ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველას „დიდებული საჩუქარი“

ლიტერატურის ყველა ჟანრი თავისებურად მომხიბლავია, თუმცა მგონია, რომ მოთხრობა მაინც შეუდარებელია. მცირე მოცულობის ტექსტში მწერალმა უნდა შექმნას დაუვიწყარი მიკროკოსმოსი. რომანის ვრცელ სიუჟეტში მეტი გასაქანია. მოთხრობასა და ნოველაში კი ყოველ სიტყვა-ფრაზას ბაჯაღლო ოქროს ფასი ადევს. ამიტომაც მისი ტექსტი მაგიურია, ენა – დაწურული, გამოკრისტალებული, საკრალიზებული. მოთხრობას მეტი მკითხველი ჰყავს. ის ხარბად და გატაცებით იკითხება. ჩემთვის, როგორც ლიტერატურის მასწავლებლისთვის, ამ ციფრულ ეპოქაში, როცა მხატვრული ლიტერატურით მოსწავლეთა დაინტერესება და წიგნიერების პოპულარიზება მეტისმეტად რთული ამოცანაა, მოთხრობების სამყარო არის საყრდენ-მაშველი.  მისი დამაინტრიგებელი სიუჟეტი უფრო იოლად იზიდავს ბავშვის გონებას. ამიტომაც დამატებით რესურსად გამოულევლად უნდა მქონდეს მსოფლიო ლიტერატურის შედევრები. მოთხრობის სიუჟეტი უფრო მდიდარია ალეგორიებით, მისი მორალი მკვეთრი, გამომსახველი, დამაფიქრებელია. ალბათ ყველა მიმდინარეობას თავისი ვარსკვლავი ავტორები და გამორჩეული ტექსტები ჰყავს/აქვს, მაგრამ ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი: რეალისტური მწერლობის მინიატიურული პროზა განსაკუთრებული ემოციური ზემოქმედების უნარით ხასიათდება.

ვაჟა-ფშაველა ჩვენთვის უპირველესად გენიალური პოემებით არის ყველაზე ახლობელი. არა მგონია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მერე ვისიმე ნაწარმოებს ჰქონდეს ისეთი პოპულარობა და აქტუალობა, როგორიც ვაჟას პოემებს აქვს. თუმცა ეს საოცარი მწერალი, რომლის შემოქმედება ამოუწურავი მადანია ხელოვნებით შექმნილი მშვენიერებისა, გვაოცებს თავისი მოთხრობებითაც. „დიდებული საჩუქარი“ არც ისე პოპულარული მოთხრობაა, თუმცა, გარწმუნებთ, სასკოლო ტექსტების პარალელურად მისი გაცნობით მოსწავლეთა მოხიბვლას იოლად შეძლებთ ქართულის მასწავლებლები. მოთხრობა მთლიანად ალეგორიულია და მასში უამრავ სიმბოლურ-ალეგორიულ ქვეტექსტს ამოიკითხავთ. ამავე დროს მრავალი ისეთი მორალურ-ეთიკური პრობლემაა დასმული, რომლებიც დღემდე ძალიან აქტუალურია.

მოთხრობა მკვეხარა მამლაყინწას თავგადასავალს მოგვითხრობს და ამ მხატვრულ სახეში თავისუფლად შეგვიძლია დავინახოთ ადამიანიც,  ქვეყანაც, საზოგადოებაც, რომელსაც საკუთარი ნაკლოვანებების გამო ბევრი დაბრკოლება ექმნება, მათი გადალახვის დროს კი საკუთარ უგერგილობას მკვეთრად აჩენს.

მამალი სოსე ტვლეპიაშვილის გლეხური მეურნეობიდან იყო და პატრონს დედლებთან ერთად ბაზარში გასაყიდად მიჰყავდა. გლეხურ მეურნეობებში ხომ მამლების სელექცია ჩვეულებრივი ამბავია! ბევრი მამალი ვერ მორიგდება ქათმების თაბუნში, ამიტომ პატრონი აკვირდება მამლებს და ყველაზე ყოჩაღს, მარჯვეს, კარგ ლიდერს ტოვებს ხოლმე, სხვებს კი ჩამოაშორებს ფერმას. როგორც ჩანს, სოსემაც კარგად იცოდა თავისი მამლის ღირსებები და ის გასაყიდად გაიმეტა. ამ უკანასკნელმა კი იშვირა ფეხი და პატრონს გალიიდან გაექცა, უღრან, უცხო და საშიშ ტყეს შეაფარა თავი. დიდი სიმამაცით, წესით, ვერ უნდა დაეკვეხნა, თუმცა კი კვეხნა მისი საყვარელი ხელობა იყო. უღრანმა, უდაბურმა ტყემ მამალი ძალიან დააფრთხო.

თავიდან შეეცადა ხოხბებისთვის მოეწონებინა თავი, მაგრამ მათ ახლოს არ მიიკარეს, უსიტყვოდ გაეცალნენ. შემდეგ ის კურდღელს გადაეყარა და შიშისგან სული გასძვრა, თუმცა კურდღელს თავისი გასჭირვებოდა, თავადაც შიშის მონა იყო, სიმხდალის სიმბოლო. მორიგი შემხვედრი კოდალა ხეკაკუნაშვილი გახლდათ.  მან გულღიად მიიღო მოულოდნელი სტუმარი, მარდად ამოიცნო მისი ავან-ჩავანი, მაგრამ არ იმჩნევდა, რასაც ფიქრობდა და ხოტბა შეასხა მამალს, რომელსაც ქება-დიდებამ თავგზა სრულიად აურია. თავი გმირთაგმირიშვილად გააცნო ხეკაკუნაშვილს, რომელსაც წამოსცდა, გმირთაგმირიშვილი ხარ თუ ფაფხურაშვილიო?

ავტორი უკვდავ ე.წ. „მოლაპარაკე სახელებს“ ქმნის და ამით ბევრ რამეს მიანიშნებს პერსონაჟზე  მკითხველს. მამალი ყველაფერზე ფრთხებოდა, კოდალა მიხვდა, რომ ეს „შახის და ფახის პატრონი“ თავის საგმირო თავგადასავლებში არც ისე მართალი სული გახლდათ. კოდლი-კიკო (როგორც მელა უწოდებდა) რისი ჩიტი იქნებოდა, ბოლომდე რომ არ გამოეცნო მამლაყინწას ბედოვლათობა?! თუმცა ხეკაკუნაშვილი უერთგულესი მეგობარი, გონიერი, მამაცი და მამხილებელი ტიპიც იყო. ალბათ მან დაუმსახურებელი ხოტბა იმიტომ აღავლინა მამლის მიმართ, რომ მისი ნამდვილი სახე დაენახა, თორემ მელაკუდას კი თამამად ეძახდა, მელა-ქურდოო, რისიც მამალს ძალიან შეეშინდა. მამალი მკვეხარობასა და სიმხდალესთან ერთად ნათელი გონებითაც არ გამოირჩეოდა. გულუბრყვილო იყო, მიმნდობი, შავისა და თეთრის ვერგამრჩევი. მელაკუდამ თავისი ქლესაობითა და ტყუილებით ისე იოლად მოხიბლა, კოდალას რომ არ გამოეფხიზლებინა, უმალ მისი წერა გახდებოდა. „მოცადობა (მცდელობა) ყოველგვარ სიძნელეს დასძლევსო“, – კი იკვეხნიდა მამალი კოდალასთან თავისი უნიჭო სიმღერის გამო, სიმღერისა, რომელმაც მხოლოდ საფრთხეები და მტრები შესძინა. კოდალამაც „მოცადობა“ გამოიჩინა და თავისთვის „ყელში ყიჭყიჭობდა“ (აქვე აღვნიშნავ, რომ სასწაულია ვაჟას უმდიდრესი ენა, სიტყვათქმნადობები და დიალექტიზმები, რომლებითაც ის დიდად ამდიდრებს სალიტერატურო ქართულ ენას), მეგობარს ჰბაძავდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, თუმცა ჭკუა ჰყოფნიდა, რომ გაეაზრებინა, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“.

მამალი ჯერ თავს დებდა კოდალასთან, ჩემი დედლები მენატრებიანო, შემდეგ კი მეგობართან თავი იმითაც შეირცხვინა, ვითომ დედლების ერთგული, კაკბების გუნდის მონა გახდა, სანთელივით დადნა მათი სიყვარულით, მეგობარი სულ გადაავიწყდა. ასევე დაივიწყა მეგობარი, როცა მამლისა და კოდალას განსხვავებულობის გამო ფრინველების მთელი თოხუმები (ამ უიშვიათეს სიტყვას ვაჟა იყენებს ჯიშის მნიშვნელობით) თავს დაესხნენ ჩვენს გმირებს. კოდალამ ბატებისა და ბაყაყიჭამიასგან დაიცვა მამალი, ხოლო ამ უკანასკნელმა ბრძოლის ველზე მიატოვა მეგობარი, მასზე არც უდარდია, მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობდა. ამიტომაც მამალი სრულიად უძლური და უმოქმედო დარჩა. ბოლოს წიფლის ხის ფუღუროში ისე ჩავარდა, რომ იქიდან გამოსვლასაც კი ვერ ახერხებდა, გამხმარი წიფელი შეშად რომ არ წამოეღო სახლში ნინიკა პანტაყლაპიაშვილს.

ნინიკა და სალომე უშვილო, უქონელი ცოლ-ქმარი იყვნენ, საშობაო სუფრაზე ქათამიც კი ენატრებოდათ. უკანასკნელი გროშებით დუქანში ღორის ხორცი იყიდეს და იმით აპირებდნენ შობის გადაგორებას, ხოლო ჩვენი გმირთაგმირიშვილი მამალი რომ ჩაუვარდათ ხელში, ღვთის წყალობად და დიდებულ საჩუქრად ჩათვალეს, დასაკლავად როგორ გაიმეტებდნენ ამ ღვთით მოვლენილ არსებას? ნინიკამ მამლის მოვლინება იმის ნიშნად ჩათვალა, რომ შვილიც ეყოლებოდა და სიზმარში კიდევაც ნახა ნანატრი ოქროსქოჩორა ვაჟიშვილი.

ჩვენი მამალიც ბედნიერი იყო პანტაყლაპიაშვილებთან, იქაც დაუხვდა სამიოდ დედალი. მისთვის სულერთი იყო, სად იქნებოდა, ოღონდაც კი თავისი ეგო დაეკმაყოფილებინა და უსაფრთხოდ ყოფილიყო. ხოლო ფრინველთა თავდასხმის დროს ბრძოლის ველზე დაკოდილი, ცოცხალ-მკვდარი კოდალა, ერთგული მეგობარი, მისი მხსნელი და უპირობო თანამდგომი, არც გახსენებია, არც სინდისის ქენჯნა უგრძნია მის გამო. კოდალა გონიერების, ერთგულების, სისხარტის, სიმამაცის, თავისუფლებისმოყვარეობის სიმბოლოა. მამალი კი უღირსი, უგერგილო ადამიანის ძალიან შთამბეჭდავი მხატვრული სახე-სიმბოლოა.

მოთხრობის გმირი მამალი მრავალშრიანი ალეგორიული სახეა და კარგ მასალას იძლევა სინთეზირებისთვის. პარალელები შეგვიძლია გავავლოთ აკაკის ცნობილი იგავის მთავარ გმირთან, ღამურობის მოსურნე თაგუნასთან, თავისი „თოხუმი“ რომ იუკადრისა და უცხოტომელთა მსხვერპლი გახდა თავისი უგუნურებით. ასევე გვაგონებს ეს გმირი სულხან-საბას იგავ „იხვი და მყვარის“ ბაყაყს, რომელიც ფსევდოპატრიოტიზმის იდეას შეეწირა. ამ პერსონაჟებს ადეკვატურად  გააზრებული არ აქვთ საკუთარი მისია, ადგილი, პასუხისმგებლობები, მათი ფაფხური ამაოა, ყალბი პათოსით ნასაზრდოები, მოკლებული გულწრფელობასა და გონივრულად გააზრებულ მიზნებს.

მსგავსი საინტერესო პერსონაჟია ალფონს დოდეს მოთხრობა „ბატონი სეგენის თხის“ გმირი ბლანკეტი, თხა, რომელმაც მზრუნველ პატრონთან ცხოვრებას ფსევდოთავისუფლების იდეა არჩია, საფრთხეები ვერ განსაზღვრა და მგლის წერა გახდა. მეცხრამეტე საუკუნის რეალისტი მწერლები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას ადამიანთა არაადეკვატურობაზე. ადამიანი რომ ეპოქის მოთხოვნებს ფეხს ვერ უწყობს, საზოგადოებისთვის სერიოზული პრობლემაა. რეალისტების მამხილებელი პათოსი საზოგადოებას საკუთარი მანკიერებების გააზრებაში ეხმარება. მხატვრული ტექსტი უნივერსალური სარკეა, მასში საკუთარი თავის დანახვაც შეუძლია მკითხველს, მომავლის განსაზღვრაც, სხვებთან მიმართებაში საკუთარი თავის გაგება-გააზრებაც. შობა ხომ სიახლის, იმედის, განწმენდის დღესასწაულია და საშობაო მოთხრობაც ალბათ ვაჟამ იმიტომ დაარქვა თავის ნაწარმოებს, რომ ამით მკითხველს მიანიშნა ტექსტში ხაზგასმული პრობლემების სიმწვავეზე. საშობაო მოთხრობა მსოფლიო ლიტერატურაში პოპულარული ჟანრია. ამაზე არაერთხელ დაწერილა თუნდაც ჩვენი ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის“ სტატიებში.

თავისი იდეების ხორცშესასხმელად ვაჟა იყენებს უმდიდრეს ენობრივ საშუალებებს. მისივე მოსაზრებაა, რომ სალიტერატურო ენას უპირველესად ინახავენ კლასიკოს მწერალთა ტექსტები. ვაჟა ერთადერთია, რომელმაც დიალექტური ენა თავისი მრავალწახნაგოვანი მშვენიერებით უკვდავი ტექსტების ორიგინალურ, განუმეორებელ წყაროდ აქცია. მოთხრობის ტექსტი ლექსიკური მარგალიტების სალაროა. იშვიათია ასეთი ეპითეტები: „კუდალა ტაიჭი“, „ნისლა მოზვრები“, „დახულუზნებული ჩხიკვი“ (როგორც თავად განმარტავს, მხრებშეკუმშული), „ფუღუროწაჩეხილი წიფელი“, „მოპეწენიკებული ლობიოს სადუღარი“.

ასევე ავტორი ქმნის ზმნურ ფორმებს, რომლებიც იშვიათად თუ შეგვხვდება სხვა ტექსტებში, მაგალითად: „ფრთები შეაფრაშუნა/შეაფრაშფრაშა“, შეჰკვეხოდა (იკვეხნიდა-ს მნიშვნელობით), ყიჭყიჭობდა, კანტალაობდა, ქასქასებდა, კოლტაობაში იყო (ამ სიტყვის მნიშვნელობა ლექსიკონებში ვერ მოვიძიეთ). საინტერესოა ისეთი სახელების გაცოცხლება, როგორიცაა, კრიკინა (ველური ვაზი), ფრინველთა მიდმორობა. ფშაური დიალექტის მიხედვით, მიდმორობა ნიშნავს მოძრაობას, მისვლა-მოსვლას, ხეტიალს. თედო რაზიკაშვილი ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ მასალაში ასევე მას განმარტავდა, როგორც ფშაურ დიალექტურ ფორმას ასეთი სემანტიკით – გაზიდულობა, ბევრი საქმის ქონება (საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა).

საინტერესო სახელია ასევე „წინწელი“. მას ორიგინალურად მიგნებული  შედარებისთვის იყენებს ვაჟა: „მელიამ დასტაცა პირი ღალღას და წინწელივით გაქრა“. ეს უკანასკნელი დიალექტური ფორმა უნდა იყოს ძველქართული „წინწალისა“, რაც ცეცხლის ნაპერწკალს ნიშნავს. ეს სიტყვა „ვეფხისტყაოსანშიც“ გვხვდება. ტარიელი ავთანდილს ეუბნება: „ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია“ (იგულისხმა: წუთისოფლის მწველი ნაპერწკლები დამწვავსო). ამ სახელს ვაჟა მოხდენილი შედარებისთვის ასევე იყენებს ილიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექსში („შენდამი“ – ვუძღვნი ილია ჭავჭავაძის ხსოვნას): „ლოგინად ეკალს მიგებდე, ზედა ვწვებოდე შიშველი, გზაზეც მიფენდე, მაინცა, რაც შემიძლიან, გიშველი. უნდა დავადნო შენს ბედსა, თვალი და გული ფხიზელი, რადგან სხვა საშუალება გამიქრა, როგორც წინწელი“. ლექსის გულწრფელი ემოციები, ილიას ხსოვნისადმი ვაჟას დამოკიდებულება, თაყვანისცემა და პიეტეტი მკითხველისთვის გადამდები და გულთამპყრობელია.

საინტერესოა შორისდებული „ოტფუ“, რომელსაც ცხოველისადმი მიმართვისას იყენებს პერსონაჟი: „ოტფუ, კამეჩო ნიშაო, გასწი, არა გიშავო“… მსგავსი სპეციფიკური შორისდებულები ძალიან მცირე ოდენობით გვხვდება ქართულში და ვფიქრობ, არ უნდა დავკარგოთ.

ასევე საინტერესოა ვაჟასეული ხატოვანი სიტყვა-თქმანი და ანდაზები, რომელთაც ხალხური ენობრივი წიაღიდან უხვად იშველიებს ვაჟა თავისი ტექსტის შესამკობად. მაგალითად, ამ მოთხრობაში გვხვდება ანდაზები: „კიდევ მიდგება ქაჩალი მექუდის კარებზეო“, „ობოლო, ვისა სცემ და ვინც გამზარდაო“, „ვისაც ღმერთი ბედს მისცემს, ზურგსუკან კომბლით მისწევსო“.

ვაჟასგან განებივრებული მკითხველისთვის მოთხრობა „დიდებული საჩუქარი“ უდავოდ კიდევ ერთი დიდებული საჩუქარია. კოლეგებს ვურჩევ, რომ საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში დამხმარე რესურსად გამოიყენონ ეს ნაწარმოები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი