სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

წიგნები სპორტზე

ქართული სპორტის რომელ ქომაგსაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის აღორძინებას, უპირველესად, ბევრი ფული, მერე კი ამ ფულის სწორად დახარჯვა სჭირდება. ფაქტია, უფულოდ მართლაც არაფერი გამოვა, მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე წარმატებას ვერ მიაღწევ, მაგრამ სპორტის განსავითარებლად ფულთან ერთად ბევრი სხვა რამ არის საჭირო, მათ შორის – ისეთიც, რაზეც მრავალ ჩვენგანს შესაძლოა არც კი უფიქრია.
იმ ქვეყნებში, განვითარებულს რომ ვეძახით, სპორტული ლიტერატურა, სპორტული სამწერლო საქმე ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან სფეროდ მიიჩნევა. მრავალ დიდ ქალაქში სპორტული ბიბლიოთეკებიც კი არსებობს, სადაც სპორტის ამა თუ იმ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს ყოველგვარი ტიპისა და თემატიკის წიგნების ნახვა შეუძლიათ. აღარაფერს ვამბობ ბესტსელერებზე, რომლებსაც ცნობილი სპორტსმენები და მწვრთნელები წერენ (ან სხვებს აწერინებენ) – მათზე ევროპაში პირდაპირ ტაციაობაა გაჩაღებული. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, რომ დასავლეთში გულშემატკივრობა მხოლოდ სტადიონზე მისვლა და სპორტული სანახაობით ტკბობა არ არის. გულშემატკივრები ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე სპორტულ მოედნებზე ხდება. ჩვენთან კი ამ მხრივ, თამამად ვიტყვი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, სპორტული თემატიკის წიგნებით ვაჭრობა წიგნის ბაზრის ყველაზე ნაკლებად განვითარებული სექტორია.

დავიწყოთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ენაზე ძალიან ცოტა სპორტული წიგნი გამოიცა. მათი უმეტესობა შემეცნებითია (რამდენიმე მათგანი ბეჭდვის მართლაც რომ მაღალი ხარისხითა და საინტერესო შინაარსით გამოირჩევა), დანარჩენი კი საავტორო წიგნებია, რომლებშიც აღწერილია ამა თუ იმ ადამიანის პირადი მოსაზრებები სპორტის შესახებ. სპორტული ლიტერატურის ეს ჟანრიც თავისებურად საინტერესოა, მაგრამ საქართველოში არსებობს ერთი ცუდი ტრადიცია – გამოიცემა წიგნები, რომლებშიც სპორტსმენის ან გუნდის უსაგნო ქება-დიდების მეტი არაფერია. მაგალითად, წაიკითხავთ, რომ 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თბილისის „დინამო” „დიდებული გუნდი” იყო, რომ ზაურ კალოევი და შოთა იამანიძე „მსოფლიოში ყველაზე მაგრები” იყვნენ, რომ ქართველი გულშემატკივრები „ყველას სჯობიან” და სხვა… არც 1964 წლის „ოქროს ბიჭებთან” მაქვს რამე სადავო, არც ქართველ გულშემატკივართან და, მით უმეტეს, არც ჩვენი გუნდის მაშინდელ კაპიტანთან, ლეგენდარულ შოთა იამანიძესთან, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ საბოლოო ჯამში ლაყბობაა და მეტი არაფერი. სხვა საქმე იქნება, თუ ავტორი იმასაც გვეტყვის, რატომ იყო 60-იანი წლების „დინამო” დიდებული გუნდი, თამაშის როგორ სტილს ანიჭებდნენ უპირატესობას მაშინდელი მწვრთნელები კაჩალინი და იაკუშინი, რით განსხვავდებოდნენ თბილისელი ფეხბურთელები, ვთქვათ, ოდესელებისგან ან მოსკოველებისგან, რა სტილში თამაშობდა თუნდაც იგივე იამანიძე და სხვა. ეს იქნებოდა ამგვარი ლიტერატურის არსებობის საუკეთესო გამართლება.

სპორტის განვითარება მხოლოდ სპორტსმენებისთვის კარგი სავარჯიშო პირობების შექმნას და კარგი ხელფასის მიცემას არ ნიშნავს (თუმცა ესეც აუცილებელია); საჭიროა, გაიზარდოს ქართველ ქომაგთა და, საზოგადოდ, სპორტის მოყვარულთა ისეთი თაობა, რომელსაც საყვარელი სპორტსმენების ქება-დიდებასთან ერთად გონივრულად მსჯელობა, პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და სწორად განსჯა შეეძლება. ყოველივე ამისთვის კი აუცილებელია, ქართულ ენაზე არსებობდეს როგორც უცხოურიდან თარგმნილი, ასევე სამამულო მაღალი ხარისხის სპორტული ლიტერატურა, რომელიც ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, ქართული საგულშემატკივრო ტრადიციის მრავალ მანკიერებას აღმოფხვრის.

მხოლოდ ტოტალიზატორებში სიარულით და იქ მოსმენილი „რონალდინიო მაგარია, ბურთზე ფეხი სამჯერ გადაატარათი” ახალგაზრდა ქომაგები ვერაფერს ისწავლიან და ნამდვილ გულშემატკივრებად ვერ ჩამოყალიბდებიან. ნამდვილი გულშემატკივარი კი საყვარელი გუნდის დამარცხების შემდეგ სტადიონზე ბოთლების სროლას არასოდეს დაიწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი