ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სამოტივაციო აქტივობები  დაწყებით კლასებში

მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის შენარჩუნება ზოგჯერ  რთულია. იმისათვის, რომ  სწავლა სახალისო და საინტერესო გახდეს, საჭიროა გაკვეთილის შემოქმედებითად დაგეგმვა, რაც გულისხმობს  პოზიტიური ფსიქოლოგიის გამოყენებას სტრესის ეფექტის შესამცირებლად.   სწორად დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას  უწყობს ხელს.

გთავაზობთ რამდენიმე   სამოტივაციო აქტივობის იდეას:

 

1)დააკისრეთ პასუხისმგებლობა

რაიმეზე პასუხისმგებლობის აღება წაახალისებს მოსწავლეებს. მაგალითად, თუკი კლასში გეყოლებათ სათამაშო დათუნია, ოთახის ყვავილები, გექნებათ თვალსაჩინოებად მორიგეობის განრიგი(ან ნებისმიერი სხვა რამ), ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას, გარკვეულწილად, ყველა მოსწავლე აიღებს. სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებს, აწარმოონ საერთო დღიური, სადაც ყოველდღე ჩაწერენ, თუ როგორ იზრუნეს კლასის „თილისმაზე“. ეს სამოტივაციო აქტივობა ხელს შეუწყობს სკოლასა და გართობას შორის დადებით კავშირებს.

 

2)მოიფიქრონ  ჯილდო

სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებს, მოიფიქრონ  ჯილდოები, რომლებსაც მიიღებდნენ მიზნის მიღწევის შემთხვევაში. მაგალითად, შეიძლება კლასმა დაგეგმოს კლასგარეშე თუ სასწავლო ღონისძიება, ან პროექტი, აირჩიონ თემა,  იმუშაონ არჩეული საკითხის ირგვლივ  წყვილებში, ასევე გუნდურად და თავად დაამზადონ  საჭირო ინსტრუმენტები.

 

3) დაამზადონ ჯილდოები

სასწავლო პროცესში ჩატარებული ნებისმიერი  კონკურსის შემდეგ ჯილდოვდება გამარჯვებული გუნდი. კონკურსი ხდება უფრო საინტერესო და სახალისო,როცა ჯილდოს თავად ამზადებენ.

მაგალითად, თასები შესანიშნავი საჩუქარია შეჯიბრებაში გამარჯვებულისთვის, მოტივაციის ასამაღლებლად. რა დაგჭირდებათ? პლასტმასის თეფშები, თასები და ჭიქები; ცხელი წებოს იარაღი და წებოს ჩხირები; შესასხურებელი საღებავი;  მუყაო; თეთრი ფურცლები;

 

4)საკლასო ოთახში მერხების გადაწყობა

გაკვეთილის პროცესში სიურპრიზები მოსწავლისთვის დაუვიწყარია. მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესის თანმიმდევრულობის დაცვა აუცილებელია,  ზოგჯერ მასწავლებელს უწევს მისი შეცვლა. ეს კლასის გამხიარულებასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

 

ა)შეცვალეთ მერხების წყობა, მოსწავლეები ისხდნენ პერიმეტრის გასწვრივ, რათა შეგვექმნა ატმოსფერო, სადაც ყველა დავინახავდით ერთმანეთს თანაბარ სიბრტყეზე და  საუბარს. როდესაც მაგიდა მოსწავლის წინაა, ის გრძნობს, რომ კონტროლდება. კლასში საუბრისას არ უნდა იყოს ერთი ლიდერი (მასწავლებელი ან მოსწავლე). ყველას უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის თანაბარი უფლება, თანაბარ პირობებში.

 

 

ბ)შეცვალეთ დეკორაციები ოთახში.

გამოაკარით კლასში  მოსწავლეების ნამუშევრები და ტექსტით მდიდარი პლაკატები. ოთახში  ყოველთვის იყოს რაღაც ახალი  და შესამჩნევი.

 

გ)ჩართეთ მოსწავლეები პროცესში.

საკლასო სივრცის შეცვლისას  დროდადრო ჰკითხეთ ბავშვებს, რა სურთ მათ. როგორ  უნდა ისხდნენ? შეუძლიათ იატაკზეც დასხდნენ, თუ მათ ასე სურთ, რატომაც არა? სთხოვეთ, შექმნან პლაკატები, რომელსაც კედლებზე დაკიდებენ.

 

დ) გამოიყვანე ბავშვი კლასიდან გარე სივრცეში.

მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახი არის სწავლების მთავარი სივრცე,  სწავლა შეიძლება გარე სივრცეში გასეირნებითა და რეგულარული ექსკურსიებით. საკლასო ოთახის მიღმა სწავლება საინტერესოა ბავშვებისთვის და ასე ნასწავლ თემებს ისინი  მარტივად ვერ ივიწყებენ.

 

5)გაზიარებული სკამი

თქვენი მაგიდის გვერდით დადგით ზედმეტი სკამი. აუხსენით თქვენს მოსწავლეებს, რომ  შეუძლიათ დასხდნენ თქვენ გვერდით, სკამზე. ნებისმიერ დროს  მათ ექნებათ საშუალება: განიხილონ მათთვის გაურკვეველი, გაუგებარი თემები, დასვან შეკითხვები საშინაო დავალებებთან დაკავშირებით, ან ისაუბრონ სასწავლო მიზნებისა და გამოწვევების შესახებ.

 

6)თავისუფალი არჩევანი

სასიამოვნოა, როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლების შეგრძნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  რაც უფრო მეტად გრძნობენ ბავშვები, რომ შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა, მით უფრო თავდაჯერებულები და მოტივირებულები არიან.

 

7 )“ხმამაღალი ფიქრის“ გზა

მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ, რომ ყველაფერი, რასაც სწავლობენ,  მათი მიზნის შესაბამისია.  წინ წამოვწიოთ შესასწავლი საგნისა თუ მასალის მნიშვნელობა. მასწავლებელი შესასწავლ მასალას აღწერს მკაფიოდ „ხმამაღალი ფიქრის“ გზით. მრავალფეროვანი ვიზუალური, აუდიალური,  კინესთეტური ტექნიკების გამოყენებით პროცესის დემონსტრირებას ახდენს. მაგალითებისა და ნიმუშების საშუალებით მოსწავლეს აჩვენებს, თუ რა მოლოდინები აქვს მის მიმართ და გარკვეული პერიოდულობით ჩერდება კითხვების დასმისთვის ან იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად გაიგო მოსწავლემ საკითხი.

აღნიშნული სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლე-მასწავლებელს შორის ეფექტური ინტერაქციის ჩამოყალიბებას.

 

8)შევუქმნათ მოტივაცია დემოტივირებულ  მოსწავლეებს.

MAP მეთოდი ყველაზე ეფექტურია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.

დავალებების მცირე ნაწილებად და ეტაპებად დაყოფა. მათი შეთავაზება ხდება ეტაპობრივად, რაც მოსწავლის ზედმეტად გადატვირთვის პრევენციას ახდენს, ამცირებს იმედგაცრუებას და ხელს უწყობს სწავლის პროცესს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსწავლე წარმატებით გადალახავს კონკრეტულ ეტაპს, გადავდივართ შემდეგზე. ეს არის თანდათანობითი და ეტაპობრივი სწავლის მიდგომა.

9) ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების სწავლების პროცესში რეკომენდებულია უფრო ფიზიკური, კეთებით სწავლის მიდგომის გამოყენება.

მოსწავლეთა უმეტესობა კინესთეტური სწავლის სტილის მქონეა, რაც ნიშნავს იმას,რომ ისინი უკეთ სწავლობენ ფიზიკური გამოცდილებითა და კეთებით. ასეთი გზით ნასწავლ გაკვეთილს იმახსოვრებენ ხანგრძლივად და ხდება მიღებული ცოდნის ყოველდღიურ აქტივობებთან დაკავშირება.

 

10))თანამშრომლობითი სწავლება

მოსწავლეებს სჭირდებათ წარმატებები, რათა თავდაჯერებულობა და  საკუთარი თავის მიმართ ნდობა  შეიძინონ. იმისათვის, რომ მოტივაცია ამაღლდეს, საჭიროა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ნდობასა და თანაგრძნობაზე დამყარებული ურთიერთობა.   საჭიროა, დავინახოთ მოსწავლის  ძლიერი მხარე და აღიქვათ იგი საუკეთესოდ.  მივცეთ სტიმული, რადგან ეს არის ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. მოვამზადოთ და შევაგუოთ ბავშვები წარმატებას. ვაგრძნობინოთ, რომ მათი ინტელექტი უსაზღვროა. წავახალისოთ ჯილდოებით, სტიკერებით, მყარი არგუმენტით დავუსაბუთოთ და დავაჯეროთ წარმატებაში.

 

11) გამოცდილების გაზიარებით  სწავლების სტრატეგია

შესაძლებელია სხვადასხვა უნარის მქონე მოსწავლეების დაწყვილება  ერთმანეთთან ეფექტიანი უკუკავშირისთვის. ერთად მუშაობა კონკრეტული  პრობლემის გადაჭრისთვის,  ხმამაღლა წაკითხვა, კითხვების დასმა, ერთობლივად წერითი სამუშაოს შესრულება. ასევე, პარტნიორმა შესაძლებელია წაუკითხოს დავალების პირობა კითხვის სირთულის მქონე მოსწავლეს, ხოლო შემდგომ ერთად იმუშაონ დავალებაზე.

ამ მეთოდებს ხშირად ვიყენებ სწავლის პროცესში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ხალისით ჩართვას სასწავლო პროცესში, მიზნის მიღწევასა და  ხარისხიანი ცოდნის შეძენას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. “სწავლა სწავლის მეთოდები“- სწავლის მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში.
  2. სწავლების სტრატეგიები-ვებ -გვერდი Teaching Expertise
  3. წყარო: Motivation Activity Ideas for Students
  4. MAKE YOUR OWN QUICK AND EASY DIY DISCO BALL FOR NEW YEAR’S EVE.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი