ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ყველაზე სიმბოლისტი ქართველი სიმბოლისტი

 იყო დრო, ცისფერყანწელებში ყველაზე მეტად ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსები მომწონდა, მაშინ ჭკუა მეკეტებოდა სიმბოლისტურ და ჰერმეტულ პოეზიაზე. დღეს კი პირიქით – კონცეპტუალური, გამჭვირვალე პოეზია მომწონს, სადაც მკაფიოდაა საცნაური სათქმელის პრიმატი. ახლა გალაკტიონის ადრეული, საუკეთესოდ აღიარებული, სიმბოლისტური ლექსებიდანაც კი ვერ ვიღებ ესთეტიკურ სიამოვნებას. წეღან გადავშალე ვალერიანის კრებული, ბევრ ისეთ ლექსს, რომელიც ადრე ძალიან მიყვარდა, რამდენიმე სტრიქონის წაკითხვის შემდეგ, თავისით გადაახტა თვალი და მომდევნო ლექსზე გადავიდა. მხოლოდ ის ლექსები გადავიკითხე, რომლებშიც სათქმელია მთავარი და ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი გასაგებია.

ვალერიან გაფრინდაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ უარი თქვა სიმბოლიზმზე და „მიწას დაუბრუნდა“, ბოლომდე მაინც ორთოდოქს სიმბოლისტად დარჩა, თუმცა აქვს ბევრი „გასაგები“ ლექსი და, ჩემი აზრით, სწორედ ეს ლექსებია მის შემოქმედებაში საუკეთესო. ზოგადად ცისფერყანწელებს ჰქონდათ საერთო პოეტიკა და ინტონაცია, მცირე ბესიკური თოთხმეტმარცვლიანით და ზოგჯერ ლოგაედური ათმარცვლიანით დაწერილ მათ ლექსებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ – საერთო ინტონაცია, მოუქნელი ფრაზეოლოგიზმები, სიმბოლისტური ვიზიონები და ლექსის მდორე მდინარება… მე ცისფერყანწელების საუკეთესო წარმომადგენლები მხოლოდ იმ ლექსებით მიყვარს, რომლებითაც სწორედ ამ საერთო პოეტიკას და კოინეს გაურბიან, ასეთი ლექსები ტიციანს და პაოლოს ექნებათ, ალბათ, ოც-ოცი. ვალერიანის შემთხვევაშიც ასეა, დაახლოებით ამდენი ლექსი იქნება, სადაც ის არა – ცისფერყანწელი, არამედ ინდივიდი – ვალერიან გაფრინდაშვილია. პაოლო ამ ინდივიდუალიზმს ტონური და პოლიმეტრული ლექსებით აღწევს, ასევე – ტიციანიც, თუმცა ტიციანის ზოგიერთი ლოგაედური ათმარცვლიანით დაწერილი ლექსი ღრმა ინდივიდუალიზმის დამღას ატარებს. ვალერიანის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი სრულიად ფუტურისტული ვერლიბრებით და იმ თოთხმეტმარცვლიანი ლექსებით განისაზღვრება, სადაც ის სხლტება საერთო პოეტიკა-კოინეს კალაპოტიდან და მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივ ინტონაციურ-სააზროვნო მოდუსს გვთავაზობს.

ვალერიანის შემოქმედებაში უჩვეულო, ოქსიმორონულ ტროპულ ერთეულებთან ერთად, როგორებიცაა, მაგ. „რაღაც სურნელი მატირებს ლურჯად“, „თოვლი მოვიდა ტენორის ყელით“, „მე გაკრული ვარ ცივ პაემანზე“ და მისთ., სრულიად დეკონსტრუირებულია ესთეტიკური არქეტიპები. ესთეტიკური არქეტიპების დეკონსტრუირებაზე საუბრისას მე ხშირად მომყავს მაგალითად ვალერიანის „ფანტასტიური სურდო“, რომელიც თავდაყირა აყენებს სატრფიალო ლირიკის კლიშეებს, ლექსში ვხედავთ ლირიკულ გმირს, რომელიც დაუოკებელ ლტოლვას გრძნობს სურდოიანი ქალის მიმართ, რომლის „ცხიკვება სიმღერაა და – გასაკვირი“. „სოველ ცხვირსახოცს მე ქალწული, ალბათ, მაჩუქებს“ – იმედოვნებს ლირიკული გმირი, ძალიან უნდა, ქალის სურდო თვითონაც დაიმართოს, „მაგრამ არ არის მიღებული ცხვირზე ამბორი“. ამ ქრონოსკოპული დისტანციიდანაც კი, როცა ქართულმა პოეზიამ არაერთი ეპატაჟი და ფსევდო-ეპატაჟი მოიმწვანილა, ამაზრზენად მძაფრია ეს საოცარი ლექსი.

იმასთან ერთად, რომ ვალერიან გაფრინდაშვილის ბევრი ლექსი ქართული პოეზიის ოქროს ფონდშია შესული, ის იყო დიდი ერუდიტი, ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ცისფერყანწელი, რომელსაც შეეძლო ჩვენი ძველი მწერლების შემოქმედების გააზრებული რეცეფცია და თეორიული რეფლექსია, ამაზე მისი შესანიშნავი წერილები და ესეები მეტყველებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი