ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
5 ოქტომბერი, ორშაბათი, 2026

სიახლეები ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში და პრაქტიკული ნიმუშები

„როდესაც მზარეული სინჯავს წვნიანს, ეს განმავითარებელი შეფასებაა, ხოლო როდესაც სტუმრები სინჯავენ წვნიანს, ეს უკვე განმსაზღვრელი შეფასებაა“ – პოლ ბლეკი.
2026–2027 სასწავლო წლიდან განმავითარებელი კომენტარი ელექტრონულ ჟურნალში აღარ არის სურვილისამებრ დამატება, ის ნიშნის თანაბარი, სამართლებრივად გაწერილი შეფასების ფორმაა. საკლასო დავალებაში მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლე შეაფასოს როგორც ნიშნით, ისე კომენტარით, ხოლო პირველ-მეოთხე კლასებში და მეხუთე კლასის პირველ სემესტრში კომენტარი ერთადერთი შეფასებაა.
როგორ დავწეროთ ისეთი კომენტარი, რომელიც მოსწავლესაც დაეხმარება წინსვლაში და მასწავლებლისთვისაც არ იქცევა დამღლელ რუტინად?
კანონმდებლობა და ვალდებულებები
  • საკლასო დავალება ფასდება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებით (კომენტარის სახით); ვადა არის გაკვეთილიდან რვა კალენდარული დღე.
  • საშინაო დავალება მასწავლებელს უფლება აქვს, შეაფასოს ნიშნით ან/და კომენტარით (სავალდებულოა პირველ-მეექვსე კლასებში); ვადა არის რვა კალენდარული დღე.
  • შემაჯამებელი დავალება: ჩანიშნულია მინიმუმ რვა დღით ადრე და ფასდება ნიშნითა და მიბმული რუბრიკის კომენტარით.
  • დაწყებითი კლასის დამრიგებელი ვალდებულია, სემესტრის დასრულებამდე არაუგვიანეს რვა დღისა დაწეროს განმავითარებელი კომენტარი.
რატომ არ მუშაობს „ყოჩაღ“ და „მეტი იმუშავე“?
ზოგადი ფრაზები მოსწავლეს აბნევს, რადგან არ ეუბნება, კონკრეტულად რა გააკეთა კარგად ან რაზე უნდა იმუშაოს. ეფექტური უკუკავშირი პასუხობს სამ კითხვას: სად მივდივარ, სად ვარ ახლა და როგორ წავიდე წინ.
ეფექტური კომენტარის ექვსი ნიშანი:
  1. კონკრეტულია – ასახელებს კონკრეტულ უნარ;
  2. მიზანზეა მიბმული – ეყრდნობა რუბრიკის კრიტერიუმს;
  3. სამუშაოზეა და არა პიროვნებაზე – მაგალითად, ამოხსნაში გამოტოვებულია ერთეული და არა ის, რომ მოსწავლე უყურადღებოა;
  4. ქმედებაზეა ორიენტირებული – შეიცავს ერთ შესრულებად ნაბიჯს;
  5. დროულია;
  6. მოკლე და გასაგებია.
„3 რა“ ფორმულა: კომენტარი ერთ-ორ წუთში
ფორმულის სამივე ნაწილი კითხვის ფორმითაა ჩამოყალიბებული და სიტყვით – რა- იწყება:
  1. რა გამოუვიდა? – მიღწევა, ძლიერი მხარე (მაგალითად, „კარგად გამოგივიდა…“).
  2. რა აკლია? – მთავარი ხარვეზი კრიტერიუმის მიხედვით (მაგალითად, „ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია…“).
  3. რა გააკეთოს? – შემდეგი კონკრეტული ნაბიჯი (მაგალითად, „შემდეგ ჯერზე სცადე…“).
ჟურნალში ასახვისთვის ათიდან თხუთმეტამდე სიტყვა სრულიად საკმარისია.
„3 რა“ ფორმულა ზუსტად ერგება ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) ოთხდონიან შეფასების სისტემას, რადგან თითოეულ დონეს ზუსტ დიაგნოსტიკურ ფუნქციას სძენს და მასწავლებელს აძლევს საშუალებას, განმსაზღვრელი შეფასება მარტივად დააკავშიროს განმავითარებელ კომენტართან. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნათლად ჩანს, თუ როგორ გამოიყენება ეს ფორმულა ქართული ენისა და ლიტერატურის მაგალითზე, ესგ-ს ოთხივე დონის გათვალისწინებით.
ესგ-ის დონე
რა გამოუვიდა? (მიღწევა)
რა აკლია?
( ხარვეზი)
რა გააკეთოს? (შემდეგი ნაბიჯი)
სრული კომენტარი
მე-4 დონე (მაღალი)
„დათო, თეზისი მკაფიოა და ნაწარმოების გააზრება ღრმაა.“
„არსებითი ხარვეზი ნაშრომში არ არის.“
„შემდეგ ჯერზე სცადე ამ პერსონაჟის შედარება სხვა მოთხრობის გმირთან.“
„დათო, თეზისი მკაფიოა და ნაწარმოების გააზრება ღრმაა. არსებითი ხარვეზი ნაშრომში არ არის. შემდეგ ჯერზე სცადე ამ პერსონაჟის შედარება სხვა მოთხრობის გმირთან.“
მე-3 დონე (საშუალო)
„თეზისი მკაფიოა და პირველ აბზაცშივე ჩანს.“
„მეორე არგუმენტს ტექსტიდან მოყვანილი მაგალითი არ ამყარებს.“
„მოძებნე ციტატა მოთხრობიდან და ჩასვი მეორე აბზაცში.“
„თეზისი მკაფიოა და პირველ აბზაცშივე ჩანს. მეორე არგუმენტს ტექსტიდან მოყვანილი მაგალითი არ ამყარებს. მოძებნე ციტატა მოთხრობიდან და ჩასვი მეორე აბზაცში.“
მე-2 დონე (საშუალოზე დაბალი)
„ნაწარმოების შინაარსი სწორად გაიგე.“
„ჯერ კიდევ გიჭირს თემასა და იდეას შორის განსხვავების დანახვა.“
„გაიმეორე ეს ორი ცნება და ორივესთვის ჩამოაყალიბე თითო წინადადება.“
„ნაწარმოების შინაარსი სწორად გაიგე. ჯერ კიდევ გიჭირს თემასა და იდეას შორის განსხვავების დანახვა. გაიმეორე ეს ორი ცნება და ორივესთვის ჩამოაყალიბე თითო წინადადება.“
1-ლი დონე (არასაკმარისი)
„მცდელობა კარგია, ტექსტის პირველი აბზაცი სწორად წაიკითხე.“
„ტექსტის მთავარი აზრის გამოყოფა ჯერ კიდევ გიჭირს.“
„ტექსტი კიდევ ერთხელ წაიკითხე და ყოველი აბზაციდან ერთი მთავარი სიტყვა ამოიწერე.“
„მცდელობა კარგია, ტექსტის პირველი აბზაცი სწორად წაიკითხე. ტექსტის მთავარი აზრის გამოყოფა ჯერ კიდევ გიჭირს. ტექსტი კიდევ ერთხელ წაიკითხე და ყოველი აბზაციდან ერთი მთავარი სიტყვა ამოიწერე.“
საგნობრივი ნიმუშების ცხრილი: ეფექტური და არაეფექტური კომენტარები
ა) დაწყებითი საფეხური (I–VI კლასები)
საგანი, კლასი, დავალება
არაეფექტური
ეფექტური („3 რა“ ფორმულა)
ქართული ენა, II კლ., კითხვა
კარგად კითხულობ
ნინო, ტექსტი გამართულად და სწორი ტემპით წაიკითხე. ჯერ კიდევ გიჭირს კითხვის ნიშანზე  სწორი ინტონაცია.  სახლში წაიკითხე სამი კითხვითი წინადადება ხმამაღლა და დააკვირდი ინტონაციას.
მათემატიკა, III კლ., გამრავლება
ბევრი შეცდომაა
გიორგი, ორზე, ხუთზე და ათზე გამრავლება უშეცდომოდ შეასრულე. შვიდზე და რვაზე გამრავლებაში სამი შეცდომაა. ყოველდღე ხუთი წუთი ივარჯიშე ამ ორი სვეტით, პარასკევს ერთად შევამოწმებთ.
მე და საზოგადოება, IV კლ., პლაკატი
ლამაზი ნამუშევარია
ანა, პლაკატზე ზუსტად აჩვენე, როგორ ვზოგავთ წყალს სახლში. ერთი წესი (ონკანი დავკეტოთ) ახსნის გარეშე დაგრჩა. მიუწერე ერთი წინადადება, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.
ბუნებისმეტყველება, V კლ., ცდა
ცდა ჩაატარე
ლუკა, ცდის ნაბიჯები სწორი თანმიმდევრობით ჩაწერე. დასკვნაში არ ჩანს, რას ნიშნავს შენი დაკვირვება. დაასრულე წინადადება: „ჩემი ცდა აჩვენებს, რომ…“.
საშინაო დავალება, VI კლ., ინგლისური
არ გიცდია კარგად
მარიამ, ახალი სიტყვები სწორად გამოიყენე წინადადებებში. წარსული მარტივი დროის არაწესიერ ზმნებში ორი შეცდომაა. შეასწორე ხაზგასმული ზმნები და ჟურნალში ხელახლა ატვირთე.
ბ) საბაზო და საშუალო საფეხური (VII–XII კლასები)
საგანი, კლასი, დავალება
არაეფექტური
ეფექტური („3 რა“ ფორმულა)
ქართული ლიტერატურა, IX კლ., ესე
საშუალო ესეა, ექვსიანი
დათო, თეზისი მკაფიოა და პირველ აბზაცშივე ჩანს. მეორე არგუმენტს ტექსტიდან მაგალითი არ ამყარებს. მოძებნე ციტატა მოთხრობიდან, რომელიც შენს აზრს დაადასტურებს, და ჩასვი მეორე აბზაცში.
მათემატიკა, VIII კლ., განტოლებები
ამოხსნა არასწორია
ელენე, განტოლების ამოხსნის ალგორითმი სწორად შეარჩიე. მესამე ნაბიჯზე წევრის გადატანისას ნიშანი არ შეცვალე. გადაამოწმე მეოთხე და მეხუთე ამოცანები, ჩასვი პასუხი პირველ განტოლებაში და შეამოწმე.
ფიზიკა, X კლ., ლაბორატორიული
ცდომილება დიდია
ნიკა, გაზომვები ცხრილში სწორად და ერთეულებით ჩაწერე. საშუალო მნიშვნელობა მხოლოდ ორი გაზომვით გამოთვალე. გაიმეორე გაზომვა ხუთჯერ და შეადარე, როგორ შეიცვალა ცდომილება.
ქიმია, IX კლ., რეაქციის ტოლობა
გაითვალისწინე
სოფო, რეაქციის პროდუქტები სწორად განსაზღვრე. ჟანგბადის ატომები ტოლობის ორ მხარეს არ არის გათანაბრებული. დაითვალე თითოეული ელემენტის ატომები ორივე მხარეს და შეასწორე კოეფიციენტები.
ისტორია, VIII კლ., წყაროს ანალიზი
ზედაპირულია
ლევან, წყაროს ავტორი და დრო სწორად განსაზღვრე. არ შეაფასე, რამდენად სანდოა წყარო. უპასუხე კითხვას: რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა ავტორს და როგორ მოქმედებს ეს მის თხრობაზე?
უცხოური ენა, X კლ., წერილი
კარგია
საბა, წერილი ლოგიკურად არის დაყოფილი აბზაცებად და ფორმალური ფრაზები სწორად გამოიყენე. მაკავშირებლების გამოყენება ერთფეროვანია. მესამე აბზაცში ჩასვი ორი განსხვავებული მაკავშირებელი.
თავიდან უნდა ავიცილოთ ექვსი ძირითადი შეცდომა: ერთსიტყვიანი კომენტარი, ნიშნის სიტყვებით გამეორება, პიროვნული შეფასება, სხვა მოსწავლესთან შედარება, ძალიან ბევრი შენიშვნა ერთდროულად და ზოგადი ფრაზების კოპირება მთელ კლასზე.
დროის დასაზოგად სასარგებლოა შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენება:
  1. ფრაზების ბანკი, რომელიც მოიცავს წინასწარ გამზადებულ შაბლონებს რუბრიკებისთვის.
  2. შეცდომების დაჯგუფება, რაც გულისხმობს საერთო შეცდომების კლასში ერთდროულად ახსნას.
  3. მოსწავლის ჩართვა, როდესაც გაკვეთილის დასაწყისში რამდენიმე წუთი ეთმობა უკუკავშირის წაკითხვას.
საბოლოო ჯამში, კარგად დაწერილი განმავითარებელი კომენტარი არის მოსწავლის კომპასი წინსვლისთვის, მშობლისთვის – სრულფასოვანი ინფორმაცია, ხოლო მასწავლებლისთვის – პროფესიული საქმიანობის მტკიცებულება, რომელიც რეალურ ცვლილებას ქმნის საკლასო ოთახში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

AI სამოქალაქო განათლებაში

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“