შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ცივი რეცხვა

თუ ვინმე მეტყვის, როგორია იმ ავი წლების მთავარი ქალის სახე, მე ვუპასუხებ, რომ ასეთი ქალი არის ვენერა. ოღონდ ვენერა არა ყოველთვის, არამედ მაშინ, როცა რეცხავდა. ეს სრულიად სხვა სცენაა, ახალი დროისთვის ძნელად გასაგები, რადგან უნდა მოხვდე სოფელ ნატანებში, ვთქვათ 1995 წლის 14 ნოემბერს, ნაშუადღევს. ასე საათის ხუთზე.

რეცხვა ცივი წყლით. ჯერ იმ მოყავისფრო საპნით, აგურს რომ ჰგავდა და მერე ლილა – თეთრეულს რომ ლურჯ კაპილარებს ატყობდა. გალილავება. რეცხვა ხის მომაგიდო ფიცრულზე მდგარ გობში. რაღაც სრულიად უცნაური, სევდიანი, ჯიუტი ვნებით. ქალი გახუნებული, სადღაც ნაცრისფერისკენ გაპარული შავებით, პერანგის მკლავებაკაპიწებული, ძალიან გამხდარი, ვენამუქი ხელებით, უთავშლოდ, შარშანწინ შენაღები თმით, მოკლედ და უსწორმასწოროდ შეჭრილით. შესაბამისად – ქროდა ქარი და თმები არ უფრიალებდა. და კიდევ უფრო შესაბამისად – ეს მძაფრი სცენა ფილმისა არ იყო. არც მოთხრობის. არც ლექსის. ეს სცენა ყოფის იყო, იქ სანახავი და განსაცდელი. რეცხავდა ქალი – წინ ქუჩით, ქუჩაზე სამი მეზობლის ბავშვით, დაფუშულ ბურთს რომ ვაგორებდით და უკან – დაუმთავრებელი სახლით. ასეთი სახლები ბევრი იდგა გურიის სოფლებში მაშინ – კომუნისტების დროს დაწყებული და ვერდამთავრებული, ბეტონშიშველი და დიდი. რეცხავდა და მერე წურავდა.

წურავდა მთელი ძალით, თითქოს რკინას ღუნავს და არმატურას წნავსო ამ დაუჯერებელი ღონით და ცივი ტანსაცმლის გაწურვა ნაკლები საქმე არავის ეგონოს. და მერე გაფენა ქარში. შპიკლები – ზოგი ლითონის, ზოგის პლასტმასის, ზოგიც ხის. ცალყურა და გაბზარული. ეგ გაფენა კიდევ ცალკე სცენაა. ცალკე მოყოლა.

,, – რაფერ ხარ გიორგი? რა ხდება ოზურგეთში? დედაშენი რაფერაა? როის იწყება სწავლა? როის მიდიხარ?“.

აინტერესებდა? თქვენ იტყვით, რომ – არა, რა თქმა უნდა. მე ვიტყვი, რომ – კი. რადგან ვენერას აინტერესებდა ფიქრის ყველა გაქცევის შანსი იმ გაყინულწყლიანი გობიდან, გაუთავებელი და საშინელი რუტინის მიღმა.

და თუ კვლავ ვენერას ხელებს გავიხსენებთ, დავიჯერებთ, რომ ამ ქალებმა ზიდეს ის წლები, რადგან იმხელა სიმძიმეს სხვა ხელი ვერ გაუძლებდა.

ზამთრობით, როცა გარდაუვალი იყო წყლის გაცხელება, სარეცხს დიდ ვედროებში ხარშავდნენ. ვედროები ფეჩზე გაჯგიმული იდგნენ (სათლები ღუმელზე – ეგებ ასე უფრო მოგწონთ. მე დიდად არა) და მორიგეობით სტვენდნენ. შიგნით მილეულ და მერე დატეხილი საპნებს ყრიდნენ და ეგ იყო ფხვნილის მაგიერი და მერე გაკრახმალება. გაკრახმალებული თეთრეული ოდნავ გჩხვლეტდა, მაგრამ სისუფთავის სუნი იყო მაგ ნაჩხვლეტის მალამო. ხოლო სარეცხი ირეცხებოდა ფერების მიხედვით – ჯერ თეთრი და მერე დანარჩენი. სარეცხი მანქანა, სახელად ОКА, იდგა უდენო და მძინარე და ჰქონდა გადამრთველი-დროის ამთვლელი და ვთამაშობდი ხოლმე, გადავწევდი და – ტკ-ტკ-ტკ – ტიტინებდა მძინარე მანქანა. მე ეგ მომუშავე ნაღდად არ მახსოვს, უფრო ძველი ტანსაცმლის შესანახად ვიყენებდით. რაც შეეხება საპონს – ტუნგო, მცენარე ნატანებური, საამისოდ ძალიანაც გამოდგა – ხარშავდნენ, ამაგრებდნენ და ჭრიდნენ. კარგად არ ქაფდებოდა, მაგრამ რა იყო მაშინ კარგად? მთავარია, რომ იყო. ყოფნა არის უმთავრესი ნიშანი იმ დროის. სხვა დანარჩენი – ბონუსია. ან შეიძლება ყოველთვის ასეა და უბრალოდ ზოგჯერ უფრო შესამჩნევი. არავინ იცის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი