სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფერხება – სიმპტომები, მიზეზები, დაძლევის გზები

დღეს სერიოზულ პრობლემად არის ქცეული ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფერხება, რაც უამრავ თავსატეხს უჩენს მშობლებსაც და პედაგოგებსაც. სამწუხაროდ, ასეთი ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ფსიქიკური განვითარების შეფერხება ბავშვის ინტელექტუალური და ემოციურ-ნებელობითი სფეროს შექცევადი დარღვევაა, რომელსაც თან სდევს სირთულეები სწავლაში. მართალია, ფსიქიკური განვითარების შეფერხება განვითარების დარღვევაა, რომლის დროსაც ყველა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქცია (მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება და ა.შ.) ჩამორჩება ასაკობრივ ნორმებს, მაგრამ აუცილებელია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ფსიქიკური განვითარების შეფერხება და გონებრივი ჩამორჩენილობა.

 

ფსიქიკური გავითარების შეფერხებისა და გონებრივი ჩამორჩენილობის განმასხვავებელი ძირითადი ნიშნები

* გონებრივი ჩამორჩენილობისას ფსიქიკურ და ინტელექტუალურ განუვითარებლობას შეუქცევადი ხასიათი აქვს, ფსიქიკური განვითარების შეფერხების შემთხვევაში კი სათანადო მიდგომებით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

* ფსიქიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები განსხვავდებიან გონებრივად ჩამორჩენილთაგან იმით, რომ შეუძლიათ, ისარგებლონ შეთავაზებული დახმარებით და დამოუკიდებლად გამოიყენონ ის ახალი ამოცანების შესრულებისას.

* ფსიქიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი ცდილობს, გაიგოს წაკითხული, მაშინ როდესაც გონებრივად ჩამორჩენილს ამის სურვილი არ აქვს.

ფსიქიკური განვითარების შეფერხების დიაგნოზის დასმა დაბეჯითებით შეიძლება მხოლოდ სკოლის ზღურბლზე, როდესაც თავს იჩენს აშკარა სირთულეები სასწავლო პროცესისთვის მომზადებისას, თუმცა, თუ ბავშვს ყურადღებით დავაკვირდებით, განვითარების შეფერხების ნიშნები შეიძლება უფრო ადრეც შევამჩნიოთ.

 

ფსიქიკური განვითარების შეფერხების ძირითადი ნიშნები

* ჩვილ ასაკში ასეთი ბავშვები უფრო გვიან იწყებენ თავის დაჭერას, ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს.

* ჩამორჩებიან თანატოლებს პრაქტიკული და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარებით, არ შეუძლიათ მათი ასაკისთვის დამახასიათებელი უმარტივესი მოქმედებების შესრულება – ფეხსაცმლის, ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა, პირადი ჰიგიენის დაცვა, კოვზის სწორად დაჭერა და დამოუკიდებლად ჭამა. სჩვევიათ სათამაშოებიდან საყვარელი სათამაშოს გამოყოფა და მისთვის უპირატესობის მინიჭება.

* ოდნავ მოგვიანებით შეინიშნება არაკომუნიკაბილურობა, მარტოობისკენ სწრაფვა, ჩაკეტილობა. ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, გაურბიან სხვა ბავშვებს და არ მონაწილეობენ საერთო თამაშებში.

* მართალია, ინტელექტის დარღვევა მსუბუქი ფორმით ვლინდება, მაგრამ ის მაინც ახდენს გავლენას აზროვნებაზე, მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, მეტყველებაზე, აღქმაზე. ბავშვებს მხედველობითი აღქმა უკეთესად აქვთ განვითარებული, ვიდრე სმენითი. უჭირთ ორ ობიექტს შორის განსხვავების პოვნა, სტრუქტურული ელემენტებისა და მცირე დეტალების ამოცნობა. მცირეა დამახსოვრებული ინფორმაციის მოცულობა, მწირია ლექსიკური მარაგი. ბავშვებს უჭირთ ანალიზი, სინთეზი, განზოგადება, შედარება, დასკვნის გამოტანა.

* ფსიქიკური განვითარების შეფერხების ნიშნებს მიეკუთვნება ასევე მერყეობა, გადაწყვეტილების მიღების სირთულე, ინფორმაციის გაგებისა და სასწავლო მასალის ათვისების სირთულე, ემოციურ-ნებელობითი სფეროს არასათანადო განვითარება, ემოციური არასტაბილურობა, აგრესიულობა და შფოთვა. ემოციური სტრესის არსებობისას თავს იჩენს ყურადღების დეფიციტის სიმპტომები.

 

ფსიქიკური განვითარების შეფერხების ძირითადი მიზეზები

ბიოლოგიური მიზეზები:

* დედის მძიმე ტოქსიკოზი, ინფექცია, ტრავმა ორსულობისას, დღენაკლულობა, ასფიქსია დაბადების დროს;

* ადრეულ ასაკში გადატანილი ინფექცია, ინტოქსიკაცია, ტრავმა;

* გენეტიკური მიდრეკილება;

* ფიზიკური განვითარების შეფერხება;

* სომატური დაავადებები, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის დარღვევა;

* ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა უბნის დაზიანება.

სოციალური მიზეზები:

* სასიცოცხლო აქტივობის ხანგრძლივი შეზღუდვა;

* ფსიქოლოგიური ტრავმები;

* არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობები, ერთფეროვანი ფიზიკური თუ სოციალური გარემო, ურთიერთობის ვიწრო წრე, დედობრივი სიყვარულის ნაკლებობა, ემოციურ ურთიერთობათა სიმწირე; დაძაბული ვითარება ოჯახში, აგრესია, ძალადობა, ჩხუბი მშობლებს შორის. ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები არიან მერყევნი, მორცხვნი, არ ამჟღავნებენ ინიციატივას, რადგან აგრესიული რეაქციისა ეშინიათ. იზრდებიან ისე, რომ მათთვის უცხოა, გაუგებარია ქცევის მორალური ნორმები. არ შეუძლიათ თვითკონტროლი, საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება;

* არასწორი აღზრდა;

* პედაგოგიური მიშვებულობა.

 

როგორ აღმოვფხვრათ შეფერხება ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

* პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა ადრევე უნდა დავიწყოთ – 2-3 წლიდან, როცა შეფერხების ნიშნები ჯერ კიდევ არ არის ადვილი შესამჩნევი. თუ დიაგნოზი დაგვიანებით დაისვა, კორექცია გართულდება.

* ფსიქიკური განვითარების შეფერხების თავისებურებაა ის, რომ დარღვევების კომპენსაცია და უკუქცევა შესაძლებელია მხოლოდ დიაგნოზის დროულად დასმის, სპეციალური სწავლებისა და აღზრდის პირობებში.

* გვხვდება შემთხვევები, როცა ფსიქიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი პრაქტიკულად არ განსხვავდება თანატოლებისგან, მაგრამ უმეტესად ჩამორჩენა შესამჩნევია. საბოლოო დიაგნოზი ისმება ბავშვის ყოველმხრივი შესწავლის, გამოკვლევის შედეგად. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან: ბავშვთა ფსიქოლოგი, ლოგოპედი, პედიატრი, დეფექტოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი. ამასთან ერთად, საჭიროა ანამნეზის შეკრება, ცხოვრების პირობების ანალიზი, ბავშვის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. ასევე აუცილებელია გასაუბრება ბავშვთან, მის ინტელექტუალურ პროცესებსა და ემოციურ-ნებელობითი სფეროს თავისებურებებზე დაკვირვება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გამოტანილ იქნეს დასკვნა ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფერხების შესახებ და მიეცეთ რეკომენდაციები მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებას ბავშვის აღზრდისა და განათლების ორგანიზების შესახებ.

* გავითვალისწინოთ, რომ სასკოლო ცხოვრების დასაწყისში თავჩენილი სირთულეები სულაც არ არის სიზარმაცის ან უყურადღებობის ბრალი – ამას აქვს ობიექტური, საკმაოდ სერიოზული მიზეზები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაილახოს.

* ვაღიაროთ პრობლემა და მივიღოთ ის ფაქტი, რომ ფსიქიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი თანატოლებთან შედარებით ნელი ტემპით წავა წინ სწავლის პროცესში.

* ფსიქიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის სწავლება გულისხმობს სასწავლო მასალის დოზირებას, თვალსაჩინოებათა აქტიურ გამოყენებას, მრავალჯერად გამეორებას, აქტივობათა მრავალფეროვნებას.

* ასეთ ბავშვებთან მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებითი პროცესების (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება), ასევე ემოციური, სენსორული და მოტორული სფეროების განვითარებას.

ბავშვის ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენის დაძლევა შესაძლებელია. ფსიქიკურ განვითარებაში შეფერხების მქონე ბავშვებს შეუძლიათ სწავლა და სწორად ორგანიზებული საკორექციო მუშაობისას შეინიშნება დადებითი დინამიკა. პედაგოგების დახმარებით მათ შეუძლიათ აითვისონ მიწოდებული ინფორმაცია და შეიძინონ ცოდნა, გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები, რასაც მათი თანატოლები დამოუკიდებლად ახერხებენ.

ამრგად, ფსიქიკური განვითარების შეფერხება განაჩენი არ არის – ოჯახისა და სკოლის, პედაგოგისა და მშობლის ერთობლივი მუშაობით პრობლემის დაძლევა სავსებით შესაძლებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“