ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

როგორია თქვენი ფერის სამყარო?

გვიან ღამით 1875 წლის 15 ნოემბერს შვედეთში,  ლაგენლუნდრთან ახლოს, ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა.  ორი სამგზავრო ექსპრესი იყო, ერთი სტოკჰოლმიდან   მალმაში, მეორე კი, პირიქით, მალმიდან სტოკჰოლმში მიდიოდა. შეჯახება გასავლელი გზის შუაში მოხდა.  იმ დროისთვის მატარებელი და მისით მგზავრობა ფუფუნებად ითვლებოდა.  მატარებლები იმ დროს არ იყო სახალხო ტრანსპორტი, როგორც ახლა არის.

ექსპრეს მატარებელში მესამე კლასის ვაგონები უბრალოდ არ იყო.  ექვსი ვაგონისგან შედგებოდა, ყველა მათგანი ხავერდით იყო გამოკრული და ანტიკვარული ავეჯით მორთული. იმ ღამით მატარებლით ცნობილი და მდიდარი ხალხი მგზავრობდა-მინისტრები, ადვოკატები, ბიზნესმენები. თანაც ეს ხალხი მთელი ევროპიდან შეკრებილიყო. ამიტომ, ავარიის შესახებ ცნობა მეორე დღეს მთელი ევროპის გაზეთებში აღმოჩნდა.

ცხრილის მიხედვით ორ ექსპრესს  გვერდი ერთმანეთისთვის ლინკეპინგის სადგურზე უნდა აექცია. თუმცა, იმ  ღამეს შვედეთის სამხრეთით ქარი ამოვარდა, ამიტომ მალმიდან მომავალმა მატარებელმა გამოსვლა დააგვიანა, მეორე კი დროულად გამოვიდა. ამავე დროს, სამხრეთიდან მომავალი მატარებლის დაგვიანება ტელეგრაფიდან იყო გადაცემული. მოგვიანებით, დაიკითხება სამი სადგურის პერსონალი და მოხდება გარკვევა, მატარებლების გვერდის აქცევა რატომ არ დაიგეგმა სხვა სადგურებში, როგორც ეს ადრე არა ერთხელ მომხდარა.

გაირკვა, რომ როდესაც ამბავმა მატარებლის დაგვიანების შესახებ  ლინკეპინგში ჩააღწია, ჩრდილოეთ ექსპრესი იქ უკვე ჩავლილი იყო. მემანქანეც აცნობიერებდა, რომ საპირისპირო მატარებელთან ჯერ გვერდი აქცეული არ ჰქონდა და სიჩქარეს უმატებდა, რომ სხვა სადგურში (სადაც ასევე შეიძლებოდა გვერდის აქცევა), ამ მეორეზე ადრე ჩასულიყო. ვერავინ ვერ გასცა პასუხი კითხვას, რატომ ჩაიქროლა მთელი სისწრაფით სამხრეთის მატარებელმა ამ მეორე, სხვა სადგურში და არ დაელოდა ჩრდილოეთ მატარებელს, რომ მშვიდობიანად აევლოთ გვერდი ერთმანეთისთვის. არადა, ლიანდაგის მეთვალყურენი მემანქანეს მთელი ძალით უქნევდნენ  ფერად სანათებს და დროშებს. ამ ამბიდან ოთხი წუთის შემდეგ, ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახება. 9 ადამიანი დაიღუპება, ბევრიც დაშავდება.

სასამართლო დეკემბრიდან მაისამდე გაიჭიმა. ყველას აინტერესებდა, მემანქანემ (რომელიც დაიღუპა და პასუხს ვერ გასცემდა), რატომ არ მიაქცია ყურადღება ნაჩვენებ ფერად მანიშნებლებს. საბოლოოდ, ციხეში ექვსი თვით იმ სადგურის უფროსი გაისტუმრეს, რომელი სადგურიც სამხრეთის მატარებელმა შეუჩერებლივ გაიარა და ფერად ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია. თუმცა, კითხვა უპასუხოდ დარჩა.

აი, ამ დროს ასპარეზზე პრაქტიკოსი ექიმი, უფსალას უნივერსიტეტის პროფესორი ფრიდრიხ ჰოგმრენი გამოჩნდა. მისი კვლევის საგანი მხედველობა და ფერების აღქმა იყო. მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში უკვე იცოდნენ, რომ ადამიანების ნაწილი ფერებს სხვა ადამიანებივით ვერ აღიქვამდა.  ჯერ კიდევ 1794 წელს, მომავალმა ცნობილმა  ქიმიკოსმა დალტონმა, რომელმაც ატომისტიკური მოძღვრება ჩამოაყალიბა, გამოაქვეყნა სტატია „ფერების აღქმის თავისებურების შესახებ“. ამ დროისთვის დალტონი ჯერ ცნობილი არ გახლდათ და ყველაფრით დაინტერესებას ცდილობდა. სტატიაში დალტონმა საკუთარი გამოცდილება აღწერა. იმ დროისთვის ბოტანიკით იყო გატაცებული და აღმოაჩინა, რომ ყვავილების ფერები, რომელიც ატლასში აღწერილი იყო, მისი აზრით ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა, ყველა ყვავილი ერთნაირი იყო. ჯერ იფიქრა, წიგნშია შეცდომაო. თუმცა, სხვა წიგნებშიც, რომ იგივე ინფორმაცია აღმოაჩინა, მიხვდა, საქმე მისსავე თვალებში იყო. დაიწყო ნაცნობ-მეგობრების გამოკითხვა, თუმცა ვერავინ მიუხვდა, რას გულისხმობდა. ვერავინ, მისი საკუთარი ძმის გარდა. მაშინ, დალტონისთვის ნათელი გახდა, რომ საქმე მემკვიდრეობით გადაცემად დარღვევას ეხებოდა. თავის სტატიაში წერდა: „ფერს, რომელსაც სხვები წითელს ეძახიან, ჩემთვის მუქი ლაქაა. ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი ჩემთვის ერთი ფერია“. დალტონმა ივარაუდა, რომ მისი თვალის მინისებრ სხეულში  რუხი ფერის ნივთიერება ჭარბობდა, ამიტომ, ფაქტობრივად ის რუხი ლინზებიდან უყურებდა სამყაროს. ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა, თუმცა, ექიმების ფართო სპექტრის ყურადღება მიიპყრო. მანამდე, ამ პრობლემას ისინიც კი არ აქცევდნენ ყურადღებას, ვისაც აწუხებდა.

მოგვიანებით, დალტონი თვალებს მეცნიერებას უანდერძებს. მისი გარდაცვალების შემდეგ მის თვალებს შეისწავლიან და აღმოჩნდება, რომ მას ტიპური ბიქრომატული დალტონიზმი აწუხებდა.   თვალის ჩხირებში და კოლბებში სინათლე  ელექტრულ იმპულსებად გარდაიქმნება, რომელიც  ტვინში იგზავნება. ტვინი კი თავის მხრივ სამყაროს სურათებს ხატავს. ფერებზე სწორედ კოლბებია პასუხისმგებელი. S კოლბები მოკლე short  ტალღოვან სინათლეზე რეაგირებენ, ტვინი ამ სიგრძის ტალღას აღიქვამს, როგორც ლურჯს და იისფერს. M კოლბები საშუალო სიგრძის ტალღებზე რეაგირებენ და ეს მწვანე ფერის სპექტრია. L  კოლბები აღიქვამენ გრძელ ტალღებს-წითელ და ნარინჯისფერ სპექტრს. ეს ტალღები ერთმანეთს გადაფარავენ, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა  ბევრ გარდამავალ ფერს ხედავს. ეს უნარი მაგალითად, კარგად აქვთ განვითარებული მხატვრებს.  ადამიანთა ნაწილი გენეტიკური დეფექტით იბადება, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე ზოგადად გავლენას არ ახდენს. ეს ადამიანები ვერ აღიქვამენ გარკვეული ტალღის სინათლეს და ვერ არჩევენ ფერებს. ამიტომ, თუ ასეთი დეფექტი ექნება მატარებლის მემანქანეს, შეიძლება ვერ გაარჩიოს რა ფერის დროშებს ან ნიშნებს აჩვენებენ…

 

1876 წ. 14 ივლისს პროფ. ფრიდრიხ ჰოგმრენი გამოვიდა სამედიცინო კონგრესზე და მხედველობის შესამოწმებელი ახალი ტესტი წარადგინა, რომლის ავტორიც თავად გახლდათ. ეს იყო ფერადი ბეწვი და პოტენციურ პაციენტებს, ჯერ სთავაზობდნენ მწვანე სპექტრის  ათი ნიმუშის არჩევას,  შემდეგ კი  ათი წითელი ნიმუშის. ბევრი ადამიანი ტესტს ვერ აბარებდა. ჰომგრენმა მოახერხა და  მიიღო უფლება ტესტი ჩაეტარებინა მემანქანეებისთვის… შედეგი გასაოცარი დადგა, 13 ადამიანი წითელს და მწვანეს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა. მათ შორის იყვნენ კონდუქტორები, სადგურის უფროსი და ა.შ.

ტესტი ერთ პატარა კერძო სადგურში ჩატარდა. უკვე შემდეგ, პროფესორმა გაგზავნა წერილი ტრანსპორტის მინისტრთან და ტესტის  ქვეყნის მასშტაბით ჩატარება ითხოვა. მინისტრი დემონსტრირებისთვის უპსალაში  მიიწვიეს.  სცენაზე ერთმანეთის საპირისპიროდ, სანათებით ხელში, ორი უკვე ტესტირებული და დალტონიზმში „მხილებული“ სადგურის თანამშრომელი დააყენეს. ამ სანიშნე სანათებს მინები ეცვლებოდა, ანუ, ხრახნის დატრიალებით ფერებს შეცვლიდი და შესაბამისი სინათლე გამოვიდოდა. მინისტრს სთხოვეს სანიშნე ფერი თავად დაესახელებინა. მან თეთრი შეარჩია. დემონსტრირება ასეთი იყო, რკინიგზის თანამშრომელი მეორეს ანიშნებდა ფერს და ისიც იმავე ფერით უპასუხებდა. პირველმა თანამშრომელმა წითელი ფერი აჩვენა (გახსოვთ ხომ, მინისტრის არჩევანი თეთრი იყო), ანუ ვერ გაარჩია თეთრი და წითელი, რაზეც მეორემ მწვანე ფერით უპასუხა. ექიმი მინისტრისკენ შეტრიალდა და კითხა, მიხვდით ალბათ, ვინ არის ავარიაში დამნაშავე, არა?

საოცარია, მანამდე როგორ ახერხებდნენ ეს თანამშრომლები მუშაობას? რა ვიცი, ალბათ სანათს თუ  იყო ხელი მიჩვეული? ფაქტია, თავს ართმევდნენ, თუმცა, ერთი უყურადღებობა და…

ამ დემონსტრირების  შემდეგ ევროპის ქვეყნებში მასობრივად ჩატარდა  ტესტი და იქ სადაც ფერის აღქმა მნიშვნელოვანია, დალტონიზმით დაავადებულებს მუშაობა ეკრძალათ. ეს მოსახლეობის 8%-ია.

ჩვენ ჩვენი ტესტი ჩავატაროთ.

ავიღოთ  შვიდი ქიმიური ჭიქა. პირველში კალიუმის თიოციანატის ხსნარი ჩავასხათ. წითელი ფერის მისაღებად ჩავამატოთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარის რამდენიმე წვეთი. წარმოიქმნება რკინის თიოციანატი, რომელსაც წითელი შეფერილობა აქვს:

3KSCN+FeCl3=Fe(SCN)3+3KCl

მეორე ჭიქაში ჩავასხათ კალიუმის ბიქრომატის ხსნარი, რომელიც ისედაც ნარინჯისფერია და ამიტომ ასეც დავტოვებთ.

მესამე ჭიქაშიც კალიუმის ბიქრომატის ხსნარი ჩავასხათ – თუ მას ნატრიუმის ტუტის ხსნარს დაუმატებთ, კაშკაშა ყვითელ შეფერილობას მივიღებთ. ტუტე არეში კალიუმის ბიქრომატი ქრომატში გადადის და ყვითლდება:

K2Cr2O7+NaOH=2KNaCrO4+H2O

მომდევნო სამ ჭიქაში ვასხამთ სპილენძის სულფატის სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს.

მეოთხე ჭიქაში სპილენძის სულფატის ხსნარს ვამატებთ კალიუმის თიოციანატს და მწვანე ფერს ვიღებთ:

CuSO4+4KSCN=K2[Cu(SCN)4]+K2SO4

მეხუთე ჭიქაშიც სპილენძის სულფატის ხსნარი ასხია, რომელიც ისედაც ცისფერია და ამიტომ ასეც დავტოვებთ.

მეექვსე ჭიქაში სპილენძის სულფატის ოდნავ ნაკლები კონცენტრაციის ხსნარია, რომელსაც ლურჯი ფერის მისაღებად ამონიუმის ჰიდროქსიდს დავუმატებთ:

CuSO4+NH4OH=[Cu(NH3)4]SO4+4H2O

მეშვიდე ჭიქაში ჩავასხათ კალიუმის მანგანატის ხსნარი. გოგირდმჟავას დამატებისას მწვანე იისფრად გარდაიქმნება.

ახლა, საქმე ის არის, ჩვენი თვალების კოლბები ამ ფერებს სწორად აღიქვამენ, თუ არა.

როგორია თქვენი ფერის სამყარო?

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“