ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
7 ოქტომბერი, ორშაბათი, 2024

კონფლიქტები მშობლებსა და შვილებს შორის – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, მან შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ურთიერთობაში იჩინოს თავი. გამონაკლისს არც მშობლებისა და შვილების ურთიერთობა წარმოადგენს. მართალია, ეს კონფლიქტი ორივე მხარისთვის არასასიამოვნოა, მაგრამ წინააღმდეგობების სრულად თავიდან აცილება ყველაზე მშვიდობიან ოჯახებშიც  კი შეუძლებელია. უთანხმოება უფროსებსა და ბავშვებს შორის ყოველთვის ხდება, მაგრამ იმისათვის, რომ ის ჩხუბსა და რთულ ურთიერთობაში არ გადაიზარდოს, საჭიროა, ვიცოდეთ კონფლიქტის სწორად მართვა. კარგი იქნება, თუ კონფლიქტის არცერთი მონაწილე არ დარჩება დამცირებული, შეურაცხყოფილი და დამარცხებული.

კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახში ქმნის დაძაბულ, ნეგატიურ ატმოსფეროს, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. როგორც წესი, ბავშვები უფროსების მაგალითზე სწავლობენ კომუნიკაციას. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ, უფროსებს, უნდა შეგვეძლოს კონფლიქტების უმტკივნეულოდ მოგვარება.

მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტმა შეიძლება ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე იჩინოს თავი, დაწყებული ადრეული ასაკიდან. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც პატარები განვითარების პროცესში სწავლობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ემოციების მართვას, მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვას. ადრეულ ასაკში პატარას უჭირს გრძნობებისა და ემოციების მართვა, ამიტომ შეიძლება ხშირად გამოავლინოს ისტერიკა და აგრესია, თუ ის გაბრაზებული, გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია. ასაკის მატებასთან ერთად თავს იჩენს უთანხმოების ახალი მიზეზები, რომლებიც შეიძლება ოჯახური კონფლიქტების მაპროვოცირებელი გახდეს. მნიშვნელოვანია, ასეთ მომენტებში უფროსებმა ვისწავლოთ ბავშვის გაგება და მხარდაჭერა იმისათვის, რომ დავეხმაროთ მას კონფლიქტების გადაჭრაში ჯანსაღი და კონსტრუქციული გზით. ამისათვის კი აუცილებელია, ვიცოდეთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი.

მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტების ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  • წარუმატებლობა სწავლაში – მშობლების დიდი ნაწილი ბავშვთან კონფლიქტის მიზეზად სწორედ სწავლაში წარუმატებლობას მიიჩნევს. როდესაც მშობელი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ყველა პირობა შეუქმნას შვილს კომფორტული სწავლისთვის, საპასუხოდ კი ხედავს, რომ ბავშვს სურვილი არა აქვს კარგად სწავლის და დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, როგორც წესი, ის ვერ მალავს უკმაყოფილებას. მშობლის აღშფოთება და უკმაყოფილება შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს პედაგოგის ისეთმა გამოხმაურებებმა, როგორიცაა: „არ ისწავლა“, „არ გააკეთა“, „არ შეასრულა“ და სხვა. ყოველივე ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული შეზღუდვების დაწესება ბავშვისთვის, მისი დასჯა. ასეთ სიტუაციებში მოზარდი ყოველთვის ვერ ახერხებს შეცდომების აღიარებას და ქცევის უკეთესობისკენ შეცვლას. შეხედულებების განსხვავება ან საერთო ენის  პოვნის უუნარობა  შეიძლება ოჯახში ხანგრძლივი კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
  • ქცევის წესები და მათი დარღვევა – მოზარდების აზრით, ყველაზე ხშირად მშობლებთან კონფლიქტები ჩნდება ოჯახში დადგენილი წესების დარღვევის გამო – ტელევიზორის, კომპიუტერის, ტელეფონის ბოროტად გამოყენება, დღის რეჟიმის დარღვევა, დისციპლინის ნაკლებობა, ოჯახური მოვალეობების იგნორირება. ბავშვებს უყვართ მშობლების ნერვების გამოცდა სიმტკიცეზე, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ იმედით, რომ სხვა ადამიანების თანდასწრებით ნებადართულობის საზღვრები გაფართოვდება. თუმცა დედებისა და მამების უკმაყოფილებას ამძაფრებს გარშემომყოფი ადამიანების რეაქციები, რაც მშობელს უჩენს სირცხვილის გრძნობას შვილის საქციელის გამო. ყოველივე ამის შედეგად კი კონფლიქტი გარდაუვალია.
  • მშობლებისა და შვილების განსხვავებული მსოფლმხედველობა – ბავშვობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მშობლები მოზარდების მიერ აღიქმებიან, როგორც ყველაზე ჭკვიანები, საუკეთესოები, ყველაზე გამოცდილები. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები იწყებენ საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას გარემომცველ სამყაროზე: უჩნდებათ საკუთარი ინტერესები, ჩაცმის საკუთარი მანერა, საკუთარი მიზნები და პრიორიტეტები. ამასთან ერთად, ავტორიტეტული ხდება თანატოლების და არა მშობლების მოსაზრებები, რაც უფროსების სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს და კონფლიქტების გაჩენის ალბათობას ზრდის. მამებისა და შვილების პრობლემა ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. ამის გამო კონფლიქტების უმრავლესობა ჩნდება არა მხოლოდ მეამბოხე მოზარდებთან, არამედ მოზარდი თაობის ნებისმიერ წარმომადგენელთან. ბევრი მშობელი ცდილობს, თანამედროვე მოზარდი შეადაროს საკუთარ თავს იმავე ასაკში. ხშირად უფროსებს არ სურთ, მიიღონ ახალი ღირებულებები, გარემომცველი სამყაროს თავისებურებები და პროგრესი. შედეგად, მშობლები იწყებენ ავტორიტეტით ზეწოლას, მოზარდი კი ცდილობს, დაიცვას საკუთარი ინტერესები. ყოველივე აღნიშნული, დიდი ალბათობით, კონფლიქტამდე მიგვიყვანს.
  • უთანხმოება მშობლებს შორის – მშობლებს შორის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებთან კონფლიქტი მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში, კონფლიქტი გარდაუვალია, როდესაც მშობლები სხვადასხვანაირად უდგებიან ბავშვის აღზრდას, მაგ., დედა თვლის, რომ საჭიროა მოლაპარაკება ბავშვთან, მამა კი დარწმუნებულია, რომ დასჯა აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. მშობლების შეუთანხმებლად მოქმედება აბნევს ბავშვს, ის თავს დაუცველად და საკუთარ თავში დაურწმუნებლად გრძნობს. ამ გრძნობებმა შეიძლება აიძულოს ბავშვი, გამომწვევად მოიქცეს და ეჩხუბოს მშობლებს. გარდა ამისა, კონფლიქტები უფროსებს შორის, რომლებიც ემოციური ფორმით ვლინდება ბავშვის თანდასწრებით, უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე – ეუფლება შიშის გრძნობა, იკეტება საკუთარ თავში, ან ხდება აგრესიული, კონფლიქტური.
  • აღზრდის ავტორიტარული სტილი – ოჯახში, სადაც მოზარდი თაობის აზრი არ არის გათვალისწინებული, სადაც მშობლები ჰიპერკონტროლის საშუალებით უფლებას არ აძლევენ ბავშვს, იყოს ინიციატივიანი, შეიძლება გაჩნდეს დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს შორის. ავტორიტარი მშობლები, როგორც წესი, ბავშვის ნაცვლად წყვეტენ ყველა საკითხს, უზღუდავენ მას დამოუკიდებლობას. ასეთ ოჯახში მოზარდი ეჩვევა საკუთარი გრძნობებისა და ემოციების დათრგუნვას და ყველაფერში უფროსების მორჩილი ხდება. მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ბავშვს უძლიერდება ემოციური დაძაბულობა და რაღაც მომენტში ის აუცილებლად „აფეთქდება“ – დაიწყებს აგრესიის გამოვლენას, დაუმორჩილებლობას, ნებისმიერი მიზეზით ყვირილს, ისტერიკას. ასეთი მოქმედებებით მოზარდი შეეცდება, თავი დაიცვას ზედმეტად მკაცრი უფროსებისაგან.

რეკომენდაციები – როგორ დავძლიოთ კონფლიქტები მოზარდებთან:  

  • მიუხედავად იმისა, თუ რა იყო მოზარდთან კონფლიქტის მიზეზი, ყოველთვის უნდა ვეცადოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვით ნებისმიერი სასჯელის გამოყენებაზე – შეზღუდვები, მით უმეტეს ფიზიკური ძალადობა, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს თაობებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. უფროსების ასეთმა საქციელმა შეიძლება, პირიქით, ბავშვი კიდევ უფრო მტრულად განაწყოს.
  • შევეცადოთ, გავარკვიოთ ჩვენი გაღიზიანების და განაწყენების მიზეზი ემოციებზე დაყრდნობის გარეშე. მივცეთ საკუთარ თავს დრო, შევჩერდეთ, ავიღოთ პაუზა. პაუზა ძალიან სასარგებლოა კონფლიქტის დროს. ის იძლევა დაძაბულობის განელების შესაძლებლობას, რომ ცხელ გულზე რაიმე არასასიამოვნო არ ვუთხრათ მოზარდს. მივცეთ მასაც და საკუთარ თავსაც დამშვიდების შესაძლებლობა, რომ ყველაფერი გავიაზროთ საღი გონებით და ობიექტურად შევაფასოთ. პაუზის დროს შეგვიძლია მივიღოთ უფრო გონივრული გადაწყვეტილება და ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.
  • შევეცადოთ, გავიგოთ მოზარდის სამყარო, მისი მოტივაცია – იმოქმედოს ასე თუ ისე გარკვეულ სიტუაციაში, მისი მიზნები კონფლიქტის პროვოცირებისას.
  • ნუ შეგვეშინდება, გამოვხატოთ აზრები გულწრფელად, ვესაუბროთ ბავშვს ჩვენი აღშფოთების მიზეზებზე, დავინტერესდეთ, თუ როგორ გრძნობს ის თავს, რას განიცდის, რა აღელვებს, რა უხარია.
  • მივცეთ ბავშვს საშუალება, გამოთქვას თავისი აზრი, ყურადღებით მოვისმინოთ მისი პოზიცია მაშინაც კი, თუ ის არ ემთხვევა ჩვენს პოზიციას.
  • განვიხილოთ კონფლიქტი დეტალურად. ნუ შევეცდებით, დავარწმუნოთ ბავშვი ჩვენს სიმართლეში, შევეცადოთ, ერთობლივი ძალისხმევით აღმოვაჩინოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი მოვლენებს შორის.
  • შევთავაზოთ მოზარდს კონფლიქტიდან გამოსვლის საკუთარი ვარიანტები და შევადაროთ ისინი მის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს.
  • ვისწავლოთ დათმობა და ვასწავლოთ ბავშვს კომპრომისზე წასვლა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უთანხმოების დაძლევა მშვიდად, კონფლიქტის თითოეული მონაწილის აზრებისა და ქცევის მოტივების პატივისცემით. ერთობლივი მუშაობა მოზარდებთან შეცდომების გამოსასწორებლად დაგვეხმარება, უკეთესად გავუგოთ მათ და მათაც შეძლონ ჩვენი გაგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“