სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ფიქრები „მობი დიკზე“

წიგნი სწორედ მაშინ გვაკითხებს თავს, როცა ამისი დრო მოდის. „მობი დიკის“ ინგლისური გამოცემა მეგობრებმა მეთექვსმეტე დაბადების დღეზე მაჩუქეს, მაგრამ დღემდე ხელუხლებლად მედო. მისი კითხვა მხოლოდ ამ ზაფხულს დავიწყე, კითხვის დაწყება კი ივნისის ერთ ცხელ შუადღეს გადავწყვიტე, როცა მე და ჩემი მეწყვილე მწერალი ოუენ თომასი ერთად ვსადილობდით. ოუენი ბოსტონის ეთნიკურ სიჭრელეზე მიყვებოდა:

  • ბოსტონში ბევრი კაპე ვერდელი ცხოვრობს, – მითხრა, – იცი, საიდან?

რა თქმა უნდა, არ ვიცოდი.

  • აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქები ბედფორდი და კენტუკი ვეშაპებზე სანადირო ცენტრები იყო და ყველა გემი, რომლებიც ამ ორი ქალაქიდან გადიოდა, აუცილებლად ჩერდებოდა კაპე ვერდეში. ემიგრაციის დიდი ტალღაც ამას მოჰყვა.

ვეშაპებზე ნადირობა? და ის იყო, უნდა მეთქვა, „მობი დიკი“-მეთქი, რომ ოუენმა განაგრძო:

-აი, „მობი დიკი“ თუ წაგიკითხავს…

ამ და შემდეგ რამდენიმე წერილში „მობი დიკის“ შესახებ გიამბობთ.

 

  1. წიგნი და მისი ავტორი

ჰერმან მელვილი თავად აღმოსავლეთსანაპიროელია – ნიუ-იორკში დაიბადა 1819 წელს. მისი წინაპრები ინგლისელები და ჰოლანდიელები იყვნენ. ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა, ვიდრე მამა გაკოტრდებოდა. რამდენიმე წელიწადში ის გარდაიცვალა, რის გამოც მელვილმა მხოლოდ დაწყებითი განათლება მიიღო და უკვე თხუთმეტი წლისა იძულებული გახდა, თავისი შრომით დახმარებოდა დედასა და შვიდ და-ძმას. რა საქმე აღარ ჰქონია: ბანკშიც უმუშავია, გამყიდველიც ყოფილა თავისი ძმის მაღაზიაში, სამეურნეო საქმიანობაშიც ჩაბმულა და მასწავლებლობაც უცდია. ეს 1839 წლამდე გაგრძელდა, 1839 წელს კი დაიწყო სრულიად სხვა ცხოვრება – ზღვაოსნისა. მელვილი ლივერპულში მიმავალ გემს გაჰყვა. ამ მოგზაურობითაა შთაგონებული მისი რომანი „Redburn“. ამ მოგზაურობამვე ჩაუნერგა ზღვის სიყვარული და უბიძგა, ამჯერად თვრამეტი თვით მოშორებოდა ხმელეთს ვეშაპებზე სანადიროდ. სწორედ ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად „მობი დიკსაც“. ამ გამოცდილებას კი მოჰყვა მარკიზის კუნძულებზე აბორიგენებთან გატარებული რამდენიმე თვე, რის კვალიც ასევე ეტყობა რომანს. შემდეგ ავსტრალიურ გემს გამოჰყვა, მაგრამ ტაიტიზე ტყვედ ჩავარდა და ტყვეობას დაახლოებით ორი წლის შემდეგ დააღწია თავი.

1844 წელს დაბრუნდა სამშობლოში, კერძოდ კი ბოსტონში, უბრალო მეზღვაურად. სამი წლის შემდეგ იქორწინა და კიდევ სამი წლის მერე, 1859 წელს, მასაჩუსეტსში გადასახლდა. სწორედ აქ, ფერმაში, მთებით გარშემორტყმულს დაუწერია წიგნი ოკეანესა და ვეშაპებზე – „მობი დიკი“.

ასე რომ, მელვილზე ზედგამოჭრილია მისივე პერსონაჟის სიტყვები, მიწისგან დაბადებული ზღვამ გამომზარდა, ველ-გორაკებმა დედობა გამიწიეს, ტალღები კი ჩემი ნახევარძმები არიანო:

„Born of earth, yet suckled by sea; though hill and valley mothered me, ye billows are my foster-brothers!“

მასაჩუსეტსში ცამეტ წელიწადს იცხოვრა მელვილმა. აქვე გაიცნო „ალისფერი დამღის“ ავტორი და მოიხიბლა. „მობი დიკსაც“, რომლის წერაც 1859 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მომდევნო წლის შემოდგომაზე დაასრულა, ასეთი მოწიწებით გაკეთებული მიძღვნა აქვს:

„In token of my admiration for his genius this book is inscribed to Nathaniel Hawthorne“

„ეს წიგნი ეძღვნება ნათანიელ ჰოთორნს, მისი გენიალურობისადმი ჩემი აღფრთოვანების ნიშნად“.

***

თავად მობი დიკი – ეს თეთრი ურჩხული, რომელზეც მთელი წიგნის განმავლობაში ლეგენდებსა და მითქმა-მოთქმას ვისმენთ, მართლა არსებობდა. ის ერთი ძალიან ტრაგიკული შემთხვევის მთავარი მოქმედი პირია:

საქმე ისაა, რომ, ზოგადად, ვეშაპები, როცა ბარჯი მოხვდებათ, თავის გათავისუფლებას კი ცდილობენ, მაგრამ გემის ეკიპაჟს არ ესხმიან თავს. აი, მობი დიკის პროტოტიპმა თავიც გაითავისუფლა და გემიც დალეწა. ეკიპაჟიდან მხოლოდ 17 კაცი გადარჩა.

მათ თავდაპირველად განზრახული ჰქონდათ, ჰაიტისკენ გაეცურათ, მაგრამ კაციჭამიების შიშით, სამხრეთ ამერიკისკენ აიღეს გეზი. რა თქმა უნდა, სამხრეთ ამერიკის სანაპიროს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია, რადგან საჭმლის მარაგი მალევე გაუთავდათ და რისიც ჰაიტელებისგან ეშინოდათ, სწორედ ის მოიმოქმედეს თავად. თუმცა შურისძიების მანიით შეპყრობილი კაპიტანი მათ შორის არ ყოფილა – ეს მელვილის ფანტაზიის ნაყოფია.

მაგრამ რატომ ვეშაპები? ვეშაპის თავში არის ნივთიერება სპერმაცეტი, რომელიც საწვავად და პარფიუმერიაში გამოიყენებოდა. ვეშაპის ნაწლავებიდან მოპოვებული ამბერიც დიდად ძვირფასი რამ იყო კოსმეტიკისთვის. ამრიგად, ვეშაპებზე ნადირობა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთვის წამყვან ინდუსტრიად იქცა. ბედფორდში მუზეუმიც კია გახსნილი, რომელიც ამ ინდუსტრიის ისტორიას აცოცხლებს. ამიტომაც „მობი დიკი“ მხოლოდ ამერიკელ მწერალს შეეძლო დაეწერა, მაგრამ ეს უკვე შემდეგი სტატიის თემაა…

 

გაგრძელება იქნება

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი