სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

კლასის მართვის ძირითადი პრინციპები

ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს, რომ პედაგოგის პროფესიონალიზმს მხოლოდ ამა თუ იმ საგნის ცოდნა არ განსაზღვრავს – მისი საქმიანობის ეფექტიანობა არცთუ იშვიათად პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობითაც არის განპირობებული. ამ უკანასკნელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლასის მართვის უნარი. მოზარდები ხშირად აღიარებენ, რომ ესა თუ ის მასწავლებელი თავისი საგნის კარგი მცოდნეა, მაგრამ გაკვეთილზე მისი მოსმენა შეუძლებელია, რადგან კლასში ქაოსია. ყველამ კარგად იცის, რა მჭიდრო კავშირია კლასში არსებულ ემოციურ კლიმატსა და მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას შორის, უმართავ კლასში კი ემოციური კლიმატი, წესისამებრ, საკმაოდ მძიმეა. ამდენად, თუ ჩვენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებას ვისახავთ მიზნად, გავითვალისწინოთ, რომ კლასის ეფექტიანი მართვის გარეშე ეს ადვილი არ იქნება.

ყველა კლასში, სწავლების ყველა დონეზე კლასის ეფექტიანი მართვის პრინციპები ერთნაირია:

  • სასწავლო საქმიანობის დაგეგმვა და მომზადება – დაუგეგმავი გაკვეთილი არცთუ იშვიათად საკლასო ოთახში უმართავი ვითარების წარმოშობის მიზეზად იქცევა, ამიტომ სასურველია, გაკვეთილი დროში კარგად იყოს გაწერილი, საგაკვეთილო აქტივობების ცვლილებისა და შესაძლო შეფერხებების გათვალისწინებით. გაკვეთილის თითოეული მონაკვეთი, რაც უნდა მოკლე იყოს, დაგეგმვას მოითხოვს. დროის გაწერა გვეხმარება, სწრაფად ვცვალოთ გაკვეთილის მიმდინარეობა. გაკვეთილის დაგეგმვისას ყურადღება მივაქციოთ, უფრო ხშირად როდის ეთიშებიან ბავშვები საგაკვეთილო პროცესს – გაკვეთილის დასაწყისში, როცა ხდება აქტივობების ცვლილება, შეჯამებისას თუ ახალი თემის შესწავლის დაწყებისას. გავითვალისწინოთ, რომ დისციპლინის პრობლემები, წესისამებრ, თავს იჩენს მაშინ, როცა მოსწავლეები ინტერესს კარგავენ. სწორედ ამ გარდამავალ მომენტებში უნდა ვეცადოთ, შეუნარჩუნოთ ბავშვს სასწავლო მოტივაცია.
  • გაკვეთილზე ქცევის წესების შემუშავება – საგაკვეთილო პროცესში ქცევის წესები აუცილებლად მოსწავლეებთან ერთად უნდა შემუშავდეს, განურჩევლად იმისა, რა ასაკის ბავშვებთან გვიწევს მუშაობა. ამასთან, ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მარტივად – 4-5 წესი სავსებით საკმარისია. წესების სიმრავლე თრგუნავს მოსწავლეს და ურთულებს მათ შესრულებას. შემოვიღოთ ისეთი წესები, რომლებიც ბავშვების ქცევის მართვასა და საგაკვეთილო პროცესში მათ აქტიურ ჩართვაში დაგვეხმარება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ დადგენილ წესებს უნდა ემორჩილებოდეს ყველა, მათ შორის მასწავლებელიც. თუმცა, ხანდახან სიტუაციის მიხედვით მოქმედება გაცილებით შედეგიანია. წესების დაცვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული სიტუაციის გაუთვალისწინებლად სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. მრავალრიცხოვანი წესები და აკრძალვები აციებს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას და ადრე თუ გვიან იწვევს აჯანყებას;
  • მოქნილობა – მოქნილობა არ ნიშნავს უპრინციპობას. მართალია, ჩვენ უნდა გვქონდეს დადგენილი რეგლამენტი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ მოულოდნელი სიტუაციებისთვისაც. მაგალითად, მოსწავლეებისთვის მიუღებელია დავალების შესასრულებლად ჩვენ მიერ დადგენილი ვადა. ამ შემთხვევაში უმჯობესია გავარკვიოთ, ეს უბრალოდ მათი ახირებაა თუ ნამდვილად უჭირთ დავალების მოცემულ ვადაში შესრულება;
  • ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესებასა და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე ზრუნვა – კლასის ეფექტიანი მართვა ურთიერთობების შედეგია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლეთა ურთიერთობაც. სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ასამაღლებლად და კლასის ეფექტიანად სამართავად უკიდურესად მნიშვნელოვანია ჯანსაღი, დადებითი, კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა ნდობას და თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს. ეჭვგარეშეა, რომ მოსწავლეები პატივს უნდა სცემდნენ მასწავლებელს, მაგრამ მასწავლებლებიც, თავის მხრივ, პატივს უნდა სცემდნენ მოსწავლეების ღირსებას, მათი შეხედულებების უნიკალურობას. დავაფასოთ მოზარდების იდეები და დავეხმაროთ მათ რეალიზებაში. ეს სწავლაში მაღალი შედეგების მიღწევის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში მოსწავლეები მკაცრ შენიშვნებსაც კი მზრუნველობის გამოხატულებად მიიღებენ;
  • ინსტრუქციების ეფექტიანად მიწოდება საგაკვეთილო პროცესში დავალებების შესრულების დროს – ინსტრუქციები უნდა იყოს მკაფიო და მოკლე. ნუ გავიმეორებთ მითითებებს კვლავ და კვლავ. უკეთესი იქნება, მივაწოდოთ მოსწავლეებს წერილობითი, თვალსაჩინო, გასაგები ინსტრუქციები. ამასთან, მივცეთ შესაძლებლობა დაადასტურონ, რომ გაიგეს ინსტრუქცია;
  • სიფრთხილე აკრძალვებისა და დასჯის დროს – ნუ დავსჯით ბავშვს ყელაფრისთვის, ნუ გავამახვილებთ ყურადღებას ბავშვის ყოველ ქცევაზე. ჯერ ერთი, ეს ძალიან შრომატევადია, მეორე – მუდმივი აკრძალვები და დასჯა ბავშვს ბევრად უფრო უმართავს ხდის. უმჯობესია, გავავლოთ ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. ეს ბავშვებსაც ეცოდინებათ და თუ ეს ხაზი გადაიკვეთა, მზად უნდა ვიყოთ, მეთოდურად და თანმიმდევრულად დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნები, დავაბრუნოთ ბავშვი უკან და დავიცვათ დაწესებული საზღვრები;
  • ყოველგვარ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება – როდესაც გვეჩვენება, რომ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება, მოვერიდოთ მკვეთრ რეაქციას, ნუ ვიმოქმედებთ ცხელ გულზე. ვეცადოთ, არ ვიყვიროთ. მართალია, ყვირილით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, მაგრამ ნდობისა და პატივისცემის მოპოვება შეუძლებელია. პირიქით, ჩვენ გაცილებით დიდ ავტორიტეტს მოვიპოვებთ, თუ შევძლებთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში და ვიმოქმედოთ წინასწარ დადგენილი ქცევის წესების შესაბამისად. ყვირილით სიტუაცია შეიძლება დროებით მოგვარდეს, მაგრამ ჩვენი ავტორიტეტი შეირყევა, ავტორიტეტის გარეშე ბავშვების მართვა კი საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მოვერიდოთ პრობლემურ მოსწავლეებთან დაპირისპირებას, უკეთესი იქნება, თუ შევეცდებით, გავუგოთ მათ. მოსწავლეები, რომლებიც მიუღებლად იქცევიან, წესისამებრ, რაღაც პრობლემას ნიღბავენ ასეთი ქცევით. ვეცადოთ, ტაქტიანად გავარკვიოთ მიუღებელი ქცევის მიზეზი და ვიპოვოთ საერთო ენა მოსწავლესთან, გულში ნუ ჩავიდებთ წყენას და ყოველი დღე სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენ წინაშე განვითარების პროცესში მყოფი მოზარდები არიან. ხანდახან ისინი მოინდომებენ ჩვენს წონასწორობიდან გამოყვანას – ნუ ვაგრძნობინებთ, რომ ეს გამოუვიდათ;
  • ბავშვის თვითრეალიზების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო გარემოს შექმნა – მივცეთ მოზარდს საკუთარი აზრის, საკუთარი სათქმელის გამოხატვის საშუალება. თუ ბავშვს სურს, ილაპარაკოს, გამოხატოს საკუთარი აზრი, იკამათოს, მივცეთ ამის შესაძლებლობა. ამ გზით ის ისწავლის დისკუსიის წარმართვას და საკუთარი საზღვრების დაცვას. თუ არგუმენტები დამაჯერებელია, დავუთმოთ, ვაღიაროთ მისი აზრი მაშინაც კი, როცა არ ვეთანხმებით. მოვერიდოთ აკრძალვებს მიზეზების ახსნის გარეშე და ისეთ კომენტარებს, როგორიცაა: „მე არ მინდა ამის მოსმენა“, „ასე გადავწყვიტე და ასეც იქნება“. წუთით წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ბავშვის ადგილას – რას ვიგრძნობდით მსგავს სიტუაციაში? სხვა საქმეა, რომ დისკუსია უნდა იყოს კონსტრუქციული. ვასწავლოთ ბავშვს, როგორ მოიყვანოს სწორი არგუმენტები;
  • მშობლებთან თანამშრომლობა – ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, უფროსებს გვქონდეს ერთიანი სტრატეგია, ერთნაირ მოთხოვნებს ვუყენებდეთ სკოლაში და შინ. მშობელთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს არა მხოლოდ მაშინ, როცა საყვედური გვაქვს სათქმელი მისი შვილის უსაქციელობის გამო, არამედ მაშინაც, როცა შეიძლება მოზარდის შექება, მის შესახებ კარგის თქმა. ამ შემთხვევაში მშობლები უფრო სწრაფად გახდებიან ჩვენი მოკავშირეები;
  • გამოვიყენოთ არავერბალური კომუნიკაცია – არავერბალურ სიგნალებს, ისეთებს, როგორიცაა ღიმილი, მხედველობითი კონტაქტი, შეუძლია შეამციროს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ფსიქოლოგიური დისტანცია. მასწავლებლის მიმართ დადებითი განწყობა მოზარდს სასწავლო საგნის მიმართაც დადებითად განაწყობს და საბოლოოდ ხელს უწყობს კლასში წესრიგისა და დისციპლინის დამყარებას.

განურჩევლად იმისა, რომელ ასაკობრივ საფეხურზე ვასწავლით, გამოცდილი მასწავლებელი ვართ თუ ახალბედა, კლასის ეფექტიანი მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოზიტიური საგანმანათლებლო ატმოსფეროს შესაქმნელად. ზემოთ მოყვანილი პრინციპების დაცვა, ვფიქრობ, დაეხმარება ყველა იმ პედაგოგს, ვისაც სურს, თავიდან აიცილოს ქაოსი საგაკვეთილო პროცესში და მის გაკვეთილს მოსწავლეები ინტერესით ელოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი