შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მწერალი პოლიციიდან

2023 წლის მიწურულს დიდი საქმე გაკეთდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მიერ დაფუძნებული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ ეგიდით შექმნილი ნაწარმოებები ერთ წიგნად შეიკრა და გამოიცა. ავტორთა შორის თანამედროვე ქართული ლიტერატურის თითქმის ყველა გამორჩეულ ფიგურას აღმოაჩენთ. პუბლიკაციის სარჩევში ალექსანდრე ლორთქიფანიძის, დიანა ანფიმიადის, ირმა ტაველიძის, ცოტნე ცხვედიანისა და ლუკა ბაქანიძის გვერდით ერთ ნაკლებად ცნობილ გვარს გადააწყდებით. ალბათ, ბევრს არაფერი გსმენიათ სოფო გოგალაძის შესახებ. ის პროფესიონალი მწერალი არ გახლავთ, მაგრამ მაინც წერს და თავისი კალმის წყალობით ერთ პატარა დასახლებაში მდებარე ჩვეულებრივი სკოლის არაჩვეულებრივ ისტორიებს სამუდამოდ ინახავს თითოეული ჩვენგანისათვის.

„დილა მშვიდობის, მეგობრებო, ანუ Guten Morgen Freunde” სურამის ერთ-ერთი სასწავლებლის გამოცდილებას აღწერს, რომელიც სკოლამ სუსხიან 90-იან წლებში გამოიარა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უჭირდათ, სციოდათ, შიოდათ, წესით და რიგით ყველაფრის ხალისი უნდა ჰქონოდათ დაკარგული, მაგრამ მაინც მყარად იდგენენ ფეხზე და ხალისით მიუყვებოდნენ სკოლისკენ მიმავალ გზას. ათობით ადამიანი იმედსა და მხნეობას ერთი ქალის – თამრიკო მასწავლებლის დამსახურებით ინარჩუნებდა. ავტორი თამრიკო მასწავლებელს ყველა იმ თვისებას მიაწერს, რომელიც დღემდე აუცილებელია ყველა დირექტორისა თუ პედაგოგისთვის: „იცოდა რამდენიმე ენა, იყო დიდი დიპლომატი და იცოდა ადამიანების (მასწავლებლების) შექება, მაშინ, როცა თავად ის პიროვნება ამას არ ელოდა, იყო დიდი მოტივატორი და ესმოდა ყველა ბავშვის, ცელქის, ჭკვიანის, „შატალოს“ მომწყობების, აი, იმ ბიჭების ტუალეტში ჩუმად სიგარეტს რომ ეწევიან, აი, იმ მშობლების პრეტენზიები რომ აქვთ, აი, იმ მასწავლებლების ზოგჯერ სულ უკმაყოფილებით რომ გამოირჩევიან, ცის ესმოდა, მიწის ესმოდა…“.

დასახელებული თვისებების გარდა, თამრიკო მასწავლებელს მშვენიერებისკენ სწრაფვაც გამოარჩევდა. მოთხრობაში ავტორი დაწვრილებით აღწერს მის სამუშაო ოთახს. 90-იანი წლების საყოველთაო სიბნელესა და უსუფთაობაში, ალბათ, განსაკუთრებით რთული იქნებოდა მწვანე ხავერდით გამშვენებული და ჭრელი ფარდებით გახალისებული კაბინეტის მოწყობა. ამგვარი სივრცეზე დაკვირვებით, ალბათ, მოსწავლეებს კვლავ უბრუნდებოდათ განცდა იმისა, რომ რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს სიტუაცია, სილამაზის შექმნა მაინც შესაძლებელია. ძველი ნივთები, ძველი ნაჭრებიც შეიძლება გამოდგეს იმისთვის, რომ საყოველთაო სიმახინჯეს, ილაჯგამოცლილობისგან გამოწვეულ უწესრიგობასა და ქაოსს დააღწიო თავი.

სოფო გოგალაძე შესანიშნავად აღწერს ერთ უცნაურ გრძნობას, რომელიც ხშირად თავადაც დამუფლებია. არის შემთხვევები, როდესაც მგონია, რომ ადამიანის მიმართ სათანადოდ ვერ გამოვხატავ პატივისცემასა და მადლიერებას. ვფიქრობ, ხანდახან სიტყვა, ყურადღება არ არის საკმარისი შენი დამოკიდებულების მკაფიოდ გამოსაკვეთად. ასეთ დროს ადამიანი იბნევა ხოლმე და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. იმავე დღეშია მოთხრობის ლირიკული გმირიც და არის შემთხვევები, როდესაც მადლიერების ნიშნად უცნაური წინადადებით მიმართავს თავის მასწავლებელს. მაგალითად, სთავაზობს, რომ ქარისგან აწეწილი თმის გასწორებაში დაეხმაროს მას.

ახალგაზრდა ქალის მიერ დაწერილ ტექსტს სევდის განსაკუთრებული განცდა გამოარჩევს. სევდიანი განწყობის შექმნას მრავალი გარემოება უწყობს ხელს: ავტორის მშობლიური სკოლა დაიწვა; ცეცხლმა კედლებთან ერთან მოგონებების დიდი ნაწილი გაანადგურა; გაქრა გარემო, სადაც ძველი, ყველაზე ძვირფასი და ძლევამოსილი მოგონებების წამის მეათასედით გაცოცხლება მაინც შეიძლებოდა; მეგობრები დიდ ქალაქში დაიფანტნენ, ხშირად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს… პატარა მოთხრობის ბოლოს მკითხველს ერთბაშად შეიპყრობს სასოწარკვეთილების განცდა, ამ შემთხვევაშიც მხსნელად გვევლინება ავტორის მიერ ზეციდან გამოგზავნილ ანგელოზად მიჩნეული თამრიკო მასწავლებელი.

სკოლა დაიწვა, მოსწავლეებმა საშუალო ასაკს მიაღწიეს, ყველას აუტანელი რუტინისკენ ექაჩება ოჯახი და სამსახური, მაგრამ სურამში, ერთი ჯადოსნური აღმართის ბოლოს კვლავ მყარად დგას თამრიკო მასწავლებლის სახლი. ეს სახლი ახერხებს ყველა ქარიშხლისთვის წინააღმდეგობის გაწევას და კვლავ ერთ გუნდად კრავს ათობით ზრდასრულ ადამიანს, მხოლოდ ამ სახლს შეუძლია ორმოცი წლის გოგო-ბიჭების ღრმა ბავშვობაში დაბრუნება. თამრიკო მასწავლებელსა და მის ოთახებს შესწევთ ძალა, რომ ნაცრისფერ ეპოქაში ერთი პატარა შემადგენლობისთვის კვლავ აღასრულონ სასწაულები.

მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა მიღრღნის გულს – რა იქნება შემდეგ, როდესაც თამრიკო მასწავლებელი აღარ იქნება? ვინღა აღასრულებს საოცრებას? სამწუხაროდ, ავტორი ამ კითხვას ღიად ტოვებს და ურთულესი ამოცანის გადაწყვეტას მკითხველს მიანდობს.

მახსოვს, როგორი გაოცებული ვიყავი, როდესაც ავტორის საქმიანობის  შესახებ შევიტყვე. სოფო პოლიციაში მუშაობს. ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო? ჩვენს გვერდით ყოფილან პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ბრწყინვალედ შეუძლიათ ადამიანის იდეალური ტიპის ამოცნობა, ასეთი პიროვნების მიმართ პატივისცემის სათანადოდ გამოხატვა, იციან აუტანელი სევდის ფასი და, ასაკის მატების მიუხედავად, კვლავ სწამთ სასწაულების. ალბათ, უპრიანი იქნება, თუ ასეთი შემთხვევის დროს სრულიად სერიოზულად გავიმეორებთ „ცისფერი მთების“ პროტაგონისტის სიტყვებს: „გადავრჩენილვართ, მეგობრებო!“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი