევე Erasmus+ის გამარჯვებულია და ზაფხულამდე რუმინეთსა და ფინეთს ესტუმრება. KazretiPress-ში ჩართული კიდევ სამი ბავშვი FLEX-ის გაცვლითი პროექტის ნახევარფინალისტია. ამას გარდა, შაბათს ორბელიანის აკადემიაში მივდივართ მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონფერენციაზე, სადაც მოსწავლეები „კაზრეთიპრესს“ თანატოლებს წარუდგენენ. გამოცდილების გაზიარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. გვაქვს ასევე ფრანგული ენის კლუბი, სადაც კვირაში 2-ჯერ, დილის რვაზე ვიკრიბებით სკოლაში, რომ ფრანგული ვისწავლოთ. ზამთარში დილის რვაზე ჯერ კიდევ ბნელა, ბავშვები კი გაკვეთილების დაწყებამდე სკოლაში არიან ხოლმე. ფრანგული ენის შემსწავლელ კლუბში 17 მოსწავლეა გაერთიანებული და სულ რამდენიმე თვეა სწავლობენ, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი მოსწავლე ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდა.

სულ რამდენიმე კვირის წინ შევქმენით ინგლისური ენის კლუბი – ინგლისურის მასწავლებელთათვის. კლუბის დამფუძნებელი 6 მოსწავლეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ინგლისურს მოხალისეობრივად შეასწავლის. გაკვეთილები ჯერ არ დაგვიწყია, ჯერ სასწავლო მასალას არჩევენ. ახლა ნელ-ნელა ვამუშავებთ ახალ პროექტს: გვსურს, შევქმნათ გადაცემათა ციკლი იუთუბისთვის, სადაც კაზრეთელი მოსწავლეები Zoom-ის საშუალებით შეხვდებიან თანატოლებს მთელი მსოფლიოდან და განიხილავენ სასკოლო ცხოვრებას, მოუყვებიან ერთმანეთს იმ აქტივობებზე, რომლებითაც ყოველდღიურად კავდებიან; სწავლის ჩვევებზე, სკოლაზე, სახელმძღვანელოებზე თუ ნებისმიერ სხვა თემაზე. მსგავსი ტიპის კლუბური მუშაობა ეხმარება ბავშვებს, განივითარონ ფუნქციური უნარები, ისწავლონ გუნდური მუშაობა, შექმნან პროდუქტი და ნასწავლი ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაუკავშირონ.

რა არის თქვენი, როგორც მასწავლებლის მთავარი სათქმელი, გარდა იმისა, რომ ასწავლოთ და ცოდნის მიღებაში დაეხმაროთ მოსწავლეებს? რაზე უნდა ლაპარაკობდნენ მასწავლებლები ხმამაღლა?

სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს არც კომპეტენცია და არც სურვილი ვინმეს მივუთითო, რაზე ილაპარაკოს. მაგრამ, პირადად მე დღეს, როგორც მასწავლებელი, მოქალაქე, ნინო მელიქიშვილი,  თავს ვალდებულად ვგრძნობ, ჩემი მოსწავლეებისთვის ევროკავშირის წევრი საქართველო მინდოდეს და ყველაფერს ვაკეთებდე, რომ მათ მაინც მოუწიოთ თავისუფალ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“