სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფსიქოლოგის პასუხები მშობლების შეკითხვებზე

ქალბატონო Lisa, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შვილი სულაც არ არის პირადი საკუთრება, მაგრამ მშობლის როლი მავალდებულებს, შევასრულო აღმზრდელის ფუნქცია, მით უფრო, თუ შვილი ჯერ კიდევ მცირე ასაკისაა. მიმაჩნია, რომ პატარებს სჭირდებათ მითითებები, გეზის მიცემა, ზოგ შემთხვევაში აკრძალვები და კონტროლი. მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე, მაგალითისთვის: უნდა შეეძლოს თუ არა ბავშვს, თავად გადაწყვიტოს რომელ საათზე დაიძინოს?

ძვირფასო მკითხველო, „მართალია ის, რომ ბავშვებს სჭირდებათ გეზის მიმცემი უფროსები, რომლებიც თავის მხრივ ასევე საჭიროებენ ცხოვრებისეული მეგზურის მითითებებს. საქმე ის გახლავთ, რომ ხანგრძლივი გზის გარკვეულ ეტაპებზე მეგზურები იცვლებიან“. ასე პასუხობს მშობლის მიერ დასმულ შეკითხვას კანადელი მწერალი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ბესტსელერების ავტორი, პიროვნული ზრდისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი Lisa Bourbeau. ქალბატონი არის მრავალი ლექციისა და სემინარის ავტორი, რომლებიც პიროვნულ განვითარებას ეძღვნება.

ნამდვილი აღმზრდელი, მიიჩნევს კანადელი ფსიქოლოგი – არის ის, ვინც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოქმედებს და არ აიძულებს აღსაზრდელს, დაუჯეროს მას. ბავშვს სურს, ჰყავდეს ძლიერი აღმზრდელი და არა ისეთი, რომელიც ცდილობს, საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას. ასეთ უფროსს ბავშვი ნებაყოფლობით უსმენს და არა ძალდატანებით. მშობლებსა და შვილებს შორის კარგი ურთიერთობების დასამკვიდრებლად, აუცილებელია, იმთავითვე მკაფიოდ განისაზღვროს მათი როლები. მშობლები უნდა აცნობიერებდნენ შვილების პიროვნულ თავისებურებებსა და მათ უნიკალურობას. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხშირად შვილები არ იზიარებენ მშობლების მრწამსსა და შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, აღმზრდელებს მაინც დიდი სურვილი აქვთ, დაეხმარონ აღსაზრდელებს და მიუთითონ, დამოძღვრონ ისინი საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

მოდით, მივუბრუნდეთ კითხვას პატარების დაძინების დროსთან დაკავშირებით. დავუშვათ, თქვენი შვილი სამი წლისაა და თქვენ, როგორც მშობელი მიიჩნევთ, რომ მან რვა საათზე უნდა დაიძინოს. მაშ ასე, მშობლები შვილებს უთანხმდებიან დაძინების დროის შესახებ, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ თუ ადამიანს არ ეძინება, ძალიან რთულია იძულებით ამის გაკეთება. ჰოდა, თუ პატარას არ ეძინება, შეგიძლიათ სცადოთ მასთან მოლაპარაკების წარმართვა და შეთანხმების მიღწევა, რომ განაგრძოს სიფხიზლე ან თუნდაც თამაში საკუთარ საძინებელ ოთახში, მანამ, სანამ ძილი არ მოერევა.

მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ მშობლების უმრავლესობა ცდილობს საკუთარი თავი და შვილებიც დაარწმუნოს იმაში, რომ ადრიანად დაძინება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია, მაგრამ ძირითადად უფროსები მაინც საკუთარ სიმშვიდესა და მოსვენებაზე ზრუნავენ. სინამდვილეში, შვილებს ურჩევნიათ ითანამშრომლონ ღია, გახსნილ და გულწრფელ მშობლებთან. ამიტომ, პირდაპირ უთხარით შვილებს, რომ დაიღალეთ და გსურთ მან დაისვენოს, დაიძინოს, რათა თქვენც შეძლოთ დამღლელი დღის შემდეგ მოდუნდეთ და მეორე დღისთვის ენერგია აღიდგინოთ. შვილისთვის პატივისცემის განცდის კულტივირების საუკეთესო გზაა, მშობელმა თავად იცოდეს საკუთარი თავის პატივისცემა.

ქალბატონო Lisa, თქვენ მშობლებს გვთავაზობთ ზედმეტად არ ვაკონტროლოთ შვილები, რადგან მათ უკეთ იციან, რა სჭირდებათ და რა მოთხოვნილებები აქვთ. ჰოდა, როდესაც მე არაფერს ვეუბნები ჩემს ვაჟს, ის ძალიან დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან და გაუთავებლად თამაშობს. არც ჰაერზე გადის, ჭამს განურჩევლად ყველაფერს, საერთოდ არ აკონტროლებს მის შინაარსსა და ხარისხს. როგორ მოვიქცე, რომ სწორად აღვზარდო ჩემი შვილი, თანაც ისე, რომ მკაცრ კონტროლს არ დავუქვემდებარო?

ძვირფასო მშობლებო, თქვენს შვილებს სურთ, რომ ისინი კი არ აღზარდოთ, არამედ ასწავლოთ. აღზრდა ნიშნავს – განმარტავს Lisa Bourbeau – გადასცეთ შვილებს საკუთარი რწმენა-წარმოდგენები. როდესაც ბავშვი ხვდება, რომ მშობლები გულწრფელად არიან დაინტერესებული შვილების კეთილდღეობით და იმით, რომ უფროსები სრულიად უანგაროდ გასცემენ საკუთარი პიროვნების საუკეთესო ნაწილს, თანაც ადასტურებენ ბავშვის პიროვნული თავისებურების არსებობის უფლებას, ამ შემთხვევაში ახალგაზრდები ხალისითა და გულდასმით უსმენენ უფროსებს. ანუ, თუ შვილები იგრძნობენ, მშობლების სიტყვებში მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ ესა თუ ის ქცევა უბრალოდ კარგია და მეტი არაფერი, ისინი დაკარგავენ ინტერესს და აღარ მოუსმენენ უფროსებს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საკუთარი რწმენა-წარმოდგენები თავისთვისვე დაიტოვონ და არ ეცადონ ისინი შვილებს ხელოვნურად მოახვიონ თავს. ბავშვებს სურთ, გვერდით ჰყავდეთ ისეთი უფროსები, რომლებიც ითვალისწინებენ უმცროსი თაობის ინტერესებს.

უფროსებო, მშობლებო ეცადეთ, აუხსნათ შვილებს, რატომ გჯერათ ამა თუ იმ მოვლენების, ცნებების, გარემოებების. მაგალითად, რატომ ფიქრობთ, რომ სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ოთახში კომპიუტერის ეკრანთან ჯდომა. ესაუბრეთ შვილებს, მოუსმინეთ მათ არგუმენტებს, იფიქრეთ იმაზე, რომ ის რისიც თავად სწამს თქვენს შვილს, შესაძლებელია აქციოთ მისთვის სასარგებლო აქტივობად. რაც შეეხება საკვებს, აქ ყველაფერი გაცილებით მარტივია: არ შეიძინოთ უსარგებლო პროდუქტები და მაშინ თქვენი შვილები მიირთმევენ ჯანსაღ საჭმელს, მაშინ, როდესაც შიმშილის გრძნობა გაუჩნდებათ და არა მაშინ, როდესაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.

ქალბატონო Lisa, მე საკუთარ თავში ძალიან ჩაკეტილი და გულჩათხრობილი ადამიანი ვარ. ამიტომ მიჭირს შვილებთან ურთიერთობა, სითბოსა და სიყვარულის გულწრფელი გამოხატვა. ეს გარემოება მაწუხებს და ამიტომ მინდა, შევცვალო ჩემი გამოხატვის ფორმები. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

პატივცემულო მამიკო, ვფიქრობ, თავად თქვენი მამა ასევე გექცეოდათ ბავშვობაში. მასაც უჭირდა შვილების მიმართ ემოციების თავისუფლად გამოხატვა. საინტერესოა, როგორ გრძნობდით თავს თქვენს მამასთან, რომელსაც არ შეეძლო შვილების მიმართ სიყვარულის გამოხატვა? ძალიან განიცდიდით? ამის გამო ეჭვი ხომ არ გეპარებოდათ მის სიყვარულში? ვფიქრობ, მართლაც ასე იყო და სწორედ ამის გამო გახდით თქვენც ასეთივე შებოჭილი და ვერ ახერხებთ შვილების მიმართ სიყვარულის თავისუფლად გამოხატვას. ახლა, როდესაც თავად ხართ მამა, შეგიძლიათ ზუსტად მიხვდეთ, როგორ გრძნობდა თავს თქვენი მამა და თანაუგრძნოთ მას. უფრო მეტიც, ბოდიში მოუხადეთ მშობელს იმის გამო, რომ აკრიტიკებდით და განიკითხავდით მის საქციელს. შემდეგ, საკუთარ თავსაც აპატიეთ იმ ბავშვური ფიქრების გამო, რომლებიც მამის თქვენდამი სიყვარულში ეჭვს გიმტკიცებდათ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არასდროს განიკითხავდით საკუთარ მამას და ყოველთვის გრძნობდით მის სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ მას უჭირდა სითბოსა და ალერსის გამოხატვა, გამოდის, რომ თქვენ ისეთი შვილი იყავით, რომელსაც არ სჭირდებოდა მშობლის სიყვარულის ჟესტებითა და ალერსით გამოხატვა. რატომ გგონიათ, რომ თქვენს შვილებს ეს აუცილებლად სურთ? ძალიან კარგი იქნება თუ უშუალოდ შვილებს დაელაპარაკებით ამ საკითხზე და ზუსტად გაარკვევთ, რა სჭირდებათ მათ, რა ტიპის ურთიერთობებს მოელიან მშობლებისგან.

ვფიქრობ, თქვენთვის ძალიან რთულია ამ რჩევის შესრულება, მაგრამ აუცილებელია ერთხელ მაინც სცადოთ შვილებთან გასაუბრება და საკუთარი გულის ტკივილის მათთვის გაზიარება. გარწმუნებთ, ამის შემდეგ გაცილებით უფრო მეტად გაგიადვილდებათ გრძნობების გამოხატვა. დაიმახსოვრეთ: თქვენთვის ეს ახალი გამოცდილებაა, რადგან ბავშვობაში მისაბაძი ქცევის მოდელი არ გქონდათ, ამიტომ მეტი დრო დაგჭირდებათ, სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ აუცილებლად დაძლევთ ამ განსაცდელს.

ქალბატონო Lisa, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი სამი თვის ასაკიდან შვილი ძიძასთან დამეტოვებინა. სახლში დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებულად დიდ სიყვარულსა და სითბოს ვიჩენ პატარის მიმართ, მაგრამ მაინც ვშიშობ, ხომ არ აქვს ბავშვს უგულებელყოფის განცდა?

ძვირფასო მშობლებო, არ არსებობს ორი ერთნაირი ბავშვი, რომლებსაც ზუსტად მსგავსი საჭიროებები ექნებათ. მე ვიცნობ ისეთ დედებს, რომლებმაც სამსახურს თავი დაანებეს, რათა მუდამ პატარასთან ყოფილიყვნენ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მათ შვილებს მაინც აღმოაჩნდათ მიტოვებულობის შეგრძნება. დედობა, სულაც არ ნიშნავს, ქალის მიერ სამსახურებრივ და პროფესიულ კარიერაზე უარის თქმას.

ვფიქრობ, – უზიარებს მოსაზრებას მშობლებს Lisa Bourbeau – უმჯობესია, დაელაპარაკოთ პატარას და მოუყვეთ მას საკუთარი განცდების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ ლაპარაკიც არ იცის, მაინც „მოუსმენს“ დედიკოს. ბავშვი აუცილებლად, მიხვდება, რომ დედას ის ძალიან უყვარს და ძალიან განიცდის მისი შვილის წუხილს, როცა ის იძულებულია, დროებით დატოვოს პატარა. საუბრისას, არ გამოგრჩეთ, განმარტოთ, რომ დედა არასდროს მიატოვებს შვილს და მათ სიყვარულს არაფერი ემუქრება“.

 

 

სტატია თარგმნა:

ქეთევან კობალაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“