ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რწმენის დაკარგვის წინათგრძნობა

ილიასსვეტდაკარგული (დავიწყებული) მამული

 ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ერთი სახე-სიმბოლოს ან სახე-ხატის გარშემო ტრიალებს, მას მოიცავს და მისით არის განპირობებული. ეს სახე-ხატი ილიას მამულია. როდესაც ვამბობთ „ილიას მამულს“, ვგულისხმობთ მამულის ილია ჭავჭავაძისეულ აღქმა-გააზრებას. მან ირაციონალური საწყისი დაუკავშირა პატრიოტიზმს და მამულის სიყვარული უმაღლეს რანგში აიყვანა: „[მამულს,] თუ არ ირწმუნე, ვერ შეიყვარებ. მეტიც: ის იმისთანა საგანიც არის, რომ თუ არ შეიყვარე, ვერც დაინახავ და ვერც ირწმუნებ. როდის და როგორ იბადება ერთდროულად სიყვარული და რწმენა? ეს იშვიათი ბედნიერი შემთხვევაა, მაგრამ ბედნიერია? ის ხომ მარტოობისა და ობლობისთვის სწირავს ადამიანს? აქ გაუზიარებელი სიყვარულია, რადგან სატრფო დუმს ან ის მოტაცებულია და არ იცის, რომ მოტაცებულია. მაგრამ სწორედ იმით, რომ გაუზიარებელია და შორეულია, სიყვარული მით უფრო ძლიერია. ცალმხრივი სიყვარული სიყვარულის კლასიკური სახეობაა და ასე რჩება სამუდამოდ. ილიას უყვარს მამული, მამულმა შეიყვარა ილია? ვერა, მაგრამ ცალმხრივობამ და დუმილმა ვერ გაანელა სიყვარული, მეტი ცეცხლი შეჰმატა მას“ (. კიკნაძე).

მკვლევარი ასევე აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ მამულის რელიგიური განცდა ქვეყნის არქეტიპად ედემის წარმოდგენასაც უკავშირდებოდა.

მწერლის შემოქმედებაში მამული ასევე მჭიდროდ დაუკავშირდა თავისუფლებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში თავისუფლების ცნება ქრისტიანული ხედვითაა გასააზრებელი.

რომ ერთადერთი, ხაზს ვუსვამ, ერთადერთი შინაარსი თვით სიტყვათავისუფლებისა არის ადამიანის რელიგიური გაგება, ესე იგი, ისეთი გაგება, რომელსაც ადამიანი არ დაჰყავს მხოლოდ ბუნებამდე. თუ გვსურს, გათავისუფლების უარყოფითი ცნებიდან გადავიდეთ თავისუფლების დადებით ცნებამდე, არ შეგვიძლია ჩვენი მზერა არ მივაპყროთ იქით, სადაც ეს სიტყვა პირველად გაბრწყინდა ახლებურად, პირველად აღივსო მართლაც გაუგონარი შინაარსითა და ჯერარყოფილი სიმძლავრით; მაშასადამე, მზერა უნდა მივაპყროთ სახარებასა და ქრისტეს სწავლებას, – წერს ალექსანდრე შმემანი. თეოლოგის აზრით, თავისუფლების ახსნა შეუძლებელია. მას ვერ ხსნის ვერც გერმანელი ფილოსოფოსი შოპენჰაუერი, რომლის აზრითაც თავისუფლება დგება მაშინ, როცა ადამიანი თავისი ნების მექანიზმებს შეიცნობს და მოიკვეთს ამ ნებას, რადგან ნებასა და სურვილებშია მონობის და ტანჯვის წყარო. შმემანი აღნიშნავს, რომ თავისუფლების ახსნა და განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან თავისუფლება და ჭეშმარიტება მოვლენილია მაცხოვრის სახესთან ცოცხალ ერთობაში.

ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში მამულის და თავისუფლების ამგვარი გაგებაცაა საძიებელი, რადგან მწერლის ქრისტიანული მსოფლხედვა აშკარაა. სწორედ ამგვარი თავისუფლების ნაკლებობას, ქართველთა ურწმუნოებას და უფლის მადლის მოკლებას განიცდის მწერალი ასე მძაფრად „აჩრდილში“, „განდეგილში“ და მთელ თავის შემოქმედებაში. ჭეშმარიტი რწმენის, ჭეშმარიტი თავისუფლების შეუცნობლობა, მამულის ცნების ვერგაგება უნდა ყოფილიყო მიზეზი როგორც ლუარსაბ თათქარიძისნაირი პიროვნების არსებობისა, ისე განდეგილის ტრაგედიისა.

თუ თავისუფლებას გავიაზრებთ როგორც ქრისტეს პიროვნებასთან ერთობას, იმის გათვალისწინებით, რომ სვეტი ცხოველი ქართულმა სინამდვილემ ღვთის ძის სიმბოლოდაც მიიღო, ილიასეულ თავისუფლებას -ქრისტეს, უფლის მადლს მოკლებული ქართველობა სვეტი ცხოვლობას მოკლებულიც უნდა ყოფილიყო. სვეტი ცხოვლობის „მოკლების“ შეგრძნება ახალ ქართულ ლიტერატურაში ილიასგან იღებს სათავეს, რაც პატრიოტიზმის გამოვლენის უმაღლეს საფეხურს აღწევს, გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში კი მარტო ხის „ბალღამის სვეტად“ გარდაქმნით, ამ დიდი მადლის გარეშე დარჩენილ საქართველოს უკვე ცხადი სახე აქვს („ოლე“).

საინტერესოა ამ მხრივ უსინათლო, მოხუცებული მქადაგებლის სახე „ბედა მქადაგებლიდან“ (ი. ჭავჭავაძე: 1957); მოხუცი მქადაგებელი უფალზე იწყებს საუბარს, თუმცა მსმენელი მხოლოდ უდაბური და უკაცური მთა-ბარია:

თითქო თვით ზეცა მის ნეტარებით

გამოეცხადა მოხუცს იმ დროსა

და უკვდავების მშვენიერებით

დაენახვა მას, უსინათლოსა.

[. ჭავჭავაძე 1957: 76].

უფლის სიტყვის მქადაგებელი მსმენელის გარეშეა დარჩენილი, რაც გამოხატავს ილიას დროინდელი საზოგადოების განწყობას, მის დამოკიდებულებას სარწმუნოებისადმი, „ჯვარცმული ღვთისადმი“, რწმენის დაკარგვას და ამ დანაკარგით გამოწვეულ ტრაგედიას, თითქოს ილიას მამული ერთ უდაბურ ტყედ გადაქცეულა, სადაც „ღვთის“ სიტყვა არავის ესმის, სადაც მხოლოდ ქვანი ამბობენ „ამინს“.

ეს განწყობა გრძელდება პოემა „განდეგილშიც“, სადაც განდეგილი არასაკმარისი რწმენის გამო ისჯება. ბერი სულიერ ცხოვრებას მისდევს, საღვთო ცნებათა აღსრულებას ლამობს, ფიქრობს, რომ მან უკვე მოიპოვა სულიერი სიმშვიდე, სათნოება, სასოება ღვთისა, მაგრამ ყოველივე ეს მოჩვენებითი აღმოჩნდა. მისი სულიერი მრწამსი შეარყია მწყემსი ქალის არგუმენტებმა, არამცთუ წინააღმდეგობა გაუწია მას, არამედ თავადვე შეერყა რწმენა, სიტყვა ვერ მოძებნა, სიტყვაყოვლის მძლე და სათავე სულიერებისა“ (. სულავა).

განდეგილის სულიერი მდგომარეობის აღწერისას ილია ჭავჭავაძე აღნიშნავს, რომ ბერის ხორციელი გულისთქმანი დამარხული და განსვენებულია, არა განადგურებული და მოსპობილი, არამედ დამარხული, შენახული, და ოდესმე აუცილებლად იჩენს თავს.

მწყემსი ქალის გამოჩენისთანავე განდეგილი იწყებს უფლის მცნებათა დარღვევას, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ადამიანურ თუ რწმენის ტრაგედიას, რასაც შეეწირება კიდეც.

ნ. სულავა შენიშნავს, რომ ბერის დახასიათების დროს ილია იყენებს შედარების მხატვრულ ხერხს: „ვით წმინდანს“, „თითქო“, „ჰგვანდა“… ეს სიტყვები მოწმობს, რომ ბერის რეალურ შინაგან სამყაროსა და გარეგნულ სახეს შორის სხვაობა უნდა იყოს“.

განდეგილი თავის სიწმინდეს უფლის მიერ მოვლენილი სასწაულით „ამოწმებდა“. მის ბნელ სენაკში, მზის მხარეს დატანებულ სარკმელში, მზის და მთვარის შუქი იღვრებოდა:

ოდეს უდაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ

მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,

იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში

სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.

როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე

თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,

და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი

უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა.

ამ შემთხვევაშიც ავტორი შეპირისპირების თუ შედარების ხერხს იყენებს: ნათლის ღვთიური სვეტი თუ მზის სხივი? ეს ორი ნათელი თითქოს აღრეულია. სიდან იყო სასწაულებრივად მოვლენილი სვეტი? უფლისგან თუ მზისგან? ალბათ განდეგილის სიწმინდის და რწმენის კვალდაკვალ: ბერის შეცდენამდე მას ღვთიური სვეტი ევლინებოდა, რომელიც ლოცვანს იჭერდა, სასწაულს ახდენდა, როგორი სახითაც იგი ქართულ აგიოგრაფიაში გამოვლინდა.

ბერის შეცოდების შემდეგაც იგივე ნათლის სვეტი იჭრება მის სარკმელში:

და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად

ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.

თუმცა ეს სვეტი სასწაულს აღარ სჩადის:

მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ

და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..

რწმენის შერყევისას განდეგილის საკანში ნათლის სვეტი კარგავს თავის ღვთაებრიობას, თავის მადლს, კარგავს „სვეტობას“. იგი აღარ არის სვეტი, უბრალო სხივია, ჩვეულებრივი მზის სხივი. სასწაულიც აღარ ხდება. განდეგილი სულს განუტევებს. ბერის სიკვდილის შემდეგ ღვთის სახლი, ბეთლემის ტაძარი, ცარიელდება, რაც ღმერთთან დაცილების შედეგია, უღვთისმშობლობაა (ნ. სულავა 2008).

ილიას ღმერთმა უდიდესი მისია დააკისრა: მას უნდა ემცნო თავის თანამემამულეთათვის მათი უბედურების სათავე. ის მიზეზები, რამაც ქართველ ერს სულიერი გადაგვარების საფრთხე შეუქმნა. ამას სამანი უნდა დასდებოდა, რისთვისაც პიროვნების შინაგანი თავისუფლების მოპოვება იყო აუცილებელი. პიროვნება უნდა გამხდარიყო მაღალზნეობრივი, ანუ ზნესრული, სულიერების მოპოვება უნდა ყოფილიყო მისი მიზანი“ (. სულავა).

ეს ყველაფერი კი ილიამ ღვთაებრივი სვეტის უბრალო მზის სხივად გარდაქმნით, გარდასახვით ამცნო საზოგადოებას, აჩვენა საფრთხე, ურწმუნოების შედეგი, ღვთის მადლის მოკლება. მზის სხივს ნათლის სვეტობა უნდა დაბრუნებოდა – სიმბოლურად ასე გამოითქმის ილია ჭავჭავაძის შემოქმედების არსი. „განდეგილში“ ნათლის სვეტი აღნიშნავს ღმერთსაც, თავისუფლებასაც, მამულსაც, მადლსაც…

რწმენამოკლებული, უფლის დამვიწყებელი ერი „აჩრდილშიც“ კარგად ჩანს. საქართველოს უკვდავი, მარადიული სული, მყინვარზე მდგომი მოხუცი კაცი შესაძლოა სვეტი ცხოვლის სულიც იყოს, ის თეთრწვერა მოხუცი, რომელიც სვეტი ცხოველს უკავშირდებოდა ნ. გულაბერისძის საკითხავიდან.

მოხუცი მყინვარწვერზე დავანებულა, რომელიც ცასა და ქვეყანას შორის არის გამოკიდებული. შემაერთებელია მიწისა და ცისა, ერთგვარი მედიუმია, როგორც სვეტი ცხოველი. თუმცა მათ შორის სხვაობა აშკარაა: ქვესკნელის სიღრმეებიდან ცის გასარღვევად ამოზიდული მყინვარი განგების ძალით შეჩერებულა, მას ვერ მიუღწევია ზეცისთვის – განსხვავებით სვეტი ცხოველისგან, რომელიც ღვთის ძალამ ზეცად აიტაცა და სასწაულებრივად დააფუძნა საკუთარ საძირკველზე. აქედან გამომდინარე, აჩრდილის სამკვიდრო, შეიძლება ითქვას, ვერშემდგარი სვეტი ცხოველია, უფრო სწორად, პოემის პირველივე სტრიქონებიდან ჩანს, რომ მას ეს დიდი მადლი მოაკლდა:

ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად

ცის გასარღვევად აღმოზიდულა,

მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად

თითქო განგებით შეყენებულა.

ილია ჭავჭავაძე ამ მყინვარწვერზე შემდეგ უკვე განდეგილს დაასახლებს და საბოლოოდ გამოხატავს ქართველთა ტრაგედიის მიზეზს.

მოხუცის სახით წარმოდგენილი საქართველოს უკვდავი სული პოეტთან საუბარში აცხადებს, რომ გულით საქართველოს აწმყოს და წარსულს დაატარებს, იგი მარადიულია, მან იცის, რომ საქართველო ოდესღაც „თავისუფლების“ მადლს ყოფილა ზიარებული:

და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,

განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,

მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა

და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.

მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა,

და იგი ცრემლი ურწმუნოების, ეჭვის და ტანჯვის

ჰღაღადებს მხოლოდ ძისა შენის უძლურებასა.

მამული, როგორც ჯვარცმული ძე ღვთისა, რომლის აღდგომა ქართველებს აღარ სწამთ, მამული – გაუქმებული ტაძარი. ამ შემთხვევაში მამული არ არის მატერიალური რამ, ხელით შესახები და საგრძნობი. იგი ზერეალობაა, მეტია, ვიდრე მიწა-წყალი და სახლ-კარი. ის იდეაა, რომელიც ღმერთამდეა აღყვანილი, ეს იდეა თავად ღმერთია. ილიას მამული ჯვარცმული უფალია.

გმირის ძიება ილიას ამ პოემაშიც იჩენს თავს. რა საგანია ისეთი, რომელიც ოდესღაც გმირებს ბადებდა, ილიას ეპოქაში კი წარწყმედილი და მოსპობილია? როგორია ეს გმირი, რომელმაც ამგვარად გაგებული მამულისთვის უნდა დაანთხიოს სისხლი? ეს გმირი უფლის მცნებებით და სიყვარულით აღზრდილი უნდა იყოს, ხოლო ეს საგანი ის რწმენა და მადლია, რომელიც ამ შემთხვევაში კვებავს და ასაზრდოებს მათ. ეს „გმირის დამბადი დიდი საგანი“ შეიძლება სვეტი ცხოველიც იყოს, იგივე უფლის ჩენა, უფლის მადლი, რომელიც ურწმუნოებას წაუწყმედია. ამიტომაც არის მცხეთა გმირთა სავანე, იმ გმირთა მასაზრდოებელი, რომლებიც მსხვერპლად ეწირებოდნენ მამულად გარდასახულ უფალს:

სად პირველ ქართველ მორჭმულ შვილთა

ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების.

თავისუფლება ამ შემთხვევაშიც გასააზრებელია ქრისტიანული შინაარსით. ჯვარცმულ ქრისტესთან ერთობასთან არსებული თავისუფლება, თავისუფლება ცოდვისა და ყოველგვარი ბოროტებისგან, ადამიანის შინაგანი თავისუფლება, რომლითაც უფალთან სიახლოვე შეიგრძნობა. ეს თავისუფლება კი საქართველოში სწორედ მცხეთიდან, სვეტი ცხოვლიდან მოდის, რადგან სვეტი ცხოვლის აღმართვით დამკვიდრდა საქართველოში ქრისტიანობა, წარმართობა და სიბნელე ნათლით, სიკეთით გაიფანტა, რადგან სისხლიანი ბომონი ქრისტიანულმა ემბაზმა შეცვალა, რადგან ქართველთა გულებში ქრისტემ შემოაბიჯა.

აჩრდილად მოვლენილი მოხუცი განაგრძობს: ქართველთა ამ გულიდან აღმოცენებული ცხოვრების ხე – სვეტი ცხოვლის არქეტიპი, ყვაოდა მცხეთაში, ამ გულიდან გადმოდიოდა შვების წყარო – სიმბოლო ქრისტეს მცნებებისა და თავად ქრისტესი (დ. გურამიშვილთან – „უკვდავების წყაროს იგავი“); ნაძვის ხის სურნელით, პირვანდელი სვეტი ცხოველით ცხონდებოდა ერი, სიკვდილი ითრგუნებოდა.

თუმცა წყაროს ჩქეფა შეუწყვეტია, ცხოვრების ხეც დამჭკნარა, მცხეთის წმინდა ალაგები პირუტყვებს შეუგინებიათ.

საინტერესოა პოემის სათაურის გააზრებაც: „აჩრდილი“ – რაღაცის, ვიღაცის ლანდი, მყოფობას მოკლებული საგანი. სულხან-საბა ორბელიანი აჩრდილს განმარტავს როგორც ჩრდილს. ეს აჩრდილი სვეტი ცხოვლის ჩრდილიც უნდა იყოს, რომელსაც სიმყარე და საგნობა მოჰკლებია ქართველთა რწმენაში. ქართველი და საქართველო წარსულის „აჩრდილად“ ქცეულან („თვით შენი შვილი ჩრდილად შეცვალა“ – ლექსი „ქართლის დედას“).

სვეტს ილია ჭავჭავაძესთან მრავალმხრივი სიმბოლური დატვირთვა აქვს, იგი გამოხატავს უფალს, ჯვარცმულ ძეს, რწმენას, მადლს, დაბოლოს, სვეტი ცხოველი ილიასეული მამულის იდეამდეცაა აყვანილი.

P.S. მწერლის შემოქმედების გააზრება ერთი იდეის, ერთი სათქმელის ირგვლივ მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლემ დაინახოს კავშირები, ცხადად იგრძნოს მწერლის პიროვნება, ეპოქის სულისკვეთება. სიმბოლოების ამდაგვარი ძიებები თამაშსაც წააგავს და დარწმუნებული ვარ, მასწავლებელს ამ თამაშში მოსწავლეები ნამდვილად აჰყვებიან, ეს კი მათ კვლევა-ძიებისკენ, ანალიტიკური აზროვნებისკენ უბიძგებს. ასევე, ნურც ქრისტიანობის ხსენებისა შეგვეშინდება. ხშირად თავს ვიკავებთ ხოლმე და გადამეტებული პოლიტკორექტურობის გამო მეორე უკიდურესობაში ვვარდებით. მოდი, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ქრისტიანობა ნამდვილად იყო ჩვენი მწერლობის „თანამდევი“ სული. ქრისტიანული მსოფლხედვითაა გაჟღენთილი ქართული ლიტერატურის თითქმის ყველა დიდი ნაწარმოები. ამაზე საუბარი, ამის ხაზგასმა, აღნიშვნა არა მგონია ვინმეს დისკრიმინაციად ჩაგვეთვალოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი