სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დედის დღე

სამი მარტია. ხელს ტუმბოზე გადავყოფ: ახლა გადაჭრელდება ნიუსფიდი მილოცვებით და ფოტოებს შეამკობს საგანგებოდ შეთხზული ტექსტები. დილაა, მაგრამ ადრე გაღვიძებულებს უკვე მოუსწრიათ თავიანთი თუ სხვების დედებისთვის განკუთვნილ მილოცვებში ჩაზიარება.

ხალხი, რომელსაც დღესასწაული სჭირდება ყოველდღე ან გლოვა, ერთად რომ იყოს. მერე, ქორწილიდან თუ ქელეხიდან მობრუნებული, გზაშვე ეთიშება ერთმანეთს, ყელში ამოადენს ერთად ყოფნის სიტკბოს.

მარიკას მესიჯი მხვდება, – ერთი სათხოვარი მაქვსო. სანამ გავხსნი, მინდა წარმოვიდგინო, რამ შეაწუხა ამ უქმეზე, სთორიზე ლაიქიც კი არ გამოუმეტებია, რაც თავი მახსოვს.

ფული დასჭირდა? იქნებ ჩვენმა ბავშებმა დააყარეს ერთმანეთს? ეგეც ქმარს ხომ არ გაშორდა? დიდი ხანია ის კაცი არ მინახავს სადარბაზოში.

– მარიკა, დილა მშვიდობისა. – პასუხი არ აყოვნებს:

– ნატალი, ბოდიში, რომ აგაფეთქე დილიდან, შეგიძლია შენი მანქანა გადააყენო?

ღმერთო, ეს კურკლივით „fit“-იც რომ თვალში ეჩხირება ყველას. ძლივს ამ სადარბაზოსთან მოვნიშნე ადგილი. სხვაგან ხო ვერსად ვერ დააყენებ, ზოგი მგონი არც გადის სახლიდან და სამი მანქანა კორპუსის გარშემო აქვს ჩარიგებული, ზოგი სამ საათში ბრუნდება სამსახურიდან და ზოგსაც…

– გეჩქარება, მარიკა?

ვერ ვაზროვნებ, ყავა რომ არ დავლიო. ამ ბავშვებმაც პატივი მცეს და დილიდანვე ჩუმად არიან.

– ნატალი, იცი, დედაჩემი გარდაიცვალა კლინიკაში, წუთიწუთზე უნდა მოასვენონ და… სადარბაზო… ხომ გესმის…

ვიცვამ. ფარდას ვწევ. ფანჯრიდან შემოჭრილი მარტის სუსხით ლღვება ოთახში დაგუბებული ჰაერი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“