ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

კითხვის დასმა ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად

აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად საუბრის დასაწყისში  წარსადგენი წიგნის შესახებ კითხვის დასმა ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა. ამასთანავე, შეკითხვის მოფიქრება სააზროვნო უნარებს ავითარებს და მოსაუბრესაც წიგნზე სასაუბროდ განაწყობს. ამ მეთოდის შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ ჩემმა მოსწავლემ დამაფიქრა, როდესაც ლიტერატურულ კაფეში საპრეზენტაციო სკამიდან იქ მყოფებს შემოგვხედა და ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის შესახებ კითხვა დაგვისვა. იმდენად მოულოდნელი და განსხვავებული იყო პრეზენტაციის ამგვარი დასაწყისი, რომ ყველა შთაბეჭდილების ქვეშ მოგვაქცია.

შეკითხვის დასმა აუდიტორიისთვის ამ ბოლო ხანს აქტიურად დავნერგე სწავლებისას.  გამოცდილებაზე დაკვირვებით, ეს მეთოდი:

  • გვეხმარება მრავალრიცხოვანი კლასის მართვაში, რადგან ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს;
  • ნათლად წარმოაჩენს თითოეული ბავშვის აზროვნების პროცესს;
  • ცნობისმოყვარეობას აღძრავს;
  • შეკითხვის მომზადება მოსაუბრეს აიძულებს, წინასწარ იფიქროს წიგნის მთავარი გზავნილის შესახებ, შეარჩიოს კონკრეტული თემა, მიიღოს გადაწყვეტილება, შეადგინოს კითხვითი წინადადება.

შეკითხვის მოფიქრების სწავლებისთვის მოსწავლეებს ხშირად ვთავაზობ სხვადასხვა მეთოდს, მაგალითად: ხუთი კითხვა (რა?/ვინ? სად? როდის? რას შვრება? რატომ?), პირადი წერილის ქარგაში ბოლოს ვთხოვ ერთი კითხვის დასმას ადრესატისთვის, გაკვეთილს ვიწყებ შეკითხვით. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობენ შეკითხვის ფორმულირებას.

სტატიაში გთავაზობთ მეხუთე კლასთან გამართული ლიტერატურული კაფესთვის მოფიქრებული შეკითხვების ანალიზს.

ამჯერად წარსადგენ წიგნად შევარჩიე ტუვე იანსონის „კომეტა მუმინების ხეობაში“, რომლის წაკითხვისკენ ჩემმა 10 წლის ბიჭმა მიბიძგა. მან მიამბო, რომ სწორედ ამ წიგნში ჩნდებიან პირველად ჰემულები და სნორკები. შემდეგ საყვარელი ეპიზოდიც გამიზიარა, მუმინტროლი და მისი მეგობრები ოჩოფეხებით გადაივლიან უდაბნოს და ვიცი, შენც მოგეწონებაო. ბავშვის თვალით აღქმული „კომეტა მუმინების ქვეყანაში“ ჩემი ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად საკმარისი აღმოჩნდა და აგვისტოს ბოლო დღეები დაუვიწყარი გახადა.

კითხვისას ვფიქრობდი, რომ ამ წიგნს ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად გავაცნობდი. ტუვე იანსონის სიკეთითა და თავგადასავლებით სავსე წიგნებში მრავალი თემის გამორჩევა შეიძლება, თუმცა, წიგნში  „კომეტა მუმინების ხეობაში“ ასახულია შეყვარების ფაქიზი ეტაპი და საბავშვო ლიტერატურაში ამ თემის დიდი გულწრფელობითა  და მოვლენათა საინტერესო განვითარებით შემოტანამ აღმაფრთოვანა.

„კომეტა მუმინების ხეობაში“ მამა ხიდს აგებს. დედა ჩვეულად ფუსფუსებს. სნიფი გამოქვაბულს პოულობს, მუმინტროლი ზღვაში მარგალიტებს ეძებს. მუმინების ხეობაში სიმშვიდეს ონდატრას წინასწარმეტყველება არღვევს. ის ამბობს, რომ მალე კომეტა ჩამოვარდება. აფორიაქებული ბავშვების (მუმინტროლისა და სნიფის)  ყურადღების   გადასატანად მამა გადაწყვეტს, რომ სამოგზაუროდ უნდა წავიდნენ და ობსერვატორია მოინახულონ. დედა მუმინი მყისვე მხარს უბამს მამას და სამგზავრო ზურგჩანთებს თბილი ტანსაცმლითა და საჭირო ნივთებით ავსებს. ასე იწყება სნიფისა და მუმინტროლის ხიფათებით სავსე თავგადასავალი. გზად სნუსმუმრიკს გადაეყრებიან და მასაც თან გაიყოლიებენ. სნუსმუმრიკი ამბებს ჰყვება და ტუჩის გარმონზე უკრავს. ერთხელაც საუბრისას ახსენებს, რომ სნორკები გაიცნო და ისინი ძალიან ჰგვანან მუმინებს. ფრეკენ სნორკის შესახებ რაც უფრო მეტს ჰყვება, მუმინტროლს მით უფრო უმძაფრდება ინტერესი. სნუსმუმრიკი ამბობს, რომ ფრეკენ სნორკი ნაზი ბეწვით არის დაფარული, ფერს იცვლის, ძალიან უხდება შუბლზე ჩამოყრილი კულულები და რომ ფეხზე შებმული ოქროს რგოლის დაკარგვის გამო ძალიან ნაღვლობსო.

„- ეს გოგოები დიდი სასაცილო ვინმეები არიან! – ჩაილაპარაკა მუმინტროლმა, საძილე ტომარაში შეძვრა და ცხვირი კარვის კალთისკენ მიაბრუნა.

იმ ღამეს მუმინტროლს პატარა ფრეკენ სნორკი დაესიზმრა. გასაოცარია, როგორ ჰგავდა ფრეკენი თავად მუმინტროლს. და, რაც მთავარია, მუმინმა მას ვარდი აჩუქა თმაში ჩასაბნევად“. 1

გოგო შუბლზე ჩამოყრილი თმით მუმინტროლს უნახავად მოხიბლავს და აღფრთოვანების ამბავი ულამაზესი სიზმრით გრძელდება.

ამის შემდეგ მუმინტროლისთვის მოახლოებული კომეტისადმი შიში ძალას კარგავს და მოგზაურობა ფრეკენ სნორკის პოვნის, გაცნობისა და მოხიბვლის იმედით იმუხტება.

ტუვე იანსონი ახერხებს ისე განავითაროს მოვლენები, რომ ფოკუსი პერსონაჟთა ქცევაზე გაასწოროს და არსად ახსენებს სიყვარულს. თუმცა მუმინტროლისა და ფრეკენ სნორკის გაცნობის, ერთმანეთის აღმოჩენისა და მოხიბვლის ამბავი ერთ-ერთი საუკეთესო მონათხრობია, რაც შეყვარების  შესახებ წამიკითხავს. ურთიერთობების ასე ფაქიზად მიწოდება ბავშვებისთვის მართლაც საინტერესო და საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, კითხვაც ამ თემის ირგვლივ მომეფიქრებინა.

-შეყვარებული თუ ყოფილხართ ოდესმე და რა სისულელე ჩაგიდენიათ სიყვარულის გამო? – ვკითხე  მეხუთე და მეშვიდეკლასელ ბიჭებს. ჩემმა კითხვამ რამდენიმე წამში მოიარა საკლასო ოთახში მყოფების გულები. ვუამბე, რომ ამ წიგნმა დამაფიქრა შეყვარების ამაღელვებელ მომენტზე და რომ შეყვარებული მუმინტროლის შესახებ მისი მეგობარი სნიფი ამბობს, რაც ის (ფრეკენ სნორკი) გაიცნო, მას შემდეგ სულელივით იქცევაო. მუმინტროლი ყურადღებას არ აქცევს მეგობრის შენიშვნებს და გამყიდველ ქალთან ერთად მთელი მონდომებით ეძებს საჩუქარს ფრეკენ სნორკისთვის. იპოვის კიდეც – სარკეს, რომელსაც ლალის თვლებით გაწყობილი ვარდი ამშვენებს. შემდეგ ამ სარკით ფრეკენ სნორკი საშიში რვაფეხას თავდასხმისგან იხსნის მუმინტროლს.

მუმინტროლი და ფრეკენ სნორკი ერთმანეთის დადებით თვისებებს ამჩნევენ, აღიარებენ და აფასებენ, საუბრობენ, ერთობიან, ცეკვავენ, საჩუქრებს დიდი გულმოდგინებით არჩევენ, გამუდმებით ზრუნავენ ერთმანეთზე. ვფიქრობ, მოზარდების დაფიქრება პატივისცემასა და ზრუნვაზე აგებული ურთიერთობების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.

ლიტერატურულ კაფეს 25 მოსწავლე ესწრებოდა. დროის დაზოგვის მიზნით წიგნის წარდგენის ფორმა ამგვარი იყო: საუბარი უნდა დაეწყოთ შეკითხვის დასმით და შემდეგ ერთი წუთის განმავლობაში უნდა ესაუბრათ, თუ რაზე დააფიქრათ მათ მიერ შერჩეული წიგნის წაკითხვამ.

ბავშვების შეკითხვები ამგვარი იყო:

  1. ოდესმე დირექტორის კაბინეტში თუ მოხვედრილხართ?
  2. ოდესმე თუ გნდომებიათ დეტექტივობა?
  3. რას გააკეთებდით თქვენ რომ მაწანწალა ყოფილიყავით და რა თავგადასავალი გადაგხდებოდათ, თქვენი აზრით?
  4. როდისმე გქონიათ სურვილი, ყოფილიყავით პოლიციელი და გყოლოდათ ძაღლი?
  5. რატომ უნდა დააზიანო ერთი რაღაც, რომელიც უსულოა და რატომ უნდა მოგწონდეს ის, რაც უსულო არ არის?
  6. მოგეწონებოდათ თუ არა მარტო სახლში ცხოვრება?
  7. გქონიათ ისეთი უცნაური თავგადასავალი, რომელზეც მერე თქვენ თვითონ დაფიქრებულხართ და ამოგიკითხავთ საკუთარი თავი?
  8. თქვენი აზრით, ვინ მოიგებდა ომს – კბილებიანი ტუალეტები თუ კაპიტანი ტრიკო?
  9. როგორ ექცევით თქვენს და-ძმებს?
  10. ოდესმე გნდომებიათ, რომ ყოფილიყავით ჯადოქარი?
  11. გიყვართ სკოლა?
  12. ოდესმე თუ გნდომებიათ, ვისაც კაპიტანი ტრიკო წაკითხული გაქვთ, მისნაირი ცხოვრება რომ გქონოდეთ?
  13. რატომ არის დიდი დათვი ამ წიგნში?
  14. როგორი წიგნების კითხვა მოგწონთ ყველაზე მეტად?
  15. თქვენი აზრით, რაზე უნდა იყოს ეს წიგნი – პირამიდებზე თუ კიდევ სხვა რამეზე?
  16. ოდესმე გნდომებიათ სხვა სკოლაში გადასულიყავით?
  17. ბაიას ადგილას რომ ყოფილიყავით და ვიღაც ბიჭმა გიხსნათ, რას გააკეთებდით?
  18. თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა, რას იზამდით თქვენი ნაცნობი ან ოჯახის წევრი რომ დაკარგულიყო?
  19. თქვენს მამაზე დაწერდით თუ არა ლექსს?
  20. სალამურა რომ ყოფილიყავით, რას იზამდით?
  21. როდისმე შველი გყოლიათ?
  22. რა არის სისხლჩაქცევა?
  23. თქვენ ფარნავაზის ადგილას რას გაააკეთებდით თქვენი მამის და ბიძის მკვლელთან ერთად?
  24. როდისმე ყოფილა ისე, რომ ჩაგძინებიათ და ვინმე მოგჩვენებიათ სიზმარში?
  25. რას იზამდით, თუ მიტოვებულ შენობას დაინახავდით?

 

ყველამ შეძლო შეკითხვის მოფიქრება. ამასთანავე, იგრძნობა მათი სილაღე, თავისუფლება, გაბედულება, რაც მასწავლებლებისთვის დიდი ბედნიერებაა  მაშინ, როცა თითოეული მოსწავლის ძალების თანაბრად წარმოჩენა ჩვენი უმთავრესი მიზანია. შეკითხვის დასმის სწავლებაც მათი თავისუფლების გამოსაწრთობად ერთ-ერთი საინტერესო და ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. იანსონი, ტუვე. 2023. კომეტა მუმინების ხეობაში. თარგ. დავით გაბუნია. რედ. ლოლა ქადაგიშვილი, თამარ გავაშელიშვილი. თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“