სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ხელოვნური ინტელექტი და მუსიკის მომავალი

დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატია, რომელიც საინტერესო იქნებოდა პედაგოგებისთვის. ეს რამდენად მოვახერხე, შეგიძლიათ სტატიის შეფასებისას გამოხატოთ. რაღაც ახალი უნდა შემეთავაზებინა აუდიტორიისთვის – საინტერესო, რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებთან იქნებოდა კავშირში. AI(Artificial Inttelect) – ხელოვნური ინტელექტისადმი ჩემი ინტერესი უკავშირდება გერმანულ პროექტს – „ბეთჰოვენი X სიმფონია“. აქედან დაიწყო ჩემი ძიება, მუსიკის საგნისადმი, მიდგომების გადაფასება, დროული ფიქრი იმის თაობაზე, რომ მუსიკა და კომპიუტერული ტექნოლოგია აღარ განიხილებოდეს ერთმანეთისგან განყენებულ საგნებად. ამის ინსპირაცია კონკრეტულად პროექტის იმ ექსპერიმენტიდან დაიწყო, რომელსაც შემთხვევით Youtube-არხზე გადავაწყდი:

2021 წლის ოქტომბერში გერმანიაში მუსიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში დიდი მღელვარება და მოლოდინი გაჩნდა და ეს ემოცია უკავშირდებოდა მეტაიდეას. კერძოდ, მუსიკოსებმა და კომპიუტერული მეცნიერებმა შექმნეს კოალიცია, რომელიც გენიალური გერმანელი კომპოზიტორის სიმფონიების ალგორითმებით, თემათა იმიტაციებით შექმნიდა X სიმფონიას AI-ში დაგენერირებული პროგრამებით, ანუ გამოიყენებდნენ ბეთჰოვენის X სიმფონიის დაუსრულებელ ჩანაწერებსა და ეპიზოდებს; კომპიუტერის მეცნიერები კი ხელოვნური ინტელექტის ნეიროქსელებში ჩატვირთული სტოქასტიკური (ალბათური) დასწავლის მეთოდებითა და დეტერმინირებული პატერნებით შექმნიდა იმას, რაც ბეთჰოვენმა დაიწყო და ავადმყოფობის გამო ვერ დაასრულა. როცა ეს ფრაგმენტი მოვისმინე, დამრჩა ასეთი განცდა: მართალია, აქ ისმის ბეთჰოვენის სახასიათო მოტივები, მკვეთრი დინამიკური ცვლილებები, ლირიკული პასაჟები, სახასიათო კოდური რიტმული მოტივები, განწყობების უეცარი ცვალებადობა, Coda-ს წინ თითქოსდა ბეთჰოვენისეული პაუზაც გვაფიქრებს, რომელსაც ვუწოდებდი კაცობრიობის წინაშე დასმულ კითხვას. მეხუთე სიმფონიის ალუზია ზოგჯერ მესამეს ლირიკულ ინტონაციებში „იღვრებოდა“, მაგრამ არ ჟღერდა იმ ისტორიული განვითარებისა და მიღწევების რეფერენციულად, რომელიც შეიძლებოდა ამ პროექტის წარმატებად ჩაგვეთვალა. IX სიმფონიის შემდგომი გზა უნდა ყოფილიყო დაპროგრამებული გმირულ-რომანტიკული სიმფონიის ალგორითმებით და არა წინა სიმფონიების მოტივების იმიტაციებით. ზუსტად ვგრძნობ, რომ X სიმფონიაში დიდი კომპოზიტორი ახალ საკრავებს გაუხსნიდა გზებს, მაგალითად, ორკესტრში დააწინაურებდა ინგლისურ ქარახსას, რომელსაც რომანტიკოსები ლირიკულ-პანთეისტური თემების განზოგადებისას ხშირად მიმართავდნენ სიმფონიების პარტიტურებში. AI – ხელოვნურმა ინტელექტმა – პროტაგონისტმა, შეასრულა ის დავალება, რომელიც მას პროგრამისტებმა ნეირონულ ქსელში ჩაუტვირთეს. „კეთილსინდისიერად“ შექმნა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის რემინისცენციული სურათი – „გახსენება“ და არა რომანტიზმის ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი შოპენჰაუერისეული მხატვრული ნიმუში თავისი მახასიათებლებით: ირაციონალურის უპირატესობით, ბუნების კულტის წინა პლანზე წამოწევით, ინდივიდის ემანსიპაციით. შესაძლებელია, პროექტის ეს ნიმუში ჩაითვალოს ხელოვნური ინტელექტის ტრიუმფად და არა ბეთჰოვენის წარმატებულ, საეტაპო ქმნილებად. მას აკლია ვნება, თემატური განვითარება, ეპოქალური მოვლენებისადმი დამახასიათებელი რევოლუციური სულისკვეთება, აღტყინება, გაოცება, სიხარული, ხალხთა გაერთიანებისა და მოწოდების ნაპერწკალი, რომელიც ამ ფრაგმენტში საერთოდ გამქრალია. თუმცა დროის მოთხოვნაა: ჩაატარო ექსპერიმენტები, განვითარდე, არ გაჩერდე, შეძლო მუდმივი მოძრაობა და აზროვნება, დაეუფლო ტექნოლოგიებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მუსიკა და ტექნოლოგია ინტეგრირებულ ჭრილში უკეთ გახსნის სწავლების პერსპექტივებს, ვიდრე ცალკეული საგანი. ამიტომაცაა, რომ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგანთაშორისი კავშირები, ცოდნათა სინთეზი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც სხვა დისციპლინებთან საგნის მიმართებებს სწავლობს.

წარმოგიდგენიათ, რა შფოთვა და მოლოდინი იქნებოდა პირველი სანოტო სისტემის შექმნასთან, მენზურალური დამწერლობის ფორმირებასთან, მაჟორულ-მინორული და ფუნქციონალური სისტემების ჩამოყალიბებასთან, XIX საუკუნის ,,ჰარმონიის კრიზისისთან’’, ხელოვნების ,,დეჰუმანიზაციასთან’’, ატონალური, ელექტრონული მუსიკის დაბადებასთან დაკავშირებით… ასე რომ, ხელოვნური ინტელექტი (AI) შეგვიძლია განვითარების, მომავლის პერსპექტივის ინსტრუმენტად ვაქციოთ.

ხელოვნური ინტელექტი ხომ სულ უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება მხატვრულ სფეროებში, როგორებიცაა, მუსიკა, კინო და ხელოვნება. განხორციელებისას მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს მუსიკის შექმნის პროცესის ყველა ასპექტზე, მათ შორის მუსიკის გენერირებაზე, აუდიომასტერინგსა და მუსიკის სტრიმინგზე.

ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა არის ის, რომ იგი მოყვარულ მუსიკოსებს აძლევს ინოვაციურ გზას მათი შემოქმედებითი პროცესის გასაუმჯობესებლად. მუსიკალური ინდუსტრია, ისევე როგორც მრავალი სხვა ინდუსტრია, იყენებს AI-ს, როგორც დამატებით ინსტრუმენტს და არა როგორც ადამიანის ჩამნაცვლებელს.
ბეთჰოვენის „X სიმფონიამ“ და გერმანელების პროექტმა აჩვენა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარი: კლასიკურ მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის როლი განისაზღვრა, როგორც ინსტრუმენტის ფუნქცია, რომელიც უნივერსალური სიზუსტით გადმოსცემს იმას, რასაც ადამიანი სთავაზობს, ეს იქნება ალგორითმი, პატერნები, მატრიცები. თუმცა ხელოვნურ ინტელექტს არ შესწევს უნარი გადმოსცეს და ზუსტად ასახოს ადამიანის სულიერი მდგომარეობა, მისი ფსიქოლოგიური განწყობა, რომელიც კონკრეტულ ეპოქაში ისტორიული მოვლენების დროს იბადება.

  • დღევანდელობაში, ხელოვნური ინტელექტის მიერ მუსიკის გენერირების სიაში ლიდერობს Amper Music, უაღრესად შთამბეჭდავი AI მუსიკის გენერატორი AIVA, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და მუდმივად იხვეწება რეკლამის, ვიდეო-თამაშების, ფილმებისა და სხვა საუნდტრეკების შესაქმნელად.
  • ასევე ძალიან პოპულარულია Soundful პროგრამა, რომელიც იყენებს ხელოვნური ინტელექტის ძალას, რომ შექმნას ფონური მუსიკა ღილაკზე დაწკაპუნებით ვიდეოების, სტრიმინგებისა და პოდკასტებისთვის.
  • AI-ის ერთ-ერთი პოპულარული ინსტრუმენტია Boomy, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შექმნათ ორიგინალური სიმღერები წამებში და ეს შესაძლებლობა შემდგომში გამოიყენოთ თქვენი მატერიალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად.
  • ხელოვნური ინტელექტის მიერ მუსიკის გენერირების პოპულარული ინსტრუმენტია Amadeus Code, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მუსიკის მოყვარულს შეუძლია. IOS-ზე დაფუძნებული აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ახალი მელოდიები რამდენიმე წუთში. Amadeus Code ეყრდნობა AI-ის ტვინს, რომელიც ითავსებს ყველაზე ცნობილი სიმღერების აკორდების თანმიმდევრობებს. ამის გამოყენებით შეგეძლებათ, შექმნათ სტრუქტურები და არქიტექტონიკა თქვენი მუსიკალური კომპოზიციებისთვის ახალი.

 

ხელოვნურ ინტელექტზე მრავალნაირი მოსაზრება არსებობს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს პროგრესი დიალექტიკური შექცევადობის გარეშე. ამიტომაც ვხედავ ხელოვნურ ინტელექტში, მის პარადიგმაში დაფარულ სასიკეთო, მესიანურ როლს. ჰუმანური არ არის ის, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია აუტიზმის განსაზღვრა ბავშვის ჩვილობის ასაკში მისი ხმის ინტონაციის, თვალის ბადურას ვიზუალური გამოსახულების დახმარებით? ასევე, ვიტალური (სასიცოცხლო) ღირებულება აქვს აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის, კომუნიკაციის უნარების არმქონე პაციენტებისთვის მუსიკათერაპიაში მორგებულ მუსიკალურ სავარჯიშოებს, თერაპიულ „დიალოგებს“. თუნდაც ტიპური განვითარების პაციენტებისთვის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალში, ამ აჩქარებულ დროში, განტვირთვას, რელაქსს. ეს ნამდვილად დასაფიქრებელია. მუსიკათერაპიაში ხელოვნურ ინტელექტს რევოლუციის მოხდენა შეუძლია, თუ მას სწორად მივაწოდებთ ალგორითმისათვის იმ გამოცდილებას, რომელიც დევს მეცნიერულად შესწავლილ და გამოყენებულ თეორიებში.

მოდით, კვლავ კლასიკურ მუსიკას დავუბრუნდები და მოგიყვებით, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს (AI) ღრმა დასწავლის (Deep learning), პროფესიონალურად შექმნილი ალგორითმების, მატრიცების დახმარებით აღადგინოს ისტორიულ წიაღში დაკარგული ნაწარმოებები. ამის ნათელი მაგალითია The DeepBach Project: AI’s Attempt to Recreate Lost Bach Chorales. ამის ნათელი მაგალითია ისიც, თუ როგორ აღადგინეს ფრანგებმა ი.ს. ბახის დაკარგული ქორალები. ხელოვნურ ინტელექტს (AI) შეუძლია არა მხოლოდ დაუსრულებელი ნაწარმოებების დასრულება, ასევე მაღალმხატვრული დაკარგული თხზულებების აღდგენა-რესტავრაცია. საფრანგეთში ტექნოლოგიური მეცნიერების ჯგუფმა ალგორითმების – „Deep Learning“ და „Machine Learning“ საშუალებით ხელოვნურ ინტელექტს შეასწავლეს ი.ს. ბახის მკაცრი საგუნდო კანონები. მანამდე კომპიუტერს დასწავლილი ჰქონდა „ღრმა სწავლების“ გზით კომპოზიტორის 2503 ნაწარმოები.

როგორც ვნახეთ, ხელოვნური ინტელექტის როლი კლასიკური მუსიკის მომავლის განვითარების საქმეში საკმაოდ მომხიბვლელია როგორც მუსიკოსებისათვის, ასევე კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტებისთვის. AI დახმარებით ი. ს. ბახის ქორალების აღდგენა-რესტავრაცია მუსიკოსებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტების თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია. აქ ისმის კითხვა – ვინ არის კრეატიული? ადამიანი თუ კომპიუტერი? რა თქმა უნდა, ადამიანი.

დაბოლოს, დავასრულებ ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის გამონათქვამით: „ინტელექტიეს არის ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი“. მასწავლებელი კი მუდამ მზად უნდა იყოს ცვლილებებისა და გამოწვევებისათვის, ამ აჩქარებულ დროში კი სამყარო ფართოვდება და არ იკუმშება (ს.ჰოკინგის პერიფრაზი).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://gtu.ge/book/ims/R_Chogovadze_Xelovnuri_neironuli_qselebi.pdf

https://nafme.org/blog/ai-in-education/

https://fastercapital.com/content/Ai-generated-music-new-form-of-art.html#From-Bach-to-The-Beatles

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“