ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სპინერის გამოყენება სასწავლო პროცესში

რა რეაქცია გექნებოდათ, თუ მასწავლებელი თქვენს საყვარელ სათამაშოს სასწავლო რესურსად აქცევდა? ალბათ ინტერესი გაგიჩნდებოდათ, რაც ბუნებრივია.

დაწყებით კლასებში თამაშით სწავლებას დიდი ადგილი უჭირავს. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ სწავლების პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო გავხადო. ერთ დღესაც ჩემი მეგობრის რჩევით სპინერი სასწავლო რესურსად გამოვიყენე. სათამაშოს რესურსად გარდაქმნა ძალიან მარტივია. ცხელი წებოს დახმარებით მასზე დავამაგრე მაგნიტი, დაფაზე მისამაგრებლად. დავაწებე მსუბუქი ისარი. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას სპინერის გამოყენებით, რომელიც სხვადასხვა გაკვეთილზე შეგიძლიათ დაგეგმოთ.

მათემატიკის გაკვეთილი

აქტივობა N 1

თემა რიცხვის შედგენილობა.

 

დაფაზე დაამაგრეთ სპინერი, გარშემო კი მაგნიტური ციფრები. მოსწავლე გამოდის დაფასთან. ატრიალებს სპინერს და რომელ ციფრზეც გაჩერდება, მისი საშუალებით რიცხვის შედგენილობას ახორციელებს. ეს პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისოა მოსწავლეებისათვის.

აქტივობა N 2

მოსწავლე ასახელებს იმ ციფრს, რომელთანაც ისარი გაჩერდება. ეს აქტივობა ხელს უწყობს ციფრის დამახსოვრებასა და სწავლას.

აქტივობა N 3

დაალაგეთ სპინერის გარშემო მათემატიკური მაგალითები. სთხოვეთ მოსწავლეს, გამოთვალოს ის, რომელზეც ისარი გაჩერდება. მოსწავლე ვარჯიშობს ზეპირ ანგარიშზე.

ქართულის გაკვეთილი

აქტივობა N 1

სპინერის გარშემო დააწყვეთ ასო-ბგერები. სთხოვეთ მოსწავლეს, დაასახელოს სიტყვა იმ ასო-ბგერაზე, რომელთანაც ისარი გაჩერდება. ამით მოსწავლე იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.

 2

აქტივობა N2

სიტყვები დაყავით მარცვლებად. ერთი ნაწილი განათავსეთ სპინერის გარშემო, ხოლო დარჩენილი დაფის მეორე მხარეს. სთხოვეთ მოსწავლეს სიტყვის შედგენა იმ მარცვლის გამოყენებით, რომელზეც ისარი მიუთითებს. ამ აქტივობის მიზანია მოსწავლის ფონოლოგიური უნარების განვითარება.

აქტივობა N 3

დაწერეთ შეკითხვები შესწავლილი ნაწარმოებებიდან. ჩადეთ ის ფერად კონვერტში, რომელსაც განათავსებთ სპინერის გარშემო. სთხოვეთ მოსწავლეებს, უპასუხონ იმ შეკითხვას, რომელთანაც ისარი გაჩერდება. ეს აქტივობა მოსწავლეს ტექსტის სიღრმისეულად გააზრებაში დაეხმარება.

სპინერი შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ საგანსა და კლასში, როგორც სასწავლო რესურსი. ის ბავშვების საყვარელი გასართობი სათამაშოა და ადვილად შეიძლება ვაქციოთ სასწავლო რესურსად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი